"ჩემმა შვილმა ვის რა დაუშავა, რატომ გაგვწირეს ტანჯვისთვის" - გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა უმძიმეს მდგომარეობაშია, ოჯახი დახმარებას ითხოვს - კვირის პალიტრა

"ჩემმა შვილმა ვის რა დაუშავა, რატომ გაგვწირეს ტანჯვისთვის" - გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა უმძიმეს მდგომარეობაშია, ოჯახი დახმარებას ითხოვს

2016 წლის 4 ოქტომბერს, კოლმეურნეობის მოედანზე პოლიტიკოს გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებისას დაშავებულთა შორის განსაკუთრებულად კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა 30 წლის დავით კუხალაშვილს. იგი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა ტერაქტი მოხდა. ახალგაზრდა  სამარშრუტო ტაქსზე მუშაობდა, რომლის ბოლო გაჩერებაც კოლმეურნეობის მოედანზე იყო.

დავით კუხალაშვილს ჯანმრთელობის მდგომარება დღემდე უმძიემსია, მისი მკურნალობის დასაფინანსებლად ოჯახი დახმარებას სახელმწიფოს სთხოვს.

რა მდგომარეობაშია ტერაქტის დროს დაშავებული ახალგაზრდა და რა სირთულეები შეხვდა ოჯახს, ამის შესახებ დათოს დედა ზამირა ბენდელიანი გვესაუბრება:

- ტერაქტი რომ მოხდა,  იმ დღეს ქუთაისში მივდიოდი გასვენებაში, - დე, მე წაგიყვანო, - შემომათავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი. ნეტავ, დავთანხმებოდი, ამ უბედურებას გადავრჩებოდით. ორჯერ დამირეკა გზაში ყოფნის დროს. უკანა გზაზე გორში ვიყავი ისე დამირეკა, - სად ხარო... მერე კი, სახლში შემოვდგი ფეხი თუ არა, ეს ამბავი გამაგებინეს. მისი ძმა რომ მივიდა და ნახა, ისეთ მდგომარეობაში იყო, უფიქრია მკვდარია, არაფერი ეშველებაო.

აფეთქების შედეგად  ჩემმა შვილმა მიიღო ძალიან ძლიერი დაზიანებები - იღლიაში და მუხლთან არტერია ჰქონდა გახეთქილი, ჩვენ რომ მივედით უკვე ოპერაციაზე ჰყავდათ შეყავნილი ინგოროყვას კლინიკაში. შემდეგ თურქეთში, რომ ჩავიყვანეთ გვითხრეს, რომ ოპერაცია უმაღლეს დონეზეა გაკეთებული, მაგრამ ოპერაციის შემდგომი პერიოდი შეაფასეს, როგორც საშინელება. დათო სამ თვეში ფეხზე დადგებოდა, "ინგოროყვაში" ყურადღება რომ მიექციათ ნორმალურად.

- საქართველოში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გართულდა მდგომარეობა და ამიტომ გადაიყვანეთ თურქეთში?

- ინგოროყვაში მიკროქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს იღლიაში, ასევე ღვიძლის მესამედის მოჭრა გახდა საჭირო. თირკმელი და ფილტვებიც დაჟეჟილი ჰქონდა, მაგრამ იმდენად ჯანმრთელი და ძლიერი იყო, ორგანიზმი მალე აუმუშავდა. ზამირა ბენდელიანი შვილთან ერთად

რამდენიმე თვის მერე სურათი რომ გადაუღეს, ღვიძლი აღდგენილი იყო. ოპერაციიდან მე-18 დღეს დაიწყო ლაპარაკი, ჭამა. ერთი თვის თავზე გადაიყვანეს პალატაში. ერთ დღესაც შევამჩნიე, რომ მუცელი ჰქონდა შებერილი, ექიმებს ვუთხარით ამის შესახებ, მათ კი გვიპასუხეს, ნარკოზის ბრალიაო. ისეთ პალატაში გადაიყვანეს ავადმყოფი, არავითარი აპარატურა და პირობები არ ჰქონდა. პალატაში გადაყვანიდან მეორე დღეს მეუღლემ მოუტანა საჭმელი და აჭამა,  მე გარეთ ვიყავი გასული და უცებ ცოლმა ასტეხა კივილი, ჩემი ბიჭი გაითიშა.

ისევ ოპოერაცია დასჭირდა, რის შემდეგაც ექიმმა გვითხრა, მომილოცავს, თრომბი გვეგონა, მაგრამ არ აღმოჩნდა, უბრალოდ, პაციენტს სითხე მიეწოდებოა ზედმეტი რაოდენობით, ვერ გადაამუშავა თირკმელმა და მუცლის ღრუში ჩაიღვარა, რაც  მიაწვა გულს და გააჩერაო.

უყურადრებობის გამო გაურთულეს ჩემს შვილს მდგომარეობა. თვითონ პროფესორმა მითხრა, ექიმს მუცელზე უბრალოდ ხელი დაედო, მიხვდებოდა რომ წყალი დაგროვდა მუცელშიო. გვითხრეს, ოპერაციის დროს 8-ჯერ დასჭირდა ელექტროშოკიო, სინამდვილეში კი 12-ჯერ დასჭირვებია. ამ მეორე ოპერაციის შემდეგ გვითხრეს, რომ ვერ გეტყვით აწი, როგორ იქნება პაციენტის მდგომარეობაო.  გული რომ გაუჩერდა მერე გაურთულდა ყველაფერი...

ფაქტობრივად, ცნობიერება დაკარგა.

მეორე ოპერაციის შემდეგ ამოუშრეს სითხე და ისევ შეიყვანეს რეანიმაციაში. სწორედ  მეორე ოპერაციის შემდეგ მივაწვდინეთ ჩვენს მაშინდელ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ხმა, როგორც კი გაიგო ჩვენი მდგომარეობის შესახებ,  მეორე დღესვე სასწრაფოდ გადაგვაფრინეს თურქეთში. აჯიბადენის კლინიკაში ვიწექით ზუსტად ორი თვე.

პალატაში რომ შეგვიყანეს დათოს ნაწოლები იმდენად საშინელ მდგომარეობაში ჰქონდა, არ მეგონა, რამე თუ ეშველებოდა,  საქართველოში ალბათ იფიქრეს მაინც ვერ გადარჩეობაო, არ მოუარეს და აქედან გაუჩნდა ნაწოლები. თურქეთში მთავარი ექიმი თავის ხელით უვლიდა და "ინგოროყვას" კლინიკაში კიდევ დაუკვირვებელ და უყურადღებო ხალხმა დაგვღუპა..

ორი თვე ვიყავით თურქეთის კლინიკაში, ჯანდაცვის სამინისტრომ დაგვაფინანსა. თურქეთიდან რომ წამოვედით გზაში რეანომობილს გაეთიშა გათბობა, იანვრის თვეში ყინვაში, მოგვყავდა ასეთი რთული ავადმყოფი. ძლივს გავაგებინე, რომ გავჩერებულიყავით და როგორც იქნა დიდი ხნის ძებნის შემდეგ ვიპოვეთ თურქეთის ტერიტორიაზე, გზად  სავადმყოფო, გაუკეთეს ნემსი და 3-4 საათი  ველოდებოდით რეანომობილს,  ვიდრე გათბობას გაუკეთებდნენ.

დაგვიანებით ჩამოვედით სარფში, რომ დაგვხდნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები  გვითხრეს, რითი წამოუყვანიხართო. ბიჭებო, ცოცხალ-მკვრდარი იყო... მერე წამოვიყვანეთ "ნიუ ჰოსპიტალში", 10 დღე ვიყავით რეანიმაციაში და 50 დღე ვიყავით სარეაბილიტაციოდ. მასაჟისტი ჰყავდა დათოს კარგი, მან დააწყებინა სიარული, მაგრამ თავიდან ბოლომდე არ დაგვიფინანსეს ეს პროცედურა და შეუწყდა მასაჟის კურსები. ვეხვეწებოდი, ერთი თვე გამაჩერეთ, ფეხზე გაივლის-მეთქი, მაგრამ...

ასეთი ტერაქტი მოხდა, ჩემი უდანაშაულო, ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე ბიჭი, ლტოლვილი, ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა და რატომ მიგვატოვეს შუა გზაზე. არაფერს ვიტყოდი პოლიტიკაში ან რამეში, რომ ყოფილიყო გარეული, ჩემს შვილს, ხომ არაფერი დაუშავებია.

ჩემთვის ხომ არაფერს ვითხოვ, მარტო იმას ვითხოვ ფეხზე დამიყენონ, გავლა რომ შეძლოს, ვიცი, რომ ჩემი ვაჟი ისეთი ვერასდროს გახდება, როგორიც მყავდა. ორწლინახევრის შვილი ჰყავს, რა იქნება შეძლოს და თავის შვილს მოეფეროს.

"ნიუ ჰოსპიტალიდან", რომ გამოგვიშვეს, მას მერე სახლში გვყავს. სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა, ვერ ავუღე ალღომ მის მოვლას, ერთხელ კინაღამ დამეხრჩო. ნახევრად გაშავებულს ძმამ უშველა, ამოახველებინა, ასეთ ჯოჯოხეთურ მდგომარებაში ვართ მთელი ოჯახი და ყველაზე უფრო ჩემი უდანაშაულო შვილი. ხომ გესმით, დედისთვის რა მძიმეა შვილის ასეთ მდგომარეობაში ყურება.

- მეორეჯერ თურქეთში დათოს წაყვანის აუცილებლობა როდის დადგა? - გასულ წელს ვიყავით მაისში, 13 ივნისს ჩამოვედით საქართველოში. კალკულაცია ჩამოგვივიდა გერმანიიდან, ვითხოვდი, რასაც თურქეთში რიცხავთ იმ თანხით გერმანიაში გაგვიშვით-მეთქი. არჩევნების დროს კახი კალაძეს შევხდით, ვისაც მივაწვდინეთ ხმა, ყველას გავაგებინეთ  ჩვენი პრობლემის შესახებ. გვითხრეს დაგიფინანსებთ თურქეთში წაყვანასო.

გვინდოდა თავზე მკურნალობა. თავი რომ მუშაობდეს, მერეთ თვითონაც დადგება ფეხზე. სხვაგან არაო, მხოლოდ თურქეთშიო. რა გზა გვქონდა წავედით თურქეთში, რობოტზე ვარჯიში დაუწყეს, ორი კვირა ისე გავიდა თავზე სურათი არ გადაუღეს, შევამჩნიე, რომ თავი ისე არ უმუშავებდა, როგორც აქამდე. გაურესდა მდგომარეობა, მანამდე ხელ-ფეხს სწევდა, რომ ეტყოდი გამიცინე, მაკოცე, ჰქონდა რეაქცია. ჩვენ აქედან წავედით იმ გარანტიით, რომ რამდენი თვეც იქნება საჭირო იმდენი ხანი დაგვაფინანსებდნენ.  6 თვის ვადით ვიყავით წამოსულები და ერთი თვის თავზე გვეუბნებიან, რომ კლინიკა უნდა დავტოვოთ. წამოვლამდე სამი დღით ადრე პირველად შეასრულა დათომ რობოტზე ვარჯიშისას მითითითებები სწორად, ეს პროცედურებიც და მკურნალობაც დაფინანსების შეწყვეტის გამო შეგვიჩერდა, შარშან ივნისის თვეში. მას მერე დათო ასეთი მდგომარეობით გვყავს სახლში. ამ დროის განმავლობაში სამჯერ თუ ოთხჯერ მოვხდით რეანიმაციაში. სექტემბერში ვიწექით ერთი თვით ვარკეთილში, კლინიკაში.

- სამედიცინო დასკვნით, ჯანმრთელობის კონკრეტულად რა პრობლემა  აქვს ახლა დათოს? - თავზე სჭირდება მკურნალობა, გულის გაჩერების შემდეგ ვერ მეტყველებს, სუნთქვა უჭირს, კუჭზე ზონდი აქვს მიერთებული. მარცხენა ხელი ძალიან დაზიანებული აქვს, რის შედეგადაც კუნთების ატროფია განვითარდა, თურქეთში პირველდა წაყვანის დროს დათოს გაუკეთდა გაწმენდის პროცედურები, პლასტიკური ოპერაციები.

- ასეთი მძიმე ავადმყოფის მოვლას  სახლში  როგორ ახერხებთ? - ამას სჭირდება მასაჟები მუდმივად. დადიოდა მასაჟისტი მაგრამ აღარ გვაქვს  ახლა ამისთვის ფული. საწოლში 450 ლარს ვიხდით ყოველთვიურად. ამის გარეშე არ შეიძლება მისი ერთი წუთით ყოფნა. ერთ თვეზე მეტია, რაც გამონაყარი გაუჩნდა. აღმოჩნდა ფსორიაზი. კუჭში გასვლაც უჭირს, ყოველ მეორე, მესამე დღეს ოყნა უნდა გავუკეთო. დაუნიშნეს 180 ლარის ოდენობით პენსია და ზუსტად ეს თანხა სჭირდენა მარტო ერთ წამალს. რატომ ვერ მოხერხდა, რატომ არ მოინდომეს, როგორც სამხედრო პაციენტები მიჰყავთ, ისე  წაეყვანთ ჩემი შვილიც გერმანიაში. დათომ ვის რა დაუშავა, რატომ გაგვწირეს ასეთი ტანჯვისთვის. არც სახელმწიფო გაწვალდებოდა  და არც არაფერს ვიტყოდით.

ჯანდაცვიდან გამოყოფილია 30 000 ლარი, სადმე რომ წავიყვანოთ, მაგრამ ეს იმდენად მიზერული თანხა, ვერაფერს შველის. ჩვენ ახლა ვართ ჯოჯოხეთში. 2 წელიწადნახევარია ძილი რა არის, არ ვიცი, ყოველ მის ამოკვნესებაზე მგონია, რომ ხელიდან გვეცლება სამუდამოდ. 115 კილო ბიჭისგან აღარაფერი დარჩა. ამის მოსვენება არ იყო, 30 წლის იყო ეს უბედურება რომ შეემთხვა, ბავშვი იყო 28 დღის დაბადებული, არ დასცალდა საკუთარ შვილთან თამაში და მისი მოფერება, რამდენს უნდა გავუძლოთ, ღმერთო. სამუშაო ახალი მიტოვებული ჰქონდა და ამისთვის სამსახურის გარეშე ყოფნა წარმოუდგენელი იყო. სიგარეტს არ ეწეოდა, ძლიერი და ენერგიული იყო. არც ვიცოდი ისე დაუწყია მუშაობა ყვითელ სამარშრუტო ტაქსიზე. სამუშაო დღეს ამთავრებდა, ბოლო გაჩერება იყო კოლმეურნეობაზე და იქ მოხდა ტერაქტი.

დაფინასებას ვითხოვ, უარი არ უთხრათ დათოს და მის ოჯახს, პატარა შვილს, რომელმაც მამის მოფერება რა არის არ, იცის.  სექტემბერში დათოს ბავშვი გახდება სამი წლის. დავით კუხალაშვილის პატარა ვაჟი მამის გამოჯანმრთელებას ელის ადრე ბავშვი, რომ მოდიოდა ჰქონდა რეაქცია, ტიროდა, ახლა რეაქციაც აღარ აქვს. ზოგჯერ, ძალიან იშვიათად მოდის აზრზე და ატირდება, მომეფერება. მისცენ დათოს სიცოცხლეს ერთი შანსი, რომ იბრძოლოს გადარჩენისთვის. თუ არ დაგვაფინანსებენ გერმანიაში მკურნალობას, სახელმწიფოსგანაც და ინგოროყვას კლინიკდანაც მოვითხოვთ კომპესანციას. სხვა მითხარით რა გავაკეთო, რით ვუშველო ჩემს შვილს, რომელიც ასეთ დღეში აღმოჩნდა. სამხარაულის ექსპერტიზამ დადო დასკვნა, რომ თითქოსდა დათოს თავი დაუზიანდა ტერაქტის დროს, არადა ტვინის პრობლემები მას შემდეგ გაჩნდა, რაც გული გაუჩერდა.

ჩვენ გერმანელმა ექიმმა მოგვცა იმედი. გადავუგზავნეთ დათოს მონაცემები, გადაღებული ვიდეო და და გერმანელმა პროფესორმა გამოგვიგზავნა კალკულაცია. ისინი კალკულაციას ისე არ აგზავნიან, თუ შედეგის დადება არ შეუძლიათ. გვითხრეს ფეხზე დავაყენებთო. ამ ყველაფერს კი სჭირდება  119 000 ევრო, რომელიც გათვლილია სამი თვის მკურნალობისთვის. მერიაში, ჯანდაცვაშიც, ადგილობრივ დეპუტატთან ყველასთან გვაქვს მიტანილი განცხადება დაფინანსების მოთხოვნაზე. ოფიციალურ უარს არ გვეუბნებიან, უბრალოდ გადის დღეეები და არ ვიცით ამას როდემდე გაუძლებს დათოს ორგანიზმი. მომთხოვეს თურქეთში რა თანხებიც დაიხარჯა იმის კალკულაცია და მე საიდან უნდა მქონდოდა, ჩვენ ფულთან შეხება არ გვქონია. ისც კი არ ვიცი, რა თანხები გამოყვეს დათოს სამკურნალოდ მაშინ.

- თვად გივი თარგამაძეს ხომ არ გამოუცენი დახმარების ინიციატივა? - არავითარი. მოგვივიდა ხმა, რომ უთქვამს, თითქოსდა ყოველთვიურად ვეხმარებიო, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

ანგარიშის ნომერი: GE72BG0000000329793500 (საქართველოს ბანკი)

მიმღები: ზამირა ბენდელიანი

იხილეთ ასევე: ვინ არის დამკვეთი?!