ყოველწლიურად ოკეანეებსა და ზღვებში 8 მილიონი ტონა პოლიეთილენის პარკი ჩაედინება - კვირის პალიტრა

ყოველწლიურად ოკეანეებსა და ზღვებში 8 მილიონი ტონა პოლიეთილენის პარკი ჩაედინება

პლასტიკატით გარემოს დაბინძურების პროტესტს საქართველო პოლიეთილენის პარკების აკრძალვით შეუერთდა, მაგრამ ჩვენი გარემომცველი ბუნება პლასტიკატის ნარჩენებით არის გაძეძგილი, რომელთა თავიდან მოშორება ურთულესი პრობლემაა. მსოფლიოში პარკების წარმოებაზეც ყველა ქვეყანამ რომ თქვას უარი, უკვე არსებული ნარჩენები ბუნებაში 400-დან 1000 წლამდე დარჩება. პოლიეთილენის უზარმაზარი მთები ოკეანეებისა და ზღვების ფსკერზეა დალექილი, რისი მიზეზითაც წელიწადში ფაუნის მილიონამდე წარმომადგენელი იღუპება. გვესაუბრება ილიას უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი ლევან ნინუა:

- ახლახან თურქეთში სამეცნიერო კონფერენციაზე გახლდით, სადაც იმაზე იყო საუბარი, რომ ამ ეტაპზე შავი ზღვის სანაპიროზე პოლიეთილენით დამხრჩვალი 34 ვეშაპია გამორიყული.

ოკეანეები პლასტიკატით არის დაბინძურებული, ყველა მათგანში წააწყდებით კილომეტრებზე გადაჭიმულ პლასტიკატის ნაგვის "ფარდებს". ზღვისა და მდინარეების შეერთების ადგილას კატასტროფული ვითარებაა, არ არსებობს ნაგავი, რომელსაც ამ ადგილებში არ შეხვდებით. ცხადია, დიდი ნაწილი ზღვაში შორსაც მიცურავს და იქ ან ილექება, ან შტორმისას ისევ სანაპიროზე გამოირიყება.

- როგორ ან რატომ იღუპებიან დელფინები პლასტიკატით? - დელფინების კუჭი ისეთივე აგებულების არის, როგორიც მსხვილფეხა პირუტყვის, ანუ დაყოფილია მონაკვეთებად, რომელთა შორის ძალიან ვიწრო სანათურებია. როდესაც დელფინი პლასტიკატს ყლაპავს, მისი კუჭის წვენი ვერ ინელებს, ამიტომ პლასტიკატი სანათურებში ეჭედება და კლავს.

დიდი ვეშაპების კუჭში კილოგრამობით პლასტიკატს ნახულობენ, ისინი კვებისას უზარმაზარი რაოდენობის წყალს ისრუტავენ, რომელსაც ზღვაში მოტივტივე პლასტიკატიც მიჰყვება.

დელფინებთან ერთად ზღვის ფრინველებიც იხოცებიან, უმეტესად სანაპიროებზე საკვების ძებნისას - პოლიეთილენის ნარჩენები მათ ან ფეხებზე ეხვევა, ან ნისკარტზე ეცმება....

ნინო ჩხობაძე, "მწვანეთა მოძრაობის" ლიდერი: - ყოველი მესამე გლეხი მეუბნება, ჩემმა ძროხამ ცელოფანის პარკი შეჭამა და ამიტომ მოკვდაო. ჩვენს ქვეყანაში პლასტიკატით დახოცილი პირუტყვის სტატისტიკა რომ არ არსებობს, ცხადია, თუმცა ეს პირუტყვის მესაკუთრის ინტერესშიც შედის. დახოცილი პირუტყვის პატრონი იმიტომ ეწინააღმდეგება ამ ამბის გახმაურებას, რომ დაცემული საქონლის ხორცს არავინ იყიდის. ასე რომ, დილემა დიდია და სწორედ ამიტომაც იყო აუცილებელი საქართველოში ცელოფანის პარკების წარმოების შეწყვეტა, რაც არ უნდა ნიშნავდეს პროდუქციის მწარმოებლების განადგურებას.

მე არაერთხელ დავაყენე საკითხი პარკების საწარმოებლად უცხოეთიდან ორგანული ნივთიერების უბაჟოდ შემოტანის შესახებ. ეს შეამცირებდა პარკების თვითღირებულებას და მწარმოებლებსაც დაიცავდა გაკოტრებისგან. თუმცა საპასუხო ნაბიჯებს ჯერჯერობით ვერ ვხედავ.

მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 4-5 ტრილიონი პოლიეთილენის პარკი მზადდება. მათი ნარჩენების 32% სანაგვეებიდან ეკოსისტემაში ადვილად გაედინება, უმეტესად კი ქარის საშუალებით - პოლიეთილენის პარკები ქარს კილომეტრებზე გადააქვს და ბუნებას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. პოლიეთილენის ყოველწლიური ნაწარმიდან ოკეანეებსა და ზღვებში დაახლოებით 8 მილიონი ტონა პარკი ჩაედინება, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწის ეკოსისტემა ყოველ წუთში ერთი სატვირთო მანქანა პოლიეთილენის პარკით ბინძურდება. ანალიტიკოსების პროგნოზით, პოლიეთილენის პარკების ეს მოცულობა 2030 წლისთვის 2-ჯერ გაიზრდება, 2050 წლისთვის კი 4-ჯერ. შედეგად, დაახლოებით 35 წელიწადში ოკეანეებში უფრო მეტი პოლიეთილენის პარკი იქნება, ვიდრე თევზი.