"დაბადებისთანავე კლინიკის სტაციონარში მოთავსდა" - რას ამბობს ექიმი გორში გარდაცვლილი ჩვილის საქმეზე - კვირის პალიტრა

"დაბადებისთანავე კლინიკის სტაციონარში მოთავსდა" - რას ამბობს ექიმი გორში გარდაცვლილი ჩვილის საქმეზე

გორის რაიონში, სოფელ სობისში გარდაცვლილი ბავშვი მრავალშვილიანი ოჯახის მე-5 შვილი იყო. ბავშვი 20 თებერვალს, გორში, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანაში" ჯანმრთელობის პრობლემებით დაიბადა და იმავე დღეს სტაციონარში მოათავსეს.

"თემურ მერებაშვილი 20 თებერვალს დაიბადა ჩვენი კლინიკის სამშობიაროში. ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნებოდა, რის გამოც დაბადებისთანავე კლინიკის სტაციონარში მოთავსდა, მეორე დღეს კი, 21 თებერვალს, ჩვილი ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. მას შემდეგ აღნიშნული პაციენტი ჩვენთან აღარ შემოუყვანიათ და შესაბამისად, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია არ გვაქვს", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" "იავნანას" პედიატრმა მარინა ღარიბაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თქმით, ოჯახი, სადაც შემთხვევა მოხდა, სოციალურად დაუცველია.

"მერებაშვილების ოჯახი სოციალურად დაუცველია. გარდაცვლილი ბავშვი ამ ოჯახის მეხუთე შვილი იყო. ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე კვირის განმავლობაში ბავშვს მკურნალობა უტარდებოდა ჟვანიას სახელობის კლინიკაში, რამდენიმე დღის წინ წამოიყვანეს, როგორც ვიცი, დღეს კვლავ უნდა წაეყვანათ საავადმყოფოში, მაგრამ ეს ფაქტი მოხდა. ინფორმაცია არ მაქვს, კლინიკიდან გამოწერისას როგორი იყო ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არც ის ვიცი, დაასრულა მკურნალობის კურსი თუ მშობლებმა გადაწყვიტეს წამოყვანა", - აცხადებს "ინტერპრესნიუსთან" გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დავით ცერცვაძე.

სოფელ სობისში, მერებაშვილების ოჯახში, ორ თვემდე ასაკის ჩვილი გარდაიცვალა. ახალშობილი ბიჭი მშობლებმა საწოლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

"ინტერპრესნიუსი"