"ჩვენ იმ დიდი ტყუილის მემკვიდრე ქვეყანა ვართ, რომელსაც საბჭოთა ქვეყანა­ ერქვა და სადაც ტყუილი ისეთი ნორმა­ იყო, რომ..."
"ჩვენ იმ დიდი ტყუილის მემკვიდრე ქვეყანა ვართ, რომელსაც საბჭოთა ქვეყანა­ ერქვა და სადაც ტყუილი ისეთი ნორმა­ იყო, რომ..."
ფოტო:დათო ტურაშვილი
"სამწუხაროდ, ხელისუფლება არც ეძებს გამოსავალს და რომც ეძებდეს, მეეჭვება, მიაგნოს, რადგან მათ უმრავლესობას არ შეადგენენ განათლებული, პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანები. გამონაკლისი ყველგანაა, მაგრამ მთავარი გუნდია, რომელიც კრიტიკასაც ვერ უძლებს"

დათო ტურაშვილი მაშინ გავიცანი,­ როდესაც საქართველო ერთ დიდ, მშფოთვარე მუშტად იყო შეკრული, ამიტომ არავის გაჰკვირვებია, რომ ახალგაზრდა მწერალი მწერლობაში გადადგმულ პირველ ნაბიჯებს პოლიტიკაში ჩაბმული დგამდა, უფრო სწორად, იმ პოლიტიკის კრიტიკით, რომელსაც სხვები ქმნიდნენ. მერე კარგა ხანი გავიდა, თითქოს ქვეყანაც უნდა აშენებულიყო,
მაგ­რამ ეს ინტერვიუც ადასტურებს, რომ სიმშვიდის, მხოლოდ ხელოვნებაზე ზრუნვის ხანა, არც დათო ტურაშვილს დაუდგა.

- ერთ-ერთ ინტერვიუში მითხარით, რომ მწერლის ვალდებულება სულაც არ არის პოლ­იტიკურ მოვლენებში ჩართვა, თუმცა ახალგაზრდობიდანვე ყოველთვის აფიქსირებდით თქვენს აზრს პოლიტიკურ ვითარებაზე.
- პოლიტიკურ მოვლენებში ჩართვის სურვილი არასოდეს მქონია და სამწუხაროდ, ძალიან
ხშირად მიწევდა. თუ სწორად მახსოვს, პლატონი ამბობდა, რომ ადამიანი პოლიტიკური ცხოველია და პოლიტიკის გარეშე შეიძლება მხოლოდ ცხოველად­ დარჩე. იქნებ ამას არისტოტელე ამბობდა, მაგრამ მოსწავლისა და მასწავლებლის სიტყვები თუ მეშლება, იმედია, მეპატიება.­ სინამდვილეში, იმის თქმა მინდა, რომ თუ ადამიანი არ არის აქტიური მოქალაქე, ალბათ, ნებისმიერი ხელისუფლება შეეცდება, რომ მისგან მომხმარებელი ცხოველი მიიღოს. მე კი ადამიანი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ისეთ საქართველოში ცხოვრება, რომელზეც ვოცნებობდით, ნებისმიერ ჩვენგანზეა დამოკიდებული და არა რომელიმე კეთილ მთავრობაზე, რომელიც ბოროტ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს. ძალაუფლება, თავისი არსით, ისედაც შეიცავს ბოროტების ელემენტებს და მთავრობას ყველაზე მეტად საზოგადოებრივი კრიტიკა სჭირდება.

- ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული ქართველისთვის ნავსაყუდელი ეკლესია გახდა. ჩვენ ის თაობა ვართ, რომელმაც თავისუფლებისთვისაც იბრძოლა და რწმენაში დაბრუნებაც ინება. თუმცა გავიდა დრო და გაჩნდა ეჭვი, რომ ტყუილად ვიბრძოლეთ და ტყუილად გვწამდა. იმედს მოგლეჯილ საზოგადოე­ბაში რიტორიკული კითხვა გაჩნდა: გვეშველება რამე?
- უამრავი ადამიანისთვის რომ ეკლესია ნავსაყუდელი გახდა, სულაც არ არის შემთხვევითი, რადგან საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყანაა და ასეც მოხდებოდა იქ, სადაც ეკლესია სამოცდაათი წლის განმავლობაში აგრესიულად იდევნებოდა. თუმცა ადამიანებით სავსე ეკლესია სულაც არ ნიშნავს სიყვარულითა და რწმენით სავსე ქვეყანას. ამის საილუსტრაციოდ ჩვენი დანაშაულისა და კრიმინალური ცნობიერების მასშტაბიც იკმარებდა, რომ აღარაფერი ვთქვათ სოციალურ ქსელებზე, სადაც "მორწმუნე" ქართველები სიძულვილს ავლენენ მხოლოდ იმის გამო, რომ ერთმანეთს არ ეთანხმებიან. ქრისტიანობა უპირველესად სიყვარული, თავისუფლება და სიკეთეა და ამდენი ბოროტება კი იქ არსებობს, სადაც ფარისეველი უფრო მეტია, ვიდრე ჭეშმარიტი მორწმუნე.

- შეუძლებელია ნორმალური ადამიანი ტყუილის მომხრე იყოს, მაგრამ ისიც შეუძლებე­ლია, დაუსრულებლად იგებდე ცუდ ამბებს და კარგად იყო, ამიტომ ბევრმა საინფორმაციო საშუალებებზე უარი თქვა. ეს ადამიანური სისუსტეა, სირაქლემის პოზა თუ პოლიტიკის ნაწილი, რომლისთვისაც უმჯობესია, მოვდუნდეთ?
- ჩვენ იმ დიდი ტყუილის მემკვიდრე ქვეყანა ვართ, რომელსაც საბჭოთა ქვეყანა­ ერქვა და სადაც ტყუილი ისეთი ნორმა­ იყო, რომ ახლაც ვერ გავთავისუფლებულვართ ამ საშინელი ინერციისგან, მაგრამ მახარებს ახალი თაობა და ეს აშკარად თვალში საცემია. ახალგაზრდებს აღარ სურთ ტყუილში ცხოვრება და უფროსებისაგან განსხვავებით ვეღარ და არ ეგუებიან.

- ჩვენი დამოუკიდებლობა განათლების გარეშე არ მოსულა, მაგრამ ბევრი "საპატიო მიზეზის" გამო განათლებაზე, წიგნზე უარი ვთქვით. როგორ უნდა იფიქრო სულიერებაზე, თუკი დაუსრულებლად გადასარჩენად იბრძვი?
- ადამიანი ცხოველისგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ ცხოველს სულიერი­ ფასეულობები არ გააჩნია, მხოლოდ ხორციელი საზრუნავი აქვს. ადამიანი კი დღიდან გაჩენისა, მაინც იმ სხვა, უფრო მნიშვნელოვანზე ფიქრობს, რაც მას მარადიულად აქცევს და ეს არის კიდეც კაცობრიობის თავგადასავალი და მარადიული ენერგიის საფუძველი, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს შორის ჩვეულებრივი პრიმიტივები იყვნენ, არიან და მომავალშიც იქნებიან. საქართველოს და მსოფლიოს ისტორიაშიც უამრავი მაგალითია, როცა ყველაზე­ ღირებულსა და მნიშვნელოვანს, სოციალურად შეჭირვებული ადამიანებიც ქმნიდნენ.

- უამრავი­ ახალი მწერალი გამოვიდა ასპარეზზე. ორი მწერალი მინდა გამოვყო: 2017 წლის "საბას" ლაურეატი ალეკო შუღლაძე წიგნით "გადამალვა"­ და ამერიკაში მცხოვრები ექიმის, ზურაბ­ გურულის "სპილო წყვდიადში". ორივეს ქართული რეალობა კვებავს, ორივე ეძებს ქართველის შესაფერის გამოსავალს რეალობიდან და პოულობს კიდეც, გამოსავალი კი ასეთია: იმაზე მაღლა უნდა დადგე, ვიდრე მიგიჩინეს ადგილი, თუნდაც ეს განდგომა, გადარჩენა, მისტიკასთან მიახლება იყოს.
- ალეკოს ეს რომანი წაკითხული მაქვს, ზურაბ გურულის წიგნი კი ჯერ არ წამიკითხავს და იმედია, ასეთივე სიამოვნება მელის. სხვათა შორის (ლიტერატურული თვალსაზრისით), არაფერი ისე არ მახარებს,­ როგორც ნიჭიერი ქართველი ავტორის გამოჩენა, განსაკუთრებით, ახალგაზრდების. საბედნიეროდ, თანამედროვე ქართული ლიტერატურა ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა.

- მაგრამ მე გამოსავალზე ვიკითხე, როგორ ფიქრობთ, ეძებს თუ არა რეალურ გამოსავალს ჩვენი ყოფიდან ხელისუფლება...
- სამწუხაროდ, ხელისუფლება არც ეძებს გამოსავალს და რომც ეძებდეს, მეეჭვება, მიაგნოს, რადგან მათ უმრავლესობას არ შეადგენენ განათლებული, პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანები. გამონაკლისი ყველგანაა, მაგრამ მთავარი გუნდია, რომელიც კრიტიკასაც ვერ უძლებს.

- ყველა საღად მოაზროვნე ქართველის­ აზრით, ჩვენი უბედურების თავიდათავი დაკარ­გული ტერიტორიები და მტერია, რომელიც ისევ "მოცოცავს". ლოგიკურად ეს ტრაგიკული­ პრობლემა უნდა გვაერთიანებდეს, სინამდვილეში კი ერთმანეთს სულ დაუსრულებლად ვებრძვით.
- მიზეზი ბევრია, სუბიექტურიც და ობიექტურიც. ობიექტური ის არის, რაც ისტორიულია - იმდენ ხანს არ გვქონდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომ გვიჭირს ვიყოთ კარგი მოქალაქეები. მონობა საშინელებაა და ყველაზე მეტად მენტალურად ანადგურებს ადამიანს. ამიტომაც გამოსავალი ერთია - განათლება, რომელიც რადიკალურად შეცვლის ამ გარემოს.

- არ შემიძლია არ ვახსენო "თიბისი ბანკის" საქმე.
- ბანკირები არსად არ უყვართ და მით უმეტეს, საქართველოში, სადაც ასეთი­ მაღალი საკრედიტო პროცენტია. როგორც ჩვენი ქვეყნის უმრავლესობას, ჩვენც სესხი გვაქვს და მინიმუმ თვეში ერთხელ მეც მაწუხებს მაკა კეკელიძე (დათოს მეუღლე. - ავტ.) "თიბისი ბანკის" სახელით, მაგრამ უნდა გვესმოდეს, როცა ხელისუფლება კერძო სექტორს ჩაგრავს, იმ დაჩაგრულის მხარეს უნდა ვიყოთ. რაც მოხდა, ძალიან დიდი რისკია სახელმწიფოსთვის და სწორედ ჩვენს ანტისახელმწიფოებრივ ცნობიერებაზე მიუთითებს.

- ბოლო პერიოდის საქართველოში მამაკაცის, როგორც მოძალადის ხატი შეიქმნა..
- საშინელი სტატისტიკა გვაქვს, ქალებს მხოლოდ იმიტომ ხოცავენ, რომ ისინი­ ქალები არიან. ქართველი კაცების ქალებზე ძალადობის ერთ-ერთი საფუძველი­ ის საბჭოთა­ ტყუილია, რომელშიც ქართველმა კაცებმა­ დიდხანს კომფორტულად იცხოვრეს და მერე აღმოაჩინეს, რომ თურმე­ ძლიერი ქალებიც არსებობენ. ხშირად ქალი უფრო ძლიერია თუნდაც იმიტომ, რომ მეტი პასუხისმგებლიანია, თავისუფლება კი უპირველესად პასუხისმგებლობაც არის და ვისაც არა აქვს, თავისუფლებისაც ეშინია.

- ჩვენ ველით გმირს, არადა, არ არის დრო­ დავიჯეროთ, რომ მოვა გმირი,­ რომელიც შეცვლის რეალობას. თითოეული ჩვენგანია­ გმირი, ჩვენ უნდა შევცვალოთ ჯერ საკუთარი, შემდეგ კი ქვეყნის რეალობა - გაბოროტების, სასოწარკვეთის, ტყუილების, შიშის გარეშე.
- გეთანხმები. ადრე თუ გვიან, უნდა გავთავისუფლდეთ ამ ცრუმოლოდინისა და ფუჭი ილუზიებისგან, რომ ბაზალეთის ან რომელიმე სხვა ტბის ძირას გაზრდილი ოქროსდალალებიანი მესია ამოვა ნაპირზე და ყველას გადაგვარჩენს. დროა, მივხვდეთ, რომ ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი და მას სხვა არავინ შექმნის, არავინ ააშენებს ჩვენ ნაცვლად ბედნიერ და თავისუფალ საქართველოს.


დეა ცუცქირიძე
ედუვარდ
21 მაისი 2019 08:50
სამწუხაროდ ამ პოლიტიკის შეცვლა მხოლოდ უბრალო ადამიანებს შეუძლიათ ამ ეტაპზე არ ჩანს ძალა ვინც ქოცებს და ნაცენ მოისვრის სანაგვეზე.მარა მთავარი არის ხალხი რომელიც იქცა ცხვრის ფარად და თუ არ მიწყენთ ველურ ტომათაც,რასაც ჩვენ ვხედავთ პოლიტიკაში ეს არაა პოლიტიკა ეს სამარცხვინოა,ქართველმა ხალხმა დაკარგა პატრიოტიზმი სიკეთე სიყვარულის გამოხატვა დაკარგა რწმენა და რაც მთავარია უფლის შიში აღარ გვაქვს და ფრთხილად ქართველნო სრულად არ გავქრეთ.
სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა,მერმე სულსა...
19 აპრილი 2019 15:31
ნამდვილია ,რომ საქართველო დიდი ხანია ერთ დიდი ტყუილში ცხოვრობს და ეს ტყუილი ყველგან იგრძნობა. როგორც მძიმე ავადმყოფი ვერ განიკურნება ,თუ მას არასწორი დიაგნოზით უმკურნალებენ,ისე საქართველოს არაფერი ეშველება ვიდრე მისი მოსახლეობა სიცრუეში ცხოვრებას იქნება შეგუებული.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები