საიდან მოდის ქართული ბიზნესი... - კვირის პალიტრა

საიდან მოდის ქართული ბიზნესი...

ბორჩალოში ფონ კუჩენბახის შვეიცარიული ყველის ქარხანა პროდუქციას ევროპას აწვდიდა

ისტორიკოსი ნინო აბუთიძე გვიამბობს ქართული ბიზნესის გარიჟრაჟზე, მათ შორის, დამქირავებელთა და დაქირავებულთა ურთიერთობაზე, რომელიც დღესაც ძალზე აქტუალურ თემად ითვლება.

ნინო აბუთიძე: - მეფე ერეკლემ 1749 წელს თბილისში საარტილერიო ქარხანა ააშენა, სადაც თოფებსა და ზარბაზნებს ასხამდნენ. რუსების მხარდაჭერაში დარწმუნებულმა მეფემ გენერალ ჩოლოყაშვილს სთხოვა, რუსეთის წარმომადგენლისთვის თბილისის იარაღის საწყობებები ეჩვენებინა, რათა არტილერიის გამართვაში დახმარებოდნენ... სანაცვლოდ, ოსმალეთთან ომის წინ გენერალმა ტოტლებენმა ჩოლოყაშვილი დააპატიმრებინა, თანაც პეტერბურგში მისწერა, ჩოლოყაშვილი ერეკლე მეფეს ზარბაზნების ჩამოსხმას ასწავლისო. როგორც კი რუსეთმა თავი ქართველებისგან უსაფრთხოდ დაიგულა, მაშინვე დაიწყო საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, მათ შორის ბათუმშიც. ამ ქალაქს მჭიდროდ დაუკავშირდა მსოფლიო ბიზნესის მაგნატების: როკფელერების, ნობელებისა და როტშილდების ისტორია.

ნობელებმა ბიზნესი XIX საუკუნის დასაწყისში წამოიწყეს. რუსეთში იარაღის ქარხანა გახსნეს, მაგრამ ნედლეულის საზღვარგარეთიდან შემოტანა ძვირი უჯდებოდათ. ის იაფი ნედლეულის მოსაძიებლად 1873 წელს თბილისში ჩამოვიდა და მეფისნაცვლის დარწმუნება სცადა, რომ საქართველოს რკინიგზის გასაყვანად მის ქარხანაში წარმოებული 500 ფუთი დინამიტი უბაჟოდ შემოეტანა. პარალელურად, ბაქოში "ტფილისის საზოგადოებისგან" ნავთობის ქარხანა იყიდა, ნავთობის საზღვრებგარეთ გასატანად კი ბათუმის პორტი აირჩია. ლუდვიგ ნობელი ძმებს სწერდა: "ბაქოდან ნავთობის ტრანსპორტირების ყველა მარშრუტს შორის გირჩევთ აირჩიოთ საქართველო, ვინაიდან ამ ორი ქვეყნის სიახლოვის გარდა, გაითვალისწინეთ მათი ერთმანეთისადმი მეგობრობის სრულიად განუმეორებელი გრძნობა, რასაც ჩვენთვის, უცხოელებისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს".

როტშილდებმა ბაქო-თბილისის რკინიგზის გასაყვანად რუს მეწარმეებს 10 მილიონი დოლარი ასესხეს. მალე ნავთობის საქმეში როკფელერებიც ჩაერთვნენ. 1883 წელს ბათუმი ღია პორტად გამოცხადდა და როტშილდებისა და ნობელების კაპიტალი იქით წავიდა. მათვე გახსნეს ბათუმში ნავთობგადასაზიდი კონტეინერების ქარხანა.

ტოლეს საპნისა და ზეთის ქარხნის პავილიონი

საქართველო უცხოელებისთვის ბიზნესის გაუკვალავი და მდიდარი წყარო იყო და ისინიც ყველგან აბანდებდნენ ფულს. უკვე XIX საუკუნის ბოლოსთვის ერთი ბიზნესმენის მიერ მეორის შთანთქმა ჩვეულებრივი ამბავი იყო. მაგალითად, თბილისში ძმები სოღომონოვების ღვინის ქარხანა კავკასიის ღვინის მწარმოებელმა საზოგადოება "არგომ" "გადაყლაპა". XIX საუკუნის 80-იან წლებში თბილისში უკვე მუშაობდა საპნის, ზეთის, თამბაქოს, ტყავის, ასანთის, საფეიქრო და შოკოლადის ქარხნები.

ზოგიერთ თბილისელს თვალში არ მოსდიოდა მდიდარი ბიზნესმენები და ზოგიც, პირიქით, მის მნიშვნელობას ხვდებოდა; ანუ ყველაფერი ისე იყო, როგორც დღეს. მაგალითად, არსებობს ამ დროის აღმწერის, მხატვარ კარაპეტ გრიგორიანცის ჩანაწერები, რომელიც კარგად ასახავს იმდროინდელი ბიზნესის მდგომარეობას. "მირზოევის საფეიქრო ქარხანა ხალხს სარგებელს აძლევდა. 1879 წელს მირზოევმა ერთი დიდი ქვაბი ჩამოიტანა პეტერბურგიდან, რომელსაც 20 არშინი სიგრძე ექნებოდა და 4 არშინი სიგანე. ეს ქვაბი დიდხანს იყო გაჩერებული რიყის ქუჩაზე, რადგანაც მთავრობა ხიდის ქვეშ გატარების უფლებას არ აძლევდა... როდესაც ეს საქმე სატახტო ქალაქში შეიტყვეს, შემოთვალეს, მირზოევს შეუძლია 1 მილიონი ოქრო ხაზინაში ზალოგად შეიტანოს და მერე გაატაროს ეს ქვაბიო. როდესაც მირზოევმა ნებართვა მიიღო, თავისივე ჯოგებიდან მოარეკვინა 20 წყვილი საუკეთესო კამეჩები და ხიდზე გაატარა და ქარხანაში მიატანინა. ეს ქარხანა დიდხანს მუშაობდა. შემდეგ საფრანგეთის ქვეშევრდომ რეიჩარდმა აიღო იჯარით, იმის შემდეგ ბანკის პატრონ ჩითახოვის ხელში გადავიდა, მაგრამ ამ სამიდან ვერც ერთმა ვერ იხეირა, რადგანაც ქარხანაში მომუშავენი ძაფებს იპარავდნენ და მტკვარში ყრიდნენ. მერე ორთაჭალაში ამ ძაფებს იჭერდნენ მენავეები და სანახევრო ფასად ყიდდნენ".

ასეც ხდებოდა, თუმცა საეჭვოა, რომ ქურდები მეწარმეს ისე მიეშვა, რომ მისი ბიზნესი გაენადგურებინათ. სინამდვილეში, საფეიქრო ქარხნების გაღატაკების მიზეზი კონკურენცია იყო. რუსეთის იმპერიაში საფეიქრო საქონელს სხვაგანაც აწარმოებდნენ, თანაც გაცილებით იაფად და თბილისის ქარხანამ კონკურენციას ვერ გაუძლო. სამაგიეროდ, თბილისში კარგად მუშაობდა ადელხანოვის ტყავის ქარხანა, რომელიც არა მხოლოდ მოქალაქეებისთვის, ჯარისთვისაც კერავდა ტანსაცმელს და ფეხსაცმელს. ეს ქარხანა XIX საუკუნის 90-იან წლებში 758 ათასი მანეთის ღირებულების ტყავის პროდუქციას ამზადებდა. თუ გავიხსენებთ იმას, რომ ჩვენი თავადები მამულებს ზოგჯერ 25 მანეთადაც ყიდდნენ, ადვილად წარმოვიდგენთ, ეს რამხელა ფული იყო. ამავე პერიოდში გაიხსნა მინის ქარხნებიც. ბორჩალოში ფონ კუჩენბახის შვეიცარიული ყველის ქარხანა პროდუქციას ევროპას აწვდიდა. იყო თამბაქოს მწარმოებელი ქარხნებიც. თბილისში მუშაობდა ძმებ ამირაღოვების კანფეტებისა და¬შოკოლადის ფაბრიკაც, რომელიც პრესის ცნობით, უგემრიელეს შოკოლადსა და კანფეტს უშვებდა. სხვათა შორის, სწორედ შოკოლადის ქარხანას აუჯანყდნენ პირველად მუშები.

ამირაღოვების შოკოლადის ფაბრიკა

- რას ითხოვდნენ? - თითოეულს მხოლოდ განსაზღვრული საქმე უნდა გვქონდეს, სხვა სამუშაოზე არ დაგვასაქმოთ ანაზღაურების გარეშე, დილით კი ჭიქა ჩაი და ორი ნატეხი შაქარი უფასოდ გვქონდეს. რაც მთავარია, მუშებს შინ წასვლისას ნუ გვჩხრეკთო...

ამირაღოვებმა მუშახელის მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თუმცა ამ პროტესტს ქვეყანაში სხვა პროტესტი მოჰყვა. მაგალითად, ტოლეს საპნის ქარხანაში 150 კაცი იმიტომ გაიფიცა, რომ ნაცვლად დილის 7 საათისა, მუშაობა 6-ზე დაეწყოთ, რომ მალე დაემთავრებინათ. ტოლემ ამ საქმეში რევოლუციონერების ხელი იგრძნო და გაცოფდა, თუმცა მუშებს მოთხოვნის შესრულებას დაჰპირდა, დილის 6 საათზე მისულ მუშებს კი ქარხნის ჭიშკარი დაკეტილი დახვდათ. ტოლე იმედოვნებდა, რომ მუშები კარს შეამტვრევდნენ და გაფიცვის მოთავეებს დააჭერინებდა. თუმცა მუშებმა კარს თითი არ დაადეს და ტოლე იძულებული გახდა სამუშაო დილის 6-ზე დაეწყო.

იმ პერიოდის ქართული პრესა წერს, რომ ბიზნესმენთა დიდი ნაწილი ცდილობდა მუშების პირობების გაუმჯობესებას, გარდა ბორჩალოში შვეიცარიული ყველის მწარმოებელ კუჩენბახისა. მისი ქარხნის ყველი კილოგრამი 12 მანეთი ღირდა, მაგრამ მოსახლეობისას ვერავინ იყიდდა.

1897 წელს გაზეთი "ცნობის ფურცელი" წერდა: "მთავრობას აზრად მოუვიდა, კუჩენბახს დავეხმაროთ და კარგი ქარხანა გავუკეთოთო... მკვიდრთათვის სამაგალითო გახდება, ისწავლიან, როგორ უნდა გაუმჯობესება ყველის კეთების საქმესა, წაბაძავენ კუჩენბახსაო და სხვა. მართლაც მთავრობამ კუჩენბახს მისცა ფულად 30 ათასზედ მეტი ფული, გამოუწერა რამდენჯერმე თავისის ხარჯით საგანგებო კარგის ჯიშის საქონელი, იმის მამულამდე გაუკეთა მშვენიერი გზა-ტკეცილი და სხვა ამგვარი. გავიდა 30-35 წელიწადი, კუჩენბახის ფერმა გადიდდა, მისმა ქარხანამ მშვენივრად მოაწყო საქმე. კუჩენბახის ქარხნის ყველმა საქვეყნოდ გაითქვა სახელი, კუჩენბახს ბარონობაც უბოძეს, კუჩენბახი გამდიდრდა, მაგრამ მკვიდრთ აქედან არაფერი არ მოსცხებია! მათ მიერ ნაკეთები ყველი ისეთისავე დაბალი ხარისხისა არის, როგორც წინად... ისევ მანეთ ნახევრად იყიდება ფუთი. თურმე ბატონი კუჩენბახი... თუ ვისმე მიიღებდა მუშათ, აძლევდა მხოლოდ ერთ ნაწილს მუშაობისას (მაგ. აწველინებდა ძროხას) და მუშისთვის ყველის კეთების დანარჩენი ოპერაციები სიბნელით იყო მოცული".

აი, ასეთი გახლდათ ქართული ბიზნესის საწყისები XIX საუკუნის დასასრულს, რომელიც ბოლშევიკურ რევოლუციამდე მართლაც სწრაფად ვითარდებოდა.