მთელი თვე გამოკეტილი მსახიობის ფანტასტიკური აღიარება ეგვიპტეში! - კვირის პალიტრა

მთელი თვე გამოკეტილი მსახიობის ფანტასტიკური აღიარება ეგვიპტეში!

View of the Arts-ის ჟურნალისტის აზრით, წლევანდელი ბერლინალეს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფილმი სწორედ თინათინ ყაჯრიშვილის "ჰორიზონტი" იყო

ალბათ, ბევრს ახსოვს, არცთუ ისე დიდი ხნის წინ ქართული კინოს მომავალს ქართველი ხელოვანები რა პესიმისტურად უყურებდნენ. ზოგიერთი იმასაც ამბობდა, რომ ქართული კინო მოკვდა, აღარ არსებობს. თუმცა, როგორც ჩანს, წინასწარმეტყველებანი ხშირად არც ხელოვნებაში მართლდება. ასე რომ, ბოლო ხანს ქართულმა კინომ არაერთი წარმატება მოიპოვა. განსაკუთრებით კინორეჟისორი ქალების კინომ. წარმატებულ ფილმებს შორის არის რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილის ფილმიც "ჰორიზონტი". გიორგი ბოჭორიშვილმა სწორედ ამ ფილმში მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის მიიღო ეგვიპტის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი. ეგვიპტის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც ქალაქ ასუანში იმართება, აზია-ევროპის, ფაქტობრივად, ყველა ქვეყნის კინოა წარმოდგენილი, ფესტივალის სტუმართა რაოდენობა კი 3000 კაცს აჭარბებს. ფესტივალის კონკურსში მხოლოდ რეჟისორ ქალთა ფილმები მონაწილეობს. ის, რომ ქართველი მსახიობი აქ მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს, ალბათ, არც არის გასაკვირი, როგორც ფილმის რეჟისორმა გვითხრა: სანამ "ჰორიზონტის" გადაღებას დაიწყებდნენ, მსახიობი ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ იმიტომ ჩაიკეტა მარტო, რომ საყვარელ ცოლთან განშორებული კაცის როლი გაეთავისებინა. გიორგი ბოჭორიშვილს რომ ემოციების მართვა საუკეთესოდ ეხერხება, ამას მისი საუბარიც ადასტურებს - ყველა კინომსახიობისთვის საოცნებო ჯილდოს შესახებ ის მართლაც თავშეკავებულად ლაპარაკობს:

გიორგი ბოჭორიშვილი: - ალბათ, იმით უნდა დავიწყო, რომ თავად თიკო ყაჯრიშვილია საუკეთესო რეჟისორი, რადგან ჯგუფი წარმატებისთვის მან გაგვაერთიანა. ფილმი დაშლილი ოჯახის დრამას ასახავს, რომელიც სულისშემძვრელად უნდა აისახოს, თორემ ისე, კრიტიკოსებიც წერენ, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია. რეჟისორმა მთელი ჯგუფი ისე გაგვაერთიანა და შეგვკრა, რომ ემოციების ბოლომდე გადმოცემა მოვახერხეთ. ფილმის დიდ ნაწილს ფოთში, თებერვალში ვიღებდით, პალიასტომის ტბის პირას, სადაც სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა, ყველაფერი გაყინული იყო, მაგრამ ყველანი ფეხმოუცვლელად ვმუშაობდით.

- ფილმის რეჟისორი ამბობს, რომ მთელი თვე მარტო იყავით ჩაკეტილი, რისი წყალობითაც ტრაგიკული პერსონაჟი საუკეთესოდ განასახიერეთ. ამაზე რატომ არაფერს ამბობთ?

- რა ვთქვა, მიხარია, თუ რაიმეს მივაღწიე. ფილმი მართლაც კარგი გამოვიდა. უკვე იყო "ბერლინალესა" და ალმა-ათის ფესტივალზე, სადაც კრიტიკოსებმაც აღიარეს. სხვათა შორის, მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის პრიზი ალმა-ათაშიც მივიღე.

- შემოთავაზებები თუ გაქვთ გადაღებაზე ფესტივალის შემდეგ? - დიახ, თუმცა წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს. ამ პრიზმა სტიმული მომცა... და კიდევ, მიხარია, რომ ქართული კინო შეამჩნიეს და გამოარჩიეს.

"გიორგი ბოჭორიშვილი გასაოცრად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ბრწყინვალედ გვიჩვენებს ემოციურად აშლილი ადამიანის მდგომარეობას, რაც შეეხება ია სუხიტაშვილს, ის დახვეწილი თამაშის მანერით დიდ ბრწყინვალებას მატებს ფილმს", - წერს კინოკრიტიკოსი ბერლინის პრესაში.

View of the Arts-ის ჟურნალისტის აზრით, წლევანდელი "ბერლინალეს" ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფილმი სწორედ თინათინ ყაჯრიშვილის "ჰორიზონტი" იყო:

"ეს ფილმი შესაძლოა ყოფილიყო ჩვეულებრივი, მორიგი დრამა ცოლ-ქმრის დაშორებაზე, თუმცა ყაჯრიშვილმა თავის ფანტასტიკურ გუნდთან ერთად მოახერხა იმ სიღრმეების გადმოცემა, რომელიც ამბავს სულ სხვა პერსპექტივიდან გვაჩვენებს", - წერს ავტორი.