ახლა "უპატრონოებს" დაერივნენ! - კვირის პალიტრა

ახლა "უპატრონოებს" დაერივნენ!

რამდენიმე დღის წინ ინდმეწარმეებს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით შეუტიეს. მაღაზიების მფლობელთაგან ზოგი ფინანსურ პოლიციაში დაიბარეს და იქ დააპატიმრეს, ნაწილი - საბაჟოზე, ზოგი მაღაზიაშივე, ზოგსაც შინ მიაკითხეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის განცხადებით, ინდმეწარმეების დაკავების მიზეზი საბაჟო დოკუმენტების გაყალბება გახდა. გადამზიდავი კომპანია "ტრანს-კარგოს" დანაშაულებრივი სქემის გამო ბიუჯეტი ძალიან დაზარალდა.

გაოგნებული არიან ინდმეწარმეები, რომელთაც 18%-იანი საბაჟო მოსაკრებელი კი გადაიხადეს, მაგრამ იზოლატორში მაინც ამოყვეს თავი. მათი დანაშაული ის იყო, რომ გადამზიდავ კომპანიას ბრმად ენდნენ და ტვირთის საქართველოში შემოტანისას ისე მოაწერეს ხელი დოკუმენტაციას, რომ არც წაიკითხეს, შიგ რა ეწერა.

მასობრივი დაპატიმრებების მიზეზად ზოგი გადამზიდავ კომპანიებს შორის დაპირისპირებას მიიჩნევს, ზოგიც სახელისუფლებო მაღალჩინოსანთა ინტერესების გადაკვეთას. დასახელდა კოდუას გვარი ითქვა, რომ "ტრანს-კარგოს" ერეკლე კოდუას დედა, ლაურა ღაჭავა ხელმძღვანელობს, დაპირისპირება სწორედ ღაჭავასა და პრეზიდენტის ოჯახის წევრებს შორის მოხდაო.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წევრების აზრით, ხელისუფლებას ბიუჯეტის შევსება უჭირს, რადგან თანხებს  ხელისუფლების იმ წევრებისგან ვერ იღებენ, რომლებიც ქვეყანაში ყველაზე შემოსავლიან ბიზნესებს აკონტროლებენ. ამიტომაც  მიადგნენ "უპატრონოებს" - მცირე მეწარმეებსა და მისთანებს.

"კიდობანსა" და "პასაჟში" მისულებს დაძაბული ვითარება დაგვხვდა. დაშინებული ინდმეწარმეები აზრის გამოთქმისგან თავს იკავებდნენ, პრობლემა ისედაც ბევრი გვაქვს, გუშინ (8 ოქტომბერს) ისევ დააკავეს ხალხიო. ბოლოს, იმ პირობით დამთანხმდნენ ინტერვიუზე, რომ  მათ ვინაობას არ დავასახელებდი.

"კიდობანის" თანამშრომელი: - ყველა შეშინებული ვართ. მართალია, მე არავის დავუპატიმრებივარ, მაგრამ  ყველა ჩემმა მეგობარმა ბანკში ოფიციალურად გადაიხადა თანხა, მაგრამ ფინანსური პოლიცია მაინც შეედავა, გადამზიდავ კომპანიასთან ხართ გარიგებულიო და დააპატიმრეს. საიდან დაესიზმრებოდათ, რომ კანონს არღვევდნენ, არავინ გვეუბნება, როგორ ვიმუშაოთ ისე, რომ კანონის დარღვევა არ დაგვაბრალონ. გაგვაგებინონ, რისი უფლება გვაქვს! ეს საქმე ჩვენი შემოსავლის წყარო კი არა, ვალის დაფარვის საშუალებაა. შეამოწმონ, თითოეულ ინდმეწარმეს ბანკის  რამხელა ვალი აქვს. ბარემ გამოგვიცხადოს ხელისუფლებამ, გაყიდეთ სახლები და წადით ამ ქვეყნიდანო.

ნესტან ინასარიძე: - ჩემს მეგობარს მაღაზია აქვს პეკინზე. საქონლის განსაბაჟებლად მივიდა,  დოკუმენტაცია შეავსო, მაგრამ ორი დღის შემდეგ დილის 8 საათზე მიაკითხეს ბინაში. დედამ უცნობებს მისი  მობილურის ნომერი მისცა. ჩემს მეგობარს დაურეკეს, საპატრულო პოლიციიდან გაწუხებთ, თქვენს მანქანაზე ჯარიმაა გამოწერილი და ამის გასარკვევად მოვედითო. ჩემმა მეგობარმა უთხრა, ყველა ჯარიმა გადახდილი მაქვს და თანაც მანქანა უკვე გავყიდეო.

მერეღა უთხრეს, საბაჟოსთან დაკავშირებული პრობლემებია და იქნებ ფინანსურ პოლიციაში მობრძანდეთო. ფინანსურ პოლიციაში რომ დაჰკითხეს, გამოუცხადეს, დაკავებული ხართო. მეგობარი მიყვებოდა,  იქ ჩემ გარდა ბევრი ინდმეწარმე იყო. ყველანი დაგვაწყვეს, ორ-ორი ერთმანეთთან ხელბორკილებით გადაგვაბეს და დიღომში პოლიციის სამმართველოს კაპეზეში გადაგვიყვანესო. იქ მისულებს ტანსაცმელი გაგვხადეს, გაგვჩხრიკეს, მერე კი ბეტონის ჯურღმულში შეგვყარესო.

როგორც ჩემმა მეგობარმა ამიხსნა, ინვოისს თურქეთში ძალიან ცოტა მაღაზია გაძლევს, მაგრამ რომც გამოწერონ, თურქულენოვან ინვოისს ჩვენი საბაჟო არ იღებს. ამიტომაც გადამზიდავ ფირმას აბარებენ ბარგს, იხდიან 50 დოლარს და როდესაც საქონელი საქართველოში ჩამოდის, ოფიციალურ გადასახადს - 1 კგ ტვირთზე 80 ცენტს იხდიან. ჩემმა მეგობარმა 465 ლარი ბანკში გადაიხადა,  მაგრამ არ წაუკითხავს გადამზიდავი კომპანიის 40-გვერდიანი ხელშეკრულება. ხელშეკრულებაში კი თურმე ეწერა, რომ საქონლი სტამბოლიდან კი არა, რიზედან მოჰქონდა და გადასახადი 80 ცენტის ნაცვლად 40 ცენტი ეწერა.

ჩემს მეგობარს მიედავნენ, რომ გარიგებული იყო გადამზიდავ კომპანიასთან და ამიტომ დააპატიმრეს. მხოლოდ 1.400 დოლარის საქონელი ჰქონდა, პატარა თანხებზე მუშაობდა და კარგი გადამხდელიც იყო. მის საქმეში ბევრი ვინმე ჩაერია და დღე-ნახევარში სასამართლოს გარეშე გამოუშვეს. ვიცი, რომ ბევრს 5 და 10-ათასიანი გირაო გადაახდევინეს, "ლორთქიას" (მსახიობი გურამ ლორთქიფანიძე) ქალიშვილს კი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ზოგს თურმე დილაადრიან დაადგნენ თავს და ჩაცმა არ აცალეს, ისე წაიყვანეს ფინანსურ პოლიციაში. მიამბეს, ერთი ქალი საბაჟოში რომ მისულა, მანქანაში დაუტოვებია მცირეწლოვანი ბავშვები, უცებ მოვაწერ ხელს და მოვალო. ის ქალი თურმე საბაჟოზევე დააპატიმრეს და ბავშვები მანქანაში უპატრონოდ დატოვეს.

ამ ამბების მოსმენის შემდეგ სავსებით სამართლიანად ჩნდება კითხვა: ეს არის ლიბერალური ეკონომიკა და საუკეთესო ბიზნესგარემო?