ყელსახვევები ქართული ამბებით - კვირის პალიტრა

ყელსახვევები ქართული ამბებით

ყელსახვევებზე დატანილი ილუსტრაციები მოგვითხრობს მცირე ფრაგმენტს საქართველოს უმდიდრესი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ. ის კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ დედამიწაზე არის ერთი პატარა ქვეყანა დიადი წარსულით, აწმყოთი და მომავლით. მადლობა შენ ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის!

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრანტებმა: თეო გაგნიძემ, ნინო ჯარიაშვილმა და ლიკა ლაცაბიძემ ყელსახვევების ქართული ბრენდი შექმნეს.

ერთობლივი საქმის წამოწყების სურვილი სტუდენტობაშიც ჰქონდათ, თუმცა ინიციატივა მხოლოდ იდეად რჩებოდა. ყელსახვევებზე დატანილი ილუსტრაციები შემდეგ თემებს მოიცავს: ქართული ანბანი, "ვეფხისტყაოსანი", ფიროსმანი, ოქროს საწმისი, ქვევრი, ღვინო, ძველი თბილისი და სხვა. თითოეულ მათგანს თან ახლავს ბროშურა ქართულ და ინგლისურ ენებზე იმის შესახებ, თუ რით არის ესა თუ ის ილუსტრაცია საქართველოსთან დაკავშირებული.

როგორ გაჩნდა ყელსახვევების ბრენდის შექმნის იდეა, იდეის ერთ-ერთი ავტორი, თეო გაგნიძე გვიამბობს:

- როგორ დაიბადა ყელსახვევების შექმნის იდეა?

- სპონტანურად: საჩუქარს ვარჩევდი, ქართული წარმოების ყელსახვევებს ვეძებდი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ქართული ყელსახვევების ბრენდი არ არსებობდა. როდესაც იდეის ხორცშესხმაზე დავიწყეთ მუშაობა, გადავწყვიტეთ ყელსახვევი ინფორმაციის მატარებელიც ყოფილიყო და მათი საშუალებით გადმოგვეცა საქართველოს ისტორიისა და კულტურის ფრაგმენტები.

ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. თავდაპირველად ყელსახვევების გაყიდვა Facebook-გვერდის საშუალებით დავიწყეთ, მაგრამ როცა მსურველების რაოდენობა გაიზარდა, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სტენდი გავხსენით. ახლა პროდუქცია ტურისტულ ზონებში მდებარე სუვენირების მაღაზიებსა და სასტუმროებშიც შეგვაქვს.

- რა მასალით ამზადებთ ყელსახვევებს? - უმაღლესი ხარისხის ხელოვნური აბრეშუმით. თბილისის ერთ-ერთ სამკერვალოსთან ვთანამშრომლობთ. ჩვენი ყელსახვევების შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის გრაფიკულ დიზაინერს, სწორედ მას გადააქვს ჩვენი იდეები ციფრულ გამოსახულებაში. ახალი დიზაინის შექმნა ძალიან საინტერესო და, იმავდროულად, შრომატევადია, რადგან შესაძლოა სამივეს ერთმანეთისგან განსხვავებული აზრი გვქონდეს კონკრეტულ მოდელზე, გრაფიკულ დიზაინერს კი სხვა. ალბათ, სწორედ იმიტომ გამოდის ყველა განსხვავებული, რომ რამდენიმე ადამიანის იდეა ერთიანდება.

- შეფუთვის უკანა მხარეს რა წერია? - ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილი წარწერაა: "ამ ყელსახვევზე დატანილი ილუსტრაციები მოგვითხრობს მცირე ფრაგმენტს საქართველოს უმდიდრესი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ. ის კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ დედამიწაზე არის ერთი პატარა ქვეყანა დიადი წარსულით, აწმყოთი და მომავლით. მადლობა შენ ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის!"

- თქვენი პროდუქტი რა ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი? - ძირითადი სეგმენტი ტურისტები და ქართველი ქალები არიან. ინტერესდებიან ქართველი ემიგრანტებიც. ვიღებთ სამთავრობო და კერძო ორგანიზაციის კორპორაციულ შეკვეთებსაც.

- კიდევ ხომ არა გაქვთ რაიმე იდეა, რომლის ხორცშესხმასაც ახლო მომავალში აპირებთ? - რამდენიმე დღეა, რაც თანამედროვე მხატვრების ხაზი დავამატეთ. ირაკლი კუნჭულიასა და ირაკლი ჩიქოვანს ვუამბეთ ჩვენი წამოწყების შესახებ და ვითხოვეთ ნებართვა, რომ მათი ფერწერული ნამუშევრები ჩვენს ყელსახვევებზე გამოგვესახა, რაზეც სიხარულით დაგვთანხმდნენ. სხვა მხატვრებთანაც ვაპირებთ თანამშრომლობას. უახლოეს დღეებში კი რამდენიმე ყელსახვევს დავამატებთ ქართული ცეკვისა და ორნამენტების თემაზე.

ნათია სიბაშვილი