ფერადი ზოლები შორეული ბავშვობიდან - კვირის პალიტრა

ფერადი ზოლები შორეული ბავშვობიდან

"წერილი მივწერე... ზუსტად მაშინ, ქართულ ლიტერატურაში "ვეფხისტყაოსანს", რუსულში კი "ევგენი ონეგინს" გავდიოდით. ვარდისფერ ღრუბლებში დავცურავდი. ჩემი რომანტიკული უსტარი უპასუხოდ დარჩა - ვაჟიკომ არც ტარიელობა და არც ონეგინობა არ მოინდომა..."

ერთი თვის წინ სახალხო აფთიაქმა პენსიონერებისათვის კონკურსი "ჩემი ცხოვრების საოცარი ისტორია" გამოაცხადა, რომლის პირობის თანახმად, სახალხო აფთიაქის მომხმარებელს შეეძლო დაეწერა თავისი ცხოვრების ერთი ყველაზე საინტერესო ისტორია და მოეტანა სახალხო აფთიაქის ნებისმიერ ფილიალში. დაპირებისამებრ მარტის ბოლოს უნდა გამოვლენილიყო 1 ისტორია, რომლის ავტორი"საგაზაფხულო პრემიას"- 100 ლარს 3 თვის განმავლობაში მიიღებდა, მისი ისტორია კი ჩვენი გაზეთის ფურცლებზე დაიბეჭდებოდა.

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს: ქრისტინე დოლიძემ, 56 წლის, თბილისი; ჟუჟუნა ბაკურიძემ, 80 წლის, ხელვაჩაური; დავით კოპალიანმა, 64 წლის, ცაგერი; ანდრო ხვედელიძემ, 90 წლის, ჭიათურა; მაყვალა ქევანიშვილმა, 70 წლის, ქუთაისი; ციური აბესაძე-ბენდიაშვილმა, 82 წლის, ჭიათურა; ლატავრა თეთრაულმა, 86 წლის, თბილისი; გაბრიელ ქველიძემ, 67 წლის, რუსთავი; ვლადიმერ ნაირაშვილმა, 70 წლის, თბილისი; ნიკო ქავთარაძემ, 93 წლის, რუსთავი; თეიმურაზ ხუხუნაიშვილმა, 73 წლის, ბორჯომი; ბიძინა აფრასიძემ, 92 წლის, თბილისი; ნაირა ბიგვავამ, 80 წლის, ზუგდიდი, ლალი ცქიტიშვილმა, თბილისი და შოთა ხარაზიშვილმა, 74 წლის, ბათუმი.

კონკურსის გამარჯვებული ქალბატონი ლალი ცქიტიშვილი გახდა და შესაბამისად, მის ნამუშევარს გთავაზობთ.

ეს მერვე კლასში მოხდა... მეათეკლასელი ვაჟიკო შემიყვარდა. პირველი სიყვარული იყო, ალბათ, რა ვიცი, თუ არ ჩავთვლით, მეოთხე კლასში რომ გოგა მომწონდა და ბაღშიც... თუმცა ბაღში როგორ მოვასწრებდი, სულ ორი კვირა ვიარე?!

ჰო, ალბათ, მაინც პირველი იყო, როგორც ამბობენ, მუცელში ჭიანჭველები რომ დარბიან, მის დანახვაზე კი სახეზე ალმური გეკიდება და სად დაიმალო, არ იცი. არადა, გვერდიგვერდ საკლასო ოთახებში ვიყავით და ვაჟიკოს ჩვენი ოთახის წინ ფანჯარასთან უყვარდა შესვენებაზე დგომა და ეზოში ყურება.

მერე წერილი მივწერე... ზუსტად მაშინ, ქართულ ლიტერატურაში "ვეფხისტყაოსანს", რუსულში კი "ევგენი ონეგინს" გავდიოდით. საერთოდაც ბევრს ვკითხულობდი და ვაჟიკოსაგან განსხვავებით, კარგადაც ვსწავლობდი. რომანტიკულობაც არ მაკლდა. მაკლდა კი არა, მგონი, ზედმეტად ვარდისფერ ღრუბლებში დავცურავდი თუ დავფრინავდი.

ჩემი რომანტიკული უსტარი (არ მკითხოთ, რა ეწერაო?! არ მახსოვს!), რა თქმა უნდა, უპასუხოდ დარჩა - ვაჟიკომ არც ტარიელობა და არც ონეგინობა არ მოინდომა... თუმცა იქნებ სხვისთვის კი იყო ტარიელიც და ავთანდილიც?!

მეორე დილით, პირველ შესვენებაზე, ფანჯარასთან, ვაჟიკოს ადგილას, რუსკა დამხვდა, პარალელურკლასელი. ჩემს დანახვაზე დოინჯი შემოირტყა და საჩვენებელი თითით მიმიხმო, მისულს კი სისინით ჩამჩურჩულა: "შენ რა, ჩემი მეტოქე ხარ?!" ძალიან შემრცხვა, ჩემი საიდუმლო ასე საჯარო რომ გახდა. ვერაფერი ვუპასუხე, ან რას ვუპასუხებდი, ჩემი გრძნობა წერილის სახით, ანუ მტკიცებულება, თვითონვე გავეცი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არც მობილური არსებობდა და არც ინტერნეტი, სასკოლო კავშირგაბმულობა ოპერატიულად მუშაობდა.

შემდეგ დღეებში მეგონა, ყველა ჩემზე ჭორაობდა. მიუხედავად იმისა, რომ თანაკლასელი გოგონები თანაგრძნობით მიმზერდნენ, რუსკასთან მეტოქეობა არ იყო ადვილი საქმე.

ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც პირველ, უიმედო, ცალმხრივ სიყვარულს შეეფერება - ავად გავხდი. ჯერ მეგონა, სიყვარულზე განცდების გამო მომცა სიცხე, მაგრამ არა, ბატონები შემეყარა თურმე, წითელა. ოჯახში ფეხაკრეფით დადიოდნენ და წითელი ფარდები ჩამომიფარეს, ბატონები არ გავანაწყენოთო. თუმცა ბატონები მაინც გამინაწყენდნენ, თვალებზე გართულება დამიტოვეს. ამას მოგვიანებით მივხვდი, დაფაზე დაწერილი მაგალითები და ტროლეიბუსის ნომერი წესიერად რომ ვეღარ დავინახე. ახლომხედველი გავხდი და სათვალე დამჭირდა.

ეს უკვე კატასტროფა იყო. ვაჟიკოს სათვალით ვერ დავენახებოდი, სხვებს კი ცოცხალი თავით "შუშაბანდას" არ დავაძახებინებდი. მალე ბინა შევიცვალეთ და სკოლიდანაც გადავედი. ვაჟიკოს ყოველდღე ვეღარ ვხედავდი, თუმცა ვიცოდი, სად შეიძლებოდა თვალი მომეკრა და გასაკვირია, ამას თითქმის ყოველთვის ვახერხებდი, ყოველდღე თუ არა, კვირაში ერთი-ორჯერ მაინც. შორს კარგად რომ ვეღარ ვხედავდი, ნაცნობებსაც ვერ ვცნობდი გარკვეულ მანძილზე, მაგრამ ხატიასი არ იყოს,"მზეს" ვხედავდი და ჩემი "მზე" მაშინ ვაჟიკო იყო, უფრო სწორად, მისი ზოლებიანი კაშნე, რომელსაც მარჯანიშვილის მოედნიდან ყოფილ კარლ მარქსის, ანუ "ვორონცოვის" მოედნისკენ პლეხანოვზე მიმავალი ჩემი ახლომხედველი თვალებით ნებისმიერ მანძილზე ვხედავდი. არ გჯერათ?! მართლა, მართლა! ნაცრისფერ პალტოზე (მაშინ გოგო-ბიჭებს პალტოები გვეცვა და არა ქურთუკები) ზოლებიანი კაშნე ჩემთვის მართლაც მზესავით ანათებდა. ჩვენი სამოქმედო არეალი, გარდა სკოლის შენობისა და ე.წ. ლონდონის ბაღისა, ძირითადად, მარჯანიშვილის მოედნიდან"ვორონცოვამდე მონაკვეთი იყო, სადაც მთავარი ფოსტა, კინოთეატრი "კოლხიდა", გორკის ბაღი და ჩემი საყვარელი საბავშვო ბიბლიოთეკა მდებარეობდა. აქ ვისაც გინდოდა, იმას ნახავდი, განსაკუთრებით, უბნელებს.

ძველი თბილისის ამ მონაკვეთში სეირნობა მას შემდეგ უფრო შემიყვარდა, რაც სხვა სკოლაში გადავედი და ვაჟიკოს ნახვას სხვაგან ვერსად ვახერხებდი, თუმცა რა ვაჟიკოს, მისი კაშნესი...

პირველი იყო, პირველი და საკმაოდ ძლიერი გრძნობა. დიდხანს ვიყავი მისი ერთგული, სანამ სტუდენტი არ გავხდი და თანდათან მოგონებებში არ გადავიდა სიმპათიური ბიჭი ჩემი ბავშვობიდან.

ახლაც, როცა ბავშვობის მოგონებები ამაფორიაქებს, ვაჟიკოს სახეს წესიერად ვერც ვიხსენებ, მისი ლამაზი კაშნე კი, მწვანე, წითელი, ყვითელი და ლურჯი ზოლებით, თვალწინ მიდგას.

ლალი ცქიტიშვილი, თბილისი