1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა - კვირის პალიტრა

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალს მთავრობის წევრები, დაღუპულთა ოჯახის წევრები და მოქალაქეები ყვავილებით შეამკობენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ღონისძიებები გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, 9 აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტო-გამოფენა მოეწყობა საქართველოს წარმომადგენლობებში აზერბაიჯანში, გერმანიაში, დანიაში, ესტონეთში, ლატვიაში, მოდლოვაში, ნიუ-იორკში, სალონიკში, თურქეთში, უზბეკეთში, ფინეთში, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაში.საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ავსტრიაში, ბელარუსში, პოლონეთსა და უნგრეთში წაიკითხავენ ლექციას 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით. შვეიცარიაში, ჟენევაში, საქართველოს საელჩოსა და გაეროსთან საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, გაერო-ს შენობასთან გაიმართება მშვიდობიანი აქცია. ღონისძიებების პარალელურად, ბრაზილიის, ბელგიის, ვატიკანის, ქუვეითის, ჩეხეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, სლოვენიის, სომხეთის, რუმინეთის, ყაზახეთის გავლენიან გამოცემებში გამოქვეყნდება 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებული სტატიები, ასევე იგეგმება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ინტერვიუ ისრაელის ადგილობრივ ტელევიზიაში.

ამასთან, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეგვიპტეში უკრაინაში, ირლანდიაში, საუდის არაბეთში, საფრანგეთში, სლოვაკეთში გაიმართება შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებები, ჩატარდება კონფერენციები და მიღებები ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, ანალიტიკური წრეების, ქართული დიასპორისა და მედიის წარმომადგენლებისთვის.