"შინ გვიან მისულებს გვტუქსავდნენ, თუმცა მალე მიხვდნენ, რომ ვერაფერი შეგვაკავებდა" - 7 წლის თომას ინტერვიუ 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეულ გოგონასთან
"შინ გვიან მისულებს გვტუქსავდნენ, თუმცა მალე მიხვდნენ, რომ ვერაფერი შეგვაკავებდა" - 7 წლის თომას ინტერვიუ 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეულ გოგონასთან
ვიცოდი, რომ ბოლო დროს, ინტერვიუებისგან თავს იკავებდა, ამიტომ, როდესაც ჩემმა ახლობელმა მომწერა და 9 აპრილის სიმბოლო, მარი (ნანა) მახარაძესთან ინტერვიუსთვის შუამდგომლობა მთხოვა, რადგან მისი შვიდი წლის ბიჭუნა, 9 აპრილთან დაკავშირებით, სკოლაში კედლის გაზეთს ამზადებდა, ცოტა უიმედოდ მივწერე ჩემს მეგობარს, რომელიც ამჟამად იტალიაში ცხოვრობს. ზუსტად ხუთ წუთში მომივიდა პასუხი, - ნინა, შვიდი წლის თუ არის და 9 აპრილის შესახებ იცის, უარს როგორ ვეტყვი, აუცილებლად გავესაუბრები და რასაც უნდა იმას მოვუყვებიო.

საღამოს
ისევ მომწერა: "სული გამითბა, ისეთი კითხვები იყო, შენც უნდა ნახო". როდესაც შავი მასალა გამომიგზავნა, მივხვდი, რომ მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც კითხვა-პასუხს ვკითხულობდი, ვიღიმოდი და როგორც კი ბოლო წინადადება ჩავამთავრე, მაშინვე გადავწყვიტე, რომ ეს ინტერვიუ ბევრ ადამიანს
უნდა წაეკითხა და მხოლოდ კედლის გაზეთის გვერდზე არ უნდა დარჩენილიყო.

როგორც მარიმ, მეც გავაცნობიერე, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა, შვიდი წლის ბიჭუნას ასეთ მონდომებას და უბრალოდ იმას, რომ მისი თაობის პატარა ქართველი, 9 აპრილის თემით დაინტერესდა. ამიტომ გადავწყვიტე, პატარა ჭკვიანი თომასთვის, მეც დამესვა რამდენიმე შეკითხვა, მოლოდინმა გაამართლა... მასთან ინტერვიუს, სტატიის ბოლოს წაიკითხავთ.

მანამდე კი, თომას და მარის ინტერვიუს მცირე შემოკლებით გთავაზობთ, რომელიც ბიჭუნამ სკოლის კედლის გაზეთისთვის მოამზადა:

9 შეკითხვა, 1989 წლის 9 აპრილთან დაკავშირებით, მამაც გოგონასთან, მარი (ნანა) მახარაძესთან


9 აპრილს თავისუფლებისთვის მებრძოლ მამაც გოგონას, ჩემი უფროსი მეგობრების დახმარებით, იტალიაში დავუკავშირდი. ეს ჩემი პირველი ინტერვიუა და ჩემთვის ძალიან ემოციური, საინტერესო და ძვირფასია.

მარი (ნანა) მახარაძე
თომა: -  გამარჯობა მარი, მე შვიდი წლის თომა თეთრაძე ვარ, თბილისის მე-8 საჯარო სკოლის მე-2 გ კლასის მოსწავლე. მაქვს 9 შეკითხვა 9 აპრილის თემასთან დაკავშირებით. მადლობა, რომ დრო დამითმეთ.

მარი: - სიყვარულით მოგესალმები, თომა. შევეცდები ვუპასუხო შენს შეკითხვებს. მიხარია, რომ შენი თაობა ინტერესს იჩენს ამ თარიღის და მოვლენის მიმართ.

- მასწავლებელმა გვითხრა, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლ უფროსებთან ერთად, სკოლის მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ საპროტესტო აქციაზე. როგორ ფიქრობთ, ისინი გააზრებულად იყვნენ იქ?
- მასწავლებელი აბსოლუტურ სიმართლეს ამბობს, ჩემო თომა. თავისუფლებისათვის მებრძოლ უფროსებთან ერთად, სკოლის მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ საპროტესტო აქციაზე. ისინი გაკვეთილების შემდეგ, სიამოვნებით უერთდებოდნენ მომიტინგეებს. მინდა გითხრა, რომ მიტინგების მსვლელობის დროს, მხოლოდ შეძახილი "თავისუფლება საქართველოს" როდი ისმოდა. იქ, ჩვენდა საბედნიეროდ, საქართველოს ბუმბერაზი ადამიანები ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე, რელიგიაზე, ქვეყნის სიყვარულსა და მომავალზე ლაპარაკობდნენ. დარწმუნებული ვარ, სკოლის მოსწავლეებისთვისაც ძალიან საინტერესო იყო მათი მოსმენა. რაც შეეხება გააზრებულად იდგნენ თუ არა, ვფიქრობ, რომ უდაოდ! წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალი თაობა, ვერ შეინარჩუნებდა ამ უდიდეს მონაპოვარს.

- თქვენ მაშინ რამდენი წლის იყავით?
-  19 წლის ვიყავი, სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი. როგორც ყოველთვის, უნივერსიტეტის სტუდენტები, მუდამ პირველები არიან ჩართულნი ყველა იმ სიახლესა და მოძრაობაში, რაც ქვეყნისთვის ახალი სუნთქვის მომასწავებელია. ალბათ, ყველაზე კარგი დრო ადამიანის ცხოვრებაში არის სტუდენტობის წლები (რა თქმა უნდა, სკოლის შემდეგ, ჩემო თომა), ამიტომ, ძალიან მინდა, კარგად ისწავლო, აუცილებლად გახდე სტუდენტი და გქონდეს წარმატებული მომავალი.

- ოჯახი არ გეწინააღმდეგებოდათ?

- სტუდენტობის დროს ვცხოვრობდი ბიძაჩემის ოჯახში. ჩემი ოჯახი (მშობლები, და-ძმა) კი - ჩაქვში. ჩაქვის #1 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გავხდი სტუდენტი, ანუ დამოუკიდებელი, სრულუფლებიანი და თავისუფალი მოქალაქე (ამ დროს ყველა ასე ფიქრობს). ლექციების შემდეგ დავდიოდით აქციებზე და ეს ისეთი ჩვეულებრივი იყო ჩვენთვის, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. თავიდან, შინ გვიან მისულებს, ხშირად გვტუქსავდნენ. შემდეგ ალბათ მიხვდნენ, რომ ვერაფერი შეგვაკავებდა. მიხვდნენ, რომ ბევრნი ვიყავით, მიხვდნენ რომ უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოდით. დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში ჩვენი მშობლები ამაყობდნენ კიდეც ჩვენით, რადგან ჩვენ გვხვდა წილად ამის კეთება, იმ ბუმბერაზი ადამიანების გვერდით, ვისაც შემდგომ ეროვნული გმირები ეწოდათ.
ასე მუშაობდა თომა ინტერვიუზე
იყო ნერვიულობა და განცდა, აკრძალვები. ალბათ თავისთავადი მოვლენაა, განსაკუთრებით როცა დისშვილზე უნდა აგო პასუხი მშობლების წინაშე, მაგრამ ამავდროულდ ფიქრობ, რომ უკვე  დიდი ხარ და  ყველაფერს სწორად აკეთებ.

როგორი დიდიც არ უნდა გახდე, ყოველთვის გახსოვდეს, რომ მშობლები ის ადამიანები არიან, ვინც სიცოცხლის ბოლომდე შენს სიცოცხლეს გაუფრთხილდებიან. ამიტომ, ეცადე და შენც გაუფრთხილდი მათ, მთელი ძალით და ღონით, რაც შეგეძლება.

- თქვენთან ერთად იყვნენ თქვენი მეგობრები?
- ჩემი მეგობრები, რა თქმა უნდა, ჩემ გვერდით იყვნენ. მინდა გითხრა, რომ ალბათ 9 აპრილის მოვლენებმა შეძლო და მთლიანად ქართველი ერი დაამეგობრა ერთმანეთთან. იქ მდგომი ათასობით ადამიანს, თითქოს ერთი გული უძგერდა მკერდში, ეს გული სუნთქვის საშუალებას იძლეოდა, ხოლო სუნთქვას მაშინ საქართველო ერქვა.

- არ გეშინოდათ?
- გვეშინოდა? რა თქმა უნდა, არა! იცი რა არის მთავარი, თომა, როცა დარწმუნებული ხარ შენს სიმართლეში, წინ რამხელა ურჩხულიც არ უნდა იდგეს, შიშის გრძნობა ქრება, რადგან სიმართლე, მასზე ბევრად დიდია. ჩვენმა თაობამ მაინც ირწმუნა ზღაპარივით, რომ სიკეთე ბოროტებას აუცილებლად ამარცხებს.

- ამდენი წლის შემდეგ, ისევ ისე მოიქცეოდით როგორც მაშინ?
- ამდენი წლის შემდეგაც, როცა ბევრი რამ მოხდა, ბევრიც გაანალიზდა, ჩემ თაობას უკვე ჭაღარა შეეპარა და "ხანშიშესულები" დაგვერქვა, მაინც არავინ იფიქროს, რომ დავბერდით, რა თქმა უნდა, სამშობლოს პირველსავე დაძახებაზე მის წინაშე "სწორებაზე" დავდგებით. ვფიქრობ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ყველაზე ბედნიერი და ლამაზი ერი ვართ მსოფლიოში. გვაქვს ქვეყანა, ენა, დამწერლობა, სარწმუნოება. ბევრი დიდი ქვეყანაც კი ვერ დაიკვეხნის ამით.

იცოდე, რომ ბედნიერი ადამიანი ხარ, თუნდაც იმიტომ, რომ ქართველად დაიბადე. გიყვარდეს შენი ქვეყანა და იყავი მისი მცველი.

- ნოდარ ჯალაღონიას ლექსი: "შენ საქართველოს იმედად და ვარდად გაშლილო", თქვენ გეძღვნებათ?
- დიახ.

- ტიტები ლამაზი ყვავილია და ამ დღის სიმბოლოცაა, რატომ?
-  9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე, ასწლოვანი ჭადრები გადაპენტილი იყო ლექსებით, და მთელ გამზირზე ტიტები იყო მოფენილი. ბევრი წლების შემდეგაც კი ვერ შევძელი ლექსების კითხვა, მას შემდეგ აღარც ტიტები მომწონდა, როგორც ყვავილი. ალბათ უდიდესი ტკივილი იყო ჩემთვის ის გლოვა და ტრაგედია, რისი გადატანაც მოგვიხდა.

წლების შემდეგ, ერთს მივხვდი, რომ გინდა თუ არა, გაზაფხული აუცილებლად მოვა, აუცილებლად დაწერენ ლექსებს და ფერადი ტიტებიც მოიწონებენ თავს.

მე ვისურვებდი ულევ ლამაზ და მშვიდობიან გაზაფხულს ჩვენი ქვეყნისთვის.

- მასწავლებელი მუდამ გვასწავლის სამშობლოს სიყვარულს, გვიყვება საინტერესო ამბებს, ლეგენდებს, გვთხოვს გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ასევე ერთმანეთის სიყვარულს, მეგობრობას, ალბათ თქვენც ასე გასწავლიდნენ და ამიტომ გაიზარდეთ ასეთი მამაცები იმდროინდელი ბავშვები?
- თომა, შენი მასწავლებელი საოცარი პედაგოგია. საგნების სწავლა რა თქმა უნდა კარგია, აუცილებელიც კი და იმედია, შენ კარგი მოსწავლე ხარ, თუმცა, შენი პედაგოგი სწორედ იმიტომაც არის განსაკუთრებული, რომ მთავარს გაზიარებთ. მთავარი კი, ჩემო პატარა მეგობარო, ყველგან და ყველაფერში, სიყვარულია. მადლობა შენს პედაგოგს და მადლობა შენ, რომ ჩემი პატარა მეგობარი ხარ. იყავი ბედნიერი და გეცხოვროს მშვიდობიან ქვეყანაში.

- ძალიან საინტერესო იყო თქვენთან ინტერვიუ. ბევრი საჭირო და აუცილებლი რამ მოვისმინე თქვენგან. გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს. დიდი მადლობა.

"ხომ შეიძლება მთელმა დედამიწამ მშვიდად იცხოვროს..."

თომა თეთრაძე, კედლის გაზეთით
როგორც სტატიის დასაწყისში დაგპირდით, გთავაზობთ ინტერვიუს თომასთან:

- თომა, 9 აპრილის შესახებ, პირველად ვისგან გაიგე და რა იფიქრე, როგორი იყო შენი პირველი ემოცია?
- პირველად, 9 აპრილის შესახებ, ჩემი მასწავლებლისგან, მაია ოდიკაძისგან გავიგე. მან გვითხრა, რომ იმ დღეს 21 ადამიანი დაღუპულა, ბევრი მოწამლულა და დაჭრილა. ძალიან შევწუხდი. შეკითხვების დასმა სახლშიც გავაგრძელე. საინტერესო იყო კედლის გაზეთზე მუშაობა, ინტერვიუ 9 აპრილის აქციის მონაწილესთან და პრეზენტაცია. მართლაც ბევრი რამ გავიგე და დავფიქრდი.

- თავად როგორ ფიქრობ, ის ახალგაზრდები, ვინც 9 აპრილს რუსთაველზე იდგნენ, გმირები იყვნენ, თუ გამოუცდელობით და გაუაზრებლად აღმოჩნდნენ მოვლენების ეპიცენტრში?

- საქართველოს დასაცავად დროშიან გოგონასთან ინტერვიუს შემდეგ, ვფიქრობ, რომ 9 აპრილს რუსთაველზე გამოსული ახალგაზრდები, გმირები იყვნენ და ცდილობდნენ ქვეყნის დაცვას.

- შენი აზრით, მამაცებად იბადებიან, თუ შემდეგ ხდებიან ასეთები?

- ვფიქრობ, მამაცებად არ იბადებიან, მერე შეიძლება გახდნენ მამაცები. მამაცი რომ გახდე, ბევრი უნდა ისწავლო და იფიქრო როგორც ჭადრაკში, რომელია უკეთესი სვლა და ამ ყველაფრის შემდეგ იქნები იქ, სადაც საჭიროა და მე ვფიქრობ ზუსტად მაშინ ხარ მამაცი.

- შენ გარშემო, შენმა თანატოლებმა, იციან 9 აპრილის შესახებ?
- იციან, 9 აპრილთან დაკავშირებით, ჩვენთან სკოლაში, ოცდაათივე კლასს უნდა წარედგინა კედლის გაზეთი. ორშაბათს ბევრი იყო გაკრული, თუმცა, არ დამითვლია. ორიგინალური და განსხვავებული დაჯილდოვდებაო გვითხრეს. მინდა ჩემი კლასის კედლის გაზეთი დასახელდეს საუკეთესოდ. დღეს კლასში პრეზენტაციაც გვქონდა, ვიმსჯელეთ, ლექსები წავიკითხეთ.

- ფიქრობ, რომ თუ სამშობლოს დასჭირდა, დღევანდელი ახალგაზრდები, იგივეს გაიმეორებ, რაც მაშინდელმა მოსწავლეებმა და სტუდენტებმა 9 აპრილს შეძლეს?
- აუცილებლად, ჩვენც დავიცავთ საქართველოს და მოვუფრთხილდებით. ხომ შეიძლება მთელმა დედამიწამ მშვიდად იცხოვროს...


მოამზადა ნინა მამუკაძემ

ლალი ლომინეიშვილი
10 აპრილი 2019 19:10
ყოჩაღ, ჩემო, თომა! ალიან მიხარია, რომ ასეთი პატრიოტი, ჭკვიანი, ინტერესიანი, მიზანდასახული და ყურადღებიანი ბიჭი ხარ. იმედია ასე განაგრძობ და კიდევ მრავალ წაემატებას მიღწევ სწავლასა და შრომაში, და რაც მთავარია ღირსეული მამულიშვილი იქნები. მიყვარხარ!
თინა
09 აპრილი 2019 15:44
რა კარგი მასწავლებელი ჰყოლია თომას.
nita
09 აპრილი 2019 13:02
ყოჩაღ, თომა, წარმატებები შენც და ქალბატონ მარისაც!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
დღის კითხვადი სტატიები