"მამამ დაიწყო შვილისთვის პანაშვიდის გადახდა, მაგრამ ვერ გაუძლო, ატირდა... მერე სხვა მოძღვრებმა განაგრძეს" - კვირის პალიტრა

"მამამ დაიწყო შვილისთვის პანაშვიდის გადახდა, მაგრამ ვერ გაუძლო, ატირდა... მერე სხვა მოძღვრებმა განაგრძეს"

საფრანგეთის ქართველი ემიგრაცია 30 წლის ბარბარე დავრიშაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ შოკში ჩააგდო. როგორც ახალგაზრდა ქალის ახლობლებისგან შევიტყვეთ, ბარბარა რამდენიმე თვის წინ,  ქალაქ მაიამიში ძმასთან ჩავიდა და მუშაობა დაიწყო. იმ საბედისწერო დილას გარდაცვლილი ძმამ და რძალმა საძინებელ ოთახში ნახეს.

ჯერჯერობით გარდაცვალების დეტალები უცნობია. ახლობლები ექსპერტიზის შედეგს ელოდებიან.

ბარბარე საფრანგეთში არსებული წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა არჩილ დავრიშაშვილის ქალიშვილია. სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით, საფრანგეთის ტაძრის მრევლი, იქ მცხოვრები ქართველები, მამა არჩილს უსამძიმრებენ ამ უდიდეს ტრაგედიას. ბარბარეს გარდაცვალებას სოციალური ქსელით საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. "ფეისბუკის" პირად გვერდზე მან ბარბარესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: "რა სისასტიკეს იჩენს ხოლმე ცხოვრება, რა უკუღმართია ხოლმე ბედი, ან რატომ უნდა ასე უდროოდ ბარბარას ღიმილი გაქრეს". პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოქვეყნებული ფოტო როგორც შევიტყვეთ, ეს ფოტო პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, საქართველოშია გადაღებული. მამა არჩილი ოჯახთან ერთად საფრანგეთიდან სპეციალურად ჩამოსულა იმ დღისთვის საქართველოში. ზურაბიშვილების ოჯახთან მათ ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. როგორც საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა მითხრა, საფრანგეთში არსებული წმინდა ნინოს ქართული ტაძარი ზურაბიშვილების ოჯახის აშენებულია და სწორედ იმ ტაძრის წინამძღვარი გახლავთ მამა არჩილი. ზურაბიშვილებს ამ ოჯახთან ნათელ-მირონობაც აკავშირებთ. მამა არჩილის ვაჟი, ვახტანგი სალომე ზურაბიშვილის მონათლულია.

გვესაუბრება საფრანგეთში მცხოვრები ქართველი:

- ფაქტობრივად, ისინი ოჯახის წევრები არიან. ქალბატონ სალომეს ვაჟმა საქართველოში ჯვარი რომ დაიწერა, მამა არჩილი ოჯახით იყო ჩამოსული და კარგად მესმის, როგორ განიცდის ქალბატონი სალომე ამ ამბავს. ვინც ერთხელ მაინც შეხვედრია ბარბარას, წარმოუდგენელია გული არ სტკიოდეს. საოცრად მხიარული, მოსიყვარულე, სიცოცხლით სავსე გოგო იყო. ყველანი ვიცნობდით მას, ვინც ტაძარში დავდიოდით. ყველას გვტკივა გული მისი ასეთი უეცარი სიკვდილით. ჯერ არ არის გარკვეული სიკვდილის მიზეზი, მამა არჩილი საფრანგეთიდან მიფრინავს მაიამიში და ალბათ გაირკვევა ყველაფერი. ბარბარა მამასთან ერთად

ბარბარას ძმა ვახტანგი მაიამიში ცხოვრობს, მეუღლეც იქაური ჰყავს. ბარბარა ხშირად დადიოდა ძმასთან. საოცარი და-ძმობა ჰქონდათ. რამდენიმე თვის წინ კი ჩავიდა და იქვე დარჩა. ყველაფერი კარგად ჰქონდა აწყობილი -  არომათერაპიის მაღაზიაში მუშაობდა. დილით რომ არ გამოსულა ოთახიდან, შესულან მის საძინებელში და ეს საშინელი სურათი დახვდათ. სასწრაფო გამოუძახებიათ, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო. ვერაფერი უშველეს.

10 აპრილს, საფრანგეთში, ტაძარში პანაშვიდი ცხედრის გარეშე გადაუხადა შვილს მამა არჩილმა. ვერც ვიფიქრებდით, რომ ამას შეძლებდა. სხვა ეკლესიების მოძღვრებიც იყვნენ მოსული, მამამ დაიწყო შვილისთვის პანაშვიდის გადახდა, მაგრამ ვერ გაუძლო, ატირდა...  მერე სხვა მოძღვრებმა განაგრძეს. სავსე იყო ეკლესია, ტევა არ იყო, ყველა ტიროდა. ეს უმძიმესი წუთები იყო. მამა არჩილი არაჩვეულებრივი, უსპეტაკესი ადამიანია, ბავშვივით მიამიტი, საყვარელი და ამხელა განსაცდელის წინაშეა. რომ ნახა მრევლი ასეთ მდგომარეობაში იყო, მერე ისევ თვითონ აიყვანა თავი ხელში და ცდილობდა განეტვირთა ეს დამძიმებული ვითარება. ასეთი სათნო მოძღვარი ალბათ დიდი იშვიათობაა დღეს.

- მამა არჩილ დავრიშაშვილი დიდი ხანია საფრანგეთში ცხოვრობს?

- საფრანგეთშია დაბადებული და გაზრდილი. თუმცა ქართულად ძალიან კარგად ლაპარაკობს ისიც და მისი 4 დაც. საქართველოზე უზომოდ შეყვარებულები არიან. ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდნენ საქართველოში. წმინდა ნინოს ეკლესია ზურაბიშვილების დაარსებულია, ქალბატონი სალომე ამ ტაძრის მრევლი იყო. მის ინაუგურაციაზე იყო ბარბარა ჩამოსული ბოლოს საქართველოში. პარიზში ორი ქართული ეკლესიაა, წმინდა ნინოს ეკლესიაში სულ დადიოდნენ ძველი ემიგრანტები. ნოე ჟორდანიას შვილი ნათელა აქ დადიოდა, ახლა მისი შვილიშვილი დადის.

-  მამა არჩილის მეუღლეც ქართველია?

-  მისი მეუღლე ასათიანი იყო, ისიც ძველი ემიგრანტების შთამომავლი. ამერიკაში ცხოვრობს. მას ახალი ოჯახი აქვს შექმნილი. მამა არჩილმა  მარტომ გაზარდა ორი შვილი - ვახტანგი და ბარბარა. შემდეგ ვატომ ცოლი მოიყვანა მაიამიდან და იქ გადასახლდა. ბარბარე ხშირად დაფრინავდა ვატოსთან, ძმა და ძმისშვილები ძალიან უყვარდა. მამაოც ახლახან იყო ამერიკაში. ვატოს მეუღლე ორსულად იყო მესამე ბავშვზე, ბარბარეს გარდაცვალების შემხედვარემ ეტყობა ძალიან ინერვიულა და ნერვიულობის ნიადაგზე დაუჩქარდა მშობიარობა და პატარა სოფიო გაჩნდა.

ბარბარას საფრანგეთში ჩამოასვენებენ და აქ დაკრძალავენ.

სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი წერს ბარბარას გარდაცვალებაზე.

"დიდი მადლობა ყველას ამდენი სითბოსთვის და სიყვარულისთვის ამ მძიმე მომენტში! შეგატყობინებთ როდის იქნება გადმოსვენება და დაკრძალვა", - ასე გამოეხმაურა მამა არჩილი სამძიმრის წრილებს.

"კვირის პალიტრა" წუხს მომხდარის გამო და უსამძიმერებს მამა არჩილს და ყველა ახლობელს.