"რაც უფრო სწრაფად დაისამარებთ საკუთარ თავს პოლიტიკურად, მით უკეთესია" - ხმაური იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე - კვირის პალიტრა

"რაც უფრო სწრაფად დაისამარებთ საკუთარ თავს პოლიტიკურად, მით უკეთესია" - ხმაური იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა კამათით დაიწყო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კამათით დაიწყო. ოპოზიციონერი დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე კანონპროექტის დღის წესრიგიდან მოხსნას ითხოვენ და უმრავლესობას მიმართავენ, მეორე მოსმენით განხილვა არ დაიწყოს მანამ, ვიდრე ცნობილი არ გახდება ვენეციის კომისიის დასკვნა, მისი შენიშვნები და რეკომენდაციები.

კანონპროექტის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგიდან მოხსნა მოითხოვეს „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ასევე უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატებმა. როგორც აღინიშნა, გამორიცხული არ არის ვენეციის კომისიას ისეთი შინაარსის შენიშვნები ჰქონდეს, რომ პროექტები მეორე მოსმენიდან პირველ მოსმენაზე დასაბრუნებელი გახდეს.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა, რომ თუკი მათ მართლაც აქვთ ვენეციის კომისიის დასკვნის გაზიარების სურვილი, პროექტის მეორე მოსმენით განხილვა არ იჩქარონ.

„ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთმა წევრმა გიგა ბოკერიამ კი უმრავლესობის წევრებს ერთგვარი კომპრომისული ვარიანტი შესთავაზა და გამოვიდა იმ წინანდადებით, რომ თუკი პროექტის მეორე მოსმენით განხილვა დღეს მაინც გაიმართება, კენჭისყრის პროცედურა ვენეციის კომისიის დასკვნამდე გადაიდოს. თავის მხრივ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება და მისი შენიშვნები და რეკომენდაციები პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას აისახება.

„იმ ფონზე, როდესაც პროცესი 5 თვეა მიმდინარეობს, არასწორია იმაზე საუბარი, რომ ჩვენ რაღაცას ვჩქარობთ“, - მიმართა ოპოზიციას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

"ეს კანონპროექტი დააჩქარებს მხოლოდ იმას, რაც ელოდება თქვენს პოლიტიკურ გუნდს, რაც უფრო სწრაფად დაისამარებთ საკუთარ თავს, მით უკეთესია, პოლიტიკურად", - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს კომიტეტის სხდომაზე, სადაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტი უნდა განიხილონ.

დეპუტატის თქმით, უმრავლესობამ ვენეციის კომისია ფორმალურად მოიწვია და მისი დასკვნის გაზიარებას, არ აპირებს.

"ინტერპრესნიუსი"