"ამდენი ამოტრიალებული მანქანა თბილისში სასაცილოა" - კვირის პალიტრა

"ამდენი ამოტრიალებული მანქანა თბილისში სასაცილოა"

"მსოფლიოში ამგვარი აქციების პრაქტიკა არსებობს, მაგრამ ერთეულ ადგილებში დგამენ, სადაც ავარიებში სიკვდილიანობა მაღალია..."

რამდენიმე დღეა ქალაქში ნაავარიევი ავტომანქანების ფერადი ინსტალაციები გაჩნდა, რომლებსაც საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. "იმედია, ასეთი სიმახინჯე ასეთი დოზით აღარ განმეორდება!.. მთავარია, მალე აიღონ და მსოფლიომ ვერ მოასწროს რეაგირება. შეიძლება მსგავსის გაკეთება, მაგრამ ამას გადამლაშებას დავარქმევდი", - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე, რომელსაც ჩვენ დავუკავშირდით:

- ასეთი აქციები პრევენციისთვის კარგია, მაგრამ ზოგჯერ კარგი და ნაცადი აქცია შეიძლება ისე ჩაატარო, რომ უკუშედეგი მიიღო. ამ შემთხვევაშიც ასეა. საერთოდ მიღებულია, უხეში ფორმით ჩვენება, რა შეიძლება მოჰყვეს ავტოსაგზაო შემთხვევებს, მაგრამ "შავ წერტილებში", სადაც ყველაზე ხშირად ხდება ავარიები. იუსტიციის სახლის წინ, სადაც 30-40 კმ/სთ-ზე მაღალი სიჩქარით ვერ გადაადგილდები, რადგან მუდმივად საცობია, რა საჭიროა მისი დადგმა, ვერ გამიგია. მსოფლიოში ამგვარი აქციების პრაქტიკა არსებობს, მაგრამ ერთეულ ადგილებში დგამენ, სადაც ავარიებში სიკვდილიანობა მაღალია...

- თბილისში სად იქნებოდა მიზანშეწონილი ასეთი ინსტალაცია? - მაგალითად, მარჯვენა სანაპიროზე, "ვეფხვი და მოყმის" ძეგლიდან ჩელუსკინელების ხიდისკენ ყველაზე სწრაფი მოძრაობაა, შემხვედრზე გადასვლა და ფატალური დასასრული ხშირად დაფიქსირებულა. მაგრამ ამ აქციას სჭირდებოდა კამპანია, ხალხის ინფორმირება, რომ წლიურად 600-მდე კაცი იღუპება ავტოავარიებში და ა.შ.

- ეს ინფორმაცია ბანერების სახით უნდა ყოფილიყო სადმე განთავსებული? - ბანერებით არა, უფრო რადიოთი, ტელევიზით, დოზა-დოზა უნდა მომატებულიყო ამაზე საუბარი და ინსტალაცია ყოფილიყო დასასრული ამ კამპანიისა. ასე მასობრივად ამდენი ამოტრიალებული მანქანის განთავსება დედაქალაქში სასაცილოა.

მე ხშირად დავდივარ სკუტერით და ვხედავ, ტურისტები როგორ უღებენ ფოტოებს ამოტრიალებულ მანქანებს, ვჩერდები და ველაპარაკები. მათთვის გასაგებია, რას ნიშნავს ეს აქცია, ამბობენ, ეტყობა, თქვენთან ძალიან ხშირია ავარიები და შუა ქალაქშიც ამიტომ ამოატრიალეთო. არადა, ამას წინათ უკრაინელებთან მქონდა ინტერვიუ და თქვეს, ჩვენი ტურისტები ამბობენ, საქართველოში იშვიათად თუ ნახავთ ავტოსაგზაო შემთხვევას, როგორ ახერხებთ ასეთ ქაოსურ მოძრაობაში უსაფრთხოდ სიარულსო. საქმე ის არის, სადაც ტურისტები დადიან, იქ ნაკლებად ხდება საგზაო შემთხვევა, ახლა კი ამ აქციით პირიქით ხაზი გავუსვით, რომ ჩვენთან ხშირია ავარიები.

- რა მივიღეთ ამ აქციით? - მივიღეთ მეტი საფრთხე... კი, დაბალი სიჩქარით ვმოძრაობთ, სადაც ინსტალაციებია, მაგრამ მათ ყურებასა და ფოტოების გადაღებაში ბამპერი ბამპერზე შეხებული არაერთი მანქანა უკვე ვნახე. სწორი იქნებოდა, ინსტალაცია ქალაქის გასასვლელში დაედგათ. სანამ ავტობანს შეუდგებოდი, შეგახსენებდა, რომ ფრთხილად უნდა იარო.

- ითქვა, რომ უფრო მეტად პრევენციული დატვირთვა აქვს გზის პირას ჯვრებს, რომლებიც ავარიაში დაღუპულთა ხსოვნის ნიშნად არის აღმართულიო. - ასეთი ჯვრები მხოლოდ საქართველოში არ არის, მაგალითად, საბერძნეთშია უღელტეხილზე. ეს პრევენციის კარგი საშუალებაა - მაშინვე ანელებ სიჩქარეს, ხვდები, რომ ამ მონაკვეთზე რაღაც საშიშია.

სხვათა შორის, თანამედროვე ავტომობილი მალე თვითონ დაიცავს თავს, არ გადააჭარბებს სიჩქარეს, თუ ნასვამი ხარ, არ მოგცემს დაქოქვის უფლებას. ავტომობილები დამუხრუჭების, ანტიმოცურების სისტემებით უფრო და უფრო ჭკვიანი ხდება. გზების მოწყობილობები - თუ ამ მხრივ წავახალისებთ მოქალაქეებს, უკეთესი იქნება, ვიდრე ამ მახინჯი კონსტრუქციებით დავაშინებთ.

- საინტერესოა, ვინ არის ინსტალაციების ავტორი, მათი დადგმის ინიციატორი? - მეც ძალიან მაინტერესებს. თუ გაიგებთ, მეც გამაგებინეთ. ვეჭვობ, იდეის გენერირებაში ჩართულია ქალაქის მმართველობა და ახლა მოიფიქრებენ გამოსავალს. მგონი, იდეის ავტორი ჩვენს ხალხს არ იცნობს, იმიტომ, რომ ვერ გათვალა რეაქცია.