როგორ დაეხმარება ქართული მხარე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაციას? - კვირის პალიტრა

როგორ დაეხმარება ქართული მხარე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაციას?

მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ხელისუფლება განსაზღვრავს, რა ტიპის დახმარებები ესაჭიროებათ, უკვე შესაძლებელია იმაზე ფიქრი, საქართველოს როგორ და რა ფორმით შეუძლია დახმარება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ გუშინ პარიზში, ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარის გამო, ამ უმძიმეს დროს ქართველი ხალხი ფრანგი ხალხის გვერდზე დგას.

"საქართველოს პრეზიდენტი გუშინვე გამოეხმაურა "თვითერის" საკუთარ გვერდზე მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნა, რომ ამ უმძიმეს დროს ქართველი ხალხი დგას ფრანგი ხალხის გვერდით. პარიზის, საფრანგეთისა და ზოგადად, ქრისტიანობის ერთ-ერთი სიმბოლო, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი გუშინ ფრანგი ხალხის თავდადებით და მთელ მსოფლიოში, მილიონობით ადამიანის გულწრფელი სურვილით, უდიდეს ტრაგედიას გადაურჩა. დღეს უკვე მსოფლიო ახალი რეალობის ირგვლივ ერთიანდება და ეს რეალობა გახლავთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა”, - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში, მოისწრაფიშვილმა უპასუხა, რომ ამაზე საუბარი მას შემდეგ შეიძლება, რაც საფრანგეთის ხელისუფლება განსაზღვრავს, თუ რა ტიპის დახმარებაა საჭირო.

"დღეს გავრცელდა ოფიციალური განცხადება საფრანგეთის მხარის მიერ, სადაც საუბარია იმაზე, რომ ისინი ღია არიან დახმარების მიმართ, თუმცა უნდა განისაზღვროს ის დახმარება, რისი მიღებაც მათ სურთ. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია ფიქრი იმაზე, საქართველოს როგორ და რა ფორმით შეუძლია დახმარება. დღეს ასევე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ბიზნესის მოწოდებები და ეს უკვე მათი საქმეა, ბიზნესი რამდენად ჩაერთვება. ფაქტია, რომ გუშინ ყველამ ერთად დავინახეთ, როგორ გაერთიანდა ნამდვილად ამ ტრაგედიის ირგვლივ მთელი მსოფლიო გულწრფელად და ყველა მზად იყო დასახმარებლად. ახლა უკვე ალბათ თავად საფრანგეთის ხელისუფლება განსაზღვრავს, რა ტიპის დახმარებები ესაჭიროებათ“, - აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.

ძლიერი ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ, ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. მეხანძრეებმა შეძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა. ასევე აღსანიშნავია, რომ ტაძარში არსებული რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩენილია.

იხილეთ ასევე: როგორ გამოიყურება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ