"ბოლოს სულ იმას ამბობდა, საქართველო მენატრებაო, არადა, ექიმები ფრენის ნებას არ აძლევდნენ" - როგორ იხსენებენ გია დანელიას ახლობლები
"ბოლოს სულ იმას ამბობდა, საქართველო მენატრებაო, არადა, ექიმები ფრენის ნებას არ აძლევდნენ" - როგორ იხსენებენ გია დანელიას ახლობლები
ფოტო:ნიკუშა და ელდარ შენგელაიები, ბუბა კიკაბიძე
ლეგენდარული რეჟისორი გია დანელია მოსკოვში გარდაიცვალა. წლების განმავლობაში მან არაერთი გამორჩეული და ყველასათვის საყვარელი ფილმი გადაიღო, მათ შორის "მიმინო" და "არ იდარდო"... ცნობილი ქართველი რეჟისორი 60-იანი წლებიდან მოყოლებული რუსეთში მოღვაწეობდა. იგი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს თუ პრემიის მფლობელია.

გია დანელიას მისი უახლოესი ადამიანები იგონებენ.

ნიკუშა შენგელაია, მხატვარი, სოფიკო ჭიაურელის ვაჟი:

- დედაჩემი სოფიკო და გია დანელია დეიდაშვილები იყვნენ და ნამდვილი და-ძმასავით უყვარდათ ერთმანეთი. გია "სესტრიჩკას" ეძახდა და სოფიკო - ძმას. ფაქტობრივად,
ერთად გაიზარდნენ, მერე კი მათი ყოველი შეხვედრა ნამდვილი ზეიმი იყო...
ფილმის "არ იდარდოს" გადაღება ჩემს თვალწინ მიმდინარეობდა და ნეტავ იმ დროს, საოცრად ტკბილად მახსოვს ის პერიოდი... ეჰ, რამდენი ერთი უნდა გავიხსენო და გული კიდევ უფრო არ მეტკინოს!

მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა გია დანელიასთან მაქვს გატარებული... ძალიან
გული დამწყდა, მიუხედავად იმისა, უკვე ვიცოდი, რომ  უიმედო მდგომარეობა რომ ჰქონდა და თითქოს ყველაფერს შეგუებული უნდა ვყოფილიყავი. ბოლო კვირების განმავლობაში იმდენად ცუდად იყო, რომ ხელოვნურ აპარატზე იყო მიერთებული.
გია დანელია
ძალიან დასანანია, რომ იმ საოცარი თაობიდან თითქმის ყველა წავიდა. თაობიდან, რომელმაც ეპოქა შექმნა ქართულ, რუსულ და მსოფლიო კინოში... გია დანელია ჩვენს სახლში გაზრდილი იყო, ვერიკოს გაზრდილი იყვნენ ყველანი და ახლა, სამწუხაროდ, სახლში რომ შევდივარ, აღარავინ არის. უდიდესი გულის ტკივილი ახლავს ამ ყველაფერს!

ზღვა მოგონება მაქვს გიაზე, მაგრამ გული იმდენად მტკივა, ვეღარაფერს ვამბობ. გიასნაირი ადამიანები ძალიან ცოტანი არიან. ბოლოს ტელეფონით ხშირად ვსაუბრობდით, დარდობდა, რა ცხოვრება მოვიდა, მე საქართველოში ვერ ჩამოვდივარ და შენ - რუსეთშიო...

ექიმები ნებას არ რთავდნენ, ამიტომ ბოლო წლებში ფრენა აკრძალული ჰქონდა. მე კი რუსეთში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიდან გამომდინარე ვერ ჩავდიოდი, ვიზის არ ქონის გამო... დიდი ხანი ნანახი არ მყავდა და ასე სამშობლოს მონატრებული წავიდა ამ ქვეყნიდან... მიდიან გენიოსები, მაგრამ მათი შემოქმედება რჩება, რომელსაც ვერაფერი გააუფასურებს...

ელდარ შენგელაია, რეჟისორი:
- გია დანელია ჩემი იმდენად ახლო მეგობარი იყო, რომ მოსკოვში რომ ჩავდიოდით მე და ჩემი მეუღლე, მხოლოდ მასთან მივდიოდით და სხვასთან არავისთან. ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა... გია გენიალური ადამიანი და რეჟისორი იყო. მან გადაიღო არაერთი შესანიშნავი ფილმი და მე სიამაყით უნდა გითხრათ ერთი რამ, მოსკოვში არ არის მისი ვარსკვლავი, საქართველოში, თბილისში კი ჩვენ რუსთაველის თეატრის წინ გავხსენით მისი სახელობის ვარსკვლავი, რითაც უბედნიერესი იყო... ძალიან გული მწყდება ეს გენიალური რეჟისორი რომ წავიდა...

ბოლო წლებში საქართველოში ვეღარ ჩამოდიოდა და როცა მივიდოდი მასთან, სულ მეუბნებოდა, საქართველო მენატრებაო... გია თბილისში დაიბადა, შემდეგ ოჯახი მოსკოვში გადავიდა, გია სარეჟისოროზე სწავლობდა, იქედან დაიწყო მისი მოღვაწეობა, მაგრამ მიუხედავად იქ მიღწეული წარმატებებისა, საქართველო იყო მისთვის უპირველესი, ეს მის შემოქმედებაშიც კარგად ჩანს...

ბუბა კიკაბიძე, მომღერალი, მსახიობი:
- მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ, ძმებივით ვიყავით და უმძიმესი დღეა ჩემთვის! ჩემი გია აღარ არის... მადლობელი ვარ ცხოვრების, მადლობელი ვარ ღმერთის, რომ შემახვედრა ეს არაჩვეულებრივად ნიჭიერი ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი სიხარული მომანიჭა მთელი ცხოვრების განმავლობაში.


(სპეციალურად საიტისთვის)

დევნილი კოლხი
05 აპრილი 2019 23:40
ბატონი გია დააკლდა მთელ საქართველოს . . . დიდებული პიროვნება, დიდებული ქართველი, რომლის ხსოვნას დავიწყება არ უწერია. ასეთი ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ ერის მეხსიერებაში და აძლიერებენ ეროვნულ ენერგიას. როგორი ჯიშისაც იყო, ისე არგო ერსაც! ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი წრფელი სული!
ზურა
05 აპრილი 2019 23:33
იმ ადამიანების (ვინც ეს ჩაიდინა) ინტერესები სანამ იქნება ხელისუფლებაში, ამ ამბავს ვერასოდეს მიეცემა დღის სინათლეზე გამოსვლის საშუალება, მათი ინტერესები კი იყო და იქნება სანამ ნეპოტიზმი იარსებებს საქართველოში
ერთი ქართველი
05 აპრილი 2019 22:15
სიცოცხლის დიდი ნაწილი მოსკოვში გაატარა, მაგრამ ერთი წუთითაც არ დავიწყებია ქართული სული. ღმერთმა ინებოს ასეთ ქართველთა სიმრავლე, გიორგი დანელიას სული კი ნათელში ამყოფოს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?