"ჩემი ბავშვობის თბილისი გაქრა" - როგორ მოხვდა თბილისელი ბიჭი პარიზის მუზეუმში
20-04-2019
"ჩემი ბავშვობის თბილისი გაქრა" - როგორ მოხვდა თბილისელი ბიჭი პარიზის მუზეუმში
ფოტო:გარი საფარიანი
თუ პარიზში მოხვდებით, აუცილებლად შეისეირნეთ ორსეს მუზეუმში, სადაც გიდობას პოლიგლოტი, საოპერო მომღერალი და საფრანგეთის ეროვნული გიდი საფრანგეთის ისტორიას მსოფლიოდან ჩასულ ტურისტებს აცნობს. როგორ მოხვდა თბილისელი ბიჭი ორსეს მუზეუმში, გარი საფარიანი პარიზიდან "კვირის პალიტრის" მკითხველს უამბობს.

მძიმე 90-იანები


- მეათე კლასში ვიყავი, თბილისში ზაფხულის პაპანაქება დღე იდგა, რაღაცას ვფუსფუსებდი, როდესაც ტელევიზორიდან ფალიაშვილის "დაისიდან" არია მაროს ტირილი მომესმა. რომ დასრულდა, დიდხანს ვიჯექი სუნთქვაშეკრული. მაშინ არც ვიცოდი, რომ ეს ზაქარია ფალიაშვილის გენიალური ოპერიდან
იყო. ეს ის მძიმე 90-იანების პერიოდია, როდესაც ხელოვნებისთვის არავის სცხელა. ერთხელ მეზობლის ნათესავმა, ოპერის მომღერალმა მომისმინა და ვოკალის გაკვეთილებზე სიარული მირჩია. ასე მოვხვდი მაესტრო ნოდარ ანდღულაძესთან, შემდეგ იყო მუსიკალური ათწლედი და კონსერვატორია. მსგავსი გარდატეხა ჩემს ცხოვრებაში მეორედ მაშინ მოხდა, როდესაც საყვარელი საქმე გვერდზე გადავდე და
ახალი პროფესიის - გიდობის დაუფლება გადავწყვიტე.

ორსეს მუზეუმი პოლიგლოტ გიდს ეძებდა


- ევროპაში ჩემი პირველი გამგზავრება ვოკალს უკავშირდება, როდესაც იტალიის საელჩოდან რომის კონსერვატორიის სტაჟიორად გამიშვეს. 9 თვეში ისე შევისწავლე იტალიური ენა, რომ სტიპენდიაც დავიმსახურე... ჩემი მუსიკით დაინტერესდა ფრანგული კულტურის ცენტრის დირექტორი ფრანსუა ლორანი, რომელიც ბაროკოს მუსიკალური მიმდინარეობის უბადლო მოტრფიალე გახლდათ. სწორედ მან შეგვაყვარა ბაროკოს მუსიკა და სიმებიანი საკრავებისგან შემდგარი პატარა აკადემია ჩამოაყალიბა, ამას მოჰყვა პარიზის კონსერვატორიაში ჩაბარება. ერთ-ერთი კონცერტის დროს გუნდის მომღერალმა ხუმრობით მითხრა,"ორსეს მუზეუმში პოლიგლოტს ეძებენ და იქნებ გეცადაო. რატომ შევიტანე გასაუბრებაზე საბუთები, ვერ გიპასუხებთ, რადგან მაშინ ძალიან აქტიურ საკონცერტო ცხოვრებას ვეწეოდი. მუზეუმში ჯერ დაბალ, შემდეგ მუდმივ პოზიციაზეც ამიყვანეს. დღეს არა მხოლოდ "ორსეს", არამედ ლუვრისა და სხვა ბევრი ცნობილი ფრანგული მუზეუმის ეროვნული გიდი ვარ.

როგორი უნდა იყოს გიდი


- ეროვნული გიდი რომ გახდე, ფართო თვალსაწიერი უნდა გქონდეს, უნდა ფლობდე რამდენიმე უცხო ენას. მეორე წელია, რაც საფრანგეთის რუსულენოვანი გიდების ასოციაციის პრეზიდენტად ამირჩიეს. არ დაგიმალავთ, რომ მსოფლიოში არაპროფესიონალი გიდობა ერთ-ერთი მწვავე საკითხია. თბილისში ყოფნისას არაერთხელ მომისმენია თვითმარქვია უცხოელი გიდების "მითოსი". მივსულვარ და შემიწყვეტია ექსკურსია, რადგანაც გიდის ეთიკა ჩემთვის საპასუხისმგებლოა, ქვეყნის ისტორიული ფაქტების დამახინჯების ან ინტერპრეტაციის უფლებას ვერავის მივცემ.

შანელის სახლი


- შეუძლებელია მაღალი მოდის დედაქალაქში ცხოვრობდე და არ გიყვარდეს ფრანგული მაღალი მოდის სახლების ისტორია. ამ დარგში რევოლუციონერი გაბრიელ შანელია. ჩემამდე"შანელის სახლში ფრანგი კოლეგა მუშაობდა და მითხრა, რომ ეძებდნენ გიდს, რომელმაც კარგად იცის ხელოვნების ისტორია, სასურველია, სამი-ოთხი უცხო ენაც იცოდესო. გასაუბრებაზე გასულს "შანელის სახლის" კულტურული მემკვიდრეობის კურატორს ჩემი კანდიდატურა მოეწონა და მას შემდეგ დამთვალიერებელს ფრანგულ, იტალიურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე კოკო შანელის ბინის ექსკლუზიურ ამბებს ვაცნობ. მანამდე კრისტიან დიორის ბიოგრაფთან ვთანამშრომლობდი და, ალბათ, ამ ფაქტორმაც ითამაშა გასაუბრებაზე როლი. შანელის აპარტამენტებში ყველაზე შთამბეჭდავი თავად შანელის ფიგურაა, რომლის სიახლოვესაც ყოველთვის ვგრძნობ.

"შენი სამშობლოს პრეზიდენტის გიდობა სხვაგვარი სიამაყის გრძნობაა"

გარი საფარიანი გიორგი მარგველაშვილთან და მაკა ჩიჩუასთან ერთად
ცნობილი ფრანგი კინორეჟისორის, ლიუკ ბესონის საპროდიუსერო კომპანიაში გიდად მიმიწვიეს. პარიზის კინოსტუდიაში კევინ კოსტნერს, ჯულიანა მურსა და პირს ბროსნანს გადაღებებზე ვხვდებოდი. ყველაზე საინტერესო კევინ კოსტნერთან შეხვედრა და გასაუბრება იყო, მაგრამ ყველაზე ამაღელვებელი - საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და მისი მეუღლის, მაკა ჩიჩუას პირადი გიდობა ორსეს მუზეუმში. შენი სამშობლოს პრეზიდენტის გიდობა სხვაგვარი სიამაყის გრძნობაა.

"ჩემი ბავშვობის თბილისი გაქრა"


- ჩემი ბავშვობის თბილისი დღეს, ალბათ, მხოლოდ ელენე ახვლედიანის ტილოებზეა შემორჩენილი, მაგრამ დღევანდელი თბილისიც უკიდეგანოდ მიყვარს. ყოველ ჩამოსვლაზე გვიანობამდე დავსეირნობ მის პატარა ქუჩებში, ძველ სახლებს ვუღებ სურათებს. ისინი გაქრობის პირას არიან და ფოტოზე მაინც შემოვინახავ მის აივნებსა და სადარბაზოებს. თბილისი ჩემთვის ბავშვობის ლამაზ ეზოს, პლეხანოვს, მრავალეთნიკურ უბანს უკავშირდება. თბილისში ორჯერ მომიწია ტურის ჩატარებამ და ორივეჯერ ასე დავიწყე: "ეს ჩემი ქალაქია და ექსკურსიის ბოლოს ვისურვებდი, რომ ის თქვენიც გახდეს".
ელისო
25 აპრილი 2019 02:53
ყოჩაღ!! მიხარია თქვენი წარმატევები.გვასახელეთ და გაიხარეთ
გარი
24 აპრილი 2019 00:11
ლელა, გმადლობთ!
თქვენც გისურვებთ წარმატებებს!
ლელა
21 აპრილი 2019 21:53
რა მაგარია! მეც გიდი ვარ და ვისურვებდი ასეთ გამოცდილებას:) წარმატებებს ვუსურვებ ამ საინტერესო ადამიანს!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?