ნანატრი საქანელა - კვირის პალიტრა

ნანატრი საქანელა

ორიოდე კვირის წინ ვწერდით, თუ როგორ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ შორაპნის ქუჩაზე, სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარე ყოფილი ქიმიური ლაბორატორიის შენობაში მობინადრე დევნილები. მაშინ რედაქციაში 12 წლის გიორგი ხაჟომიამ დაგვირეკა და გვთხოვა მასთან მივსულიყავით, შეხვედრისას გიორგიმ გვითხრა:

"დიდი ხანია მინდა საქართველოს პრეზიდენტს კაცურად დავუჯდე წინ და ველაპარაკო. ბატონო პრეზიდენტო, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 6 წელია სკოლაში დავდივარ და ბევრი მეგობარი მყავს, დაბადების დღეზე შინ ვერავის ვეპატიჟები. მეშინია, - თუ  ვითამაშებთ, ვაითუ, შენობა ჩამოინგრეს.

ბატონო პრეზიდენტო, იქნებ ერთ დღეს ჩაჯდეთ ავტომობილში და აქ ამოხვიდეთ. თქვენს რეზიდენციასთან ძალიან ახლოს ვცხოვრობთ.

თუმცა, მგონია, რომ არ იცით, თუ ასეთი  საშინელი ადგილი არსებობს თბილისში. ჩვენამდე რომ მოაღწიოთ, ჯერ დაჭაობებული გვირაბი უნდა გამოიაროთ, ფრთხილად იყავით, ავტომობილის მინა ასწიეთ, მწერებმა რომ არ დაგკბინოთ. ბატონო პრეზიდენტო, იქნებ ვინმე მადლიანს ეს ჭაობი დააშრობინოთ, გზა გაგვიკეთოთ, სახლის საძირკველი გაგვიმაგროთ და ერთი სათამაშო მოედანიც მოგვიწყოთ. არჩევნების დროს ორიოდე ხის მერხი და რკინის საქანელა დადგეს.

არადა გვეგონა, ნამდვილ სპორტულ მოედანს გაგვიკეთებდნენ. არჩევნების დასრულებიდან ძალიან მალე მოვიდა დიდი წვიმა, ისევ აივსო ნაჭაობარი და აყიყინდნენ ბაყაყები.

მერე,  ვიღაც ჯართისმაძიებელმა საქანელა მოჭრა და დარჩა ჰაერში მოქანავე ჯაჭვის ნაწყვეტი, რომელზე ჩამოკონწიალებაც ძალიან უყვარს ჩემს პატარა ძმას. მან ხომ არ იცის, რა არის ნამდვილი საქანელა..."

"კვირის პალიტრა" #39

KvirisPalitra.Geსტატიას - "თხოვნა ჯოჯოხეთიდან: გვესტუმრეთ, პრეზიდენტო" მკითხველის გულისამაჩუყებელი გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე დღის წინ რედაქციაში უცნაური ამანათი მივიღეთ. პოლიეთილენის პარკში რაღაც ნივთი საგულდაგულოდ იყო შეფუთული. გზავნილს წერილი ახლდა: "გთხოვთ, ჩემი საჩუქარი გადასცეთ 12 წლის გიორგი ხაჟომიას და მის პატარა ძმას. ხაშური. პაატა გრიგალაშვილი". ამანათის გახსნის შემდეგ ყველას ცრემლი მოგვადგა თვალზე.

ჩვენთვის უცნობ პაატას (სამწუხაროდ, მას არც მისამართი მოუწერია და არც ტელეფონის ნომერი) ბავშვებისთვის საჩუქრად ხის საქანელა გამოუგზავნია. იქნებ პაატა თვითონ აკეთებს ამ საქანელებს და ბიჭებსაც საგანგებოდ, სიყვარულით გაუკეთა საჩუქარი; იქნებ არც აკეთებს და იყიდა, რა მნიშვნელობა აქვს, პაატას საქციელში ხომ უზარმაზარი სიყვარული იგრძნობა! ამ დიდი გრძნობის გასაზიარებლად მყისვე ხაჟომიებს მივაშურე.

მასპინძლებთან მხოლოდ გიორგი და ლუკა კი არა, 50-ბინიანი კორპუსის თითქმის ყველა ბავშვი დამხვდა. გიორგის ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ მათაც გასჩენიათ თავიანთი სატკივარ-საფიქრალის თქმის სურვილი, თან საჩუქარიც აინტერესებდათ.  შეხვეული ნივთი ფრთხილად დავდე მაგიდაზე. ბავშვებს თვალები მოუთმენლობისგან უბრწყინავდათ და მაინც დინჯად ხსნიდნენ ამანათს. "ეს რა არის? ვაიმეე... საქანელა... რა მაგარია... - ისმოდა შეძახილები, -  ეს ხომ პატარა საქანელაა. ლუკა, ქეთი, ანანო თუ იქანავებენ".

თითქოს გული დასწყდათ 10-12 წლის გოგო-ბიჭებს, მაგრამ გონს უცებ მოეგნენ და იმდენი სამადლობელი სიტყვა თქვეს, გული დამწყდა, საჩუქრის გამომგზავნი რომ ვერ ისმენდა. ლუკამ მოითხოვა, საქანელა ოთახში დამიკიდეთო, მაგრამ: - ეს საჩუქარი ყველას გვეკუთვნისო, - განაცხადა გიორგი ხაჟომიამ და საქანელა ეზოში, რკინის კაუჭზე ჩამოკიდა.

ალექსანდრე დიდბერიძე, დევნილი: - "მადლობა პაატა ბიძიას, ვფიქრობ, ის ძალიან კეთილია, ერთი ტკივილიანი წერილი წაიკითხა და ჩვენი საფიქრალი მყისვე გულთან მიიტანა. ნეტავ მისნაირი ადამიანები პარლამენტში და ხელისუფლებაშიც იყვნენ, მაშინ ხომ აღარ მოგვიწევდა ხვეწნა-მუდარა, რომ მოვიდნენ, გაგვიკეთონ თავიანთი გასაკეთებელი, გაგვიმაგრონ შენობის საძირკველი, დაგვიგონ გზა, ისე, როგორც ამას სხვა უბნებში აკეთებენ.  ასე თუ მოხდება, მერე აქაურობას ულამაზეს მხარედ გადავაქცევთ."

დავით დიდბერიძე, დევნილი: - "გაზეთში სტატიის დაბეჭდვიდან ორიოდე დღეში ისანი-სამგორის გამგეობიდან გვეწვივნენ, განცხადებით მოგვმართეთ და შენობის პრივატიზაციაში დაგეხმარებითო; მანამდე ვერც შენობას გაგირემონტებთ და ვერც გზას გაგიკეთებთ, მომავალი წლისთვის კი ყველაფერი მოგვარდებაო. ახლა ისღა დაგვრჩენია, ეს წელი როგორმე გადავიტანოთ,  გვისაყვედურეს, რატომ აქამდე პირდაპირ ჩვენ არ მოგვმართეთ, გაზეთით რატომ უნდა გაგვეგო თქვენი სატკივარიო. საოცარია, ატალახებული გვაქვს ყველა უწყების კარი და აქეთ გვედავებიან, რატომ არ გვაწუხებთო.

ახლაც ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამგეობაში დარეკეს, თორემ არავინ შეიწუხებდა თავს ჩვენთან მოსვლით. ეგენი ხომ ვითომ გაზეთებს არ კითხულობენ, მაგრამ თურმე კითხულობენ.

ნეტავ პრეზიდენტი მართლა შეისმენდეს ჩვენი ბავშვების თხოვნას და ამოვიდოდეს აქ, მერე კიდევ უფრო დაფაცურდებიან. სტატიის დაბეჭდვის შემდეგ აფხაზეთის რეგიონული განვითარების მინისტრთან  კორნელი სალიასთან დაგვიბარეს. გულისტკივილი გამოხატა ჩვენსავით დევნილმა მინისტრმა და იმანაც გვისაყვედურა, გაზეთით კი არა, ისე გეთქვათ სათქმელიო.

არადა 10-12 წელი გავიდა ამ "ისე თქმაში".  ჩვენი განცხადებებით უკვე მაკულატურა დაგროვდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, მაგრამ როგორც კორნელი სალიამ გვითხრა, წერილი მაინც დავწერეთ და ფოტომასალაც დავურთეთ შენობის მდგომარეობის შესახებ. ვიმედოვნებთ, პასუხი არ დაიგვიანებს".

P.S არავინ იფიქროს, რომ პრობლემების გამომზეურება ვინმესთვის ნიშნის მოსაგებად გვიხარია. ჩვენ გასაკეთებელზე ვწუხვართ, მაგრამ გაკეთებულ საქმეზეც ყველას გასაგონად და სიხარულით დავწერთ.