შაკო გველესიანი - კაცი, რომელმაც ბელიაშვილის ქუჩაზე 4 დღე შლამიან ორმოში გაატარა - კვირის პალიტრა

შაკო გველესიანი - კაცი, რომელმაც ბელიაშვილის ქუჩაზე 4 დღე შლამიან ორმოში გაატარა

ეს ისტორია ჰოლივუდურ ჰორორს ჰგავს, მაგრამ თბილისში რეალურად მოხდა

შაკო გველესიანის ცხოვრება 2018 წლის 18 ივნისს რადიკალურად შეიცვალა. 4 დღე მან 8 მეტრი სიღრმის ორმოში გაატარა. როგორ იბრძოდა სიცოცხლისთვის და რას გრძნობს ადამიანი, როდესაც სიკვდილს ჩახედავს თვალებში, თავად შაკო გველესიანი მოგითხრობთ.

პირველი დღე

- ბელიაშვილის ქუჩაზე მივდიოდი, ბნელოდა. უცებ ხმაური შემომესმა, წყლის ხმა იყო. მოპირდაპირე მხარეს მინდოდა გადასვლა, მაგრამ ფეხქვეშ ნაპრალი შევნიშნე, ფეხი დავდგი თუ არა, გაიზარდა და ჩავიჩეხე. აზრზე რომ მოვედი, წელამდე დამყაყებულ წყალში ვიყავი. თურმე ქვაბული იყო ამოღებული, როგორც ჩანს, გეოლოგიური დასკვნისთვის სჭირდებოდათ ნიადაგის შესამოწმებლად, მერე კი აღარ ამოავსეს სათანადოდ.

ფეხზე დადგომა რომ ვცადე, მივხვდი, შლამი იყო და რომ არ ჩავძირულიყავი, გავჩერდი. თითქოს არაფერი მაწუხებდა, მხოლოდ მარჯვენა ფეხი მტკიოდა. ვიფიქრე, დაველოდები და მიპოვიან-მეთქი.

გათენდა, ისევ ორმოში ვარ. ჩემი ყვირილი არავის ესმის. წელამდე წყალში ვარ, რომელიც, როგორც მერე გაირკვა, 8 მეტრი და 30 სანტიმეტრია. ამოსვლა ვცადე, მიწას ჩავეჭიდე და ოდნავ ამოვიწიე. ვიფიქრე, ფეხს დავაბიჯებ და იქნებ კიდევ ავიწიო-მეთქი, მაგრამ მიწა მოწყდა და ზემოდან დამეყარა. შლამმა უკვე მკერდამდე ამოიწია, წყლის დონემ კი, ყელამდე. არ დავნებდი და მიწის თხრა დავიწყე. იმ დღესაც იმედიანად ვიყავი, გარშემო კამერები იყო და ვიფიქრე, მომაგნებენ-მეთქი. შუადღისას მზემ დააჭირა, კეპი, რომელიც მეხურა, ზევით ავაგდე, იქნებ ვინმემ შენიშნოს-მეთქი, მაგრამ ვერ დაინახეს და მზის გულზე თავი დამეწვა.

საშინლად მომწყურდა, მაგრამ საღამომდე მაინც გავძელი, მერე კი მოვსვი ის ჭაობიანი წყალი. ცხოვრებაში უფრო გემრიელი არაფერი დამილევია. მერე თავი ჩავყავი და ბლომად, გემრიელად დავლიე.

ძალა მომეცა, შვებით ამოვისუნთქე და ხელახლა შევუდექი თხრას, მაგრამ რაც მეტად ვთხრიდი, მით მეტი მიწა მეყრებოდა. ღამე კანკალმა ამიტანა და მივხვდი, სიცხე მქონდა.

ბოლო დღე

მესამე დღეს ავნერვიულდი, ალბათ, ვეღარ გადავრჩები-მეთქი. ორი დღე-ღამე არ მძინებია, მესამე დღეს კი გათიშვები დამეწყო, სიზმრებს ვხედავდი, რეალური და ირეალური მერეოდა. მეოთხე დღეს ყვირილი შევწყვიტე, აღარც თავი მქონდა და აღარც იმედი, რომ ვინმე მიპოვიდა. მხოლოდ იმას ვფიქრობდი, წვიმა არ მოვიდეს, თორემ დავიხრჩობი და მკვდარსაც ვეღარ მიპოვიან-მეთქი. მერე ჰალუცინაციები დამეწყო, ჩემს თავს ველაპარაკებოდი.

მოკლედ, 18 ივნისს ჩავვარდი და 23-ში ამომიყვანეს. როცა გამოვფხიზლდი, უკვე კლინიკაში ვიყავი და ექიმმა მითხრა, 14 დღეა შენს გადასარჩენად ვიბრძვითო.

ბრძოლა გადარჩენისთვის

- ფეხი დავკარგე, წვივს ქვემოთ ამპუტაცია დამჭირდა... როგორც მერე მითხრეს, 48 საათის შემდეგ ატყდა პანიკა. კამერებით მოაგნეს იმ ადგილს, სადაც ვჩანვარ, მაგრამ შემდეგ იკარგება კვალი. პირველი ერთი დღე იმაში დაკარგეს, რომ შეეშალათ და გზის მოპირდაპირე მხარეს წავიდნენ საძებნელად, ბოლოს ფეხის ნაკვალევით მომაგნო ჩემმა ძმამ მეგობართან ერთად. რომ დავუნახავვარ, უფიქრია, მკვდარიაო, მე ხომ გათიშული ვიყავი. ფეხი იმდენად მქონდა ჩაჭედილი, რომ მაშველები ორ საათს თხრიდნენ, კიდურები ისე დამილბა, ფიქრობდნენ, რომ არც ერთი არ შემრჩებოდა. ექიმებმა მითხრეს, რომ ადამიანს არ შესწევს ამდენდღიანი უწყლობისა და უჭმელობის ატანის უნარი, ამას დაუმატეთ ძლიერი ტრავმა ფეხზე და წელს ქვემოთ სისხლის უმოძრაობა, პნევმონია და ჭაობის წყლით ინტოქსიკაცია. ეს შემთხვევა ექიმთა მსოფლიო ასოციაციაში გაგზავნეს როგორც ერთ-ერთი უნიკალური ამბავი.

"მთავარია, ტვინით იარო"

- დანებების უფლება არ მქონდა, ჩემ უკან ორი შვილი, მშობლები, ძმის ოჯახი და თანამშრომლები იდგნენ. მე გადაზიდვების კომპანია მაქვს.

რეაბილიტაციის დროს საავადმყოფოში მინახულა ჩემმა მეგობარმა, რომელიც სამი წლის წინ მშენებლობაზე დასახიჩრდა, მას შემდეგ ეტლში ზის, და მითხრა, მთავარია, ტვინით იარო, ეტლით დავდივარ, მაგრამ ბედნიერი ვარო. ამ სიტყვებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, კიდევ ოჯახისა და მეგობრების გვერდში დგომამ.

ნარკოზისა და კომის შემდეგ ფეხზე ვერ ვდგებოდი, პალატაში რომ გადამიყვანეს, არავის ნახვა არ მინდოდა, ვიწექი და ჭერს ვუყურებდი. მერე ლეპტოპი მოვატანინე და მუშაობა დავიწყე. ჩემი მწვრთნელი რომ მოვიდა, ცრემლები წამოუვიდა. რა გატირებს, შესაცოდი არაფერი მჭირს, როგორც კი მოვმჯობინდები, მოვალ დარბაზში, პარაოლიმპიადაზე გასასვლელად უნდა მოვემზადო-მეთქი...

ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის დარბაზი გავხსენი, ყველას შეუძლია მოვიდეს და უფასოდ ივარჯიშოს. საქველმოქმედო აქციებსაც ვმართავ. სამწუხაროდ, აქამდე მათზე არ მიფიქრია და ახლა დავიწყე ზრუნვა. ბევრი რამ გადავაფასე. მივხვდი, სიცოცხლე ძალიან მაგარია. ბოლო დროს ვრწმუნდები, რომ ღმერთი გვერდით მიდგას, მანამდეც მწამდა, მაგრამ ახლა სულ ველაპარაკები.