"ცუდად ექცეოდა თათიას, ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას..." - რისთვის იჩაგრება დიმიტრი ლორთქიფანიძის ქალიშვილი?
17-04-2019
"ცუდად ექცეოდა თათიას, ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას..." - რისთვის იჩაგრება დიმიტრი ლორთქიფანიძის ქალიშვილი?
"სამართალმა პური უნდა ჭამოს" - რისთვის იჩაგრება დიმიტრი ლორთქიფანიძის ქალიშვილი

ადამიანის უფლებების დამცველი დღეს საკუთარი ოჯახის წევრის უფლებების დასაცავად იბრძვის. ყოფილი დეპუტატი, უფლებადამცველი, პოლიტიკოსი, 8 შვილის მამა დიმიტრი ლორთქიფანიძე ბრაზობს, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში "ნაციონალური მოძრაობის" რევანშის მსხვერპლია. გვარწმუნებს, რომ მისი ქალიშვილი, ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე ევროჩემპიონატიდან პოლიტიკური და დისკრიმინაციული მოტივებით მოხსნეს.

- ბატონო დიმიტრი, რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ თქვენი ქალიშვილი ევროჩემპიონატიდან პოლიტიკური და დისკრიმინაციული მოტივებით მოხსნეს?
-
მოგახსენებთ, ბათუმში მიმდინარე ევროჩემპიონატზე ძალოსნობაში ქალთა ნაკრებს ბოლო წუთამდე ჩემი ქალიშვილი წარადგენდა. თუმცა მოულოდნელად, ვერიფიკაციის პროცესში, 5 აპრილს ასპარეზობიდან მოხსნეს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ამ ამბავს წინ უძღოდა თათიასა და თემურ ჯანჯღავას დაპირისპირება, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ადგილი ჰქონდა პირად ანგარიშსწორებას. სიმართლე რომ ვთქვათ,
მთელ ამ ამბავში თათია არაფერ შუაშია. მთავარი სამიზნე მე ვარ. ალბათ იცით, რომ ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე წარმოადგენდა "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმს, იყო სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სპორტის ფედერაციაში ძალაუფლება შეინარჩუნა. ახლა მას არ აწყობს, რომ პოლიტიკოსის შვილი მის ფედერაციაში იყოს და საკუთარი თვალით ხედავდეს იქ არსებულ უბედურებას.

- რა უბედურებას გულისხმობთ?
- ფედერაციაში ნეპოტიზმი მძვინვარებს, ასანიძე იქ თავისი მაფიოზური კლანით არის წარმოდგენილი და გაცხოველებული ვაჭრობა აქვს გამართული. მისი ქვისლი თემურ ჯანჯღავა, რომელიც პროფესიით სანტექნიკოსია, ერთდროულად ითავსებს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თბილისის ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და ახალგაზრდული მწვრთნელის მთავარი ასისტენტის პოზიციებს. ე.ი. ასანიძეების კლანი სრულად აკონტროლებს ფედერაციას. ფაქტობრივად, სიცილიური მაფიის ანალოგთან გვაქვს საქმე.


- ასანიძემ განცხადა, რომ თათია ფედერაციის შინაგანაწესს არ ემორჩილებოდა და თქვენც აღნიშნეთ, რომ ის ჯანჯღავასთან იყო დაპირისპირებული.
- თქვენ რომ შტანგისტი იყოთ, სანტექნიკი გავარჯიშებდეთ და ამის გამო იღებდეთ ტრავმებს, ხომ გაგიჩნდებოდათ სამართლიანი პროტესტი? ჯანჯღავა არათუ შტანგისტი და სპორტსმენი არ ყოფილა არასდროს, სამწვრთნელო კურსებიც კი არ აქვს გავლილი. მას სურდა თავის მწვრთნელთან, ნამდვილ პროფესიონალთან და კარგ ადამიანთან, გელა მახარაშვილთან ევარჯიშა. ყველაფრის მიუხედავად, თათია ორ "სბორზე" მაინც წავიდა, მათ შორის დუშეთში, ასანიძის შეკრებაზე და ასევე იყო მოლაპარაკებული, რომ თათიასა და თემურ ჯანჯღავას შორის არსებული კონფლიქტის ამოწურვის მიზნით, გია ასანიძე ავარჯიშებდა თათიას. თუმცა, ერთ კვირაში, ასანიძემ განაცხადა, რომ ქალთა შეკრება გამოეყოფოდა საერთოს და ის ჩატარდებოდა რუსთავში თემურ ჯანჯღავას თაოსნობით, ანუ დაირღვა მიღწეული შეთანხმება. მიუხედავად ამისა, თათია მაინც გაემგზავრა რუსთავში და სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო, მან მიიღო ტრავმა ფეხის სახსარში, რაც დაადასტურა ტატიშვილის კლინიკამ და ისიც ფაქტია, რომ ეს ტრავმა ჯანჯღავას შეკრებაზე მიიღო. გარდა ამისა, ქალთა შეკრების ხარჯი ორჯერ შეამცირეს, ცხოვრობდნენ ახალ რუსთავში, დადიოდნენ სავარჯიშოდ ძველ რუსთავში და "ფასტფუდით" იკვებებოდნენ, რამაც შეკრების ყველა მონაწილეზე ძალიან ცუდად იმოქმედა. თათიამ 4 კილოგრამი დაიკლო, საკვები უვარგისი იყო (ამ ფაქტს ყველა ადასტურებს), სპორტსმენები სუპერმარკეტში საკუთარი ხარჯით იმატებდნენ საკვებსა და ხილს. აღსანიშნავია, რომ თათიას გარდა, დანარჩენი 3 ქალი იყვნენ ახალბედები და მისგან განსხვავებული დატვირთვა ჰქონდათ. ვარჯიშის სტანდარტი ვერ უზრუნველყოფდა თათიას მოთხოვნებს მთავარი მწვრთნელის არაკვალიფიციურობის გამო. ყველა ამ "სიკეთესთან" ერთად, ჯანჯღავა საკმაოდ ცუდად ექცეოდა თათიას, ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას.

- რას გულისხმობთ?

- მაგალითად, ქალიშვილ გოგოს ეუბნებოდა, რა გჭირს, ფეხმძიმედ ხომ არ ხარო? როდესაც მასზე ბრაზობდა, ფეხებთან უფურთხებდა. ერთხელ, როდესაც თათიამ მყესი დაიზიანა და ექიმმა სპეციალური კრემი დაუნიშნა, ჯანჯღავამ იკადრა და უთხრა, საზარდულში წაგისვამო. ეს ფაქტი წერილობით და ზეპირად თათიამ და მისმა პირადმა მწვრთნელმა, გელა მახარაშვილმა არაერთგზის დაუფიქსირეს ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილს, რომლისგანაც ამ სავალალო ფაქტებს რეაგირება არ მოჰყოლია. დავუბრუნდეთ ტრავმას, რომელიც თათიამ რუსთავში მიიღო:

მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ თათია და გელა მახარაშვილი შეხვდნენ კახი კახიაშვილს და კატეგორიული უარი განაცხადეს არაკვალიფიციურ ე.წ. მთავარ მწვრთნელთან ვარჯიშის გაგრძელებაზე და მასთანვე შეათანხმეს საკითხი, რომ საწვრთნელ ვარჯიშს მარტის თვეში გაივლიდნენ თბილისის მძლეოსნობის მანეჟში. აღსანიშნავია, რომ ბატონი კახიაშვილის მოთხოვნით, ამ დროს თათიამ ჩააბარა საერთაშორისო დოპინგტესტი და დაფიქსირდა, რომ სუფთაა. გადაწყდა, ვარჯიში გაგრძელდებოდა თემურ ჯანჯღავას გარეშე და ჩემპიონატამდე გარკვეული დღეებით ადრე, თათია თავის მწვრთნელთან ერთად ჩავიდოდა ბათუმში. შემდგომ, 3 აპრილს სრულიად შემთხვევით, რადიოში ვუსმენდი გია ასანიძეს, რომელმაც დასმულ კითხვაზე: "გეგმავენ თუ არა ქალებს შორის მედლებს?" განმარტა, რომ მედლები არ იგეგმება, რადგან ნაკრების შემადგენლობა დებიუტანტებითაა დაკომპლექტებულიო. რა თქმა უნდა, მაშინვე წავედი სამინისტროში და შევხვდი მინისტრის მოადგილეს სპორტის დარგში, შალვა გოგოლაძეს, რომელიც დავალაპარაკე თათიას პირად მწვრთნელს გელა მახარაშვილს. გოგოლაძემ განაცხადა, რომ ის დაუკავშირდა ფედერაციას ბათუმში, სადაც მას განუცხადეს, რომ ელიან თათიას და მის მწვრთნელს 4 აპრილს, მათი მხრიდან არავითარი წინააღმდეგობა არ შეხვდება თათიას და ის იასპარეზებს(!). ამის შემდეგ, საქმის კურსში ჩავაყენეთ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტიც და მანაც დაგვიდასტურა, რომ თათიას პრობლემები არ შეექმნებოდა და ის-ის იყო, მატარებლის ბილეთი ავიღეთ, რომ გელამ მიიღო კახი კახიაშვილის "ესემეს"-შეტყობინება: "გელა, მარტო ჩამოდი, თათიას გარეშე". 4 აპრილს გელა ჩავიყვანე ჩემი მანქანით. ზუსტად 4 საათი ილაპარაკა კახიაშვილმა სხვადასხვა თემაზე და ღამის 12-ზე განაცხადა, თათიას ვერ დავუშვებთ 10 აპრილის შეჯიბრებაზე, რადგან დისციპლინის დარღვევაში ედება ბრალიო. ვერიფიკაცია დილით 9-ზე უნდა შემდგარიყო. ამის შემდეგ ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია და შევადგენინეთ რეაგირების ოქმი, ყველა ფაქტის მითითებით. ფაქტობრივად, ასანიძის ფედერაციამ სპორტსმენ ქალს ომი გამოუცხადა. სხვათა შორის, როდესაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი თათიას ამბავს გაეცნო, თქვა, შესაძლოა დისკრიმინაციას ჰქონდეს ადგილიო. ჯანჯღავამ და ასანიძემ მე და ჩემს შვილს მუქარა შეგვისრულეს და ევროპის ოლიმპიადაზე ვეღარ მივდივართ. ახლა ჩვენი ამოცანაა, სასამართლოს გზით დავამტკიცოთ, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონო იყო. შემდეგ კი საერთაშორისო ფედერაციას მივაწვდენ ხმას საქართველოში ფედერაციის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების შესახებ.

- შვილების უფლებების დაცვისთვის ხშირად გიწევთ ბრძოლა?
- მიწევს, რადგან ქვეყანაში კლანურ-მაფიოზური მმართველობის სისტემაა დანერგილი. უფლებადამცველი ვარ, ყველას ვეხმარები და ჩემს შვილებს როგორ არ ამოვუდგე მხარში? მშვენივრად ვხედავ, რასაც ბოლო დროს მურუსიძეები, ფარცხალაძეები და მათთან დაკავშირებული სინდიკატები სჩადიან.



- როდესაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა, წარმოიდგენდით, რომ მსგავსი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდით?
- არა, რას ამბობთ, დარწმუნებული ვიყავი, რომ პირველ რიგში, კლანურ მმართველობას მოეღებოდა ბოლო. მაგრამ პირიქით მოხდა, კოაბიტაციის შედეგად "ნაციონალები" კიდევ უფრო მეტად გაძლიერდნენ.

- და თქვენ მაინც გაქვთ იმედი, რომ სასამართლოში სამართალს იპოვით?
- აუცილებლად ვიპოვი სამართალს! საქმეში სახალხო დამცველსაც ჩავრთავ. იმდენ დამაჯერებელ არგუმენტს წარმოვადგენ, რომ მურუსიძის სასამართლოც ვერ შეძლებს თვალის დახუჭვას. თუ არადა, სტრასბურგში გავასაჩივრებ. სააკაშვილის დროს შევძელი სასამართლოში ჩემი შვილის სიმართლის დამტკიცება და ახლა რა ღმერთი გამიწყრება?

- რას გულისხმობთ?
- 2007 წელს ჩემი 17 წლის ვაჟიშვილი პატრულის უფროსმა გეგეჭკორმა მხოლოდ იმიტომ დააკავა, რომ მე 7 ნოემბრის აქციაში მივიღე მონაწილეობა. არასრულწლოვანი ბავშვი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით "კაპეზეში" რეციდივისტებს და ნარკომანებს მიუსვა გვერდით. მართლა რომ ჩაედინა ხულიგნობა, ადმინისტრაციული სისხლის სამართლის კოდექსი ხომ უნდა გაეთვალისწინებინათ და არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი საქმის კურსში ჩაეყენებინათ. როდესაც სასამართლოში პროცესი მოვიგე, გეგეჭკორი თავად დავადანაშაულე კანონის დარღვევაში. მეხვეწებოდა, სამი შვილის მამას ცხოვრებას ნუ დამინგრევო. მე მაგაზე მეტი შვილი მყავდა, მაგრამ კი მინგრევდა ცხოვრებას.

- როდესაც პოლიტიკოსის, უფლებადამცველის, საჯარო პირის შვილების უფლებები ასე ხშირად ილახება, რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს რიგით მოქალაქეს, რომელსაც ასეთი მფარველი არ ჰყავს?
- მაგას არ ვამბობ? ყველას ხომ არ ეყოლება უფლებადამცველი მამა? მე ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კლანური მმართველობის გამო ამ ქვეყანაში ადამიანებს არ ჩაგრავდნენ. სამართალმა პური უნდა ჭამოს.

ხათუნა ბახტურიძე
ჟურნალი "გზა"
ნანი
19 აპრილი 2019 11:59
ღმერთმა გააძლიეროს თქვენი ლამაზი ოჯახი. წარმატებებს გისურვებთ.
უნძინა
19 აპრილი 2019 09:32
როგორ მეტკინა გული,აღარაფრის იმედი აღარ მაქვს, რა გვეშველება (ემიგრანტი)
ტოტო
18 აპრილი 2019 20:47
ამ "ინტელექტუალურ" ოჯახში შტანგისტი საიდან ?

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, როგორ შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, როგორ შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში გასულ წლებთან შედარებით?