"კარგა ხანს ვცხოვრობდი შენგელაიების ოჯახში..." - ვინ არის პატარა აკაკი ფილმიდან "აკაკის აკვანი" - კვირის პალიტრა

"კარგა ხანს ვცხოვრობდი შენგელაიების ოჯახში..." - ვინ არის პატარა აკაკი ფილმიდან "აკაკის აკვანი"

"ფილმში თამაში არ გამჭირვებია, მხოლოდ ერთი მომენტის გადაღება გამიჯანჯლდა, გიმნაზიაში გაბრაზებული აკაკი შინ რომ მორბის, შეაღებს კარს და ამბობს, თუ კიდევ გამგზავნით იმ დაწყევლილ გიმნაზიაში, თავს ჩამოვიხრჩობო; ამის თქმა გამიჭირდა, რადგან ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა ჩამომეხრჩო თავი..."

1948 წელს "ჩემი თავგადასავლისა" და "გამზრდელის" მიხედვით ცნობილმა რეჟისორმა კონსტანტინე პიპინაშვილმა მხატვრული ფილმი "აკაკის აკვანი" გადაიღო. ომარ ჩიტაია, რომელიც მთავარ პერსონაჟს, პატარა აკაკის ასახიერებს, ხუმრობს, კაცს 80 წელი შემისრულდა და დღესაც პატარა აკაკის მეძახიანო.

- ყველაფერი შემთხვევითობამ განსაზღვრა. 6 წლისა მამას მუშთაიდის ბაღში სასეირნოდ მივყავდი. კინოსტუდია რომ გავიარეთ, შეგვაჩერეს, თუ შეიძლება ცოტა ხნით თქვენი ბავშვი გვათხოვეთო. მამა დაიბნა, რას ნიშნავს, გათხოვოთო? როცა კინოსტუდიაში შეგვიყვანეს, კოლეგებს გასძახეს, გამოდით, პატარა აკაკი მოვიყვანეთო. შემომეხვივნენ, აკაკი, აკაკიო, მე გავაპროტესტე, აკაკი კი არა, ომარი მქვია-მეთქი. რეჟისორმა მთხოვა, აბა, გაიცინე, მესაუბრე, აბა, გამიბრაზდიო და მეც შეძლებისდაგვარად ვუჯერებდი. ბოლოს გამოაცხადა, ეს ბავშვი ის არის, ვისაც ვეძებდითო. ერთი რამ არ მომწონს, მორცხვი ჩანს და ახლავე უნდა დავიწყოთ მისი გათამამებაო.

რადგან ჩემი გადია ფილმში დიდი ნატა ვაჩნაძე იყო და ფილმის დიდი ნაწილი მასთან ერთად უნდა ვყოფილიყავი, რეჟისორის რჩევით ქალბატონ ნატასთან წამიყვანეს. კარგა ხანს ვცხოვრობდი შენგელაიების ოჯახში. დავუახლოვდი ელდარს, გიორგის. ქალბატონი ნატა საოცრად თბილი, ყურადღებიანი და უბრალო ქალი იყო. კინოსტუდიაში პავილიონის სცენების გადაღებას რომ მოვრჩით, სავანეში გავემგზავრეთ. მოსახლეობა გახარებული იყო, ყველა შინ გვეპატიჟებოდა. არ გამჭირვებია, მხოლოდ ერთი მომენტის გადაღება გამიჯანჯლდა, გიმნაზიაში გაბრაზებული აკაკი შინ რომ მორბის, შეაღებს კარს და ამბობს, თუ კიდევ გამგზავნით იმ დაწყევლილ გიმნაზიაში, თავს ჩამოვიხრჩობო; ამის თქმა გამიჭირდა, რადგან ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა ჩამომეხრჩო თავი და ეს თამაშშიც მემჩნეოდა. კადრი ფილმიდან 'აკაკის აკვანი'

ფილმში საოცარი მსახიობები თამაშობდნენ. სპარტაკ ბაღაშვილი სამ როლს ასრულებდა, ლეილა აბაშიძე იმ დროისთვის სკოლას ამთავრებდა და ძალიან ბევრს მოსწონდა, ეპრანჭებოდნენ. განსაკუთრებით შემიყვარდა თამარ ციციშვილი, ულამაზესი, ბამბასავით თეთრი, სულ მის კალთაში ჯდომა მინდოდა.

პრემიერის შემდეგ ისეთი პოპულარული გავხდი, ქუჩაში თავს მევლებოდნენ, მეფერებოდნენ, მასაჩუქრებდნენ. საოცრად შეიყვარა ფილმი ხალხმა. 80 წლის შევიქმენი და დღესაც ომარს იშვიათად მეძახიან. მცნობენ, თქვენ აკაკი არა ხართო.

- მოგწონდათ პოპულარობა? - არა. ძალიან ვიძაბებოდი და ეს მთელი ცხოვრება გამყვა, რადგან საზოგადოებამ გულწრფელად დაიჯერა, რომ აკაკი აუცილებლად ისეთი უნდა ყოფილიყო ბავშვობაში, როგორიც მე ვითამაშე და ისე უნდა მოვქცეულიყავი, რომ მისი სახელისთვის ჩრდილი არ მიმეყენებინა.

- შემდგომში როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება? - 1962 წელს დავამთავრე უნივერსიტეტი და იმავე წელს ჩავაბარე კონსერვატორიაში. კომპოზიტორმა მამია ხატელიშვილმა მიმიღო თავის კვარტეტში. 1966 წელს მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალში გავიმარჯვეთ და საზღვარგარეთ გასტროლების უფლებაც მოვიპოვეთ. ამ ფესტივალიდან დაიწყო ჩვენი მოგზაურობა, მოვიარეთ გერმანია, პოლონეთი, რუმინეთი, 1974 წელს აშშ-შიც ჩავედით. 80 ქალაქში ჩავატარეთ კონცერტები. პროგრამის ბოლო ნომრად "ჩაკრულოს" ვასრულებდით. "ნიუ-იორკ თაიმსი" წერდა, სად იყავი აქამდე, ამერიკა, რომ დღემდე არ მოგისმენია ეს საოცრებაო, "ვაშინგტონ პოსტის" ჟურნალისტი კი ამბობდა, - მე არ ვიცი, სად მდებარეობს საქართველო, მაგრამ დედამიწა ბედნიერია, რომ ასეთი ქვეყანა არსებობსო.

- დღეს როგორ ცხოვრობთ? - თბილისის ზღვის ახლოს ჩემმა ქალიშვილმა პატარა, ლამაზი სახლი ააშენა. მასთან ერთად ვცხოვრობ ტკბილად. გავყურებ ზღვას და ვეძლევი მოგონებებს. უაღრესად ბედნიერი ადამიანი ვართ. ცხოვრების განმავლობაში ხალხის სიყვარული არ მომკლებია.