"დამნაშავე" ნივთები - კვირის პალიტრა

"დამნაშავე" ნივთები

"ტყვია განსაკუთრებით ბავშვებისთვის არის საშიში, მათი ჩამოუყალიბებელი ორგანიზმი ტყვიის კონცენტრაციას წინააღმდეგობას ვერ უწევს"

საქართველოში ტყვიის კონცენტრაციის კვლევამ დაადასტურა, რომ ჩვენი გარემომცველი ნივთების დიდი ნაწილი ტყვიით არის გაჟღენთილი. ამ შედეგებმა საზოგადოების ნაწილი, პრაქტიკულად, შოკში ჩააგდო. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის მიზანი სწორედ სიტუაციის გამოსწორებაა. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ტყვიის კონცენტრაციას ოჯახებში ფიზიკოსი, მკვლევარი გურანდუხტ ავქოფაშვილიც იკვლევდა. მათ იმ მოქალაქეებმა მიმართეს, რომელთაც სისხლში ტყვიის შემცველობის გამოკვლევა საეჭვო სიმპტომების საფუძველზე ჩაიტარეს. კვლევებში სხვა ოჯახებიც მონაწილეობდნენ, - ისინი, ვის სისხლშიც ტყვიის დონე ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციასთან ახლოს ან ნაკლები იყო. შედეგმა კითხვის ნიშანი მათთან ერთად მთელ საზოგადოებას გაუჩინა.

- ეს კვლევები, ალბათ, ადვილი ვერ იქნებოდა მათთვის, ვინც უკვე იცოდნენ, რომ სისხლში ტყვიის მაღალი კონცენტრაცია ჰქონდათ, "დამნაშავეს" კი თითოეულ იმ ნივთში ეძებდნენ, რომლებიც მათ გარშემო იყო.

- ასეთი ნივთები, სამწუხაროდ, ყველა ჩვენგანს ძალიან ბევრი აქვს. ამ მოქალაქეებმა მაშინვე მოგვმართეს, როგორც კი გამოვაცხადეთ, რომ ოჯახებში ტყვიის კონცენტრაციის გამოკვლევას ვაპირებდით.

- რა სიმპტომების გამო გადაწყვიტეს სისხლში ტყვიის შემცველობის გამოკვლევა? - ტყვია ბავშვებში იმუნიტეტს, ნერვულ სისტემასა და კუჭ-ნაწლავს უტევს და მათ დაავადებებს ააქტიურებს, თმის ცვენაც ხშირად ტყვიის დამსახურებაა. ეს სიმპტომები საკმარისია, რომ ეჭვი გადაამოწმო.

საკვლევი სულ 17 ოჯახი გვყავდა და ტყვია 29 კაცის სისხლში აღმოჩნდა, მათ შორის, 19 ბავშვის.

სულ 268 სინჯი ავიღეთ, სურსათისა და წყლის, სათამაშოების, სამშენებლო-სარემონტო მასალების და ა.შ. როგორც აღმოჩნდა, ოჯახებში ყოველი მე-5 ნივთი ტყვიით იყო გაჯერებული, მათ შორის ის სათამაშოები, რომლებსაც ბავშვები საწოლებშიც კი იწვენენ. შევამოწმეთ გერმანული, თურქული, ჩინური თოჯინები, მეტალის ავტომანქანები, რუბიკის კუბები, ფერადი რობოტები, საბავშვო მაკრატლები, ფერადი ფანქრები, გასაფერადებელი რვეულები და ტყვიის მაღალი კონცენტრაცია უმეტესობაში აღმოჩნდა, მათ შორის იმ სათამაშოებში, რომელთაც ბავშვები ჩვილობაში პირში იდებენ და ღეჭავენ. ტყვია განსაკუთრებით ბავშვებისთვის არის საშიში, მათი ჩამოუყალიბებელი ორგანიზმი ტყვიის კონცენტრაციას წინააღმდეგობას ვერ უწევს.

- კატასტროფა საკუთარ სახლებში!

- არა მხოლოდ. გვახსოვს, როგორ გამოეხმაურა სახელმწიფო ქართული სანელებლების შესახებ ატეხილ ხმაურს და ზომები გაამკაცრა. ჩვენი კვლევისას კი სწორედ სანელებლებში, კონკრეტულად ყვითელ ყვავილში აღმოჩნდა ტყვიის შოკური კონცენტრაცია - 1321 მგ/კგ! ეს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას 246-ჯერ აღემატება! ტყვიის შემცველი სანელებლები შემოტანილია. ტყვიის კანცეროგენი დაფიქსირდა საყოფაცხოვრებო ნივთებშიც, მაგალითად, მოოქრულტარიან ჩანგლებში... ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ტყვიის წყარო შეიძლება ოჯახიდან "გააძევო", მაგრამ სარემონტო მასალებს რა ვუყოთ?

ტყვიის მაღალი კონცენტრაციაა შპალერში, საღებავსა და მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრებშიც. არადა, გამოკვლეული ოჯახების უმეტესობა გარემონტებულ ბინებში ცხოვრობს, სადაც სამშენებლო მასალებში, მათ შორის ცემენტსა და გაჯში, ტყვიის მაღალი კონცენტრაცია აღმოჩნდა. ამასთან, უმრავლესობა ცხოვრობს იქ, სადაც მიმდინარეობს ან ახალი დასრულებულია მშენებლობები, საიდანაც ტყვია იფრქვევა.

გამოკვლეული ოჯახებიდან თითქმის ყველამ გადაყარა ტყვიის შემცველი ნივთები, რემონტისა და სამშენებლო მასალების დაუყოვნებელი მოშორება კი არც ისე ადვილია. გარდა ამისა, მათ მიმართეს კვალიფიციურ ტოქსიკოლოგებს, რომლებიც ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნაში დაეხმარებიან.

ჩვენი კვლევების მიზანი იმ სახელმწიფო უწყებების ამოქმედება იყო, რომელთაც ქვეყანაში შემოსული ნებისმიერი პროდუქცია უნდა შეამოწმონ, ასევე დაარეგულირონ შიდა პროდუქციის წარმოება. ამის ნაცვლად, ჩვენდა გასაკვირად, მოსახლეობის დაშინებაში დაგვდეს ბრალი, რაც ისედაც მძიმე ვითარებას უფრო ამძიმებს.

"სისხლში ტყვიის კონცენტრაციასთან ბრძოლა ინდივიდუალურად მიმდინარეობს"

ლელა სტურუა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის გამგე: "სისხლში ტყვიის კონცენტრაციასთან ბრძოლა ინდივიდუალურია. მას ყოველთვის ექიმი ნიშნავს, იმის მიხედვით, რა კონცენტრაციის ტყვია აღმოაჩნდება სისხლში. თუ ეს მონაცემი 5-10 მიკროგრამ/დეცილიტრზე ნაკლებია, მედიკამენტოზური ჩარევა არ არის საჭირო. თუმცაღა მშობელი აუცილებლად უნდა გამოიკითხოს, შესაძლებელია თუ არა იყოს მათთან სახლში ტყვიით გაჯერებული ნივთები. ასეთი ნივთების შესახებ მშობელი ინფორმაციას უნდა ფლობდეს და შესაბამისად, ტყვიის წყარო უნდა მოიშოროს, სახლი კი სველი წესით დაალაგოს.

ექიმი ნიშნავს კალციუმითა და რკინით მდიდარ საკვებს, ასევე რკინისა და კალციუმის პრეპარატებს მულტივიტამინებთან ერთად, რომელთაც შეუძლიათ სისხლიდან ტყვიის გამოდევნა. იმ შემთხვევაში, როცა ტყვიის კონცენტრაცია სისხლში 60 მიკროგრამ/დეცილიტრს გადააჭარბებს, საგანგებო მედიკამენტოზური მკურნალობა და ხელაციაა საჭირო. ხელაცია დაკავშირებულია სისხლის განახლებასთან, რაც მარტივი პროცესი არ არის, ამიტომ აუცილებლად ექიმ-ტოქსიკოლოგის მეთვალყურეობით უნდა წარიმართოს".