ბზა აღდგომის ტყე-პარკებისთვის - კვირის პალიტრა

ბზა აღდგომის ტყე-პარკებისთვის

"თბილისსა და მის შემოგარენში ძალიან ბევრი ადგილია, სადაც შეიძლება ბზა და ნაძვი დარგო და ტყე-პარკები გააკეთო"

ცნობილი ფოტოგრაფი და კინოსცენარისტი გოგა ჩანადირი აღდგომის ტყე-პარკების შექმნის ინიციატორია. იდეას 2015 წლიდან მოყოლებული უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა. როგორც გოგა ამბობს, ხალხი აღდგომის ტყე-პარკებისთვის ცოცხალ ბზას ყიდულობს და ინახავს.

- როგორ გაჩნდა აღდგომის ტყე-პარკეპის შექმნის იდეა?

- 2015 წლის 5 აპრილს, ბზობას, აზრად მომივიდა, გამეკეთებინა აღდგომის ტყე-პარკები, სადაც ბზას დავრგავდით, რადგან, სამწუხაროდ, საქართველოში ამ მცენარის საფრის 80% სოკოვანი დაავადებების შედეგად განადგურდა და მოძრაობაც - "ნუ მოჭრით ბზას" - სწორედ ამან განაპირობა. შთაგონების წყარო შობის ტყე-პარკის იდეა იყო, რომელიც გულისხმობდა, რომ საახალწლოდ არ მოგვეჭრა ნაძვის ხეები. თუ მაინცდამაინც ცოცხალი ნაძვის ხე გვინდოდა, დაგვედგა სახლებში ქოთნებით და ახალი წლის ჩავლის შემდეგ იმ ადგილზე გადაგვერგო, რომელსაც შობის ტყე-პარკს დავარქმევდით.

- იდეის მიზანი რა არის?

- ბზა მარადმწვანე ბუჩქია და ქართველები ბზობას სწორედ ამ მცენარით ვეგებებით. მაშინ, როცა ეს ტრადიციად იქცა, არც ბევრი ბზა იჭრებოდა და არც ასე იყო განადგურებული. აღდგომის ტყე-პარკების შექმნის მიზანია, არ მოვჭრათ ბზა! ჩვენ ვყიდულობთ ბზის უზარმაზარ რტოებს, რომლებიც ხმება და ერთი წლის მერე ვყრით, ვწვავთ ან მდინარეს ვატანთ. ახალი ბზა რომ შევიძინოთ და ყოველ მომდევნო წელს აღდგომის ტყე-პარკებში გადავრგოთ, წარმოიდგინეთ, რამხელა კორომები გაჩნდება. სამწუხაროდ, ეს მცენარე ნელა იზრდება. ერთადერთი დეკორატიული ბზაღაა დარჩენილი ალაგ-ალაგ ქუჩებში ან ეკლესიის ეზოებში, რომლებიც ტყეს ვერასდროს შექმნის. აღდგომის ტყე-პარკებში ამ მცენარეს შვილებს დავარგვევინებთ, რითიც მათ ბუნებას შევაყვარებთ, გარემოზე ზრუნვას ვასწავლით; სუფთა ჰაერიც ექნებათ და ბზის შენარჩუნებასაც მოვახერხებთ.

- ამ ოთხი წლის განმავლობაში თქვენი ინიციატივით ვინმე დაინტერესდა?

- თავის დროზე მივმართე დავით ნარმანიას, თბილისის ყოფილ მერს. იდეა მოეწონა და მასთან ერთად 9 აპრილის ბაღში ბზები დავრგე. მაშინ ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მერე ამ ამბავს გაგრძელება აღარ მოჰყოლია.

- თბილისის ამჟამინდელ მერს არ მიმართეთ? - კახა კალაძეს ამ ზაფხულს შევხვდი.მოდი განვიხილოთო. რამდენიმე დღის წინ აღდგომის ტყე-პარკებთან დაკავშირებით მერიიდან შემეხმიანენ და იმედი მაქვს, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.

- სახლში როგორ უვლით ბზას? - განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. ოდნავ ნესტიანი გარემო უყვარს. ოთხი ძირი ბზა უკვე მაქვს აივანზე. ყოველ წელს ვყიდულობ.

- სოციალურ ქსელში თქვენს იდეას ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. არ გამოჩენილა ვინმე, ვინც ტერიტორიას შემოგთავაზებდათ? - ძალიან ბევრი გამომეხმაურა. ვიღაცამ მომწერა, მოდი, დიდ დიღომში დარგეო. შეიძლება სხვის ტერიტორიაზეც დავრგო, თუნდაც შემოღობილი არ იყოს, მაგრამ მხოლოდ ბზა კი არ უნდა დავრგოთ, ის ადგილი პარკადაც უნდა იქცეს, სადაც შვილებს წაიყვან, ათამაშებ, გაართობ. ვიღაცის ეზოში რომ დარგო, ის პარკი ვერასდროს გახდება. იმედი მაქვს, მერია ჩანაფიქრის განხორციელებაში დამეხმარება.

- იდეის მიმდევრები გამოჩნდნენ? - უკვე ოთხი წელია, ამაზე ვლაპარაკობ და ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, რომ შეიძინეს ცოცხალი ბზა და ტყე-პარკისთვის ინახავენ. ახლა საჭიროა ტერიტორია.

- როგორ ტერიტორიაზე უნდა გაშენდეს აღდგომის ტყე-პარკები? - ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც ხეები არ იქნება. აღდგომის ტყე-პარკებისთვის - ბზა, შობის ტყე-პარკებისთვის კი მხოლოდ ნაძვი უნდა დაირგოს. თბილისსა და მის შემოგარენში ძალიან ბევრი ადგილია, სადაც შეიძლება ეს გააკეთო.

ნათია სიბაშვილი