"იმედს არ ვკარგავთ, რომ გზას დაგვიგებენ..." - კვირის პალიტრა

"იმედს არ ვკარგავთ, რომ გზას დაგვიგებენ..."

თბილისის ავტომუზეუმი მეხუთე წელია, სიხარულით უღებს კარს დამთვალიერებელს. მუზეუმში, რომელიც ერთადერთია ამიერკავკასიაში, უკვე ორმოცდაათზე მეტი რარიტეტული ავტომანქანაა. "დამთვალიერებლებს, რომელთა დიდი ნაწილი ტურისტია, ღირსეულად ვხვდებით, - მეუბნება მუზეუმის მფლობელი ბიზნესმენი გიორგი მამულაშვილი, - მაგრამ პრობლემას, რომელსაც გზა და ტრანსპორტი ჰქვია, ჩვენ ვერ ვერევით".

- ბატონო გიორგი, მუზეუმთან მისასვლელ უსახელო ქუჩას თბილისის საკრებულომ ავტომუზეუმის სახელი მიანიჭა და ამას მოჰყვა მუზეუმის გახსნაც.

- თავიდან აქ ავტოფარეხი იდგა. მაშინდელი საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ოგბაიძემ დამანახა მუზეუმის გახსნის შესაძლებლობა და ვიფიქრე, რატომაც არა, ჩემს ირგვლივ ხომ უამრავი ავტომოყვარულია, ახალგაზრდები, რომლებსაც მხოლოდ სურათებში უნახავთ ეს ავტომანქანები; გარდა ამისა, ქვეყანა, რომლის ტურისტულ მარშრუტშიც შედის ავტომუზეუმი, ერთი ნაბიჯით წინ იქნება-მეთქი. ჰოდა, 2014 წელს, ოქტომბერში, თბილისობა დღეს, მუზეუმი გავხსენით.

ავტომანქანებს თითქმის ოცი წელიწადი ვაგროვებდი. პირველი სამუზეუმო ექსპონატი 1964 წელს გამოშვებული მწვანე "მოსკვიჩი" გახლდათ. 2014 წელს კოლექციაში უკვე ოცდაათზე მეტი საბჭოეთში გამოშვებული "გადაშენებული დინოზავრი" მყავდა, მათ შორის უნიკალური "ზილ-115", შეჯავშნული ავტომობილი, რომელსაც პოლიტბიუროს წევრები დაჰყავდა.

თბილისის მაშინდელი მერი დავით ნარმანიაც ავტომოყვარული გამოდგა და დიდი სიამოვნებით მონაწილეობდა გახსნის ცერემონიალში. წვიმიანი დღე იყო, მაგრამ სტუმრებმა არად ჩააგდეს მუზეუმამდე მოსასვლელი გადათხრილი გზა და გვესტუმრნენ.

- და დაგპირდნენ, რომ უგზოობას მოგიგვარებდნენ...

- მაშინ მერიამ გამგეობას გამოუყო თანხა, ჰოდა, მოვიდნენ, ხრეში დაყარეს და უკვე მეხუთე წელიწადია, დაიკარგნენ. არადა, ავტომუზეუმის ქუჩა, ალბათ, ყველაზე პაწაწინაა თბილისში - დაახლოებით 250 მეტრია. ტრანსპორტის დანიშვნა ვითხოვეთ, რაზეც მერიის ტრანსპორტის სამსახურმა წერილობით გვაცნობა, რომ საამისო რესურსი არა აქვთ.

- ვიცი, რომ ერთ დღეს ავტომუზეუმით უშიშროების სამსახურიც დაინტერესდა. - ეს სასაცილო ამბავი შარშან მოხდა. ავტომუზეუმის დირექტორმა ბატონმა რევაზ ჭეიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ მუზეუმს უშიშროება შეამოწმებდა. თურმე იმ დღეებში ბელორუსის პრეზიდენტი გეგმავდა ვიზიტს საქართველოში. მისი უმცროსი ვაჟი ავტომოყვარული ყოფილა, საკოლექციო მოდელებს აგროვებს, ამიტომ მის მარშრუტში თბილისის ავტომუზეუმიც დაიგეგმა, რასაც წინ ჯერ ჩვენი უშიშროების ვიზიტი უძღოდა, შემდეგ ბელორუსის მოვიდოდა. მოვემზადეთ, ავაფრიალეთ საქართველოსა და ბელორუსის დროშები, გადავაპრიალეთ ჩვენი ისედაც გაპრიალებული ექსპონატები, მაგრამ მოვიდა წვიმა და ავტომუზეუმის ქუჩის ორმოები წყლით აივსო, ჰოდა, ბელორუსის უშიშროებამ მოსვლა გადაიფიქრა.

ამჟამად მოტოციკლეტების პარკისთვის ცალკე შენობას ვაწესრიგებთ და იმედს არ ვკარგავთ, რომ გზას დაგვიგებენ, მანამდე კი დამთვალიერებელს, რომელსაც უგზოობა არ აშინებს, გაშლილი ხელით ველით.

დეა ცუცქირიძე