როგორ აღმოაჩინა მერიამ, რომ კლდე მისი საპატრონო ყოფილა - კვირის პალიტრა

როგორ აღმოაჩინა მერიამ, რომ კლდე მისი საპატრონო ყოფილა

საქართველოში უსაფრთხოების წესების დარღვევას არაერთი მოქალაქე ემსხვერპლა. შორს რომ არ წავიდეთ, 31 მარტის ტრაგედია გავიხსენოთ - ჭავჭავაძის პროსპექტზე შენობის გამაგრებისას მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა...

King David-ი კლდეზე ნაშენი საცხოვრებელი კომპლექსია. ბადე, რომელიც კლდის ქანებსა და ქვიშაქვას უნდა იჭერდეს, აქა-იქ გამორღვეულია. კლდესთან ტროტუარი არ არის, თუმცა მის ძირში საავტომობილო გზაა, სადაც მანქანების უწყვეტი ნაკადია. ნებისმიერ დროს შესაძლებელია გარღვეული ადგილებიდან წვრილ ხრეშთან ერთად ლოდები წამოვიდეს და მანქანებს დაეცეს...

"ეს ბადეები ჩვენ არ დაგვიყენებია"

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა ლაშა ჩხიკვიშვილმა გვითხრა, რომ King David-ის ქვემოთ, კლდეზე, ბადეები თბილისის მერიას არ გაუკრავს...

- როგორც გავარკვიეთ, ეს ბადეები თბილისის მერიას არ დაუყენებია. King David-ის კომპლექსი ექსპლუატაციაშია შესული და ბადეებიც მათი გაკეთებულია. ჩვენ ასეთ ბადეებს კლდეში ანკერული ჭანჭიკებით ვამაგრებთ, რაც ნაშალის გარეთ გადმოყრის შანსს მინიმუმამდე ამცირებს.

- მერიის შესაბამისი სამსახურის ვალდებული არ არის მონიტორინგი გაუწიოს და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში დააჯარიმოს ის კომპანია, რომელმაც ეს ბადეები გააკრა?

- არა, ეს მათი პასუხისმგებლობაა. ჩვენს სამსახურს არ შეუძლია დააჯარიმოს ვინმე, გარდა თავისი კონტრაქტორისა, რომელიც არასწორად და არასათანადოდ შეასრულებს ვალდებულებას. ჩვენი კონტრაქტორი არ იყო, მათ კერძოდ შეასრულეს სამუშაოები. დანამდვილებით გეტყვით, რომ ეს ჩვენი მოვალეობა არ არის.

"დიდი ქვები და ლოდები არ ცვივა, უბრალოდ, იშლება"(?!)

"კვირის პალიტრა" King David-ის წარმომადგენლებს დაუკავშირდა. მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ნინი მარიამიძემ ეს საკითხი ტექნიკურ სამსახურთან გადაამოწმა და დაგვიდასტურა, რომ ბადეები მათი დამონტაჟებულია:

- ეს არის სპეციალური შესაფუთი ბადე. დიდი ქვები და ლოდები არ ცვივა, უბრალოდ, ქანი იშლება. კლდე დაფარული და მორიდებული უნდა იყოს მზის სხივს, ასე საშიშროებას არ შეიცავს.

- რა პერიოდულობით იწმინდება ნაშალი? - საჭიროებისამებრ, წელიწადში ორჯერ.

- არის თუ არა საფრთხის შემცველი კონკრეტულად ამ მონაკვეთზე მოძრაობა?

- რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველი არ არის. კლდე შეფუთულია სწორედ იმიტომ, რომ თავიდან ავირიდოთ მინიმალური საფრთხეც კი.

- რატომ იშლება კლდე, იქნებ ამხელა შენობას ვერ უძლებს? აშენებამდე თუ ჩატარდა გეოლოგიური სამუშაოები? - მშენებლობამდე კლდეს ჩაუტარდა გეოლოგიური და გეოფიზიკური შემოწმება და დადგინდა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მყარი საძირკველი საქართველოში.

"თუ ნაშალი მასა წამოვიდა, შესაძლოა გზაც ჩაიტანოს"

საკითხში გასარკვევად გეოლოგ გიორგი ხარაზიშვილსაც დაუკავშირდა.

- ფოტოებზე ქვათაცვენა ნათლად ჩანს. ქანები, რომელზეც King David-ის კომპლექსი დგას, ქვიშაქვისა და თიხა-ფიქლებისგან შედგება. ქვათაცვენა ყველაზე ინტენსიური წვიმის სეზონებზე - გაზაფხულსა და შემოდგომაზეა. წყალი ნიადაგში იჟონება, ადვილად შლის ქანებს და საფრთხეს ქმნის.

- ამ კონკრეტულ შემთხვევაში საფრთხის თავიდან ასაცილებლად რა უნდა გაკეთდეს? - კლდე ყოველ ზამთარს უნდა გაიწმინდოს და ძველი ბადეები ახლით შეიცვალოს ან შეკეთდეს. გაზაფხულისთვის მზად უნდა იყვნენ, რადგან თუ ნაშალი მასა წამოვიდა, მხოლოდ მანქანები კი არა, შესაძლოა მთლიანად გზა ჩაიტანოს, გააჩნია, რა მოცულობის ნაშალი წამოვა. მიწისძვრის შემთხვევაში, ცხადია, უფრო საშიში ხდება. პრევენციისთვის, ბადესთან ერთად უნდა გაკეთდეს ბეტონის მაღალი ღობე-ჯებირები.

"ეს კლდე წითელ ხაზებს მიღმაა, უბრალოდ, კომპანიის კეთილი ნებაა, რომ მიხედოს"

მას შემდეგ, რაც "კვირის პალიტრამ" მერიისა და King David-ის წარმომადგენლებს მიმართა, როგორც ჩანს, საკითხით სერიოზულად დაინტერესდნენ და ასეთი პარადოქსული სურათი დაიხატა: სინამდვილეში, ბადეების გაწმენდა-შეკეთება King David-ის ვალდებულება სულაც არ ყოფილა და კლდე მერიის განკარგვაშია...

ნინი მარიამიძემ: - როგორც აღმოჩნდა, ეს კლდე ჩვენს სქემაზე წითელი ხაზების მიღმაა, უბრალოდ, კომპანიის კეთილი ნებაა, რომ ყურადღება მიაქციოს, თორემ კანონით არ გვევალება. თუ გნებავთ, ნახაზს გამოგიგზავნით და აჩვენეთ მერიას.

- მერია იხსნის პასუხისმგებლობას...

- ეს მუნიციპალური საკუთრებაა და როგორ იხსნიან პასუხისმგებლობას? ვერ ვხვდები იმ განცხადების საფუძველს, რომ კლდის მოვლა-პატრონობა ჩვენი ვალდებულებაა. თუ აღმოჩნდება, რომ ვტყუით, ბოდიშს მოვიხდით, მაგრამ, ალბათ, თვითონ შეცვლიან პოზიციას... კომპანიამ კლდის მოვლა-პატრონობისთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანხები გაიღო!

"ბოდიშს გიხდით, შეცდომაში შეგიყვანეთ"

ჩვენ კვლავ დავუკავშირდით მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელს, ლაშა ჩხიკვიშვილს:

- რაღაც გაუგებრობაა. ეს ტერიტორია არ ეკუთვნის King David-ს და მერიის განკარგვაშია. შეცდომაში შეგიყვანეთ, ამიტომ ბოდიშს გიხდით. ჩვენი სპეციალისტი იყო მისული, ახლა კიდევ მივა და გეტყვით, არის თუ არა საფრთხის შემცველი.

- საბოლოოდ ვის ევალება კლდის მოვლა?

- თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურს, ანუ ჩვენ... აი, ახლა დამირეკა სპეციალისტმა, კლდე შეამოწმა და გეგმურ სამუშაოებს ამ შაბათ-კვირას დავიწყებთ. ბადე გამობერილია ქვების გამო, მაგრამ დაზიანებული არ არის.

- როგორ? ჩვენ გვაქვს ფოტოები, სადაც თვალსაჩინოა, რომ ბადე რამდენიმე ადგილას გარღვეულია და გადმოცვენილია ლოდები. მეილის მისამართი მითხარით და გამოგიგზავნით... მას შემდეგ, რაც ბატონმა ლაშამ ფოტოები ნახა, თავად დამიკავშირდა:

- შეიძლება წვიმა მოვიდეს და ჩამოცვენა დაიწყოს. არ ვიცი, ბოლოს როდის გაიწმინდა, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არა აქვს. ნალექი, წვიმა და გარემო ფაქტორები გავლენას ახდენს, მაგრამ ამ ეტაპზე საფრთხის შემცველი არ არის. ეს ბეტონის ჯებირები თავის დროზე იმიტომ გაკეთდა, რომ ქვები გზაზე არ გადმოცვენილიყო. როცა King David-ის მშენებლობა მიმდინარეობდა, ალბათ, შეთანხმება შედგა მუნიციპალიტეტსა და კომპანიას შორის. ეს არ არის მერიის ბადე და როგორც ჩანს, კომპანია ატარებდა კლდის მოვლის სამუშაოებს. ამიტომ მოხდა ამხელა გაუგებრობა.

- ამიერიდან თქვენ მიხედავთ? - დიახ, ამ შაბათ-კვირას ბადე გაიწმინდება. ახლა სამ მწვავე ობიექტს ვაკეთებთ და ეს მონაკვეთი გეგმაში არ გვიზის, თუმცა დაიწყება აზომვითი სამუშაოები და შედგება პროექტი, როგორ უნდა გაკეთდეს ახალი ბადე, მანამდე კი პირველადი ღონისძიება ჩატარდება ბადის დროებით შესაკეთებლად.

- ანკერული ჭანჭიკებით გამაგრდება? - დიახ. ეს ტექნოლოგია ჩვენმა ახალმა კონტრაქტორმა კომპანიამ დანერგა. კლდის რელიეფს ზუსტად იმეორებს და ნაშალს საშუალებას არ აძლევს ქვევით ჩამოვიდეს.

P.S. წინ წვიმის სეზონია... იმედია, ბადე გაიწმინდება და დროებით შეკეთდება. უცნაურია, რომ დღემდე თავად მუნიციპალიტეტმაც არ იცოდა, რომ კლდის მოვლა მას ევალებოდა. ისიც საკვირველია, რომ ორჯერ გაგზავნეს სპეციალისტები და ვერ შენიშნეს აქა-იქ გარღვეული ბადე. სანამ ჩვენი ფოტოგრაფის, გიორგი ჟამერაშვილის ფოტოები ფაქტობრივ მტკიცებულებებად არ წარვუდგინეთ, ამტკიცებდნენ, დაზიანებული არ არისო.

P.P.S. თბილისის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძეზე დატრიალებული ტრაგედიის შესახებ აცხადებს, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. მიუხედავად ამისა, ორი მუშა მაინც დაიღუპა. რა გარანტია გვაქვს, რომ კლდე, რომელზეც უზარმაზარი King David-ია წამომართული, მორიგ მსხვერპლს არ გვიმზადებს, მით უმეტეს, ქვათაცვენა ახლა უკვე ყველასთვის თვალსაჩინოა, მათ შორის, თბილისის მერიისთვისაც - იხილეთ ფოტოფაქტი!

ნათია სიბაშვილი