როგორ არის დაცული საქართველოში საავტორო უფლებები - კვირის პალიტრა

როგორ არის დაცული საქართველოში საავტორო უფლებები

2018 წელს 5 100 000 ლარამდე ჰონორარი შეგროვდა

საავტორო უფლებების სფეროში შეგროვებული 5.100.000 ლარამდე ჰონორარი და სხვა მიღწევები - საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია 2018 წელს აჯამებს.

შოუბიზნესის წარმომადგენლების ჰონორარი საზღვარგარეთ მილიონებს აღწევს. წლების წინ დაწერილი სიმღერისთვის შემსრულებლები კვლავაც დიდ ჰონორარს იღებენ და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

ჩვენ დავინტერესდით, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში. როგორც აღმოჩნდა, ჰონორარის შეგროვებისა და გაცემის სისტემა ნელ-ნელა ჩვენთანაც იხვეწება და ვითარდება. შემსრულებლების თქმით, გასულ წლებთან შედარებით მიღებული ჰონორარით კმაყოფილი არიან. ისინი შემოსავალს იღებენ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთულ სხვადასხვა დაწესებულებაში მათი ნამუშევრების შესრულებისთვის. აღსანიშნავია, რომ ქართულ შემოქმედებაზე ლიცენზიებსა და შემდგომ ჰონორარს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია გასცემს.

როგორც "საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის"თავმჯდომარე გიგა კობალაძე განმარტავს, ასოციაციაში უკვე 2000-მდე ადგილობრივი წევრია, რომელთა რაოდენობაც წლიდან წლამდე იზრდება. ორგანიზაციისთვის 2018 წელი ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა, მიმდინარე წლისთვის კი საკმაოდ მასშტაბური გეგმები აქვთ.

როგორ ხდება საქართველოში ჰონორარის გაცემა და რას საქმიანობს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია? - ამ და სხვა კითხვებს გიგა კობალაძე პასუხობს.

- რა პრინციპით ხდება ქართველი შემსრულებლებისთვის ჰონორარის გაცემა?

- ასოციაციის მიერ შეგროვებული ჰონორარი ნაწილდება როგორც ადგილობრივ, საქართველოს მოქალაქე ავტორებსა და შემსრულებლებზე, ასევე უცხოელ უფლების მფლობელებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასოციაციას მოსარგებლეები სისტემატურად აწვდიან ინფორმაციას გამოყენებული ნაწარმოებების შესახებ და ამ ინფორმაციის საფუძველზე ვანაწილებთ მათ მიერ გადახდილ ჰონორარს. გარდა ამისა, ინფორმაციის სრულყოფილად მოსაპოვებლად 3 წელია აქტიურად ვთანამშრომლობთ ესპანურ კომპანია BMAT-თან, რომელიც ელექტრონულად აღრიცხავს გამოყენებულ ნაწარმოებებს და ონლაინრეჟიმში გვაწვდის ინფორმაციას. რაც უფრო პოპულარულია, ანუ ხშირად გამოიყენება ესა თუ ის ნაწარმოები, მით უფრო მეტი ჰონორარი შეხვდება მის ავტორს თუ შემსრულებელს. რაც შეეხება განაწილების ტექნიკურ მხარეს, ჩვენ ვიყენებთ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში დანერგილ სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამებს, რომელთა მეშვეობითაც ვანაწილებთ შეგროვებულ ჰონორარს. ქართველ ავტორებსა და შემსრულებლებს ჰონორარს ვუხდით პირდაპირ, ხოლო უცხოელი უფლების მფლობელების კუთვნილ ჰონორარს ვრიცხავთ იმ ქვეყნების ჩვენს პარტნიორ კოლექტიური მართვის ორგანიზაციებში, რომელთა წევრებიც არიან ეს უფლების მფლობელები. იგივე ხდება პირიქითაც - ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აგროვებენ ჩვენი ქართველი წევრების კუთვნილ ჰონორარს საკუთარ ქვეყნებში და რიცხავენ ჩვენთან, რის შემდეგაც უკვე ჩვენ გავცემთ.

- რა უფლება-მოვალეობები აქვს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას? - საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია 1999 წელს შეიქმნა და ფუნქციონირებს "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე. მას აქვს უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის სპეციალური სტატუსი და ამ სტატუსის მქონე ერთადერთი ორგანიზაციაა საქართველოში. ასოციაცია დაფუძნებულია თავად უფლების მფლობელების, ანუ ავტორების, შემსრულებლების მიერ და გადაცემული აქვს სამართავად საავტორო და მომიჯნავე უფლებები თავად უფლების მფლობელებისგან. სამართავად გადაცემა ნიშნავს, რომ ასოციაცია მოსარგებლეებზე გასცემს ნებართვებს, ანუ ლიცენზიებს, გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ. როგორც უკვე ვთქვით, შემდგომში გადახდილი საზღაური ნაწილდება ასოციაციის წევრებს შორის.

- გასულ წელს ლიცენზირების კუთხით რამდენად აქტიური იყო ასოციაცია? - ასოციაციამ, ძირითადად, ყურადღება მიაქცია სეზონური დაწესებულებების ლიცენზირებას. მათთვის 2018 წელს ახალი განაკვეთი მივიღეთ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა სეგმენტებში არაფერი გაგვიკეთებია. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო მომიჯნავე უფლებების სფეროს ლიცენზირების მზარდი ტენდენცია. საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ კომპანიებთან ურთიერთობისასაც იყო სიახლეები. გაიცა ლიცენზია YANDES MUSIC-ზე, დასკვნით ფაზაშია მოლაპარაკება Caltex Music-თან, ხოლო Deezer-თან არსებული ლიცენზია განახლდა, რომლის თანახმადაც, კონტრაქტის ვადა ავტომატურად გაგრძელდება ყოველი წლის დასრულებისას.

- კვლავ აქტუალური პრობლემაა საზოგადოების დაბალი ცნობიერება. ამ მიმართულებით რა გაკეთდა? - ეს საკითხი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, პირველ რიგში იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის პროექტები ხელს უწყობს საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში დარღვევების შემცირებას და შესაბამისად, ჰონორარის ეფექტურად შეგროვებას. ასე რომ, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს.

ამ მხრივ, საინტერესო კამპანიები დავიწყეთ საგანმანათლებლო მიმართულებით, გამოვუშვით პირველი ზღაპრების წიგნი საავტორო უფლებებზე, სახელწოდებით "მემე, მემე, გვაპოვნინე", რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და საკრებულოს ხელშეწყობით უსასყიდლოდ გავრცელდა სკოლების დაწყებით კლასებში და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. საინტერესო სიახლეა ის, რომ სპეციალური აპლიკაცია OVERLY-ის დახმარებით ბავშვები შეძლებენ არა მარტო წაიკითხონ ეს წიგნი, არამედ მოუსმინონ და უყურონ კიდეც ზღაპარს.

ვთვლით, რომ ეს პროექტი დიდი დატვირთვის მატარებელია, რადგან ხელს შეუწყობს, რომ ადამიანი ბავშვობიდანვე შეეჩვიოს ინტელექტუალური საკუთრების ლეგალურ მოხმარებას. ამავე მიზნით შევქმენით პირველი სატელევიზიო გადაცემა საავტორო უფლებების შესახებ, ტელეარხ "არტარეასთან" თანამშრომლობით. რეპროდუცირების უფლების ორგანიზაციათა საერთაშორისო ფედერაციის (IFRRO) ფინანსური დახმარებით და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, ორგანიზებულ იქნა სემინარი ლიტერატურული ნაწარმოებების გამომცემლებისა და ბიბლიოთეკებისათვის.

სემინარის თემა იყო "ლიტერატურული ნაწარმოებების სფეროში საავტორო ქონებრივი უფლებების კოლექტიური მართვა. ასევე, ვუმასპინძლეთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას, აუდიოვიზუალური ნაწარმოებების სფეროში მსოფლიო კომიტეტს. წარმატებით ჩავატარეთ ყოველწლიური სემინარი ჟურნალისტებისა და მოსამართლეებისთვის. მონაწილეობა მივიღეთ საავტორო უფლებების დაცვისა და კოლექტიური მართვის სფეროში, ევროპის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) საზაფხულო სკოლის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში.

- მიმდინარე წელს რა გეგმები გაქვთ? როგორ აპირებთ მიღწეული შედეგის გაუმჯობესებას? - 2019 წლისთვის ვაპირებთ გავაფართოოთ მომიჯნავე უფლებების სფეროში არსებული მომხმარებლების არეალი. გვინდა დავიწყოთ აუდიოვიზუალური სფეროს ლიცენზირება. ასევე, ვგეგმავთ მომიჯნავე უფლებების ჰონორარის განაწილებისთვის უკეთესი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის დანერგვას. ასევე დიდი სურვილი გვაქვს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და მთელ რიგ ახალ პროექტებს გპირდებით.

ნანა მღებრიშვილი