"ადრე არასდროს ვნახულობდი სიზმარში, რაც წავიდა, მას შემდეგ კი სულ მესიზმრება" - რას ნანობს ბუბა კიკაბიძე?
"ადრე არასდროს ვნახულობდი სიზმარში, რაც წავიდა, მას შემდეგ კი სულ მესიზმრება" - რას ნანობს ბუბა კიკაბიძე?
"როდესაც ამ სიტყვებს ვმღერი, ვიცი, რომ მისთვის ვმღერი, დედაჩემისთვის..."


როგორც სჩვევია, თავისი საფირმო ღიმილით შემხვდა, თბილად მომიკითხა და შინ შემიძღვა. მაგიდის სხვადასხვა მხარეს მოვკალათდით მე და ჩემი მასპინძელი, ყველასთვის საყვარელი ბუბა კიკაბიძე. უკვე დათბა... ახლოვდება გაზაფხულის პირველი დღესასწაული - "დედის დღე". ამ დღეს, ბედნიერი ადამიანების უმეტესობა, დედასთან ერთად ატარებს, ვისაც დედა აღარ გვყავს - მე და ჩემი რესპონდენტივით - ვიხსენებთ მათ ფრაზებს, ქცევებს, თვისებებს...

ბუბა კიკაბიძე:
- მეგონა, სანამ მე
ვიქნები, დედაც სულ მეყოლებოდა... ადრე არასდროს ვნახულობდი სიზმარში, რაც წავიდა, მას შემდეგ კი სულ მესიზმრება
. ჩვენი თაობის დედებმა ძალიან ბევრი გაჭირვება გადაიტანეს. ფაქტობრივად, ჩვენთვის მამებიც ისინი იყვნენ და დედებიც.

დედა ძალიან კარგი მომღერალი იყო. მღეროდა ბიძაჩემის, ჯანო ბაგრატიონის ჯაზორკესტრში, მერე საქართველოს სახელმწიფო კაპელაში, მას შემდეგ
კი 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სიონის ტაძარში გალობდა. მორწმუნე ქალი იყო. მე ცუდად ვსწავლობდი. იმ დროს, როდესაც დედა ამთავრებდა გალობას, გავუვლიდი ხოლმე და ერთად მივუყვებოდით სახლისკენ გზას. ერთხელ, დაახლოებით 9-10 წლის რომ ვიყავი, ვკითხე, - დედა, სულ ღმერთს რომ ახსენებ, იცნობ-მეთქი? - როგორ არა, ყოველდღე ვხედავო, - მიპასუხა... როგორია-მეთქი? - შენ ხარ... ყველა ადამიანში არის ღმერთი. როგორი ადამიანიც გაიზრდები, ისეთი ღმერთი გეყოლებაო, - მომიგო. სწორია!

ჩემი ონავრობის გამო, დედას ხშირად იბარებდნენ სკოლაში. ერთხელ მესამე კლასში დამტოვეს, მეორედ - მეექვსეში, მესამედ - მერვეში. ერთხელ ჩემმა მასწავლებელმა ანუგეშა, - ნუ ნერვიულობ, მანანა, შენი ბიჭი არტისტი გამოვაო...

სკოლის დამთავრების შემდეგ ხან მშენებლობებზე ვმუშაობდი, მერე კინოსტუდიაში, მულტიპლიკაციის "ცეხშიც" ვხატავდი... შემდეგ ავმღერდი. დედა სულ მეუბნებოდა: არა გრცხვენია, ასეთი ხრინწიანი ხმით სცენაზე რომ მღერიო?! ეტყობა, ჩემი სიმღერიდან და თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე, ჩემზე თავისებური წარმოდგენა ჰქონდა შექმნილი. ეს, რა თქმა უნდა, დასაწყისში, ვიდრე საზოგადოება გამიცნობდა. ერთხელ, მეგობარი შეხვედრია. მოუკითხავთ ერთმანეთი. მას უთქვამს: ჩემი შვილებიდან ერთი ფიზიკოსია, მოსკოვში მუშაობს, მეორე - იქ მიიწვიეს, მესამეც - იქო. მერე მე მოვუკითხავვარ, - ბუბა რას საქმიანობსო? დედას ღაწვები წამოსწითლებია, თავი დაუხრია და დარცხვენილს უპასუხია: ბარაბანზე უკრავსო. ეს ამბავი მოგვიანებით, თავად ამ ქალბატონმა მიამბო. დრო რომ გავიდა, უკვე ბევრმა გამიცნო, დაიწყო გაუთავებელი კონცერტები და გასტროლები, მითხრა: შვილო, რადგან შენს კონცერტებზე ბილეთებს ყიდულობენ და ამდენი ხალხი ტაშს გიკრავს, ეტყობა, მე რაღაც ამ მესმისო. თავად არაჩვეულებრივი ხმა ჰქონდა. შემომთავაზა, მოდი, ერთი სიმღერა ერთად ჩავწე­როთო. გამიხარდა, მაგრამ ხომ იცით, - დღეს, ხვალ, ზეგ და, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ვერ შევუსრულე ეს სურვილი... ამის გამო უზომოდ ვწუხვარ.

- შინაურულად, შინ რომ მოიყრიდით სუფრასთან თავს, რისი სიმღერა გიყვარდათ?
- საერთოდ არ ვმღეროდი მაგიდასთან, მრცხვენოდა. ბანს თუ მივცემდი, ისიც იშვიათად... დედა მკვეთრად გამოხატული მენშევიკური აზროვნების ქალი გახლდათ. გასტროლებზე რომ დავიწყე სიარული, ეგონა, მარტო რუსებთან დავდიოდი. შინ რომ შემოვიდოდი, ყოველთვის ამ ფრაზით მეგებებოდა: "აბა, მომიყევი ბუბა, როგორ არიან იქ შენი რუსები?!"

გარეგნულად მამას ვგავარ, დედა ძალიან ლამაზი ქალი იყო. მეგობრებივით ვიყავით, ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად. პირველი 14 წელიწადი ბესიკის ქუჩაზე, სამზარეულოში ვცხოვრობდით. იატაკი ცემენტის იყო და იმის საშუალება არ გვქონდა, რომ ფიცარი დაგვეგო. ამის გამო, დედასაც სულ ფეხის ტკივილი აწუხებდა და მეც დღევანდლამდე გამომყვა ეს პრობლემა. შემდეგში მეზობელმა მიიერთა ჩვენი სამზარეულო, ჩვენ კი პირობები გავიუმჯობესეთ: მართალია, 8 კვადრატულ ოთახში გადავბარგდით, სამაგიეროდ, ხის იატაკი ჰქონდა ამ ოთახს. ოთახს ვეძახდით, თორემ სინამდვილეში, ყოფილი დერეფანი იყო, აქეთ-იქით ამოჭედილი კარებით, უკან ამოშენებული კედლით. შესასვლელი სულ ღია გვქონდა იმ უფანჯრო სივრცეში, ჰაერს რომ ეტრიალა. მოგვიანებით კი შევიძინე ბინა დედასთვის, მაგრამ არ წავიდა, მეზობლებს არ დავტოვებო.

ბავშვის ცხოვრებაში ყველაზე მთა­ვარი დედაა! მამაც თუ ჰყავს, ბიჭისთვის მით უმეტეს, კარგია, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენს კლასში 35 ბიჭი ვსწავლობდით და მათგან მხოლოდ ერთს, სოსო მამფორიას ჰყავდა მამა თბილისში - ის სამხედრო ექიმი იყო. დანაჩენების მამები ომში იყვნენ და მათი 80% არც დაბრუნებულა. მამფორიას მამა რომ მოაკითხავდა სკოლაში, მთელი კლასი დავერეოდით სოსოს და ვცემდით. ჩვენს აგრესიას მამის გვერდით ცხოვრების უსაზღვრო სურვილი იწვევდა...

ოფიციალური ვერსიით, მამა ქერჩთან დაიღუპა. დედა რომ დავკრძალე, მამაჩემის ფოტო ჩავაყოლე, ვითომ ერთად არიან. ბევრი ქართველი დაიღუპა ქერჩთან. როგორც ამბობენ, დაახლოებით 20 მეტრის სიგრძეზე წყალი სულ წითლად ყოფილა სისხლისგან შეღებილი. მეგობრის მამა დაბრუნდა ქერჩის ბრძოლიდან და გვიყვებოდა, როგორ გამოცურა ზღვაში გადაბრუნებული მაგიდით. დედა ქმარს სულ ელოდა, უკანასკნელ დღემდე. მამა ჟურნალისტი იყო, ენები იცოდა. მხედველობის პრობლემის გამო (მინუს 8 ჰქონია) არ გაუწვევიათ ჯარში, მაგრამ 1942 წელს დედაჩემისთვის უთქვამს, - მანანა, მრცხვენია ქუჩაში სიარული, მაშინ, როდესაც თითქმის ყველა მამაკაცი იბრძვისო. ამიტომ დაწერა განცხადება და საკუთარი სურვილით წავიდა.

მომიყოლია თქვენთვის, როგორ იქორწინეს ჩემმა მშობლებმა? დადიანებთან ყოფილან სტუმრად. სუფრასთან ერთმანეთის მოპირდაპირედ მსხდარან. გაზაფხულის პერიოდია და თურმე, ახალი შემოსულია მწვანილი, კიტრი, წიწაკა... მამაჩემს უკითხავს, - ქალბატონო მანანა, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ თქვენი ყურადღება მივიქციოო? დედას უპასუხია: 5 წიწაკა უნდა შეჭამოთო. ამას მართლა დაუვლია ხელი და უჭამია. ისეთი ცხარე ყოფილა, ცუდად გამხდარა, "სასწრაფო" გამოუძახიათ. იწვის თურმე კაცი სიცხისგან... ექიმების მოსვლამდე, დედას უზრუნია მასზე - თავის ხელსახოცს ასველებდა და შუბლზე აფენდა. ეს ამბავი პაპაჩემისთვის მოუხსენებიათ. მასაც უკითხავს: შვილო, ვინ იყო დადიანებში ის ყმაწვილი, შენ რომ გეპრანჭებოდაო? დედას არ დაუმალავს, - ერთი ჟურნალისტი, კოტე კიკაბიძეო. - თუ მიეკარე, ხელით შეეხეო? - დაინტერესებულა პაპა. - კი, ცუდად იყო და მე სველ-სველ საფენებს ვუცვლიდიო. - რახან ხელი მოჰკიდე, მაშინ ცოლადაც უნდა გაჰყვეო, - დაუსკვნია ოჯახის უფროსს. ამ ამბავს, ალბათ აფორმებდა და იუმორითაც აზავებდა თავისებურად, მაგრამ ყოველთვის სიამოვნებით იხსენებდა დედა.

ბევრი მამაკაცი ცდილობდა მისი ყურადღების მიპყრობას, მაგრამ დედა სულ მამას ელოდებოდა - კოტიკო დაბრუნდებაო. ერთხელ, დედას კლასელი მოსულა და წერილი დაუტოვებია ჩვენთან: ამა და ამ დროს, ამა და ამ ადგილას მოდი, უნდა გნახოო.

დედა წავიდა და შინ მობრუნებულს შევამჩნიე, რომ ერთი წარბი მთლიანად გასთეთრებოდა. თურმე, უგზო-უკვლოდ დაკარგული, ვიღაც მამაკაცი ჩამოსულა თბილისში. დედას კლასელი მასთან ერთად, სუფრაზე მოხვედრილა და მისი ფოტოების დათვალიერების საშუალებაც მისცემია. ერთ ფოტოში, რომში, რომელიღაც აუზთან, სადაც სამი ქართველი მამაკაცი დგას, ერთ-ერთში მამა ამოუცნია. დედას კლასელს ფოტოს პატრონისთვის მისი ვინაობაც უკითხავს, რაზეც პასუხად მიუღია: მისი სახელი არ ვიცი, ჩემს მეგობარს მოჰყვაო.

გაჩნდა აზრი, რომ მამა ცოცხალი იყო და რკინის ფარდის მეორე მხარეს იმყოფებოდა. დედა სულ ბორგავდა, ელოდა... ერთხელ მითხრა: ამდენ ხალხს იცნობ და გატროლებზე რომ იქნები, რუსეთში "პაგონებიანებს" დაელაპარაკე, იქნება მამაშენზე რამე შეიტყოო. მოსკოვის რაიონია იასინა, სადაც რუსეთის დაზვერვის ცენტრია განთავსებული. ფაქტობრივად, ქალაქი ქალაქშია და იქ მოხვედრა თითქმის შეუძლებელია.

მე მიწვევა მივიღე, იასინიელებს კარგი კონცერტი ჩავუტარეთ, რის შემდეგაც 5-6 მაღალჩინოსნის გარემოცვაში, სუფრასთან აღმოვჩნდი. ჩამივარდა თუ არა მომენტი, მათ მამაზე ვუამბე. ივარაუდეს, რადგან ენები იცოდა, შესაძლოა, რომელიმე სტრუქტურაში დასაქმებულიყო. ჩვენს ხელში რომელი სტრუქტურის მონაცემებიც არის, ყველას "ამოვწევთო", - დამპირდნენ. ქერჩში მისი გვარი არის მემორიალზე ამოტვიფრული, მაგრამ მიწერილი აქვს - "უგზო-უკვლოდ დაკარგული". ერთი თვის შემდეგ დამიკავშირდნენ იასინიდან: 10 კიკაბიძე მოვიძიეთ, თუმცა, არც ერთის მონაცემები არ მიესადაგება მამათქვენისასო. დედამ განიცადა... შემდეგში, პირველად რომ გავემგზავრე ამერიკაში, ვიქტორ ხომერიკი იყო ქართული დიასპორის ხელმძღვანელი, აქედან გაქცეული ძველი მენშევიკი. იმასთანაც მოვიკითხე. რამდენიმე დღის შემდეგ მითხრა: არის ერთი, რომლის აღწერილობა და მონაცემები მამაშენისას ემთხვევა, ოღონდ, სხვა გვარს ატარებს და ქართველებთან საქმე არა აქვსო. 1967 წელს უკვე კანადაში წავედი პირველად. მოსკოვიდან "კაგებეს" თანამშრომელი გვახლდა, ნიკალაი ვასილიჩი. ნომერში დარეკა, ქვემოთ ვიღაც ქართველი გკითხულობსო. ჩავედი, ვიღაც კაცი გადი-გამოდის, მამაჩემის ასაკისა ჩანს და აშკარად, ქართველია. პირდაპირ არ მივედი, ჩავუარე და წავიღიღინე: "საყვარლის საფლავს ვეძებდი..." მოტრიალდა, ქართველი ხარო? - კი-მეთქი. - ბუბა კიკაბიძეს ვეძებო. - მე ვარ-მეთქი. - დედას მანანა ჰქვიაო? დავუდასტურე. - ბებიას, მამის მხრი­დან აგრაფინა ერქვაო? ესეც დავუდასტურე. უცებ პერანგი გაიხსნა და მკერდზე მამაჩემის სახელი ჰქონდა მიწერილი. დღემდე გული მიჩუყდება ამ ამბავს რომ ვიხსენებ. ეს მამაკაცი ძია გიორგი აღმოჩნდა. მითხრა: მე და მამაშენი 1922 წელს ბათუმის ნაკრებში, ერთად ვთამაშობდით ფეხბურთსო და 3 დღის განმავლობაში, ვიდრე იქ ვიყავით, გადაგვყვა, პატივი გვცა.

89 წლის გარდაიცვალა დედა. ერთი არ დაუკვნესია, ისე წავიდა.  მშობელს დიდ პატივს უნდა სცემდეს შვილი. არ მესმის მოხუცებულთა სახლში რომ მიჰყავთ და აბარებენ. ერთ ხალხურ სიმღერას მღეროდა დედა, საიდანაც შემდეგში, ერთი სტროფი ჩემს სიმღერაში ჩავსვი: "დაჭკნა ვარდი გაფურჩქვნილი/ და ბულბულმა იწყო გლოვა,/ ვა, ბულბულო, რადა სტირი?/ გაზაფხული ისევ მოვა". როდესაც ამ სიტყვებს ვმღერი, ვიცი, რომ მისთვის ვმღერი, დედაჩემისთვის...


ეკა სალაღაია
ჟურნალ "გზის" არქივიდან
soxumeli veterani
15 აპრილი 2019 16:16
გაიხარე ბუბა!
15 აპრილი 2019 14:51
Гмертма даглоцот да гагадзлиерот батоно Буба.
15 აპრილი 2019 09:38
ბუბა!ადამიანი ბრძანდებით და მინდა ჯანმრთელობა გისურვოთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?