"თავის დროზე გიასთან ოჯახი დიდი სიყვარულით შევქმენი" - თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ
"თავის დროზე გიასთან ოჯახი დიდი სიყვარულით შევქმენი" - თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ
ფოტო:თამრიკო ჭოხონელიძე
ქალურ თემებზე სასაუბროდ ამჯერად, თამრიკო ჭოხონელიძეს ვესტუმრეთ, რომელიც ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ქალბატონი თამრიკო გულახდილად გვესაუბრა ყველა იმ საკითხზე, რაც ჩვენი აზრით, საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად საინტერესოა...

- გახსოვთ პირველი ქათინაური, რომელმაც საკუთარი მომხიბვლელობა გაგაცნობიერებინათ?
- "მზიურელები" ქათინაურებს ბავშვობიდან მიჩვეულები ვართ - სულ გვეფერებოდნენ, მაგრამ მახსოვს, მე-9 კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა ერთხელ უფროსი ასაკის კაცი მომიახლოვდა და მკითხა: არ გეუბნებიან, რომ ლამაზი თვალები გაქვსო? ვუპასუხე: არა-
მეთქი. - ძალიან ცუდიო, - მითხრა, - მე მინდა, ეს იცოდეო. არადა, ბავშვობაში ცოტათი უფრო "გამირბოდა" თვალი და სულ ამის პრობლემა მქონდა. მერე თვალის ერთ-ერთმა სპეციალისტმა დამამშვიდა: - დიდი გოგო რომ გაიზრდები და ტოლსტოის ნაწარმოებს წაიკითხავ, ნახავ, რომ იქ ავტორს უწერია - ყველა ლამაზი თვალი ცოტათი სიელმისკენ "მიდისო". ჩემთვის ეს დამამშვიდებელი იყო
(იღიმის).

- თქვენ შესახებ ყველაზე უცნაური ჭორი რა გაგიგონიათ?
- ერთადერთი, რაზეც ტალახი ვერ მომცხეს, ეს ჩემი ყოფაქცევაა. როგორც ჩანს, ვერ გაბედეს და რაღაცნაირად, ბინძურ ჭორებს ავცდი. საერთოდ, როცა ასეთი ჭორის საბურველში ქალს გახვევენ, სხვის ნაცვლადაც განვიცდი. ამის ატანა რთულია. ქალების იმ კატეგორიის მშურს, რომელსაც ამ ყველაფრის იოლად "გატარება" შეუძლია...
თამრიკო ჭოხონელიძე
ყველაზე უცნაურ ჭორს რაც შეეხება, ბავშვობაში, როდესაც დედაჩემს კონცერტზე ვყავდი წაყვანილი, რაიონიდან ჩემს ოჯახთან მისასამძიმრებლად ჩამოვიდნენ - თურმე, "წუთისოფელს გამოვესალმე". შემდეგ, მეზობლებთან ერთად ბედნიერებისგან ტიროდნენ, რადგან გაირკვა, რომ ჭორი იყო. მერე მეუბნებოდნენ, დიდხანს იცოცხლებ, რადგან ასეთი ჭორი გავრცელდაო (იცინის). ჩემ შესახებ რაც უნდა მოიგონონ, ჭორი ვერაფერს დამაკლებს, რადგან ხალხი მიცნობს.

- თქვენც და თქვენი ყოფილი მეუღლეც ცნობილი ადამიანები ხართ. თქვენი პირადი ცხოვრების მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა დისკომფორტს ხომ არ გიქმნით?
- ალბათ, მეც და გიაც ხალხს ძალიან ვყვარებივართ, რადგან დაახლოებით 20 წელიწადია, მათი ინტერესის არეალიდან არ გამოვსულვართ. ძალიან ბევრს კეთილი განზრახვა აქვს, რაც მსიამოვნებს და დიდ მადლობას ვუხდი მათ. უბრალოდ, უკვე ბევრი რამ გადავიტანე. ეს ყველაფერი ძნელი იყო.
გია როინიშვილი
ჩემთვის ოჯახი დღემდე განსაკუთრებული ფენომენია. სხვისი ოჯახის დანგრევის შესახებ რომ გავიგებდი ხოლმე, ამასაც განვიცდიდი. შეიძლება, ვიღაცები გაღიზიანდნენ, რადგან მომხდარის გამო, რამდენჯერმე გულისტკივილი გამოვთქვი. ერთმა სრულიად უგუნურმა ადამიანმა გულსატკენი კი არა, გულის გასახეთქი ფრაზა დაწერა ინტერნეტში, როდესაც მაია ასათიანის თავს დამტყდარი უბედურების შემდეგ, მის წინააღმდეგ განწყობილი საზოგადოების ნაწილის დიდი ტალღა წამოვიდა: შენს თავს მიხედე, არ შეგვჭამე შენი ოჯახის დანგრევითო? ეს რომ ქალს დაეწერა, რეაქცია არ მექნებოდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, ამას კაცი აკეთებს (აგრარულ უნივერსიტეტში მუშაობს, როგორც სოციალურ ქსელში უწერია), რომელსაც უბრალოდ, ყველაფრის მიმართ არაადამიანური დამოკიდებულება აქვს. არც გაუბედურებული დედის გულშემატკივარია. არადა, ხომ შეიძლება, ადამიანებმა ერთმანეთი ვანუგეშოთ?

დიახ, ინტერვიუს იმიტომ დავთანხმდი, რომ ხალხისთვის მეჩვენებინა - მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, შეიძლება, ადამიანები ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას ვერ შეეგუონ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ერთმანეთი უნდა სძულდეთ. გიას მიმართ ასეთი დამოკიდებულება არასოდეს მქონია, რადგან პირველ რიგში, ის ჩემი შვილების მამა გახლავთ, მეორეც - თავის დროზე მასთან ოჯახი დიდი სიყვარულით შევქმენი. წარსულს არაფერი შეცვლის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანი წარსულს სცემ პატივს და სწორედ ეს არის, რომ ბოლოს არ განგრევს.

უბრალოდ, მე და გია დღეს ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. მით უმეტეს, რაც დრო გავიდა, კიდევ უკეთ გავაცნობიერეთ, რომ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი, რაც განგებამ გვარგუნა, ჩვენი შვილები და მათი შთამომავლები არიან. ჩვენი შვილები ვერ ხვდებიან, "დაშორება" რას ნიშნავს, რადგან მე და გია ერთად ხშირად ვართ. საზოგადოებაშიც ერთად გამოვჩნდით. ჩვენ შესახებ ხმებიც ამიტომ გავრცელდა...

- დიახ, სოციალურ ქსელში დღესაც ვკითხულობთ მილოცვებს თქვენს შერიგებასთან დაკავშირებით...
- მეც ვკითხულობ და მოლოცვების ავტორებს ქედს ვუხრი, რომ ასეთი კეთილგანწყობილები არიან - უხარიათ, რომ დაშორების შემდეგ, მათთვის უცხო ადამიანებს ერთმანეთთან ნორმალური დამოკიდებულება აქვთ.

- შვილების აღზრდაზე, რომელიც ალბათ, მთელი ცხოვრება გრძელდება, როგორ ზრუნავთ?

- ვიდრე ჩემი შვილები გაჩნდებოდნენ, მანამდე გავაცნობიერე, რომ ჩემი მთავარი მისია დედობაა. უკვე დრო დადგა, ჩემი შვილები იმ საზოგადოებას ჩავაბარო, რომელიც ასე მენდო და ასეთ დიდ სიყვარულს მიმჟღავნებს.

მარიამი 1 წლის იყო, როცა ზუსტად მის დაბადების დღეს - 9 დეკემბერს კოკო გაჩნდა. ძიძა არ მყოლია. დედაჩემი, დები და ჩემი საყვარელი სოფო ბებო მეხმარებოდნენ. გავაცნობიერე, რომ ჩემს შვილებს წუთითაც ვერ მოვშორდებოდი. გასტროლებზე უარი ვთქვი.
მარიამი და კოკო როინიშვილები
ფაქტობრივად, მე და ჩემი შვილები ერთად გავიზარდეთ, ოღონდ - საოცარ დედაშვილურ ბიოველში. შვილებს თავიდანვე პიროვნებებად მივიჩნევდი. ჩემი ასეთი დამოკიდებულებით კმაყოფილი ვარ. როცა გაიზარდნენ, საუბარი და კითხვების დასმა დაიწყეს თუ არა, როგორი დაღლილიც უნდა ვყოფილიყავი, მათ შეკითხვებს ყოველთვის პასუხს ვცემდი. ეს მნიშვნელოვანი იყო. მით უმეტეს, როცა ბიჭი გყავს, დგება საკითხი (შესაძლოა, გარდატეხის ასაკამდეც), როდესაც მან ოჯახშიც და საზოგადოებაშიც თავი უნდა დაიმკვიდროს სხვადასხვა სტატუსით: როგორც მომავალმა ქმარმა, მეგობარმა, ვაჟკაცმა, მოქალაქემ... ბიჭი ცოტათი სხვაგვარად აღსაზრდელია - უნდა შეაპარო ის დამოკიდებულება, რასაც ნდობა ჰქვია. ხშირად იყო შემთხვევა, როცა ვამბობდი: არა, კოკოს ვკითხოთ-მეთქი (მაშინ ძალიან მცირე ასაკის იყო). ცხადია, შემდეგ კოკოს აზრს ან მივიღებდი, ან - არა.

თუ მძიმე ტვირთი მეჭირა ხელში, დახმარებას კოკოს ვთხოვდი. მართალია, ტვირთს კიდევ უფრო მიმძიმებდა, რადგან ზედ მეკიდებოდა, მაგრამ ჩემგან მადლობის მეტი არაფერი მიუღია (იღიმის). უკვე ვხვდები, რომ დღეს ის ღირსეული კაცი გახლავთ, ისევე, როგორც მარიამია ღირსეული ქალი.

- ახლახან კოკო "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩნდა. ნახეთ მისი მონაწილეობით გადაღებული ეპიზოდი?
- ამ სერიალის აქტიური მაყურებელი ვარ, მაგრამ არ შემხვედრია მსახიობი კაცი, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ლაპარაკი ისე არ უყვარს, როგორც კოკოს. მარიამმა ტელევიზორი ჩამირთო და მითხრა: - უი, ნახე, კოკოა ტელევიზორშიო (იცინის). გავოგნდი, რომ დავინახე. ბევრი ვიცინე, თან - სიმწრისგანაც: ვიფიქრე, საქმის კურსში რატომ არ ჩამაყენა-მეთქი? მერე კოკომ მითხრა, - მაინც ხომ ნახავდიო?.. სერიალში მოვლენების განვითარებას ინტერესით ველი. მარიამის და კოკოს კოლეგებს, ნიჭიერ ახალგაზრდებს რომ ვუყურებ, ვხვდები - განზრახული აქვთ, თავიანთი სათქმელი თქვან და აუცილებლად იტყვიან, რადგან ამის კეთება უკვე დაიწყეს.

- ცოტა რამ თქვენი შვილიშვილების შესახებაც გვიამბეთ...
- ჩემი შვილიშვილები - ელენე და მარიამი ორი, აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანი გახლავთ. თან, ჯერ დედმამიშვილები არ ჰყავთ და ერთმანეთს დად მიიჩნევენ. მათთან ურთიერთობა ძალიან სასაცილოა. ელენე თავიდან ბოლომდე ხელოვნებითაა მოცული: კარგი საბალეტო მონაცემები აქვს, კარგად მღერის, სერიალშიც მიიწვიეს - სამსახიობო ნიჭიც აღმოაჩნდა. ბოლო დროს იმიტაციის უნარი გამოავლინა: გია ბაბუდან დაწყებული, ოჯახის ყველა წევრის პლასტიკა, მიმიკა, ხმა საოცრად აქვს ათვისებული. უფრო მეტიც: რამდენიმე პოპულარული ახალგაზრდა მომღერლის ისეთი იმიტაცია გააკეთა, რომ არ მცოდნოდა, ნამდვილად ელენე იყო, უბრალოდ, არ დავიჯერებდი (იცინის)...
ელენე და მარიამი
მარიამს ვეუბნები, - "პროფესორა" ხარ-მეთქი. მასზე უფროსი ასაკის ბავშვებზე უკეთ კითხულობს. ამას წინათ იკითხა, - ეზოპეს წიგნი აქ დამრჩაო? დედაჩემმა უთხრა, - აა, ეზოპეს ზღაპრებიო? - არა, ეზოპეს იგავებიო, - მარიამმა შეუსწორა (იცინის). ისე არ დაიძინებს, რომ წიგნი არ წაიკითხოს. ჭადრაკზე დადის. ამას წინათ გვითხრეს, რომ მასზე ასაკით უფროსს შეჯიბრებაზე მოუგო. ამაყი ვარ, მაგრამ ეს მხოლოდ "ბებიის სინდრომით" არაა განპირობებული (იცინის). არც მე და არც გია იმ ასაკში არ ვართ, რომ ეს ყველაფერი ასაკს დავაბრალოთ, პირიქით - ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, როცა ბებია და ბაბუა გავხდით. ამ ბავშვებმა მე და გიას სტიმული მოგვცეს, რადგან მათ შესახებ ამბებს ერთმანეთს ყოველდღე ვუზიარებთ და ზოგჯერ ლამის ცუდად ვხდებით, იმდენს ვიცინით.

- ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნიათ თავი?
- ვერ მოგატყუებთ - ჩემს ცხოვრებაში ისეთი მონაკვეთები იყო, როდესაც ნამდვილად სასოწარკვეთილი დიასახლისი ვიყავი, რადგან ყველაფერი რთულად მოხდა - გარემოც ასეთი იყო და სოციალური ვითარებაც, თუმცა ასეთი თვისება მაქვს: საკუთარ თავს უფლებას არასოდეს მივცემ, რომ სხვას თავი შევაცოდო, რადგან შესაბრალებელი არაფერი მჭირდა. მერე რა, რომ ჩემს პირად ცხოვრებაში ასე მოხდა? თუმცა იყო პერიოდი, რასაც დეპრესიის საწყისი ერქვა და იმ დროს, ასე ვთქვათ, საკუთარ თავს შემოვულაწუნე. თუმცა ჩემმა დებმა და მეგობრებმა ძალიან შემიწყვეს ხელი.

შემიძლია ვთქვა, რომ დღეს უფრო რეალიზებული ადამიანი ვარ და არც არავის ვაწუხებ. როგორც ყველას, საკუთარ თავთან დაკავშირებით, რაღაცები თავად მაწუხებს და ეს ჩემი გამოსასწორებელია (იღიმის). ახლა "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემის რუბრიკას - "ერთი სიმღერის ამბავი" ვუძღვები. ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნოა, რადგან დიდი სურვილი მქონდა, იმ ადამიანების ღვაწლი ხალხისთვის შემეხსენებინა, რომლებმაც თავიანთი ცხოვრებითა და შემოქმედებით საზოგადოებაში დიდი კვალი დატოვეს. ხალხის ნაწილის უგუნურებამ ამ შემთხვევაშიც გამაოცა: რატომღაც ჩათვალეს, რომ ან ერთ მხარეს (პოლიტიკური თვალსაზრისით) უნდა ვიყო, ან - მეორეს. ქართულ სიმღერას მხარე არ აქვს - ის უძირო საოცრებაა. "რუსთავი 2"-ზე რატომ არ უნდა გამოვჩენილიყავი? შეცდომას ყველა ვუშვებთ და ამის გამო ერთმანეთი მტრის ხატად არ უნდა ვაქციოთ. ეს დიდი უგუნურებაა. სადაც შემომთავაზეს, რომ ქართული სიმღერის პატივისცემა გამომეხატა, იქ გამოვჩნდი. ამ რუბრიკას სხვა დატვირთვაც აქვს: მინდა, ჩემს კოლეგებს ვაჩვენო, რომ მათ დიდ პატივს ვცემ. ვცდილობ, რუბრიკის სტუმრებს თავად ვუმასპინძლო - არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ - აკომპანემენტიც მე გავუკეთო, რადგან ამ დროს სხვაგვარი სითბო იბადება - ჩანს, რომ ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები არ ვართ, ერთმანეთი არ გვძულს. სამწუხაროდ, სიძულვილს ხშირად ნერგავენ... გაგიგონიათ, რომ "მხოლოდ ქართულში" ერთ-ერთი ტური გავაკეთე?

- სიმართლე გითხრათ, არა...
- გამიკვირდა, რომ ეს არავინ იცოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჟიურიში ჩემი კოლეგები ისხდნენ. მხოლოდ ერთი წინადადება თქვეს, რომ ბავშვების სტუმარი დღეს თამრიკო ჭოხონელიძეაო.

- ეს "რუსთავი 2"-ზე თქვენს გამოჩენასთან დაკავშირებით, ჟიურის ერთ-ერთი წევრის - სოფო ნიჟარაძის კომენტარს - "ცოტა ძაან სასაცილოა ეს ყველაფერი" - ხომ არ უკავშირდებოდა?
- ამ კომენტარის წაკითხვისას გამეცინა. როგორ შეიძლება, ამის გამო ადამიანი გაბრაზდე? არა უშავს. ვიდრე ამ კატეგორიის ადამიანები ჯანსაღ ურთიერთობებს, თუნდაც განსხვავებული შეხედულებების მქონე ხალხის ერთმანეთის მიმართ პატივცემულ დამოკიდებულებას (და არა საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ფარისევლობას და მლიქვნელობას) "ცოტა ძაან სასაცილოდ" "მონათლავენ", ამასობაში, ჭეშმარიტად პატრიოტი თაობა მოვა, რომელიც საკუთარ წვრილმან ინტერესს ქვეყნის ინტერესებს არ გადააყოლებს და მსგავსი გამონათქვამები ნელ-ნელა მართლა ყველასთვის "ძაან სასაცილო" გახდება. ასე რომ, თავად განსაჯეთ - იმ საკონკურსო დღეს მე მახსენებდნენ?.. არა უშავს, ეს მცირე გულისტკენაც გაივლის. ასეთი წვრილმანებისთვის არ მცალია. მთავარია, ყველანი ერთად იმ დასკვნამდე მივიდეთ, რომ ერთმანეთის მიმართ სწორედ ასეთი მდაბიო დამოკიდებულებას ქვეყანა არათუ შენებისკენ მიჰყავს, არამედ - ფსკერისკენ ექაჩება.


ეთო ყორღანაშვილი
ნენე
16 აპრილი 2019 12:19
მაინც მინდა დაივიწყოთ ყველაფერი და ისევ შეკრათ თქვენი საყვარელი ოჯახი. 100000-*ჯერ უფრო საყვარლები იქნებით ხალხისთვის ორივენი.ხალხს ასე რომ უყვარხართ უნდა აჩვენოთ თქვენი სიყვარულიც. მოდით იყავით მაგალითი და გვაჩვენეთ თქვენი ძლიერება ორივემ.
15 აპრილი 2019 19:14
Tqvemn tqven saqmes aketebb brwyinvaled kargi adamiani xartt gisurveb warmatebebss darac mtavaria gaqvt xalxis pativiscema da siyvaruliii
მარი
15 აპრილი 2019 14:55
კარგი ადამიანი ხართ, რა თქმა უნდა არა უნაკლო. საზოგადოებას უმრავლოს თქვენნაირები, კარგი დედები, თავისი საქმის პროფესიონალები.

რუბრიკის სხვა სიახლეები
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები