"სხეულის 35 პროცენტი აქვს დამწვარი" - როგორია დიღმის მასივში აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა - კვირის პალიტრა

"სხეულის 35 პროცენტი აქვს დამწვარი" - როგორია დიღმის მასივში აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა

დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი დამწვრობით შოკში იმყოფება და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, მამაკაცს დამწვარი აქვს სახე, გულ-მკერდი, ზემო და ქვემო კიდურები.

"ჩვენს კლინიკაში ახალგაზრდა მამაკაცია მოთავსებული, რომელსაც სხეულის 35 პროცენტი აქვს დამწვარი. აღენიშნება სასუნთქი გზების მეორე-მესამე ხარისხის დაზიანება. დამწვარი აქვს სახე, გულ-მკერდი, ზემო და ქვემო კიდურები. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, საკმაოდ სერიზულ დიაგნოზთან გვაქვს საქმე. ის მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. საქმე გვაქვს დამწვრობით შოკთან. შოკიდან გამოსვლის შემდეგ დაისახება მისი მკურნალობის გზები", - განაცხადა ქაშიბაძემ.

ცნობისთვის, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-5 კორპუსის მე-4 სართულზე, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო აფეთქება დღეს მოხდა. დაშავებულია 7 ადამიანი, აქედან ერთი 8 თვის ბავშვია.

"ინტერპრესნიუსი"