"ჩემი ნიკუშა აღარ მყავს..." - რას წერს მევლუდ მელაძე 16 წლის ნიკა ჯორ­ჯა­ძის გარდაცვალებაზე - კვირის პალიტრა

"ჩემი ნიკუშა აღარ მყავს..." - რას წერს მევლუდ მელაძე 16 წლის ნიკა ჯორ­ჯა­ძის გარდაცვალებაზე

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე 16 წლის ნიკა ჯორჯაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

"ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ. ალბათ მისთვისაც და ყველასთვის ათასგზის უნდა ამეხსნა, რომ უკანა სავარძელზე ჯდომა და უკიდეგანოდ სწორი გზა ვერაფერი გარანტიაა, როდესაც სიჩქარეც უკიდეგანოდ მაღალია... უნდა ამეხსნა, რომ არ არის სირცხვილი, უარი თქვა სასიკვდილო თამაშებზე, უნდა მეყვირა, რომ უფროსებს გადაემალათ ავტომობილების გასაღებები თინეიჯერი ბავშვებისთვის, უნდა მებღავლა, რომ ყველა BMW პოტენციური მკვლელია და მასთან ახალგაზრდების მიკარება მათი სამიზნედ ამოღების ტოლფასია... დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათე კლასელი მიწას მივაბარე... მოსისხლე მტერსაც არ ვუსურვებ ამ სიმწარის გემოს გაგებას", - წერს მევლუდ მელაძე.

ნიკა ჯორჯაძე რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იჯდა, ხეს შეეჯახა. ნიკუშა ადგილზე გარდაიცვალა, ავარიისას დაშავებული სამი ადამიანი კი კლინიკაში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

ნიკა ჯორჯაძე, რომელიც 16 წლის აგვისტოში გახდებოდა, "აგროჰაბის" მარკეტინგის მენეჯერის სალომე გველესიანის და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის მევლუდ მელაძის შვილია. სალომეს ნიკა პირველი ქორწინებიდან ჰყავს. (წყარო)