"მილიციელს უთქვამს, ქერათმიან ქალს დააკლეს შავგვრემანი, ხუჭუჭა გოგოო… ეს ჩვენ ვიყავით - მე და ჩემი შვილი" - კვირის პალიტრა

"მილიციელს უთქვამს, ქერათმიან ქალს დააკლეს შავგვრემანი, ხუჭუჭა გოგოო… ეს ჩვენ ვიყავით - მე და ჩემი შვილი"

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

"კვირის პალიტრის" არქივში ინახება ინტერვიუ 9 აპრილის დარბევისას მოკლული 16 წლის ეკა ბეჟანიშვილის დედასთან, ლალი ყანჩაველთან.

ეკა ბეჟანიშვილი კომაროვის სკოლის X კლასის მოსწავლე იყო. 1989 წლის 9 აპრილის ღამეს - რამდენიმე წლის წინანდელ ინტერვიუში - ქალბატონი ლალი 1989 წლის 9 აპრილს ასე იხსენებს: "ეკა ფიზიკაზე იყო წასული. 15 წუთი დააგვიანდა და მაშინვე გავედით სახლიდან. ზოგმა გვითხრა კომაროვის სკოლასთან არიანო, ზოგმა... 3 საათზე პარლამენტის წინ გავედი. რუსთაველზე მთავრობის სასახლესთან ვიპოვე. .. როცა დარბევა დაიწყო ერთმანეთი დავკარგეთ. ბუნდოვნად მახსოვს რომ ეკა ვიპოვნე და ხელი ჩავჭიდე. სიზმარივით.... პირველი მე წავქცეულვარ. ბეჭებში მქონდა დარტყმული. აღარც კბილი შემრჩენოდა. ნაძალადევიდან ყოფილა ერთი მილიციელი და იმას უთქვამს, ქერათმიან ქალს დააკლეს შავგვრემანი, ხუჭუჭა გოგოო… ეს ჩვენ ვიყავით - მე და ჩემი შვილი, მე მქონდა ქერად შეღებილი თმა, ის ხუჭუჭა გოგო კიდევ ჩემი ეკა იყო. იმ დღიდან მხოლოდ 6 თვის შემდეგ აღმიდგა მეხსიერება. (იხილეთ სრულად)