"პოლიციელებს თამარი აბაზანაში ჩაჩოქილი უნახავთ" - ვინ იყო იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ქალი - კვირის პალიტრა

"პოლიციელებს თამარი აბაზანაში ჩაჩოქილი უნახავთ" - ვინ იყო იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ქალი

რამდენიმე დღის წინ იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ორგანიზაცია "ემიგრანტების იმედის" ხელმძღვანელის, შოთო სიხარულიძის ინფორმაციით, 36 წლის თამარ დარჩია იტალიაში 6 თვის წინ ჩავიდა. ახლობლების თქმით, თამარი ღირსეული დედა და კარგი შვილი იყო. ემიგრაციაში გამგზავრება კი გაჭირვებამ აიძულა.

გარდაცვლილის შესახებ მისი ერთ-ერთი ახლობელი გვესაუბრება:

- ამ გოგოს ბავშვობიდან ჰქონდა ადევნებული გაჭირვება. ამ თემაზე მიჭირს ლაპარაკი, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, ძალიან პატარა იყო, როცა მამამ და-ძმასთან ერთად მიატოვა. ასე დარჩა სამი ბავშვი ფაქტობრივად, ობლად. სულ მალე, ვალების გამო ბინაც დაკარგეს. ენა ვერ აღწერს, რა სიმწარე და ტკივილი გადაიტანა თამარის დედამ რომ შვილები დაეზარდა. არანაირ სამუშაოს არ თაკილობდა, ყველაფერისთვის მზად იყო. ბოლოს, არც ვიცი როგორ შეძლო, საკუთარი ავტოფარეხის თავზე ოთახი დააშენა და ქუჩაში დარჩენილი შვილები იქ შეიყვანა. მალე გოგონები დაოჯახდნენ, მაგრამ გაჭირვების გამო იძულებულნი გახდნენ ქმრებთან ერთად უცხოეთში სამუშაოდ გადახვეწილიყვნენ. თამარმა ერთადერთი შვილი დედამთილთან დატოვა და ქმარი წაიყვანა თურქეთში სამუშაოდ. მერე საბერძნეთში გადავიდნენ და როგორღაც პატარა ნაკვეთი იყიდეს. ახლა სახლის აშენებას ფიქრობდა და იმიტომაც წავიდა იტალიაში. გაჭირვება რომ არა, 7 წლის შვილს ვინ დატოვებს. თამარს დათას გვერდით ყოფნას არაფერი ერჩია... სულ ცრემლით ელაპარაკებოდა იმ სიშორიდან.

- გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა...

- კი, ასე იყო... ამდენ შრომას და წვალებას ერთი პატარა ქალის გული როგორ გაუძლებდა, სიქა ჰქონდა გამძვრალი მუშაობით და დარდით, თორემ 36 წლის ქალს ინფარქტი რატომ უნდა დამართნოდა?! იტალიაში თამარი ერთ ქართველ გოგონასთან მეგობრობდა, მეზობლად ცხოვრობდნენ და გარდაცვალების წინა, დასვენების დღეც მასთან ერთად გაატარა. დილით ამ გოგომ თამარის სახლთან პოლიციელები დაინახა და როცა მივიდა, უკვე გარდაცვლილიც გამოიყვანეს. პოლიციელებს თამარი აბაზანაში ჩაჩოქილი უნახავთ. ბებომ, რომელსაც უვლიდა, თქვა, - წამალი დამალევინა, მერე მითხრა გული მერევა და აბაზანაში შევალო. რომ აღარ გამოვიდა, დავუკაკუნე და ეს საშინელება დამხვდაო. შეიძლება ვერც მოიფიქრა, რომ რაიმე სერიოზული სჭირდა და გულიც იმიტომ ერეოდა. ბავშვს დაბადების დღეზე საჩუქრები გამოუგზავნა, ახლა კი ასეთი ტრაგედია ტრიალებს ოჯახში.

(სპეციალურად საიტისთვის)