"საზოგადოება, რომელშიც გვიწევს ცხოვრება, გადაგთელავს, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ..." - კვირის პალიტრა

"საზოგადოება, რომელშიც გვიწევს ცხოვრება, გადაგთელავს, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ..."

"არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, გარემო პირობებია შეზღუდული, შესაძლებლობები კი - შეუზღუდავი" და ჩვენს საზოგადოებაში არიან ადამიანები, ვინც ეს სიტყვები თავიანთი საქმით არაერთხელ დაამტკიცეს და სხვადასხვა სფეროში დიდ წარმატებებსაც მიაღწიეს.

"ბევრი პროფესია მაქვს და ყველა თანაბრად მიყვარს", - აღნიშნა ანა ნაზღაიძემ, რომელიც ამჟამად შსს-ს აკადემიაში ინსტრუქტორის პოზიციაზე მუშაობს და მომავალ პოლიციელებს ლექციებს უკითხავს საგანში - "შშმ პირებთან ურთიერთობის დამყარების სტანდარტები და კომუნიკაციის თავისებურებანი"; ასევე არის ჟურნალისტი, სპორტის მენეჯერი, ტრენერი, ადაპტიური სპორტის მაგისტრი, შშმ პირთა უფლებადამცველი და ა.შ. ანა გულახდილად გვიზიარებს თავის ემოციებს და იმ პრობლემებზე გვესაუბრება, რომლებიც მთელი რიგი კამპანიების მიუხედავად, თანამედროვე საზოგადოებაში მაინც არსებობს.

"გაზაფხულიდან-გაზაფხულამდე ველოდები მის მეორედ მოსვლას"

- ჩემთვის და ალბათ არა მხოლოდ ჩემთვის, გაზაფხული სიხარულის, სიყვარულის, სიახლისა და ახალი სიცოცხლის დაბადების სიმბოლოდაც კი აღიქმება. მიყვარს გაზაფხული მისი ლამაზი ფერებით, ამ დროს თითქოს მეორე სუნთქვა მეხსნება, რაღაც ახლისა და მნიშვნელოვანის დაწყების სურვილი მიჩნდება. გაზაფხულიდან-გაზაფხულამდე ველოდები მის მეორედ მოსვლას და ახალი ენერგიის მიღებას, რომელიც წლიდან-წლამდე მიმყვება და რომ არა ის პრობლემები, რასაც დღეს, XXI საუკუნეში ე.წ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ვაწყდებით, დარწმუნებული ვარ, წელიწადის ამ დროს საზოგადოება ხშირად იხილავდა ქუჩაში მოსეირნე ასეთ პირებს, ზოგს მეგობრებთან, ზოგს ოჯახის წევრებთან და ზოგსაც შეყვარებულთან ერთად, მაგრამ... რომ არა ძალიან ბევრი მაგრამ, ეს ყველაფერი უბრალო ოცნებად არ დარჩებოდა ბევრი ადამიანის ცხოვრებაში.

"ყველას აქვს ცხოვრების, ქუჩაში გასვლის, სიყვარულის უფლება"

- სიყვარული რომ ვახსენე, მწარედ გამეღიმა... იმიტომ არა, რომ ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეებს არ შეგვიძლია სიყვარული, პირიქით, შეგვიძლია და თან როგორ... ბევრი ვერ შეედრება ჩვენი გულიდან წამოსულ სუფთა გრძნობას, მაგრამ საზოგადოება? ის საზოგადოება, რომელშიც თითოეულ ჩვენგან უწევს ცხოვრება, ყოველდღიური შეხება, არც კი დაფიქრდება, ისე გადაგთელავს, გადაგივლის და გაგრიყავს, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ შენ მისგან "რაღაცით განსხვავებული" ხარ, არ შეგიძლია ფეხით სიარული, მოკლე კაბასა და ქუსლზე შემდგარი ვერ გამოაჩენ შენს გრძელ ფეხებს, ვერ ჩაიცვამ დეკოლტეს და მკერდმოშიშვლებული თეძოს ქნევით ვერ დაიპყრობ მათ გულებს, შენ ხომ ერთი "საცოდავი ინვალიდი" ხარ, რომელიც ეტლს არის მიჯაჭვული და ამის უფლება უბრალოდ არ გაქვს... იმ უფლებას მიკრძალავენ, რომელიც თავად უფალმა და კანონმა მომანიჭა; მიკრძალავენ საკუთარი უცოდინარობისა და კომპლექსების გამო. სინამდვილეში კი ეს უფლება ყველასია, ყველას აქვს ცხოვრების, ქუჩაში გასვლის, სწავლის, მუშაობის და თუნდაც, სიყვარულის უფლება... უფლება, რომელსაც თავად ადამიანები ქმნიან და საკუთარ კომპლექსებს ჩარჩოში აქცევენ... უცნაურია ჩვენი კომპლექსები "განსხვავებული" ადამიანების მიმართ.

"რატომ უნდა ჰგავდნენ ადამიანები ერთმანეთს?"

- ერთხელ მეექვსე კლასის მოსწავლემ მითხრა: "პატივცემულო, რატომ არ უნდა ვიღებდეთ ადამიანებს ისეთს, როგორებიც არიან, მათი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობის მიუხედავად? სამყაროს თუ გადავხედავთ, ორი ერთნაირი წერტილიც კი არ არსებობს და რატომ ვავალდებულებთ, რომ ადამიანები ერთმანეთს ჰგავდნენო?!" ვეთანხმები და მართლაც, რატომ გვინდა, რომ საზოგადოებაში მხოლოდ "სტანდარტული" ადამიანები ჩანდნენ? რა დააშავა იმ პირმა, ვისაც მთელი ცხოვრება ეტლით სარგებლობა უწევს ან თუნდაც მან, ვისთვისაც სამყაროს ამოცნობა ხელის შეხებით ხდება და ვერასოდეს შეძლებს თვალით ამ სილამაზის დანახვას? რა დააშავა იმ ბავშვმა, რომელსაც მთელი ცხოვრება დედის ხმა არ გაუგონია? ადამიანები კი იმაზე დარდობენ, შავი ჯინსი ჩაიცვან, ლურჯი თუ დახეული... სწორედ ეს ადამიანები ქმნიან გარემოს და გვიბიძგებენ, დავრჩეთ სახლში, არ გამოვიდეთ, არ ვისეირნოთ, არ გავიცინოთ, არ გვიყვარდეს, არ ვისწავლოთ, არ გავთხოვდეთ და შვილები არ გავაჩინოთ... რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ მათი მყუდროება ირღვევა, ისინი წუხდებიან ქუჩაში აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვის დანახვისას, რადგან ის მათ მიერ დადგენილ სტანდარტულ ნორმებს ვერ აკმაყოფილებს და ქუჩაში ხმაურობს, ნივთებს ითხოვს, ტირის და მათი გადმოსახედიდან არაადეკვატურად იქცევა.

წუხდებიან უსინათლოს დანახვისას, რადგან მას დახმარება სჭირდება და საზოგადოების "პატივსაცემ ფენას" კითხვებით აწუხებს, მაღაზიაში კონსულტანტს ბევრს ელაპარაკება და ვერც კაფეში შესული კითხულობს მენიუს. წუხდებიან ეტლით მოსარგებლის დანახვაზე, რადგან მას გზაზე გადაყვანაში დახმარება, კიბეზე და ავტობუსში ასვლაში დახმარება სჭირდება, ისინი კი იღლებიან, ძალიან იღლებიან. წუხდებიან, როდესაც ცერებრალური დამბლით დაავადებული ან დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი საცურაო აუზზე მიდის, რადგან "შეიძლება მათ შვილებს გადაედოს" ეს "საშიში ავადმყოფობა" და მერე რა ქნან?

ასეთი ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია ჩამოვთვალო, უსასრულოდ ვისაუბრო, ამ თემას ტომები მივუძღვნა, მაგრამ საუბარი საუბრად დარჩება მანამ, სანამ საზოგადოება ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს არ მიგვიღებს ისეთებს, როგორებიც ბუნებამ გაგვაჩინა; ისეთებს, როგორებადაც ყოფნა ჩვენთვის უდიდესი "ტვირთია", რადგან ამ "ტვირთებად" თავად საზოგადოებამ გვაქცია. "ტვირთებად" დავრჩებით მანამ, ვიდრე საზოგადოება არ მიხვდება, რომ ჩვენ(ც) მათი ნაწილი ვართ, ჩვენც იგივე უფლებები გვაქვს რაც ნებისმიერ მათგანს და არ შექმნის ჩვენზე მორგებულ პირობებს.

"ხშირ შემთხვევაში ადაპტირება მხოლოდ 45%-იანი პანდუსებით შემოიფარგლება"

- შესაძლოა ვიღაცას აგრესია გაუჩნდეს ჩემ მიმართ და თქვას, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ვიღაც იმასაც იტყვის, რომ სახელმწიფო ჩვენზე ზრუნავს და ჩვენ უმადურები ვართ. გეთანხმებით! მართალი იქნებით ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ მხოლოდ ფურცელზე შავად დაწერილი კანონები ჩვენს მდგომარეობას ვერაფრით შეცვლის, თუ ეს კანონი არ ამოქმედდა და მის ამოქმედებაში კი სწორედ ამ საზოგადოებას აქვს უდიდესი როლი. იმ კანონის არსებობა, რომელიც მხოლოდ ფურცელზე წერია, აზრს კარგავს... ადაპტირებაო, იძახის მავანი, მაგრამ მისი არსი ბოლომდე არც აქვს გაცნობიერებული და ხშირად ადაპტირება 45%-იანი პანდუსებით შემოიფარგლება, თუ გაგვიმართლა და პანდუსი 6%-იანი დახრილობითაა, ამ შემთხვევაში ჩნდება სხვა დამატებითი პრობლემა, პირველი სართულის გარდა ვერსად მიდიხარ, რომ არაფერი ვთქვა უსინათლო, სმენისა თუ მეტყველების დარღვევის მქონე პირთა საჭიროებებზე. პირველ რიგში, ნებისმიერმა უნდა გააცნობიეროს, რომ ადაპტირება 45% პანდუსი არ არის, ადაპტირება უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი ცნებაა...

ადაპტირებაო, ვიძახი და იქვე ტერმინოლოგია მახსენდება... ტერმინები, რომლებიც სტერეოტიპულ დამოკიდებულებას კიდევ უფრო ამყარებს, სისხლსა და ხორცში ისეა გამჯდარი, მისი "ამოძირკვა" ფაქტობრივად წარმოუდგენელიც კი არის; ტერმინები, რომლებსაც იყენებენ ის ადამიანები, ვისგანაც საზოგადოება სწავლობს და საზოგადოების პატივსაცემი ფენაა. სლოგანები, რომლებიც განგრევს და გაკნინებს ადამიანს, საზოგადოებას კი უჩენს დამოკიდებულებას, რომ ხარ "საწყალი", "გადასაგდები" ან უკეთეს შემთხვევაში "ფრთიანი ანგელოზი"... სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია...

გამოსავალი...

- ძალზე იოლია, ყველამ ის ვაკეთოთ, რაც ჩვენს მოვალეობაში შედის. კანონმდებელმა წეროს კანონი, აღმასრულებელმა აღასრულოს ის და შექმნას ყველასათვის ხელმისაწვდომი გარემო, მოარგოს თითოეული ადამიანის საჭიროებას, მასწავლებელმა ასწავლოს, მოსწავლემ ისწავლოს, ექიმმა უმკურნალოს, ჟურნალისტმა მიაწოდოს სწორი ინფორმაცია საზოგადოებას, საზოგადოებამ ეს ინფორმაცია სწორად გაიგოს და აღიქვას. მოვრჩეთ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას, ერთმანეთის ლანძღვას და მიწის გამოთხრას, დავინახოთ ყველაფერი ისე, როგორც ცივილიზებულ ადამიანს შეეფერება და ყველაფერი თავისთავად დალაგდება.

- თუ გაქვს ხოლმე შესაძლებლობა, მაგალითად, სადმე ექსკურსიაზე წახვიდე ქალაქგარეთ, დაისვენო? - სიახლეების შეცნობა ძალიან მიყვარს. ჩემი ქვეყანა მიყვარს, მისი მთაგორიანი ადგილები და ღირსშესანიშნაობები, მათი მონახულება, მაგრამ დღესაც, XXI საუკუნეში, ამის გაკეთება არ შემიძლია, რადგან არ მაქვს გარემო, რომელიც ჩემზეა მორგებული; არ მყავს თანამემამულეები, რომლებიც მიმიღებენ ისეთს, როგორიც ვარ და ხმამაღლა თუ არა, გულში მაინც გაიფიქრებენ: "ვაი, შენს დედას, რომ ასეთი ლამაზი გოგო ეტლში უზიხარ, საწყალო, რა ცოდო ხარ..."

მაგრამ ერთ დღეს მეც თამამად, ვიტყვი, რომ შეყვარებული ვარ და ქუჩაში ისე არავინ შემოგვხედავს, როგორც გმირს ან საცოდავს. ჩემი მეგობრები(ც) გამოვლენ ქუჩაში და გაზაფხულის სურნელს სარკმლიდან კი არა, რეალურად მიწიდან, ქუჩაში გამოსულები შეიგრძნობენ...

თამთა დადეშელი ჟურნალი "გზა"