ანიმეს სამყაროში ჩაკეტილები - კვირის პალიტრა

ანიმეს სამყაროში ჩაკეტილები

მოზარდების პარალელური რეალობა - რას ჰყვებიან ვირტუალურ თამაშში ჩართული ბავშვი და მისი მშობელი

ახალი არ არის, რომ ინტერნეტთამაშებმა მოზარდებს არაერთი პრობლემა გაუჩინა, ყოველდღე ახალ-ახალი ფორმით შემოდის მათ ცხოვრებაში და მშობლებსაც ახალ-ახალ თავსატეხს უჩენს.

მოზარდებმა, საშიში თამაშების კვალდაკვალ, ახალი გატაცება იპოვეს - ანიმე (იაპონური ანიმაცია). ის იმდენად პოპულარულია, რომ ქმნიან სასურველ "პერსონაჟებს", რომელთაც ვირტუალურ სამყაროში ესაუბრებიან, შემდეგ კი ამ ურთიერთობების რეალურ სამყაროში გადმოტანას ცდილობენ და აქ იწყება პრობლემებიც...

"კვირის პალიტრასთან" საუბრისას 36 წლის თეო ამბობს, რომ ბოლო ხანებში თავის 10 და 12 წლის გოგონებს უცნაურობები შენიშნა. აღმოჩნდა, რომ ისინი, პრაქტიკულად, პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ...

"ლიზიმ და მისმა მეგობარმა ბიჭმა გადაწყვიტეს, დილით ერთმანეთის სხეულებში გაღვიძებოდათ"(?!)

თეო: - ამას წინათ ჩემი 11 წლის დისშვილი იყო ჩვენთან. ჩემმა უფროსმა გოგონამ, ლიზიმ, ბიჭს ისე გამეტებით უბიძგა, ბავშვი იატაკზე დაენარცხა და კინაღამ დაიმტვრა. ძალიან შემეშინდა, რადგან ლიზი უცნაურად იცინოდა, არაადეკვატურად. რას აკეთებ-მეთქი, ვუსაყვედურე. მან უნდა შეძლოს და თავი დაიცვას, რახან ვერ შეძლო, ჩვენიანი არ არის, ანიმე-ბიჭები დიდ ძალას ფლობენ და არასდროს ტირიან, რადგან ძლიერები არიანო, - მიპასუხა. ვერ გავიგე, რას ამბობდა. შემდეგ თვალებიც რამდენჯერმე ისე ძლიერად დაქაჩა, შემეშინდა. ამიხსნა, რომ ამ დროს ბრაზობს და თვალებიდან ნაპერწკლებს უშვებს, უბრალოდ, ჩვენ ვერ ვხედავთ.

- თავიანთი სამყარო აქვთ? - დიახ, ასეა... მე დიზაინერი ვარ, შინ ხშირად არა ვარ და ბავშვებს ხან დედაჩემი უვლის, ხან დედამთილ-მამამთილი, მეუღლე უცხოეთშია და იქიდან გვეხმარება... მიუხედავად ყველაფრისა, ვერ ვიტყვი, რომ გოგონებს ყურადღებას ვაკლებ, ყოველი საღამო და შაბათ-კვირა ვცდილობ მათთან გავატარო. როგორც ჩანს, არ არის საკმარისი.

- რა შეამჩნიეთ ბავშვებს? - გამუდმებით მითურ პერსონაჟებზე საუბრობენ. ორივე ხატავს, ჩემი ნიჭი გამოჰყვათ, მაგრამ ხატავენ დიდთავა ანიმე-გოგობიჭებს: დიდი თვალებით, გაბრაზებულებს, ატირებულებს, მოჩხუბრებს და მეგობრების სახელებს არქმევენ. ბოლო დროს შევამჩნიე, რომ აღარ აინტერესებთ სწავლა, ცეკვა, სპორტი... ხატვის წრეზე შეყვანა შევთავაზე, უარი მითხრეს. ერთ დღეს მივადექი, ყველა ანიმე-ნახატი კედლებიდან ჩამოვხსნი და გადავყარე. მეგონა, ისტერიკას გამიმართავდნენ, მაგრამ რეაქცია არ ჰქონიათ. უბრალოდ, იგივე გააგრძელეს... შვილები სახლში მყავს და თან არ მყავს. კლასსა და მთელ სკოლაშიც ძალიან ბევრი ანიმეს პერსონაჟებით ცხოვრობს. ეზოშიც აღარ ჩადიან სათამაშოდ, თუ ჩადიან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქ ისეთი ბავშვი დახვდებათ, ვისაც მობილურში რომელიმე ანიმე აქვს ჩაწერილი. ყველგან მაქო-შოუჯუსა (ანიმე-გოგონა) და მაქო-შოუენენზე (ანიმე-ბიჭი) საუბრობენ. თურმე მაგიური ძალის მფლობელები არიან, ანუ თუ ვიღაცამ დაგარტყა, შენ ისეთი უნდა დაარტყა, რომ "გაფრინდეს". ამიტომაც ურტყამენ ერთმანეთს გამეტებით. ამბობენ, რომ თუ ისეთი ღირსეული ანიმე-პერსონაჟი ხარ, როგორიც ვიღაც მიცუჰა, ყველაფერი უნდა აიტანო. ამას წინათ ლიზის მეგობრის დედამ დამირეკა, ვერაფერი გავუგე ჩემს ბიჭს, ჩემს გოგონას შენი მეორე შვილის, მიას სახელს ეძახისო. თურმე ლიზიმ და მისმა მეგობარმა ბიჭმა გადაწყვიტეს, დილით ერთმანეთის სხეულებში გაღვიძებოდათ...

- ეს როგორ? - ანუ ვითომ ლიზის სხეულში იმ ბიჭმა გაიღვიძა, იმ ბიჭის სული კი ლიზიში გადმოსახლდა. იმ დღეს ლიზი აგრესიული და უხეში იყო, ცდილობდა იმ ბიჭისთვის მიებაძა. ღამით რამდენჯერმე ატირებულმა გაიღვიძა, ვერ გავიგეთ, რა აწუხებდა, როგორც ჩანს, მათი თამაში სასტიკ ეტაპზე გადავიდა. იმავეს მეუბნებიან ლიზის მეგობრების მშობლები.

ლიზი ტელეფონში თავად აკეთებს კლიპებს ანიმეებით და პერსონაჟებს თავისი მეგობრების, კლასელების, ახლობლების სახელებს არქმევს, იქ კი, იმ ვირტუალურ სამყაროში, ერთმანეთთან ჩხუბობენ, ხან კონცერტებს მართავენ, ამა თუ იმ ცნობილი თინეიჯერი მომღერლის სიმღერებს ადებენ - ვითომ თავად არიან შემსრულებლები, ხან დასცინიან ერთმანეთს, ხან კი აქებენ.

"ჩვენ ისეთ ადგილებში დავდივართ, სადაც თქვენ ვერასდროს მოხვდებით"(?!)

მშობლის დახმარებით ლიზის გავესაუბრე. მითხრა, რომ ეს არის სამყარო, სადაც ის და მისი მეგობრები ყველაზე კარგად გრძნობენ თავს. მაჩვენა თავისი დახატული ანიმე-პერსონაჟი, რომელსაც სახის ნაცვლად იეროგლიფებიანი ფურცელი აქვს, მითხრა, მასში საკუთარ თავს ვხედავო.

- ეს პერსონაჟი ისეთია, როგორიც მე მინდა ვიყო - ძლიერი, დამოუკიდებელი. ხან ვჩხუბობთ, ხან ვერთობით. მე და ჩემს მეგობრებს უამრავი კლიპი გვაქვს გაკეთებული. ჩვენს თავს ჩვენ თვითონ ვქმნით წარმოსახვაში. გამომწერებიც გვყავს, ჩვენი თანატოლები, რომლებიც ამა თუ იმ პერსონაჟს გულშემატკივრობენ და ამას კომენტარებში წერენ.

- პერსონაჟებს რის მიხედვით ირჩევთ? - მაგალითად, ზოგიერთი ბიჭი ცუდად ექცევა გოგოებს, ვიცი, რომ ის ცუდია, მაგრამ ძალიან დიდ ძალას ფლობს და ვერაფერს ვუშავებთ, სამაგიეროდ, თუკი ერთად შევიკრიბებით, შეგვიძლია მისი დამარცხება.

- როგორ ამარცხებთ? - ის ახლა სახეზე წითელია, გაბრაზებულია და ტირის (გოგონა ვიდეოში დიდთვალება და გაბურძგნილთმიან ანიმე-ბიჭს მაჩვენებს, რომელსაც სახე წითლად ენთება), ანუ დამარცხდა და ძველებურად ძლიერი აღარ არის. თუმცა შეიძლება ისევ მოიკრიბოს ძალა და დაგვამარცხოს.

- რეალურად ის თქვენი მეგობარია? - არა, ის ახლა დასჯილია, ძალიან ბევრ გოგონას და სუსტ ბიჭს სცემა და ჩვენი მეგობარი როგორ იქნება?! თუ კარგად მოიქცევა, მერე ვნახოთ, მანამდე გარიყულია.

- რეალობაშიც? - დიახ, ჩვენ რეალობაშიც ასეთები ვართ...

- შენი ანიმე-პერსონაჟები სწავლობენ? - ამას ჩვენ ვწყვეტთ, ვისწავლოთ თუ არა... ჩვენ ისეთ ადგილებში დავდივართ, სადაც თქვენ ვერასდროს მოხვდებით...

- სად არის ეს? - სამყაროში, რომელიც ჩვენ გამოვიგონეთ, ყველაფერია: გართობა, თამაში, სიმღერა, ცეკვა, ჩხუბიც... ძალიან საინტერესოა. ვიცი, რომ იქ ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. იქ ცხოვრებაში ჩემი წარმოსახვა მეხმარება.

"ვირტუალური ცხოვრება რეალობასთან ადაპტაციის უნარს უკარგავს მოზარდებს"

ფსიქოლოგი დავით ანდღულაძე ამბობს, რომ ეს პრობლემა წლებია არსებობს, უბრალოდ, ზოგიერთ ბავშვში მწვავედ არის გამოხატული. მშობლების ნაწილი ყურადღებას არ აქცევს და მიაჩნიათ, რომ "თავისით გაივლის".

- მოზარდის ანიმეებით გატაცება მშობლისთვის იმის სიგნალია, რომ შვილთან საკმარისი კონტაქტი არა აქვს. ეს ბრალდება არ არის და არც თვითგვემაა საჭირო, მაგრამ ბავშვს ყურადღება სჭირდება, დედ-მამამ უნდა იცოდეს, რა აკლია მათ შვილს. მშობელი თავად უნდა დაინტერესდეს ამ თამაშით და გაიგოს, რას აძლევს ანიმე-Yთამაშები მის შვილს, როგორ ხდება იდენტიფიკაცია... ვირტუალურ სამყაროში უნდა დაუმეგობრდეს მას და დაინახოს, რისი დეფიციტი აქვს მის შვილს, რასაც ამ თამაშით ივსებს. ბავშვებს სურთ დაცული და მიღებული იყვნენ თავიანთ გარემოში, ავტორიტეტით სარგებლობდნენ, სწორედ ამისთვის სჭირდებათ ვირტუალური ურთიერთობები. ბავშვს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მშობელს ის უპირობოდ უყვარს და აფასებს. თუ ასე არ არის, ბავშვი დანაკლისს ინტერნეტით ივსებს.

- პარალელურ სამყაროში მცხოვრები ბავშვები შეძლებენ რეალურ ცხოვრებაში სრულფასოვან ადამიანებად ჩამოყალიბებას? - მათ აუცილებლად შეექმნებათ პრობლემები, შეიძლება სერიოზული შეცდომებიც დაუშვან, რადგან მათ რეალურ საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილება არ ექნებათ. ვირტუალური ცხოვრება რეალობასთან ადაპტაციის უნარს უკარგავს მოზარდებს. რაც უნდა ბევრი მეგობარი ჰყავდეთ მათი სამყაროდან, მაინც ვერასდროს იქნება საკმარისი პიროვნული განვითარებისთვის.

- სკოლის როლი როგორია ამ სიტუაციაში? - ძალიან დიდი. პრობლემა კომპლექსურია. ბავშვები გაკვეთილებზე საინტერესო თემებით საკმარისად დატვირთული არ არიან. მხოლოდ ამა თუ იმ საგნის ახსნას არ ვგულისხმობ, ბავშვებს ურთიერთობის დეფიციტი არ უნდა ჰქონდეთ. თანამედროვე ბავშვები სხვა გამოწვევების წინაშე არიან და სკოლაც მეტად ადეკვატური უნდა იყოს მათ მიმართ.

ანიმე მსოფლიოში მაღალი პოპულარობით სარგებლობს

"ანიმე" წარმოიშვა ინგლისური სიტყვისგან Animation და იაპონურად ანიმაციას ნიშნავს. "ანიმეს" გააჩნია თემების ფართო არჩევანი ყველა ასაკისათვის, რის გამოც მსოფლიოში მაღალი პოპულარობით სარგებლობს. მისი სიუჟეტები მოიცავს თითქმის ყველა ჟანრს, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია ფანტასტიკა და რომანტიკული კომედიები, რომლებიც ხშირად დაფუძნებულია წიგნის, იაპონური კომიქსის ან კომპიუტერული თამაშის სიუჟეტზე.