წერილებით დაბრუნებულები...
ლევან ზურაბიშვილი - ბარათები უცხოეთიდან

მიდიოდნენ და არც ფიქრობდნენ, რომ შეიძლებოდა საქართველოში აღარ დაბრუნებულიყვნენ, მიდიოდნენ იმ იმედით, რომ რეჟიმი, რომელიც თავს მოახვიეს მათ ნატანჯ სამშობლოს, ადრე თუ გვიან დასრულდებოდა. საქართველო ამოისუნთქავდა და ფართოდ გაუღებდა კარს საკუთარ შვილებს, რომლებიც დაწიოკებულები გაიფანტნენ ევროპასა თუ ამერიკაში.

დაბეჯითებით მხოლოდ ერთი რამ იცოდნენ - საქართველოსთვის უნდა ეცხოვრათ...
მერე ეს ცხოვრება გაიფანტა მოგონებებსა და კერძო წერილებში, იმ ფოტოებსა და დოკუმენტებში, რომლებსაც შთამომავლები რელიკვიად ინახავდნენ.

წვალებით, მაგრამ
მაინც დადგა დრო, როცა ისინი დაბრუნდნენ, მართალია, ფიზიკურად ვერა, რადგან მათი დაღლილი სხეულები უკვე განისვენებდნენ უცხოეთის მიწაში, მაგრამ დაბრუნდნენ ამბებად და წერილებად, დაბრუნდნენ მოგონებებად...

სულ მალე კიდევ ერთ დაბრუნებას აღვნიშნავთ. მართალია, სალომე და ოთარ ზურაბიშვილების მამის, ლევან ზურაბიშვილის შესახებ საზოგადოებამ ბევრი რამ იცის, მაგრამ პირველად
გავეცნობით მისი მეგობრის, პეტრე ხვედელიძისადმი მიწერილ წერილებს.

პეტრე ხვედელიძე 92 წლის უხუცესი ქართველი ემიგრანტია, ვაშინგტონში ცხოვრობს. მუშაობდა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციაში, მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მადლობა. გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების ქართული სათვისტომოს გამგეობის მდივანი. ქართველების პატრონი და იმედი რუდუნებით ინახავდა ყველა წერილსა და დოკუმენტს, ყველა მოგონებას, რომ საქართველოსთვის დაებრუნებინა ფაქტები და ადამიანები, რომლებზეც მწირი ინფორმაცია გვქონდა.

პენსიაზე გასვლის შემდეგ საკუთარი ბიბლიოთეკის აღწერა დაიწყო, რათა საქართველოში გამოგზავნოს ძვირფასი წიგნები. ამ საქმეში მშვენიერი ქალბატონი ციცინო ჯერვალიძე ეხმარება. წიგნი, რომელშიც ეს წერილები შევიდა, უკვე დაიბეჭდა. პრეზენტაციისთვის საგანგებოდ ჩამობრძანდა საფრანგეთიდან ლევან ზურაბიშვილის ქვრივი ზეინაბ კედია. ეს მნიშვნელოვანი წარდგინება სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება.

ლევან ზურაბიშვილის მიერ პეტრე ხვედელიძისადმი მიწერილი წერილებიდან მთელი საქართველოსა და ემიგრირებული ქართველების რეალური სურათის დანახვა შეიძლება.

"ქართველები ყოველთვის იყვნენ მოუსვენარნი, არეულები და ჟინიანები: მაგრამ საქართველო მაინც დიადობდა გაჭირვებაშიც და მშვიდობიანობაშიც. რას იზამ, ასეთ ძნელ ხალხთან გვაქვს ყოველთვის საქმე, მაგრამ სიმართლე და უანგარობა თავის გზას არ დაჰკარგავს", - სწერს ლევან ზურაბიშვილი უმცროს მეგობარს...

პეტრე ხვედელიძე 2008 წელს დაწერილ წერილში კიდევ ერთხელ იხსენებს თავისი მეგობრის სწორ და დღევანდელი საქართველოს გადასახედიდან, სანატრელ პოზიციას: "არც ლევანი ყოფილა რომელიმე პარტიის წევრი, მან ქართულ ემიგრაციას ასეთი წინადადებით მიმართა: - მოდით, პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან ქიშპობის ნაცვლად გავერთიანდეთ, ერთად ვაკეთოთ ქართული საქმეო და შექმნა საზოგადოება "თავისუფალ ქართველთა კავშირი", რომლის წევრი მეც ვიყავი...

ლევანი ქართული ემიგრაციის გაერთიანებას ცდილობდა, რასაც დიდ წინააღმდეგობას განსაკუთრებით მენშევიკები უწევდნენ, ისინი ლევანს დამამცირებლად ხანდახან ლევანჩიკს ეძახდნენ, ვითომ როგორც ჯერ კიდევ პატარა და პოლიტიკურად ჩამოუყალიბებელ ადამიანს, თუმცა ლევანი იმდენად თავმდაბალი და შეგნებული პიროვნება იყო, რომ ასეთ "პროვოკაციებს" ყურადღებას არ აქცევდა".

კითხულობ წერილებში გაბნეულ ამ ადამიანთა ცხოვრებას და ფიქრობ: სამშობლოში მოღვაწეობის საშუალება რომ მისცემოდათ, ნეტავ როგორ ქვეყანას ააშენებდნენ?
მათ არსებობას თითქოს არაფრად აგდებდნენ საბჭოეთში, მაგრამ საქმე მთლად ასეც არ იყო. ხრუშჩოვმა, საფრანგეთში ვიზიტის წინ, მოითხოვა, ყველა ემიგრანტი, რომელიც კა-გე-ბეს შედგენილ სიაში იყო, კორსიკაზე გადაესახლებინათ. საფრანგეთის მთავრობა უხალისოდ, მაგრამ მაინც დათანხმდა. შავ სიაში ლევან ზურაბიშვილიც მოხვდა.

ქვეყნები კი ვითარდებოდნენ... საქართველო თავისი გზით მიდიოდა, საფრანგეთი - თავისით... ეგ იყო - ევროპაში ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან ბევრი ჰქონდათ საერთო საბჭოთა საქართველოს ფარგლებში მოქცეულ ქართველებთან - დიდი საფიქრალი. ამას კარგად ასახავს თუნდაც ლევან ზურაბიშვილის წერილის ეს ფრაგმენტი:

"ეხლა ცოტა რამ (დამატებით) ჩვენს "ბალეტებზე",  რამდენათაც მახსოვს, მოგიყევი ის რამოდენიმე სიტყვა, რომელიც გაცვლილი მქონდა სუხიშვილთან და მის მეუღლე ნინო რამიშვილთან. სახლში მათ ვერ დავპატიჟებდი (მათთვის ეს მაინც სახიფათო იქნებოდა) ზოგიერთებმა ეს მაინც ქნეს: ჯერ ტარიელა ჟღენტმა, მერე გოგი ჩხეიძემ, პარმენ კობახიძემ და მერე მერი დადიანმაც ეს ქნა, რადგან მოცეკვავე ქალს, მარინა მხეიძეს ძალიან უნდოდა მისი ახლობელ ნათესავის, მერი ერისთავის (იგულისხმება მერი შარვაშიძე-ერისთავი, - რედ.) ნახვა.

ამ უკანასკნელ ვახშამს დაესწრო ჩვენი ირაკლი ჯაფარიძეც. აღსანიშნავია ის, რომ დაპატიჟების წესი იყო შემდეგი: ორი თუ სამი მოცეკვავის დასაპატიჟებლად უნდა დაგეპატიჟნა აგრეთვე მათი სამი "ადმინისტრატორი" (ყიფიანი, თელია და მაისურაძე) - ნაღდად "ზედამხედველები"! და "მეთვალყურეები" და ორი კიდევ მოსკოვის "თვალი" რუსი... აშკარა "ჩეკის მოხელეები".

ამის მიუხედავად, ქართველებს თავი კარგად ეკავათ - და სადღეგრძელოები შესვეს "ტაქტით" და მოხდენილათ.
გოგი ჩხეიძესთან კარგათ იქეიფეს. ბ. ღენერალიც (გიორგი კვინიტაძე, - რედ.) კი დაესწრო ამ ქეიფს და ტკბილად ელაპარაკა მოცეკვავეებს.
ცოტა ხნის შემდეგ ბ. გიორგიმ მათ მოუყვა თავისი ამბები ახალგაზრდობის დროიდან: "ბავშვი რომ ვიყავიო და კადეტთა კორპუსში ჩამოვედიო ჩემ მშობლებთან სოფელში, მეზობლებს ვესტუმრეო, ქართველ უბრალო გლეხს ოჯახშიო. იქ მოხუცმა შეეკითხა, - ასე ლამაზად რომ გაცვიაო, სად სწავლობო და რა გამოხვალო.

"კორპუსს დავამთავრებ და ოფიცერი ვიქნებიო." მერეო? "მერე წინ წავიწევი და ღენერალი გავხდებიო." "ო, ეს კარგია, შვილო, მაშინ სათავეში ჩაგვიდგები და რუსებს გარეთ გავყრითო"... ამ ამბის გამგონნი კარგათ მიხვდნენ თუ რისი თქმა უნდოდა ღენერალს (მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ იქ არ უნდა მისულიყო და იმ "ადმინისტრატორების" მაგიდას არ უნდა დასწრებოდა).

საერთო ჩემი შთაბეჭდილება ის არი, რომ მოცეკვავეებზედ დიდი შთაბეჭდილება დასტოვა პარიზმა და აქაურ ქართველების მხურვალე მიღებამ. მე მგონია, რომ ყველამ კარგად იგრძნო, თუ რა გვქონდა მათთან საერთო - ერთნაირი სიყვარული სამშობლოსი და ერთნაირი შეხედულება რუსებზე! მათ თვალებში ზოგი რამის წაკითხვა შეიძლებოდა, რისი თქმის უფლება და საშუალება მაგათ არა აქვთ.

მატერიალურად და არტისტული თვალსაზრისითაც პარიზი მათ ძალიან მოეწონათ... დაათვალიერეს ლუვრი და ვერსალი. თავისი ჯამაგირით შეიძინეს ცოტაოდენ საცმელები - მეტადრე გოგონებმა იყიდეს ნილონის ქურქები, რომლებიც დღეს ჰხიბლავენ თურმე მთელ ტფილისს. "ხელმძღვანელებმა" შეიკერეს კოსტიუმები ასსათიანთან. აქაურ ქართველებმაც შეეცადნენ (რამდენიც შეეძლოთ), მათთვის საჩუქრები მიეტანათ და ზოგიერთებმა მათი საშუალებით პატარა ამანათებიც გაგზავნეს საქართველოში.

გოგი დადიანმა და მიამ მათ სურნელები მიართვეს. ერთმა "ანონიმ" ქართველ ებრაელმა გამოუგზავნა ჰოტელში - ქალებს ნილონის წინდები და ბიჭებს ნილონის პერანგი. ვფიქრობ კიდეც, რომ მათ შერჩათ ცოტა გადაჭარბებული წარმოდგენა ჩვენ მატერიალურ კეთილდღეობაზე!"

დაუსრულებლად შეიძლება ისაუბრო იმ წერილებზე, რომელიც პეტრე ხვედელიძის არქივში ინახება. საბედნიეროდ, ციცინო ჯერვალიძე მუშაობას განაგრძობს.
დასასრულ, ორიოდე ფაქტი...

სალომე ზურაბიშვილი იხსენებს: "საავადმყოფოში მისი ყოფნის ბოლო დღეები იყო; მამაჩემის სახელზე ამანათი მოვიდა: ცოტაოდენი ქართული მიწა და ხის პატარა ტოტი იყო. მამას სახსოვარი გამოუგზავნა... სვეტლანა სტალინმა, რომელიც პირველად ჩავიდა საქართველოში მას მერე, რაც საბჭოთა კავშირი დიდი სკანდალით დატოვა.

როგორც გასაჭირში მყოფ ყველა ქართველს, მამაჩემი სვეტლანასაც ესტუმრა პრისტონში, სადაც ის თავისი მოგონებების გამოქვეყნების შემდეგ თავს აფარებდა ქალიშვილთან ერთად, რათა გასცლოდა აბეზარ ჟურნალისტებს და ცნობისმოყვარე ადამიანების შეკითხვებს. იგი სასოწარკვეთილი იყო თავისი ახალი ცხოვრებით და სრული სიმარტოვით. ძალიან კარგად მახსოვს მამის სიტყვები: მშობლების საქციელზე შვილმა არასოდეს უნდა აგოს პასუხი, მით უმეტეს ისეთი მამის გამო, როგორიც სტალინი იყო...

ვერ ვიტყვი, მამაჩემი პირველ რიგში ქრისტიანი იყო, თუ ქართველი, მაგრამ ორივე რომ მთელი სულითა და გულით იყო, ეს უეჭველია"...
სნეულმა ლევანმა ისურვა: "მის დაკრძალვაზე  თაიგული და გვირგვინი არ მიეტანათ და თუ ვინმეს დახმარების სურვილი ექნებოდა,  საბოძვარი წმინდა ნინოს ეკლესიისთვის გადაეცათ".

ეს ის ეკლესიაა, რომლის აშენებაც მისი დიდი მცდელობითა და ღვაწლით მოხდა. ალბათ ბევრი ლოცვა წაუკითხავს იქ და სამშობლოში დაბრუნებას შევედრებია უფალს...
ბრუნდება და კიდევაც დაბრუნდება...



KvirisPalitra.Geლევან ზურაბიშვილი

ცნობილი მამულიშვილების - ივანე ზურაბიშვილისა და ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილი ლევან ზურაბიშვილი 1921 წლიდან ოჯახთან ერთად ემიგრაციაში გაემგზავრა, დაამთავრა სენტ ბარბის კოლეჯი და სამთამადნო-საინჟინრო ინსტიტუტი.

აქტიურად მონაწილეობდა ქართულ საზოგადოებრივ საქმიანობაში, 1928 წელს აირჩიეს საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტთა კავშირის თავმჯდომარედ.

1928-29 წლებში ილამაზ დადეშქელიანთან და იოსებ კემულარიასთან ერთად დააარსა წმინდა ნინოს ქართული მართლმადიდებლური სამრევლო პარიზში. იყო ქართველ უმუშევართა დამხმარე კომიტეტის მდივანი, "ქართველ ახალგაზრდათა წრის" ხელმძღვანელი.

1947 წლიდან "თავისუფალ ქართველთა კავშირის" თავმჯდომარე  გახლდათ. იყო საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე ჯერ  1949-51 წლებში, მერე 1981 წლიდან - სიკვდილამდე.

თანამშრომლობდა საბჭოთა კავშირის ტყვეობაში მყოფ ერთა საერთაშორისო ორგანიზაციაში. გამოაქვეყნა საქართველოს ისტორიის მოკლე წიგნი ფრანგულად.


ცოლად შეირთო დამოუკიდებელი საქართველოს უშიშროების მინისტრის მექი კედიას ასული - ზეინაბი. შეეძინათ ქალ-ვაჟი - ოთარი და სალომე.


KvirisPalitra.Geპეტრე ხვედელიძე

პეტრე ხვედელიძე დაიბადა 1916 წელს თბილისში. 1937 წელს დააპატიმრეს მისი უფროსი ძმა. ამის გამო თბილისში სწავლა ვეღარ გააგრძელა, გაემგზავრა ჯერ სტალინგრადში, მერე მოსკოვში...

1939 წელს დაბრუნდა თბილისში. მალე წითელ არმიაში გაიწვიეს. იბრძოდა II მსოფლიო ომში. ტყვედ ჩავარდა. 

1942 წელს ჩარიცხეს ბრანდებურგის სასწავლო პოლკში მოხალისედ. დაიჭრა. 1944 წელს გერმანული ჯარის ნაწილებიდან გადაიყვანეს ქართულ ლეგიონში, რომელიც მერე დე გოლის ნაწილებს შეუერთდა.

1951 წელს პარიზშია როგორც ომის ვეტერანი, 1958 წლიდან მიემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში.

1956 წელს აირჩიეს ამერიკის ქართველთა სათვისტომოს გამგეობის წევრად, 1983 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა მიიღო.

მუშაობდა "ამერიკის ხმის" ქართულ განყოფილებაში. მუდმივად ზრუნავდა ქართველებზე და აკეთებდა ქართულ საქმეს...
შურა ბარათაშვილი
24 იანვარი 2012 04:00
ბატონებო!
უმორჩილესად გთხოვთ დამაკავშიროთ ბატონ პეტრეს. მას ეძებს მისი დის შვილიშვილი ირმა წოწკოლაური. რომელიც ამ ჟამად ემიგრაციაშია.
პატივისცემით შ. ბარათაშვილი
klara
20 ოქტომბერი 2010 12:26
სურათებზე არაფერი იკითხება....
tamuna
18 ოქტომბერი 2010 11:37
როგორი თბილი წერილია...ძალიან მომეწონა:))

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები