რა ხდება ხონის ფსიქიატრიულ ცენტრში (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

რა ხდება ხონის ფსიქიატრიულ ცენტრში (ექსკლუზივი)

"ჩვენი დაწესებულება ერთადერთია საქართველოში, სადაც იძულებით მკურნალობენ სისხლის სამართლის დამნაშავეები"

ცოტა ხნის წინ ხონში, სოფელ ქუტირში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სკანდალში გაეხვია - პაციენტის, 60 წლის ქალის გარდაცვალებაში მისი ოჯახის წევრები ცენტრის პერსონალს ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, ექიმებმა პაციენტს სცემეს და აწამეს, რის შემდეგაც საჭირო გახდა მისი ქუთაისის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა. ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ბენეფიციარზე ძალადობა უარყვეს და განმარტეს, რომ ქალმა დაზიანებები ეპილეფსიური შეტევის დროს მიიღო.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორთან, გოჩა ბაკურაძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ამ სამწუხარო ამბით დავიწყეთ.

- ოჯახი თქვენს პერსონალს ბენეფიციარის ცემა-წამებაში ადანაშაულებს. უარყოფთ ამას? - პაციენტის იდენტიფიცირება დაუშვებელია. ჩვენ ვერ დავარღვევთ კონფიდენციალობას და ამიტომ ვიკავებთ თავს მათ პირდაპირ, ან მედიით გავცეთ პასუხი. არ იფიქროთ, რომ სათქმელი არაფერი გვაქვს, უბრალოდ, თავის მართლება არ გვსურს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც ადამიანები ვართ და ემოციები გვაქვს, კანონმდებლობის დაცვას ვცდილობთ და არ ვეხმიანებით არავის. ღრმად ვარ დარწმუნებული ჩემი თანამშრომლების კანონიერ ქმედებაში. მსგავსი შემთხვევა კარგ და თბილ გარემოშიც ხდება, სახლშიც და ქუჩაშიც... მზრუნველობით განებივრებულ ბებიასაც შეიძლება ფეხი დაუცდეს და რამე დაიზიანოს.

- მიმანიშნებთ, რომ ქალი დაეცა და არავის უცემია? ოჯახის მტკიცებით, ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. ყურიც კი მოგლეჯილი ჰქონდა... - მსგავსი არაფერი ყოფილა! არ მინდა ასეთ სისულელეზე პასუხის გაცემა. იმ საავადმყოფოში, სადაც გადაიყვანეს, თქვეს, რომ მარჯვენა მხარეს ჰქონდა რაღაც დაზიანება. ყველაფერს გამოძიება და ექსპერტიზა დაადგენს, მაგრამ დაწესებულების რეპუტაციას ნურავინ შეეხება! აქ პერსონალი ზრუნავს ისეთ ადამიანებზე (და ისეთ მძიმე სიტუაციაში), რომლებზეც საკუთარი ოჯახებიც კი უარს ამბობენ, ამიტომ ჯობს, ლანძღვას ყველა მოერიდოს. ჩვენთან მომხდარ ყველა ფაქტზე - პაციენტის მცირე დაზიანებაზეც კი, ჩვენგან მიდის შეტყობინება და არაფერს ვჩქმალავთ. ტალახს ნურავინ გვესვრის. ჩვენი პაციენტების უკან ოჯახებია და ყველა ღელავს...

- დროდადრო ვრცელდება ხმები პერსონალის მიერ ბენეფიციარებზე ძალადობისა და უდიერად მოპყრობის შესახებ. ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ოთახების უმეტესობა ჰიგიენის მინიმალურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებს და თავშესაფრის ბენეფიციარები ღირსების შემლახავ პირობებში არიან. - აქ ასეთი არაფერი ხდება. ჩვენი გამოცდილი გუნდი ზრუნავს მძიმე კონტინგენტზე, ტიტანურ შრომას ეწევიან, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არ ვლაპარაკობთ. არც ერთი კომპეტენტური უფლებადამცველის დასკვნაში არასოდეს ყოფილა ძალადობის ფაქტები. ვეთანხმები, რომ ინფრასტრუქტურა იყო მძიმე და ნაწილობრივ, დღესაც ასეა, თუმცა გარდაქმნის პროცესში ვართ... თავის დროზე სახალხო დამცველის დასკვნებში მოხსენიებული ღირსების შემლახავი გარემო არ გულისხმობს პერსონალის არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობას.

- თავშესაფარში რა კონტინგენტი გყავთ? - 100-კაციან თავშესაფარში უმძიმესი ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები გვყავს, რომელთაც ხშირად ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობა აქვთ. არიან ასევე სხვადასხვა დაავადებით, მაგ., ეპილეფსიით გამოწვეული დემენციებით (ჭკუასუსტობა), ალცჰაიმერით დაავადებულებიც. ეს არის უმძიმესი კონტინგენტი, რომელსაც 24-საათიანი მოვლა-პატრონობა და მზრუნველობა სჭირდება. ისინი დაუხმარებლად ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებასაც ვერ ახერხებენ. ასეთი თავშესაფარი ერთადერთია ქვეყანაში. ჩვენი პერსონალის შრომა არის უმძიმესი და დაუფასებელი. ვცდილობთ, ემოციები მოვთოკოთ და საქმე ვაკეთოთ. ამასობაში შეიძლება რაღაც შეგვეშალოს და საქმე გაფუჭდეს, მაგრამ ვერ დავუშვებთ ლანძღვა-გინებას, განსაკუთრებით მათგან, ვისაც არც მძიმე პაციენტი უნახავს, არც გულყრის გენერალიზებული ფორმა...

- რა კატეგორიის პაციენტები გყავთ ცენტრში და რამდენ ბენეფიციარზეა გათვლილი? - ჩვენი ცენტრი დღეს 550-მდე ბენეფიციარს ემსახურება სტაციონარული მკურნალობის კურსით. გვყავს სხვადასხვა კატეგორიის - ნებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარებისა და არანებაყოფლობითი მკურნალობის პაციენტებიც. ისინი ვერ აცნობიერებენ თავიანთ მდგომარეობას, უარს აცხადებენ მკურნალობაზე, თუმცა საფრთხეს უქმნიან როგორც საზოგადოებას, ასევე საკუთარ სიცოცხლეს და აქედან გამომდინარე, სასამართლო იღებს მათთვის ფსიქიატრიული დახმარების გადაწყვეტილებას. დღეს ასეთი პაციენტი ბევრი არ არის - მხოლოდ ხუთი ადამიანია. ჩვენი დაწესებულება ერთადერთია საქართველოში, სადაც იძულებით მკურნალობენ პაციენტები, რომელთაც ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ ექსპერტიზამ მიიჩნია, რომ ისინი ვერ აცნობიერებდნენ თავიანთ მდგომარეობას და ამიტომ ჩათვალა შეურაცხადად. შემდეგ მათ მიმართ შეწყდა საქმე და იძულებითი მკურნალობისთვის ჩვენთან გამოგზავნეს. ცენტრში არიან ისეთი პირებიც, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, მიესაჯათ სასჯელი და შემდგომ, იზოლაციის პირობებში, განუვითარდათ ფსიქოზი და ამის შემდგომ მოხვდნენ ჩვენთან.

- ასეთი პაციენტები იზოლირებული არიან და მათ მიმართ ისეთივე შეზღუდვებია, როგორიც პენიტენციარულ დაწესებულებშია? - ფსიქიატრიული დახმარების შესახებ კანონი და სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს პაციენტების დაცვასა და უსაფრთხოებას, მაგრამ არანებაყოფლობითი მკურნალობა, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს შეზღუდვებს - იზოლირებას, თუმცა, პენიტენციარული დაწესებულებისგან განსხვავებით, თუკი პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა, აქ არის მათი ნახვის თავისუფალი რეჟიმი.

- მკურნალობის მეთოდები განსხვავებულია? - მე იურისტი ვარ და მკურნალობის მეთოდებში არ ვერევი, თუმცა როგორც ხელმძღვანელს, მაქვს ინფორმაცია. აქ გამოიყენება ყველანაირი თანამედროვე მეთოდი - როგორც მედიკამენტური, ასევე - ფსიქოთერაპიული, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა თერაპიულ მიმართულებას.

- ალბათ, ხშირია ექსცესები... - ყველანაირი შემთხვევა მომხდარა, მაგრამ კონკრეტული ფაქტების დასახელებას მოვერიდები. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ექსცესებს ვერასდროს გამორიცხავ. სწორედ ამიტომ არსებობენ ზედამხედველები, მომვლელები, ექთანები. არსებობს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი, რათა მსგავსი ექსცესები შეძლებისდაგვარად შემცირდეს.

- რა ვადით უწევთ სისხლის სამართლის დამნაშავე პაციენტებს დარჩენა? ადრე გაშვების წესი თქვენთანაც მოქმედებს? - იძულებითი მკურნალობა ინიშნება კონკრეტული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ოთხი წლისა და ითვალისწინებს როგორც ვადამდე გათავისუფლებას, ასევე ვადის გაგრძელებასაც. მოსამართლე ყველა დამნაშავეს სხვადასხვა ვადას განუსაზღვრავს, მაგრამ არა უმეტეს - ოთხი წლისა. შემდეგ თუ კომისია დაადგენს, რომ პაციენტის იძულებითი მკურნალობის საფუძველი აღარ არსებობს, მკურნალობა წყდება და პაციენტს აქვს უფლება, უკვე ნებაყოფლობითი მკურნალობა გააგრძელოს სტაციონარშიც, ამბულატორიულადაც. თუ მუდმივმოქმედი კომისია ჩათვლის, რომ მისთვის იძულებითი მკურნალობის საფუძველი კვლავაც არსებობს, ის ხელახლა მიმართავს სასამართლოს არანებაყოფლობითი მკურნალობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

- დავუშვათ, სისხლის სამართლის დამნაშავე ბენეფიციარი განსაზღვრულ ვადაზე ადრე განიკურნა. მისი საქმე ხელახლა გადაიხედება? - არა. თუკი თავის დროზე ჩატარდა ექსპერტიზა და პირი ინკრიმინირებული ქმედების ჩადენისას შეურაცხადად ჩაითვალა, შემდეგ კი განიკურნა და ჩვენი სტაციონარიდან გაეწერა, ის საქმე განსახილველად აღარ ბრუნდება. რაც შეეხება პაციენტებს, რომლებიც ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის დროს ჩაითვალნენ შერაცხადად, მათ მიესაჯათ სასჯელი და შემდეგ მოხვდნენ ჩვენთან არანებაყოფლობითი მკურნალობისთვის, მაგრამ სასჯელის ვადაში მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდა, ისინი სასჯელაღსრულების სისტემაში ბრუნდებიან...

- თქვენგან წასული პაციენტებიდან თუ ყოფილან ისეთები, განმეორებით რომ ჩაუდენიათ დანაშაული და უკან მობრუნებულან? - კი, როგორ არა. დაწესებულებიდან გასვლა არ ნიშნავს სრულ განკურნებას, პაციენტმა მკურნალობა უნდა გააგრძელოს. ახლა ვითარდება სათემო სერვისები, რათა ასეთ პაციენტებს თემში უმკურნალონ. შეიძლება დალიოს, ან ნარკოტიკი მოიხმაროს და ეს გახდეს მაპროვოცირებელი, რომ კვლავ დანაშაული ჩაიდინოს.

- თქვენგან წასულ ისეთ პაციენტებზე, რომლებმაც იძულებით მკურნალობის შემდეგ, მაგალითად, სასტიკი მკვლელობა ჩაიდინეს, პასუხისმგებლობას არავინ იღებს? - პასუხისმგებლობას ვერავინ აიღებს, რადგან ძნელია, განსაზღვრო, პაციენტს როდის გაურთულდება მდგომარეობა. ადრე იყო იძულებითი მკურნალობა - უნდოდა თუ არა, ვალდებული იყო, მისულიყო და ამბულატორიულად ემკურნალა. ახლა აქედან წასული ადამიანი მიიღებს თუ არა მედიკამენტს, მასზეა დამოკიდებული.