"...ეს ყველაფერი იმისთვის იყო, რომ თაობა გაეწყვიტათ" - კვირის პალიტრა

"...ეს ყველაფერი იმისთვის იყო, რომ თაობა გაეწყვიტათ"

"საოცრება ყოფილა გოგონა - მოსიყვარულეა, გეფერება, გივლის... თუ დაინახავს, რომ საბანი მხარს არ მიფარავს, თავისი ჭკუით მისწორებს, ბალიშთან საწოვარას მიდებს, ანუ იმას მინაწილებს, რაც ყველაზე მეტად უყვარს"

ცნობილი მსახიობი გიორგი გურგულია, როგორც რესპონდენტი, ყოველთვის გულწრფელობითა და საინტერესო საუბრით გამოირჩევა. ვფიქრობ, ამჯერადაც ასე იყო.

- მამა 20 წლის ასაკში გავხდი. ახლა ლუკა 33 წლისაა. შეიძლება ითქვას, ფილმში "ორმაგი სახე" ლუკას სიყვარული განვასახიერე. მეორე ვაჟი, დავითი, ლუკაზე 10 წლით უმცროსია. ანდრია, მესამე, 11 წლისაა, ნაბოლარა მარინოლა - 3 წლის. საოცრება ყოფილა გოგონა. ბიჭს ვერ მოეფერები, ჭიდაობას გიწყებს, გოგო მოსიყვარულეა, გეფერება, გივლის... თუ დაინახავს, რომ საბანი მხარს არ მიფარავს, თავისი ჭკუით მისწორებს, ბალიშთან საწოვარას მიდებს, ანუ იმას მინაწილებს, რაც ყველაზე მეტად უყვარს. საოცარი გრძნობაა, პატარა ხელებით რომ გეფერება.

- მარინოლა იშვიათი სახელია. - მე დავარქვი. ინოლა გურგულია მამიდა იყო ჩემი. ინოლა ორი არ არსებობს, ის ერთი და განუმეორებელი იყო. ჩვენი გვარი წარმოშობით სვანურია, გურგულიანები არიან. ინოლა იხსენებდა, ჩვენი წინაპრების საფლავის ქვაზე წინა მარცვალი ამოტეხილი იყო და მხოლოდ ინოლა იყო დარჩენილი, ჩემი სახელი ან ირინოლადან მოდის, ან მარინოლადანო. მეორე მხრივ, დედაჩემს მარიამი ჰქვია, ამიტომ არც მას ვაწყენინე და არც ინოლას ხსოვნას...

მოსაშვილზე ვცხოვრობდით, ჩვენი მეზობლები იყვნენ ბიძინა კვერნაძე, სულხან ცინცაძე, შოთა მილორავა... ბიძინა კვერნაძეს სასწაული იუმორის გრძნობა ჰქონდა. განსაკუთრებულად ვუყვარდი რეზო ლაღიძეს, თვითონაც ხულიგანი ბავშვი ყოფილა. სათევზაოდ რომ მიდიოდნენ, თან დამატარებდნენ. რეზო ლაღიძე და ბაბუაჩემი ყურძნის დაწურვასა და ღვინის დაყენებას მასწავლიდნენ. სხვანაირი იყო მაშინდელი თბილისი, ყველა ერთმანეთზე ზრუნავდა...

- თქვენი თაობა გაიხსენეთ. - ბევრი სკოლა გამოვიცვალე, ამიტომ ბევრ უბანში მყავდა კლასელ-მეგობარი. 90-იანებიდან მოყოლებული, ის ბიჭები მიდიან და მიდიან. წელს ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა, მერე დათო მელქაძე... ომი არ გამოგივლიათ, გაჭირვება არ იცითო, ჩვენზე ამბობდნენ ხოლმე მშობლები, მერე ყველაფერი ვნახეთ: ომიც, გაჭირვებაც, უშუქობაც, უწყლობაც...

ცხოვრება აირია... ნარკოტიკი დივერსია იყო, რომ ჩვენი თაობისთვის დაერტყათ. ავარიები, დაპირისპირება, საძმოები - ეს ყველაფერი იმისთვის იყო, რომ თაობა გაეწყვიტათ...

მშობლები რაინდებად გვზრდიდნენ. მოხუცს მძიმე ჩანთით რომ დავინახავდით, ჩამოვართმევდით და სახლში მივაცილებდით, დასწრებაზე ვიყავით.

- ნარკოტიკი ახსენეთ. პირადად თქვენ რამდენად შეგეხოთ? - მეც ისევე შემეხო, როგორც ჩემს თაობას. ისე ქნეს, ყველაზე პოპულარული გოგო-ბიჭები ნარკოტიკზე დასვეს, რათა კომპრომატები ჰქონოდათ. ამ მეთოდით ყველა ოჯახში შევიდა პოლიცია. სამწუხაროდ, დღესაც ისევე იყენებენ ჩადებას. ამ დროს ეს აბსოლუტურად მედიცინის საქმეა.

ნარკოტიკის გამავრცელებელი უნდა დაიჭირო, მაგრამ მომხმარებელი? დღესაც ტესტები გამოაქვთ და ქუჩაშივე ამოწმებენ, პირდაპირ ციხეში რომ წაიყვანონ ხალხი.

- თქვენ როგორ დააღწიეთ ამ სენს თავი? - ამას მთელი ცხოვრება სჭირდება. ნარკოტიკი ტვინის რეცეპტორებზე ისე მუშაობს, რომ გარშემო თუ ვინმე მოიხმარს, შეიძლება გაცდუნოს. ამიტომ სულ დაძაბული ხარ. მე საოცარი ნებისყოფა მაქვს, იმიტომ, რომ რელიგიურ ოჯახში ვიზრდებოდი და მარხვას მიჩვეული ვარ. ამიტომ რაღაცებზე უარის თქმა არ მიჭირს. სპორტიც ძალიან დამეხმარა.

საზოგადოება ნარკომანიას როგორც დანაშაულს აღიქვამს, არადა, უნდა გეცოდებოდეს ნარკომანი. ეს მანიაა, რეალობიდან გაქცევის სურვილი, ჯადოსნურ წრეში ხვდები და გამოსვლა ძალიან გიჭირს. შეიძლება ნარკომანს რაღაც დონემდე ვუმკურნალოთ, მაგრამ არ ვეხმარებით ფსიქოლოგებითა და დასაქმებით. არადა, ადამიანი, რომელიც ნარკომანების წრიდან გამოსვლას ცდილობს, ხშირად ქუჩაში უსაქმურად დარჩენილი იმავე წრეში ხვდება.

- პოლიტიკასაც შევეხოთ. - ერთ გზას ვადგავართ მე და დათო მაღრაძე. ორივე ახლოს ვიყავით ჭაბუა ამირეჯიბთან. "დაიცავი საქართველო" მისი შექმნილია 90-იანებში, ბევრს დაეხმარა და გადაარჩინა, თუმცა ცოტა ხანს იარსება.

ხალხს "ქართული ოცნების" აღარ სჯერა. საზოგადოება ხშირად სვამს კითხვას, "ესენი და "ნაცები" ერთნი არიან?" "ოცნებაში" განხეთქილებაა, ბევრი ემიჯნება თავის პარტიას. ამით "ნაცმოძრაობა" არ უნდა გაძლიერდეს, აღარ გვინდა დიქტატურა. გახსოვთ, 600 ათასი პატიმარი რომ გვყავდა?

ახალი ძალა უნდა მოვიდეს, ის, ხალხი, რომელსაც საზოგადოების ნდობა და პატივისცემა არ დაუკარგავს: ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ვატო შაქარაშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, ანა დოლიძე...

ხალხს მთავრობა არ უსმენს, განსხვავებული აზრი იგნორირებულია. სოციალური გაჭირვება, უკმაყოფილება, მთავრობა ხალხისთვის კი არ მუშაობს, თავისი პრინციპებით მოქმედებს, ეს კი რევოლუციურ მუხტს გამოიწვევს, რაც სახიფათოა. მოგვბეზრდა სიძულვილის ენა, ამათი ვითომ დაპირისპირება და მერე რესტორნებში წილების განაწილება. როგორც ხდება, ყველამ ვიცით.

30 წელია სკამების გამო ხოცავენ ერთმანეთს. ჩვენ სიყვარულის ენას ვცნობთ მხოლოდ. ჩვენი შვილების მომავალი ნათელი და ბედნიერი უნდა იყოს.