"მამაკაცებო, ყურადღებით შეათვალიერეთ თქვენი მომავალი მეუღლე"
"მამაკაცებო, ყურადღებით შეათვალიერეთ თქვენი მომავალი მეუღლე"
ფოტო:კოტე ყუბანეიშვილი, ნიკა არაბიძე, ნუგზარ ერგემლიძე
"სასტიკად არ მომწონს სილიკონით შელამაზებული ქალები"

XXI საუკუნეში სილიკონით დაბერილი მკერდი და ტუჩები­ აღარავის უკვირს. მეტიც, დღეს პლასტიკური ქირურგია იმდენად განვითარებულია, რომ ადამიანს შეუძლია გარეგნობა მთლიანად შეიცვალოს. მართალია, ძვირი სიამოვნებაა, თუმცა სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. საქართველოში ამგვარ პროცედურებს უფრო ხშირად ქალები იტარებენ. სხვა საქმეა, რა შედეგით მთავრდება და რამდენად მოსწონთ მათ შეცვლილი სხეული თუ სახის ნაკვთები...

იმის გასარკვევად, თუ რას ფიქრობენ ამ საკითხზე პოპულარული მამაკაცები, რამდენიმე მათგანს ვესაუბრეთ:

"მამაკაცებო, ყურადღებით შეათვალიერეთ
თქვენი მომავალი მეუღლე"


ნუგზარ ერგემლიძე, მუსიკოსი:
- ჩემმა ცოლმა რომ მითხრას, პლასტიკური ოპერაცია უნდა გავიკეთოო, ძალიან გამიკვირდება, რადგან არაფრის შეცვლა არ სჭირდება. საოპერაციო რომ ყოფილიყო, თავის დროზე შევატყობდი... ისე, ყველა მამაკაცს ვურჩევდი, თავიდანვე­ ყურადღებით შეათვალიერონ მომავალი მეუღლე, რომ მერე პლასტიკურ ოპერაცი­ებში ფულის გადაყრა აღარ დასჭირდეთ.
შეიძლება სილიკონით ვიღაც ლამაზდება, მაგრამ ბევრიც მახინჯდება, რადგან მეტისმეტად დაბერილი ტუჩები და მკერდი არავის უხდება. ვფიქრობ, ეს მაინც სახიფათოა და რისკზე წასვლა არ ღირს. ოპერაცია ადამიანმა მაშინ უნდა გაიკეთოს, როდესაც აუცილებელია.

"თუ ჩემი მეუღლე მოინდომებს გარეგნობის შეცვლას, არ ავუკრძალავ"

ნიკა არაბიძე, იუმორისტი:
- რა თქმა უნდა, ყველაფერი ბუნებრივი­ ჯობია, მაგრამ თუ საჭიროა და ჯანმრ­თელობას არ ვნებს, რატომაც არა? არ ვიცი, ეს პროცედურები ჯანმრთელობისთვის მავნეა თუ არა, მაგრამ ბევრს ვიცნობ, ვინც გაიკეთა და დღეს ძალიან ლამაზად გამოიყურება. მთავარია, "ახალი" ცხვირი, მკერდი თუ სხეულის სხვა ნაწილი რაღაც სტანდარტებსა და სხეულის პროპორციებს შეეფერებოდეს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბევრი მოდას არის აყოლილი, სინამდვილეში არაფრის შეცვლა არ სჭირდება, მაგრამ მაინც იკეთებს. მე ბუნებრიობა უფრო მომწონს, მაგრამ თუ ჩემი მეუღლე ან ახლობელი მოინდომებს გარეგნობის შეცვლას, გაჯიუტდება და არ დამიჯერებს, არ ავუკრძალავ, რადგან ამ საკითხს ძალიან მკაცრად და კატეგორიულად არ ვუყურებ.

"თუ ქალს სურს მკერდი უფრო დიდი ჰქონდეს, ვიდრე სახე, ვურჩევ, არ გაიკეთოს"

აჩიკო სოლოღაშვილი, მსახიობი:



- ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია ტუჩებიც დაიბეროს და პლასტიკური ოპერაციაც გაიკეთოს. როდესაც ადამიანს რაიმე ბუნებრივი ნაკლი აქვს და გამოსწორება უნდა, რატომაც არა? რა რეაქცია მექნება, თუ ჩემი მეუღლე პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას მოინდომებს? თუ მას რაღაც პრობლემა აქვს, ყველანაირად ვეცდები დავეხმარო. როდესაც­ ქალს მკერდი არა აქვს და უნდა ხელოვნური მკერდი გაიკეთოს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ თუ ვიღაცას პამელა ანდერსონობა სურს და გადაწყვეტილი აქვს მკერდი უფრო დიდი ჰქონდეს, ვიდრე სახე, ვურჩევ, არ გაიკეთოს. ზომიერების ფარგლებში კი ყველაფერი მისაღებია.

"როდესაც ქალი რაღაცას სილიკონით იდიდებს, ესე იგი, ვიღაცას ატყუებს"

ზაალ სულაკაური, მხატვარი:



- პირდაპირ ვიტყვი - სასტიკად არ მომწონს სილიკონით შელამაზებული ქალები. ყველა ქალი ცდილობს ლამაზი იყოს, მაგრამ ტუჩებისა და მკერდის დაბერვით ეს არ მიიღწევა. ადამიანი შინაგანად უნდა იყოს ლამაზი და არა გარეგნულად. როცა თვალის ფერს ან ტუჩის ფორმას იცვლი, უკვე შენს თავს აღარ ჰგავხარ. სილამაზე ისედაც პირობითი ცნებაა - შეიძლება ვიღაცას თხელი ტუჩები და პატარა მკერდი უფრო მოსწონს, ვიდრე ხელოვნურად გაზრდილი და შელამაზებული. როდესაც ქალი მკერდსა და სხეულის სხვა ნაწილებს სილიკონით იდიდებს, ესე იგი, ვიღაცას ატყუებს. ამ თემაზე საუბრისას ერთი კარიკატურა მახსენდება: ქალმა, რომელიც ძალიან უშნო იყო, ყველაფრის ოპერაცია გაიკეთა - ცხვირი დაიპატარავა, ღაბაბი მოიშორა და გალამაზდა. ამის შემდეგ ოჯახი შექმნა და შვილის გაჩენა გადაწყვიტა. გავიდა ცხრა თვე და დაიბადა ბავშვი, რომელსაც ზუსტად ისეთივე ნაკვთები გამოჰყვა, როგორიც დედას ოპერაციამდე ჰქონდა. სხვათა შორის, მე ისიც არ მომწონს, გოგონები თვალებში ლინზებს რომ ისვამენ, რადგან თვალის ბუნებრივ ფერზე ლამაზი არაფერია. ალბათ, მათ ავიწყდებათ, რომ სიყვარული გარეგნულ ნიშნებს საერთოდ არ ექვემდებარება - ადამიანს როგორიც ხარ, ისეთი უნდა შეუყვარდე - შენი ნაკლითა და ღირსებით.

"ხომ შეიძლება რაღაც კარგი ვისწავლოთ დასავლეთისგან"

კოტე ყუბანეიშვილი, პოეტი:
- ვფიქრობ, ადამიანის ორგან­იზმში ასეთი ჩარევა სახიფათოა. ვინ იცის, სხეულში რა ნივთიერებები შეჰყავთ და როგორ იმოქმედებს შემდგომში ქალის ჯანმრთელობაზე. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის გამოკვლეული, ამიტომ ძალიან საფრთხილოა.
ჩემი აზრით, პლასტიკური ქირურგიით გატაცება უფრო მიმბაძველობაა - უცხოელი ვარსკვლავები იკეთებენ და მათ ჩვენი გოგონებიც ჰბაძავენ. დავუშვათ, იცვლიან სხეულის ნაწილებს, მაგრამ ეს ზომიერების ფარგლებში უნდა იყოს, გადამეტება ამ საკითხში ისევე არ ვარგა, როგორც გარუჯვაში - ზედმეტად რომ გაირუჯებიან და ბოლოს ჩანახშირდებიან ხოლმე...

მეტისმეტად დაბერილი ტუჩები ან მკერდი, მგონი, არც ქალს მოსწონს და არც მამაკაცს. ხომ შეიძლება, რაღაც კარგი ვისწავლოთ დასავლეთისგან, ყველაფერი ცუდი რატომ უნდა გადმოვიღოთ?

პლასტიკურ ოპერაციებს ჩვენს წელთაღრიცხვამდეც აკეთებდნენ

ცნობილია, რომ პირველი პლასტიკური ოპერაცია ორი საუკუნის წინ ინგლისში ჩატარდა, თუმცა არსებობს ფაქტები, რომ ძველი მკურნალები პლასტიკურ ოპერაციებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე რამდენიმე ათასი წლის წინაც აკეთებდნენ. მაგალითად, ეგვიპტელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ფარაონის მუმია, რომელსაც მარცხენა ფეხზე თითის ნაცვლად კანისა და ხისგან შექმნილი პროთეზი ჰქონდა მიკერებული. მსგავს ოპერაციებს ძველ რომშიც აკეთებდნენ: რომაელი ქირურგები დაზიანებულ სახესა და ყურებს ქირურგიული ჩარევით ასწორებდნენ, თუმცა რა მეთოდებით ახერხებდნენ ამას, უცნობია. XVIII საუკუნეში ინდოეთის ერთ-ერთ კოლონიაშიც ჩაატარეს ცხვირის პლასტიკური ოპერაცია, ასეთივე ოპერაცია ინგლისში 1814 წელს ექიმმა ჯოზეფ კარპიუმ გააკეთა. ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების უქონლობის გამო ამგვარ ოპერაციებს საშინელი ტკივილი ახლდა. ამიტომ პლასტიკური ოპერაციები აკრძალეს, მაგრამ გამაყუჩებლებისა და ანტიბიოტიკების შემოსვლის შემდეგ, ყინული დაიძრა... სწორედ ასე დაიწყო ესთეტიკური და პლასტიკური ქირურგიის განვითარება მთელ მსოფლიოში.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (4)
qqq
13 მაისი 2019 19:12
რა უჭირთ,თუ რამის გამოსწორება უნდათ გაისწორონ,მაგრამ იმაზე რას იტყვით საზარდულემდე აჭრილიკაბები რომ აცვიათ და მკერდმოშიშვლებულიკაბები,ეს მოგწონთ?
qqq
13 მაისი 2019 19:12
რა უჭირთ,თუ რამის გამოსწორება უნდათ გაისწორონ,მაგრამ იმაზე რას იტყვით საზარდულემდე აჭრილიკაბები რომ აცვიათ და მკერდმოშიშვლებულიკაბები,ეს მოგწონთ?
bela
05 მაისი 2019 23:38
ერთად ერთი შემთხვევა როცა ყუბანეიშვილი ადეკვატურად პასუხობს,,,,,,
ჯონდი
19 აპრილი 2019 16:05
ვისაც პატარა მკერდი გვევასება იმათ ეგეთი მოტყუების პრობლემა არ გვაქვს ;) სულ არ უნდა ქონდეს მკერდი რომ სილიკონით იმ ზომაზე გაიდიდოს :))

რუბრიკის სხვა სიახლეები
21-10-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
21-10-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
21-10-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
21-10-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
21-10-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
21-10-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
21-10-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?