"ვცდილობ ტკივილებზე არ ვიფიქრო, არც ცუდზე ფიქრისთვის მცალია, ჩემ შვილს ვჭირდები, სიცოცხლისთვის უნდა ვიბრძოლო..." - კვირის პალიტრა

"ვცდილობ ტკივილებზე არ ვიფიქრო, არც ცუდზე ფიქრისთვის მცალია, ჩემ შვილს ვჭირდები, სიცოცხლისთვის უნდა ვიბრძოლო..."

ამბობენ, განსაცდელი ადამიანს აძლიერებსო, ეს ნამდვილად ასეა, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როდესაც თიკო გელაშვილი გავიცანი, ეს ახალგაზრდა ქალი გმირია. ის  აუტანელი ტკივილების დროსაც საყვარელ ადამიანებზე ფიქრობს, მათ აქეთ ამშვიდებს, - ყველაფერი კარგად იქნებაო. მათ შორის, მისი ერთთადერთი ქალიშვილი და დედაც არიან, რომლებიც თიკოს მუდამ თვალებში უცქერენ, რომ დაძახებისას მის გვერდით გაჩნდნენ. 34 წლის თიკოს ჯერ კიდევ ორი წლის წინ აღმოაჩნდა თირკმლის სარკომა და ურთულესი ოპერაციც გადაიტანა... დაახლოებით ერთი წლის წინ, როცა ყველა ფიქრობდა, რომ ყველაფერი უკეთესობისაკენ იყო, მეტასტაზი უკვე ფეხის ძვალზე აღმოუჩინეს, რასაც რამდენიმე ოპერაცია და აუტანელი ტკივილები დაერთო... ახლა კი მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა, მხოლოდ საზღვარგარეთ მკურნალობას შეუძლია.

- ვიდრე ეს ყველაფერი დაიწყებოდა, სრულიად ჯანმრთელი ვიყავი. ერთადერთი, თავის ტკივილები დამჩემდა, რაზეც ექიმმა მითხრა, - ყველაფერი გადაღლილობის ბრალიაო და მცირე მკურნალობას დაგინიშნავ და გაივლისო. მართლაც ასე იყო, მსუბუქი დამამშვიდებელი წამლები გამომიწერა და ყველაფერმა გაიარა. შემდეგ თავისთვის არაფერი შემიტყვია. მაგრამ ერთ დილას, მუცელზე უცებ რაღაც დიდი ამომებერა, რამაც ძალიან შემაშინა და იმ წამსვე ექიმთან წავედი. მან ექოსკოპია გადამაღებინა და როდესაც სურათს დახედა სახე შეეცვალა, - თირკმელზე, თითქმის 12-სანტიმეტრიანი სიმსივნე გაქვს, რომელიც იმ ადგილას რომ აღარ დაეტია, მუცელში წამოვიდა, ახლა ოპერაცია უნდა გაკეთდეს და თანაც, რაც შეიძლება ჩქარაო. ოპერაციაზე ეს საშინელება თირკმელთან ერთად ამომაჭრეს. ანალიზებმა სარკომა აჩვენა. თანაც ისეთი კატეგორიის, რომ ექიმმა მითხრა, - მსგავსი სიმსივნეები უიშვიათესი შემთხვევაა, მაგრამ დამამშვიდებელი ის არის, რომ მეტასტაზები არსად არის წასულიო. ოღონდაც მაგნიტური რეზონასული კვლევა უცილებლად 3 თვეში ერთხელ გაიკეთე, რომ არაფერი გამოგვეპაროსო. აქედანაც ჩანდა, რომ მათაც ეშინოდათ მეტასტაზების განვითარების. მეც ტომოგრამა რამდენჯერმე გადავიღე და არც ერთხელ არაფერი აღმომაჩნდა. ერთი წლის შემდეგ კი, ბარძაყის ძვალმა ისეთი ტკივილი დამიწყო, რომ ნერვის ანთება მეგონა და ამის გამო მივედი ექიმთან. იკვლიეს და მითხრეს, - ნერვი არაფერ შუშია, მეტასტაზი ძვალზეა წასულიო...

- ეს კომპიუტერული ტომოგრაფიის სურათზე რატომ არ გამოჩნდა?

- გამოჩნდა, თუმცა, სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ წაკითხვის დროს ვერ მიაქციეს ყურადღება; თუმცა, ამას ალბათ არ აქვს მნიშვნელობა, რადგანაც როცა ტომოგრამას ონკოლოგმა დახედა, მეტასტაზი მან დაინახა და მითხრა, - მეტასტაზი მხოლოდ ერთ ადგილას არის, ამიტომაც არა ქიმიოთერაპიას, არამედ ბარძაყის ძვალზე გაძლიერებულ დასხივებას დაგინიშნავთ, წესით, ამან შედეგი უნდა გამოიღოსო და მეც დავთანხმდი. მაგრამ პროცედურების შემდეგ, ისეთი ტკივილები დამეწყო, ცუდად ვხდებოდი. თურმე ძლიერი დასხივებასას ბარძაყის ნერვი დაზიანებულა და მორიგი ოპერაცია გახდა საჭირო.

- რამდენადაც ვიცი, დაზიანებული ნერვის რეაბილიტაცია ურთულესი პროცესია.

- არა უშავს, რთული ყოფილიყო და ოღონდაც შედეგი მოეტანა, ბედნიერება იქნებოდა. მე კი მორიგი ოპერაციისას უკვე ძვლის ამოფხეკა დამჭირდა, რამაც ტკივილები ისეთი გაუსაძლისი გამიხადა, ამოსუნთქვაც კი მიჭირდა. ხელახალ გამოკვლევაზე უკვე ის დაადგინეს, რომ მეტასტაზები ნაოპერაციები ძვლის გარშემო, რბილობში იყო წასული. ახალ ოპერაციაზე მეტასტაზები რბილობიდან ამოიღეს და უკვე სისხლდენა დამეწყო. ამის შემდეგ ექიმმა თავად მითხრა, - თიკო, სასწრაფოდ თურქეთში წადი, ჩვენ უძლურები ვართ, იქნებ შენი შველა თურქეთში შეძლონო.

აქამდე დაზღვევა მქონდა, ახლა უკვე მისი ლიმიტიც ამომეწურა, ასე რომ აღარაფრის სახსარი აღარ შემრჩა. თუმცა, სიყვარული და სიკეთე ხომ არსებობს. ახლა, ამ მდგომარეობაში ყველაზე კარგად ვხვდები, რომ სწორედ ეს არის ყველაზე დიდი სიმდიდრე ქვეყნად, - სამსახურშიც ხელს მიწყობენ, ჩემმა მეგობრებმა კი სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელეს ჩემზე, რის შემდეგაც სრულიად უცნობმა ადამანებმა გამომიწოდეს ხელი. ასეთ რაღაცებს ალბათ განგების ნება მართავს, - იმდენი თანხა დამიგროვდა, რომ თურქეთში წავიდე; მაგრამ ეს თანხა ჯერ არ არის საკმარისი სრულად სამკურნალოდ, რაშიც კლინიკა 15 000 დოლარს ითხოვს. მე კი ეს ფული არ გამაჩნია.

ძალიან მტკივა, მაგრამ ვცდილობ ტკივილებზე კი არა, იმაზე ვიფიქრო, როგორმე მალე წავიდე იქ, სადაც ჩემს შველას შეძლებენ, მერე კი ჩემს შვილსა და საყვარელ ადამიანებს დავუბრუნდე. ცუდზე ფიქრისთვის არ მცალია, ჩემს შვილის ვჭირდები, სიცოცხლისთვის უნდა ვიბრძოლო...

პ.ს. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:

"ვითიბი" ბანკი. ანგარიში: GE27VT1000001300964506

მიმღები თინა გელაშვილი

რეკვიზიტები ქართული ლარისთვის

"საქართველოს ბანკი"

მიმღები: მედეა პეტრიაშვილი GE18BG0000000160910682

რეკვიზიტები ევროსთვის: შუამავალი ბანკი Commerzbank, Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF მიმღები ბანკი Bank of Georgia , SWIFT: BAGAGE22 მიმღების დასახელება პეტრიაშვილი მედეა, GE18BG0000000160910682

(სპეციალურად საიტისთვის)