"მე ჩემი გვარის ხეს გავახარებ" - კვირის პალიტრა

"მე ჩემი გვარის ხეს გავახარებ"

"40 წელს გადავაბიჯე, მაგრამ ცოლი და შვილები არ მყავს. "კვირის პალიტრის" წინა ნომერში "წინაპართა ხის" ნახვის შემდეგ ორი სურვილი გამიჩნდა: ჯერ ერთი, მინდა გავარკვიო, ვინ იყვნენ ჩემი წინაპრები, ვფიქრობ, ეს არცთუ ადვილი იქნება, თუმცა, მცდელობას არ დავაკლებ. და მეორე - ძალიან მინდა წინაპრების"დარგული”გენეალოგიური ხე" გადავარჩინო.

მე დედისერთა ვარ. გულზე სევდა შემომაწვა, როდესაც ვერც დედმამიშვილების გრაფა შევავსე და ვერც იქ ჩავწერე რამე, სადაც შვილები უნდა დამესახელებინა. რას შვრები, ბიჭო, გვარს კლავ? -  ვკითხე ჩემს თავს. ამიტომაც მგონია, რომ როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამ პროექტს აკურთხებდა, კარგად იცოდა, ჩემსავით ბევრს გაუჩნდებოდა დანაშაულის გრძნობა წარსულისა და მომავლის წინაშე. გმადლობ, "კვირის პალიტრავ", ამ პროექტის შემოთავაზებისთვის. ახლა ნამდვილად ვიცი, რომ ცოლს აუცილებლად მოვიყვან, გავმრავლდები და ჩემი გვარის ხეს გავახარებ.

პატივისცემით, გიორგი თავართქილაძე."

წინათ ჩვენს წინაპრებს შორეული ფესვების შესახებ ყველაფერი სცოდნიათ. ამას, ალბათ, ისიც აიოლებდა, რომ ადამიანები ერთსა და იმავე ტერიტორიაზე საუკუნეობით ცხოვრობდნენ, მემკვიდრეობას რუდუნებით გადასცემდნენ შთამომავალთ და კავშირი წარსულსა და მომავალს შორის უწყვეტი იყო. ეკლესიებში დაცული ნათლობის წიგნებიც ზუსტად აღრიცხავდა, ვინ როდის იბადებოდა ან ინათლებოდა და ვინ ვისი შთამომავალი იყო. საქართველოს გასაბჭოებისა და ეკლესიების დარბევის შემდეგ ბევრი ასეთი წიგნი გაანადგურეს, რაც გადარჩა - არქივებშია დაცული, ამიტომ წარსულთან დამაკავშირებელი ეს ხაზიც გაწყდა. მაგრამ ზოგიერთი გვარი თუ ოჯახი  საკუთარი ისტორიის მოძიებასა და გადარჩენას ცდილობს და ხელახლა იქმნება გენეალოგიური ხეები.

ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელი მამა დავით ციცქიშვილი: - "ამბობენ, რომ წინათ, როდესაც ქალ-ვაჟი ქორწინდებოდა, ბრძენი ხალხი ორივეს გენეალოგიურ ხეს გადახედავდა, იკვლევდნენ, ვის ღირსეული წინაპარი ჰყავდა, ვის - უღირსი ან სნეული, მაგალითად, ფსიქიკურად აშლილი  ან რაიმე ცოდვით დამძიმებული. ახალი ოჯახის შექმნის დროს ამ ფაქტორების გათვალისწინებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ბიბლიაში წერია, რომ უფალი მამათა ცოდვებს მათ შვილებსა და შვილიშვილებს მოჰკითხავს.

ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ ადამიანი მონათვლის შედეგად წინაპრების  ყველა ცოდვისაგან თავისუფლდება, მაგრამ მიდრეკილებები მაინც რჩება, რადგან თითოეულ ჩვენგანს წინაპრებისგან უამრავი დადებითი და უარყოფითი თვისება გადმოეცემა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ეს ტრადიცია აღდგება; ადამიანს ხომ ისედაც აქვს შინაგანი მოთხოვნილება, იცნობდეს თავის წინაპრებს. ეს არ იქნება მხოლოდ სახელისა და გვარის შენარჩუნება. გადარჩება ინფორმაცია თითოეული ადამიანისა და ზოგადად, გვარის შესახებ. პატრიარქი ლოცავს გვარებს, მეუფე იობთან კი იკითხება ლოცვები გვარში ცოდვათა მისატევებლად.

წინაპრებთან დაკავშირებით აღსანიშნავია ისიც, რაზეც პატრიარქი ილია მეორე საუბრობს: გარდაცვალებისას ადამიანს პირველად წინაპრები ეგებებიან. აგონიაში მყოფი ადამიანი ხშირად ხედავს გარდაცვლილ წინაპრებს და არა მხოლოდ ეკლესიურად მცხოვრებთა ოჯახში. ეკლესიური გამოცდილებაც ამბობს, რომ მომაკვდავთან დასახმარებლად პირველად მისი გარდაცვლილი წინაპრები მოდიან. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, როდესაც უცხო ქალაქში ჩასულს, თუ ახლობელი გყავს, შეჩვევა გიადვილდება, რადგან შენიანი გაძლიერებს. დაახლოებით ასე აიხსნება სიკვდილის წინ წინაპრების გამოჩენაც.

იმ სამყაროში, რომლის არსიც სრულიად განსხვავებულია მიწიერი ყოფისაგან, მეგზურობას წინაპრები გვიწევენ. ამ მოვლენას წმინდა მამები საუკუნეების განმავლობაში აკვირდებოდნენ.

გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ! ეს ნიშნავს, იცოდე, ვინ იყვნენ შენი წინაპრები და სისტემატურად მოიხსენიო ისინი ლოცვებში. რელიგიურ ცხოვრებაში არის ძალიან საინტერესო მომენტი - როდესაც შვილები ავად ხდებიან, მშობელი იწყებს გამოძიებას, მისი ცოდვა, არასწორი ქცევა ხომ არ არის განსაცდელის მიზეზი. ეს ფსიქოლოგიური მომენტია, რომელიც ხშირად შესანიშნავი ბიძგია სულიერი განვითარებისთვის, თუმცა ბევრს არ ესმის მისი მნიშვნელობა.

ერთ-ერთ ბერძენ ბერს, გიორგის ჰკითხეს:  რატომ უნდა ევნონ ბავშვები მშობლების ცოდვებისთვის? ნება მიბოძეთ, მეც გკითხოთ, აბა, როგორ ჩაუნერგავდა უფალი ცოდვის ჩადენის შიშს ადამიანებს, თუ მშობლების დანაშაულს შვილებს არ მოჰკითხავდა?  იმისათვის, რომ ცოდვა აგარიდოს, უფალი  შვილის დასჯით გაფრთხილებს.  ვინც კომუნისტების დროს ეკლესიები და სალოცავები დაანგრია, არა მხოლოდ თვითონ, მათი შთამომავლობაც გაუბედურდა.

უფალი იმასაც უშვებს, რომ წინაპრების ცოდვების გამო დასჯილმა ბავშვებმა საუკუნო სასუფეველი და მარადიული ნეტარება მიიღონ.  მაგრამ ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ყველა განსაცდელი წინაპართა ცოდვების გამო სასჯელად მოდის. როდესაც უფალი დაბადებიდან ბრმას განკურნავს, ამბობს, რომ იგი ამ დღეში იყო, რათა მის მიმართ აღსრულებულიყო სასწაული ღვთისა.

ამიტომ ყველაფრის წინაპართათვის დაბრალებაც არ იქნება მართებული. თუ შენ ხარ ქრისტიანი, ცხოვრობ ეკლესიურად, აღმსარებელი და მაზიარებელი ხარ, წინაპართა ცოდვები ვერაფერს დაგაკლებს. ამის შესანიშნავი მაგალითია ბერი გაბრიელ ურგებაძე. მამამისი კომუნისტი იყო, სალოცავი დაანგრია,  ბევრი გლეხი განაკულაკა და ბოლოს წამებით მოკლეს, მაგრამ მამა გაბრიელი გამორჩეული ბერია და ალბათ, ადრე თუ გვიან, წმინდანადაც შეირაცხება. ის ჩვენი დროის ქრისტიანობის ერთ-ერთ მანათობელ შუქურად იქცა.

გახსოვდეთ, როგორც ცოდვა, მადლიც თაობიდან თაობას გადაეცემა. როდესაც ეკლესიურად ცხოვრობ, შენს შთამომავლობას ცხოვრებას უადვილებ. გაიხსენეთ თქვენი წინაპრები და ილოცეთ მათთვის".