"რა უნდა ექნა ბათა ქექიას? - დაბერდა და ამან გვიშველა მეც და ამასაც" - კვირის პალიტრა

"რა უნდა ექნა ბათა ქექიას? - დაბერდა და ამან გვიშველა მეც და ამასაც"

მომავალ კვირაში ჟურნალ "გზასთან" ერთად "ქართული პროზის საგანძურში" დემნა შენგელაიას შეხვდებით

ზოგჯერ ერთბაშად ვერც გაიგებ, რამდენის მოცემა შეუძლია ნაწარმოებს, რომელიც თითქოს ნაცნობია, თითქოს ათასჯერ გაქვს გადაკითხული... არადა, სტრიქონსა და სტრიქონს შორის დალექილა ამბები და ადამიანები, იმ რეალობის ნაწილნი, რომელშიც მწერალს უხდებოდა ცხოვრება. საბჭოთა ეპოქამ ბევრი რამ დამახინჯებულად ასახა, ბევრი - საგანგებოდ გააყალბა, ბევრიც უაზროდ "დაატკბო". პროლეტარული სახელმწიფოს შენების იდეის ტყვეობაში თვალსა და ხელს შუა ქრებოდა მხატვრული სიმართლეც და ფაქტიც. საბედნიეროდ, დადგა დრო, როცა ყველაფერს შეიძლება თავიდან გადახედო და დაინახო ახალი ნაწარმოები ძველში, უცნობი მწერალი - ნაცნობში.

...სახელი ისეთი ერქვა, რომელიც არც ჩვენს გმირ მეფეებს უკავშირდებოდა, არც მაშინდელ მოდას. ეს სახელი - დემნა - ისტორიულად მხოლოდ წამების ამბავს გაახსენებდა ვინმეს. ამ სახელის ტარებას ჰქონდა თავისებური მუხტიცა და დატვირთვაც. ვინ როგორ აღიქვამდა ამ ყველაფერს, არ ვიცი, დემნა შენგელაია კი ალბათ ბევრსაც ხვდებოდა და ბევრსაც ხედავდა. მეორე საკითხია, როგორ გადმოსცემ ყველაფერს, როგორ იტყვი იმას, რისი თქმაც სულითა და გულით გინდა, მაგრამ სტრიქონში ვერ ჩატევ.

ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში დემნა შენგელაიას ეკითხებოდნენ "ბათა ქექიას" შექმნის თაობაზე. პასუხი იმ დროისათვის ტრაფარეტულად ჟღერდა: "ბათა ქექიას" წერისას მე ვფიქრობდი, რომ ქართულ ლიტერატურაში ისე არ იყო ასახული ქართველი გლეხის სახე, როგორც მას შეეფერებოდა და ეკუთვნოდა. მე ვეკამათები და არ ვეთანხმები ჩვენს მწერლებს - ეგნატე ნინოშვილსა და შიო არაგვისპირელს მათ მიერ დახატული გლეხთა ტიპების გამო. ჩემი აზრით, მათ მთელი ყურადღება სოციალურ მხარეზე გადაიტანეს და მხედველობიდან გამორჩათ არანაკლებ მთავარი"...

მერე დემნა შენგელაია ლაპარაკობს, რომ მისი ოჯახი ათეისტურად აზროვნებდა,  ბათაც ამიტომ იყო პირწავარდნილი ათეისტი...

კიდევ ერთხელ გადავხედე "ბათა ქექიას". იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, თავად გვარი "ქექია" რა განწყობაზე გაყენებთ და რისთვის გამზადებთ, ინტერვიუში ავტორის თითქოს სასხვათაშორისოდ ნათქვამი სიტყვები აგიხსნით ყველაფერს: "ბოლოს, რა უნდა ექნა ბათა ქექიას? - დაბერდა და ამან გვიშველა მეც და ამასაც: და რაც ბათა ქექიამ ვერ გააკეთა, შესანიშნავად შეძლო ლეო ქიაჩელის გვადი ბიგვამ"...

მწერალი ილია რურუა იხსენებს: "მოხუცებული დემნა შენგელაია წრომის ტაძრის მოსანახულებლად წავიდა სხვებთან ერთად. მუხლი აღარ მოსდევდა, საკმაოდ მოღლილი ჰქონდა სხეულიც... მძიმედ ავიდა ტრანსპორტში. წრომის ტაძარს რომ მიუახლოვდნენ, სახე შეეცვალა, ნაბიჯი ენერგიული და მტკიცე გაუხდა, ყველასათვის მოულოდნელად წინ გაწვდილი ხელებით ტაძარს მიეახლა, თითქოს მაცოცხლებელი ძალის მიღებას სწორედ აქედან ელოდა. ლოყით მიეხუტა, ხელისგულით მიეალერსა და ზედ უკანასკნელი ამბორი დასტოვა სამუდამოდ..."

ყველაფერი ცხადია...

რასაც კითხულობ, ერთი ფენაა მხოლოდ იმ მრავალშროვანი სამყაროდან, მწერლის სიცოცხლე რომ ჰქვია.

1922 წელს ჟურნალ "ლომისში" შალვა ამირეჯიბის შესახებ გამოაქვეყნა პატარა წერილი: "იგი ნამდვილი არისტოკრატია, რომელსაც მოსწყინდა ფუფუნება, მოსწყინდა მდიდარი სანახაობანი, მოსწყინდა გალაღებული ცხოვრება, დაიღალა გათლილი სილამაზით და პრიმიტიულ ლექსებში, პრიმიტიულ ფორმებში ჰპოვებს უდიდეს ესთეტიურ აღტყინებას.

...ის უნდა განიცდიდეს საშინელ სიმარტოვეს და გეშინიათ, რომ არ გამოგაცალონ ხელიდან, რადგან ისე კარგია მის ცხოვრებასთან ზიარება და ცოტა ხნით მაინც მის მაჯისცემასთან საკუთარის შეერთება.

მისი ლექსები არ არის გათლილი პარნასული ბეჯითობით, ხშირად კოჭლობენ, იგი არ სჩარხავს მათ. მაგრამ აი, სწორედ თითქოს ამ არისტოკრატული დაზარებით არის მისი ლექსები სურნელოვანი, როგორც ძველ დავიწყებულ წიგნში ნადები ყვავილი"...

დემნა შენგელაია თავადაც განიცდიდა საშინელ სიმარტოვეს. ეს არ იყო პოზა, პირიქით, ის სიღრმეში ჰქონდა გადატანილი და იმდენი ფაქტით შენიღბული, რომ ვერასოდეს ამოიცნობდით.

სიმბოლიზმს ეთაყვანებოდა, მაგრამ "ცისფერყანწელებთან" გაერთიანებას მემარცხენეობა არჩია.

ეთაყვანებოდა ასევე მარტოსულს - გოგოლს.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთი ფაქტით დავასრულებ ამ წერილს... აქვეა პასუხი იმისა, რა შეიძლება ეძებო და რას შეიძლება მიაგნო უკვე ნაცნობ, მაგრამ ჯერ ისევ უცნობ მწერალში: 1934 წელს, როცა გაიმართა საქართველოს მწერალთა კავშირის გაფართოებული V პლენუმი, დემნა შენგელაია ერთმა ცნობილმა კრიტიკოსმა შეაქო:

თქვენი "ფიცი" და ზოგიერთი სხვა მოთხრობა სოციალისტური რეალიზმის ხერხით არის დაწერილიო. დემნა გაოგნებული დარჩა და რისკის მიუხედავად მომხსენებელს მიახალა: - მე არ ვიცი, რა არის სოციალისტური რეალიზმი და ამ მეთოდით როგორ დავწერდიო!

უკვე მოხუცს მხედველობა გაუუარესდა. მეორე თვალი კი, რომელიც სულიერ ასპექტში შეიძლება განიხილო როგორც თვალი, კიდევ უფრო გამჭრიახი გაუხდა... ამიტომაც გაშალა ორივე ხელი, ამიტომაც ემთხვია ტაძარს...