ორი ეკატერინე, ორივე ხვედელიძე - როგორ შეეშალათ წარმატებული პიანისტი ბიძინა ივანიშვილის მეუღლეში - კვირის პალიტრა

ორი ეკატერინე, ორივე ხვედელიძე - როგორ შეეშალათ წარმატებული პიანისტი ბიძინა ივანიშვილის მეუღლეში

ახლახან ბერლინში მცხოვრები ქართველი პიანისტის, ეკატერინე ხვედელიძის კონცერტმა ჰამბურგის ფილარმონიაში სრული ანშლაგით ჩაიარა. ეკატერინეს ცხოვრება-შემოქმედების გზა საქართველოდან, კერძოდ - ქალაქ რუსთავის ერთი ტრადიციული ქართული ოჯახიდან იწყება, სადაც ჯერ კიდევ ძალიან პატარა გოგონა საბავშვო ბაღის სასადილოში "კომპოზიტორობანას" თამაშობდა - თავისი ბავშვური ფანტაზიით მუსიკას თხზავდა და პატარა თითებით სასადილოს მაგიდაზე "უკრავდა", შინ დაბრუნებული კი, ნამდვილ ფორტეპიანოს მიუჯდებოდა და თავის შეთხზულს ოჯახის წევრებს ასმენინებდა...

თავდაპირველად მისი სახელითა და გვარით დავინტერესდი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლის სეხნია ლოგიკით ზემო იმერეთიდან უნდა ყოფილიყო. მთლად შორებელიც არ აღმოჩნდა - წარმოშობით ჭიათურიდან ვართო, და ამ სეხნიობის გამო თავს გადახდენილი კურიოზული ამბავიც მოაყოლა:

- ერთხელ ელფოსტაზე შვეიცარიიდან წერილი მომივიდა, პიკასოს ნამუშევრების ორიგინალების ყიდვას მთავაზობდნენ. თავდაპირველად ვიფიქრე, ვიღაც მეხუმრება-თქო, მოგვიანებით კი გავიაზრე, რომ წერილი აშკარად შეცდომით გამომიგზავნეს და აღარც ვუპასუხე. მეორედაც რომ მომწერეს, რატომ არ მპასუხობთო, მივწერე, ნამდვილად სიამოვნებით ვიყიდდი, მაგრამ ჩემთვის მეტისმეტად ძვირია-მეთქი... მოკლედ, ასე გაირკვა, რომ მისამართი შეეშალათ და მეც მივხვდი, ადრესატი ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ჩემი სეხნია ეკატერინე ხვედელიძე იყო. მართლაც, ქართული ფილმის - "ჭრიჭინას" ვარიანტი გამოგვივიდა - 2 მარინე, ორივე გიორგის ასეული, ორივე ფერაძე, ხომ, გახსოვთ?!

რაც შეეხება ჩემი მუსიკალური ცხოვრების გზის დასაწყისს, რუსთავში ვცხოვრობდი და ფორტეპიანოს განხრით, რუსთავის მუსიკალურ სასწავლებელში თბილისიდან მოწვეული ცნობილი პედაგოგის, მედეა გამსახურდიას კლასი დავამთავრე. ჩემს საშემსრულებლო ოსტატობასა და მუსიკალურ გემოვნებას სწორედ ქალბატონი მედეამ ჩაუყარა საფუძველი, ამიტომ მისი ძალიან მადლიერი ვარ. მანამდე კი, მუსიკალურ სკოლაში პედაგოგი ნინო კუპატაძე მამეცადინებდა და ქალბატონ მედეასთანაც სწორედ მან მიმიყვანა.

- იმხანად ბავშვები ხშირად მშობლების დაჟინებით დადიოდნენ მუსიკაზე... - ჩემთან კი პირიქით იყო - საკუთარი დაჟინებით ვმეცადინეობდი. დედისგან ვიცი, 3-4 წლამდე, თურმე, არც ვლაპარაკობდი, არამედ - მხოლოდ ვმღეროდი. არც წინაპრებში გვყოლია მუსიკოს-მომღერალი, არადა, მე აშკარად მოჭარბებულად მქონდა მუსიკა სულშიც და სხეულშიც. თუმცა ამ ამბავს განსაკუთრებულად არც არავინ აქცევდა ყურადღებას და, ალბათ, ამიტომაც ბავშვობიდან გამომიმუშავდა მუსიკისთვის ბრძოლის უნარი. ჩემს მუსიკოსობაზე არც არავის უფიქრია... ჩემ გარდა - მე კი, გულწრფელად გეტყვით, ამის მეტზე არც არაფერზე მიფიქრია! სხვათა შორის, ძალიან მინდოდა კომპოზიტორობა, ეს თითქოს ჩემი სულის ამოძახილი იყო, მაგრამ ვერც საშემსრულებლო ხელოვნებაზე ვიტყოდი უარს. ერთხანს ჯაზმა გამიტაცა, კომპოზიციებს ვწერდი, ჯაზ-კვარტეტშიც კი ვმღეროდი და სასწავლებელში მეცადინეობას მოვუკელი. მედეა გამსახურდია აღშფოთდა და დედაჩემს შესჩივლა, აღარაფერს აკეთებსო. სწორედ დედამ მომიყვანა აზრზე, - სასწავლებელი დაამთავრე და მერე, რაც გინდა, ის გააკეთეო. დედის ძალიან მადლობელი ვარ, რომ დროულად შემაჯანჯღარა და სასწავლებელიც წარმატებით დავასრულე.

- გერმანიაში როდისღა გაემგზავრეთ? - 1997 წელს სწავლის გასაგრძელებლად უკვე დიპლომიანი წავედი. წინასწარ საბუთები გერმანიის რამდენიმე უმაღლეს სამუსიკო სასწავლებელში (იქ "მუზიკჰოჰშულეს" უწოდებენ) გავაგზავნე. ეს სასწავლებლები ჩვენს კონსერვატორიაზე უფრო მაღალ საფეხურზე დგას. საბოლოოდ, ქალაქ დეტმოლდის უძველეს "მუზიკჰოჰშულეში" საკმაოდ რთული გამოცდები ჩავაბარე ჩავირიცხე. დეტმოლდი პატარა, ლამაზი და წყნარი ქალაქია, სამეცადინოდ სწორედ რომ მისწრება, რადგან გასართობს ვერაფერს გადააწყდები. ქუჩაში რომ მიდიხარ, ერთი სახლიდან ფორტეპიანიოს ხმა ისმის, მეორედან - ფლეიტის, მესამედან - ვიოლინოსი და ა.შ. გარდა მუსიკალურისა, იქ კიდევ ძალიან ცნობილი არქიტექტურის სასწავლებელია, ამიტომ ქუჩაში ან მუსიკოსი სტუდენტები დადიან, ან - არქიტექტორი.

საცხოვრებელთან დაკავშირებით უჩვეულო რამ გადამხდა: თავდაპირველად სხვაგან ვცხოვრობდი. ერთ დღეს სასწავლებელში ცნობილი პიანისტის კონცერტზე გავრბოდი, მაგვიანდებოდა და მოკლე გზები ავირჩიე, ინტუიციით ვჭრიდი ქუჩებს. დანიშნულების ადგილს ვუახლოვდებოდი, რომ ულამაზესი სახლი, უფრო სწორად - ქოხი დავინახე, გაკვირტულ ალუბლებში ჩაფლული. მის წინ შევყოვნდი და ვინატრე, ნეტავ, აქ ვცხოვრობდე-მეთქი. რამდენიმე დღეში სასწავლებლის განცხადებების დაფაზე წავიკითხე, რომ ზუსტად ამ ბინის ერთი ოთახი ქირავდებოდა. სხვა რაღაა ოცნების ახდენა? ქოხი დეტმოლდში

თურმე, ამ სახლის სწორედ იმ ფანჯარასთან დავმდგარვარ, სადაც მერე დავსახლდი. ამ ერთ ქოხში ძალიან "მრავალსაკრავიანი" საცხოვრებელი გვქონდა - 2 მევიოლინე, ფაგოტისტი და მე, პიანისტი. ყველას ჩვენთან უნდოდა მოხვედრა. ეზოში რომ ალუბლის ხე გვქონდა, იმდენ ალუბალს ისხამდა, მეზობლებს შურდათ კიდეც. რა ტოტებსაც ვწვდებოდით, ჩვენ მივირთმევდით, მაღლა კი ნაყოფი სულ გვილპებოდა. ბოლოს ერთმა მეზობელმა, ხის კენწეროს ალუბლის სანაცვლოდ, თავისი წარმოებული თაფლი შემოგვთავაზა. მერე, მთელი წლის განმავლობაში ჩვენ იმ თაფლით ვსაზრდოობდით, მეზობელმა კი ხეს კიბე მიადგა და სულ გაკრიფა იქაურობა...

დეტმოლდის შემდეგ ქალაქ მიუნსტერში ვცხოვრობდი და იქაურ "მიუზიკჰოჰშულეში" პროფესორის ასისტენტად ვმუშაობდი. იქიდან ბერლინში გავემგზავრე და ვფიქრობ, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე, რადგან მას კლასიკური მუსიკის მსოფლიოს დედაქალაქს ვუწოდებ. იოლი არ იყო იქ დამკვიდრება, მაგრამ ყველაფერი დავძლიე. ხშირად დავდიოდი კონცერტებზე, ბევრი ადამიანი გავიცანი, თუმცა არავისთვის არაფერი მითხოვია - ვინმეს შეწუხება არ მიყვარს. ალბათ, ცუდია, რადგან ეს წინსვლას ამუხრუჭებს. მქონდა პატარ-პატარა კონცერტები, დიდი კონცერტიც, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი რამდენიმე დღის წინ ჰამბურგის ფილარმონიაში ჩატარებული კონცერტი იყო. რაც მთავარია, თვითონ მომძებნეს, ელფოსტაზე მომწერეს, შევიტყვეთ, რომ კარგი შემსრულებელი ხართ, ფილარმონიაში გიწვევთ და თქვენი პროგრამა გამოგვიგზავნეთო. ჯერ სპამი მეგონა, მაგრამ მალევე, 4-გვერდიანი წერილი რომ მომივიდა ჩემი შემოქმედების შეფასებით, მივხვდი სერიოზული შემოთავაზება იყო. ასე აღმოვჩნდი ჰამბურგის შესანიშნავ ფილარმონიაში და 550-კაციან გადაჭედილ დარბაზში დავუკარი. ეს კონცერტი ჩემი პროფესორის, ცნობილი მოსკოველი პიანისტის, იგორ ჟუკოვის ხსოვნას მივუძღვენი. ეკატერინე ხვედელიძე იგორ ჟუკოვთან ერთად. ფოტოგრაფი: ილიკო ჩიტაშვილი წინ დიდი გეგმები მაქვს და ვინ იცის, იქნებ, მალე ბერლინის ფილარმონიაშიც დავუკრა. ახლახან აქ, ერთ კონცერტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შევხვდი, ჩემი დისკიც გადავეცი და დამპირდა, მოვისმენ, იქნებ ვიფიქროთ თბილისის კონცერტზეო. მგონი, ახალი ეტაპი იწყება ჩემს ცხოვრებაში, ძალიან მინდა, თბილისშიც მქონდეს კონცერტი...

დაკავებული კი ვარ საშემსრულებლო ხელოვნებით, მაგრამ ბოლოხანს ამეკვიატა, ხომ არ მივუბრუნდე მუსიკის შექმნას-მეთქი. იქნებ, ეს ღვთისგან ნაბოძები ნიჭია ან, სულაც, ვაჭარბებ და ეს მხოლოდ მიძინებული სურვილია, რომელსაც გაღვიძება სჭირდება. ვნახოთ... ერთი კი ვიცი, ოდესღაც მუსიკას აუცილებლად დავწერ, ნამდვილად დავწერ.

- შეძლებთ, მუსიკალურად გადმოსცეთ დღემდე რაც გაიარეთ - ეტაპი, რომელიც სავსეა მაგიდაზე მორბენალი თითებით და ალუბლებსა და თაფლს შერეული მუსიკით?

- ასე ლამაზად ჯერ არავის არაფერი უკითხავს ჩემთვის... გმადლობ. ჯერ თავს კომპოზიტორს ვერაფრით ვუწოდებ, მაგრამ... მგონი, ყველა შემოქმედს ახასიათებს განვლილი ცხოვრების შინაგანი მდგომარეობის ასახვის სურვილი... ვფიქრობ, შევძლებ და ჩემს რომელიმე კომპოზიციაში ყველას დავანახვებ, როგორია ახლად გაკვირტული ალუბლის ხე - მარადიული გაზაფხულის სიმბოლო.