"ლევანი დიდად არ არის მოლაპარაკე და კომპლიმენტების მთქმელი... მის საქციელში, გამოხედვაში ჩანს, რომ რაღაც მოსწონს და რომ ვუყვარვარ"
21-04-2019
"ლევანი დიდად არ არის მოლაპარაკე და კომპლიმენტების მთქმელი... მის საქციელში, გამოხედვაში ჩანს, რომ რაღაც მოსწონს და რომ ვუყვარვარ"
ფოტო:ლევან წულაძე და მანანა კოზაკოვა
"ტელეფონთან ურთიერთობა არ უყვარს. ამ სიტუაციაზე ლევანს ასეთი პასუხი აქვს: ადრე, როცა მობილური ტელეფონები არ არსებობდა, როგორ პოულობდნენ ადამიანები ერთმანეთსო?!"

მსახიობი მანანა კოზაკოვა მალე სიდედრი გახდება: მისი და რეჟისორ ლევან წულაძის ქალიშვილი - თინათინი (რომელიც მოცეკვავე გახლავთ) დანიშნულია და ოჯახურ ცხოვრებას იწყებს... ქალბატონ მანანას ქალურ თემებზე ვესაუბრეთ.

- თავს ძლიერ ქალად მიიჩნევთ?

- არა მგონია. გარკვეულ საკითხებში სულის სიმტკიცე გამომიჩენია, მაგრამ საკუთარ თავზე ასე პირდაპირ ვერ ვიტყვი, რომ ძლიერი ადამიანი
ვარ.

- კრიტიკულ სიტუაციებში როგორ იქცევით?
- ჩემს გასაკეთებელს თავად ვაკეთებ. ვცდილობ, გამოსავალი ვიპოვო და სხვისი ხელის შემყურე არ ვიყო, არც - მორალურად, არც - მატერიალურად.

- ისეთი სამეგობრო წრე გყავთ, რომელსაც კვირაში ერთხელ მაინც ხვდებით?
- კი, როგორ არა! ნამდვილად მყავს და მიმაჩნია, რომ მეგობრობა ერთ-ერთი
სულიერი საზრდოა, რომელიც ადამიანისთვის აუცილებელია.

- ბავშვობის მეგობრები გყავთ?
- ბავშვობის მეგობრებიც მყავს და მერე შეძენილიც. ჩემს ცხოვრებაში მათ არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ხშირ შემთხვევაში - გადამწყვეტიც, რადგან მაგალითად, ნათესავს არ ირჩევ, მეგობარს კი ირჩევ და "გზრდის", მასთან შენს აზრებს ამოწმებ და ა.შ. უამრავი ნიუანსია. უბრალოდ, მეგობრები საჭირონი არიან.

- ყოფილა შემთხვევა, როცა რაღაც საკითხის შესახებ ოჯახში არაფერი გითქვამთ და რჩევა მეგობრებისთვის გიკითხავთ?
- კი, ნამდვილად ყოფილა, თან - არაერთხელ, რადგან არსებობს რაღაცები, რაც სახლში არ უნდა მოჰყვე. განა იმიტომ, რომ საიდუმლოა? უბრალოდ, გარკვეულ ზღვარს იცავ, მეგობრების გარემოცვაში კი შეგიძლია მოდუნდე, თუნდაც საკუთარი თავი, აზრები გადაამოწმო, მართალი ხარ თუ არა.

- თქვენი და თქვენი სამეგობროს განხილვის საგანი ძირითადად, რა არის ხოლმე?
- ყველაზე ხშირად მაინც ხელოვნების შესახებ ვსაუბრობთ, რითიც ვცხოვრობთ. ბევრი ადამიანი ამბობს, - სამსახურში წავედიო. შემდეგ, საღამოს 6 ან 9 საათზე, როდესაც მუშაობას ამთავრებს, მისი საქმე იქ სრულდება, თეატრი და საერთოდ ხელოვნება კი სულ სხვა პროცესიაა. როცა ამა თუ იმ როლზე, სპექტაკლზე მუშაობ, სულ ფიქრობ, აზრებს განუწყვეტლივ ამოწმებ, ლაპარაკობ...

- როცა თქვენ და თქვენი მეუღლე კამათობთ, ვინ თმობს ხოლმე?
- კამათი უამრავ რამეზე შეიძლება. ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, ცოლქმრულ ურთიერთობაში ადამიანმა იმის გამიჯვნა უნდა ისწავლოს, რისი დათმობა შეიძლება და რისი - არა. ძალიან ხშირად (განსაკუთრებით - ცოლქმრობის პირველ წლებში), ადამიანი ვერ არჩევ, რისი დათმობა შეგიძლია. ხშირად რაღაც სისულელე მნიშვნელოვნად მიგაჩნია და არ თმობ. დრო რომ გადის, ეს ყველაფერი ილექება და ხვდები, რომ აბსოლუტური სისულელე იყო, ამის გამო ერთი საღამოს გაფუჭებაც არ ღირდა... ეს არაფრის მომტანია.

- შვილის აღზრდის მეთოდების გამო, მეუღლესთან გიკამათიათ?
- სხვათა შორის, დიდი უთანხმოება ამასთან დაკავშირებითაც არ მოგვსვლია, რადგან თინათინის აღზრდისას, პრინციპულ საკითხებს თითქმის ერთნაირად ვუყურებდით. უშეცდომო მშობელი არ არსებობს და ერთმანეთს ხშირად დავხმარებივართ: ვიცი, რომ ლევანს თუ რაიმე შენიშვნა მოუცია, პირველ რიგში, ეს თინათინის გამო ხდებოდა. ჩემი შეხედულებები მისთვის გამიზიარებია, მას კი - ჩემთვის. შვილის აღზრდასთან დაკავშირებით, ერთმანეთისგან დიდად განსხვავებული მოსაზრებები არ გვქონია.

- თქვენი შვილის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი დგას - ოჯახს ქმნის. თინათინის პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლის შესახებ პირველად ვინ შეიტყვეთ - თქვენ თუ ბატონმა ლევანმა?
- პრინციპში, ერთდროულად. ყველაფერი ვიცოდით, რადგან თუ არ ვცდები, ისინი უკვე 4 წელია, ერთმანეთს ხვდებიან. რამე დასამალი არც ყოფილა...
მანანა კოზაკოვა ქალიშვილთან ერთად
- მახსოვს, ერთხელ აღნიშნეთ, რომ თინათინის გათხოვება, მასთან განშორება არ გინდოდათ...
- რა თქმა უნდა, ეს ნახევრად ხუმრობით ნათქვამი იყო, თუმცა ამაში რაღაც ეგოისტური მარცვალი არის, რომელიც ჩემი აზრით, მშობელმა საკუთარ თავში უნდა გადალახოს. ერთხელ დეიდაჩემმა მითხრა: შვილის გაჩენა მასთან განშორების ყოველდღიური ეტაპიაო. მაშინ ეს ნათქვამი ძალიან მეხამუშა. მერე დავფიქრდი და სწორია: როცა ბავშვი ისახება, ჯერ შენს ორგანიზმშია ახალი სიცოცხლე, შემდეგ მას ბადებ, მერე ის ნაბიჯს გადადგამს, ანუ ყოველი მისი ნაბიჯი, მისი წინსვლა, მშობელთან განშორებაა. ამაზე მაშინ კი არ უნდა იმუშაო, როცა ფაქტის წინაშე დადგები, არამედ თავიდანვე, რომ რაღაცნაირად, ეგოიზმი გადალახო. ალბათ, ასეთ შემთხვევაში ნაკლები გულისტკივილი იქნება და შვილის მიმართ უფრო სწორი დამოკიდებულებაც გექნება, ანუ შვილისთვის უკეთესია, როცა მას საკუთარი ცხოვრებით არ აწუხებ - აი, შენ რომ წახვალ, რა მეშველება, მე ხომ გაგაჩინე, ღამეები გითენეო? კარგია, როცა მის ცხოვრებაში შენ არ დომინირებ და ისე არ აწუხებ, რომ სინდისის ქენჯნა გაუჩინო. მას უნდა სჯეროდეს, რომ მისი კარგად ყოფნა გიხარია.

- იდეალური სიდედრი როგორია?
- შორს მყოფი (იცინის).

- შეგცვალათ მომავალი სიდედრის ამპლუამ?
- ჯერჯერობით - არა, ჯერ ვერც მოვასწარი "წამება" (იცინის). ცხადია, ვხუმრობ... ოჯახურ ცხოვრებას ახლა იწყებენ, თინათინი გასტროლზე იმყოფებოდა - მთელი ევროპა მოიარა...

- შვილის პროფესიულ არჩევანს როგორ შეხვდით?
- მის არჩევანს პატივს ვცემთ. უპირველეს ყოვლისა, შვილი არ უნდა დათრგუნო...

- ბატონი ლევანი შვილთან ურთიერთობისას როგორია?
- ადრე, რაკი სხვადასხვა სქესის არიან, გარკვეულ საკითხებში, გოგოსთან ურთიერთობა არ იცოდა. რაღაცებში ასე ვთქვათ, მე დავეხმარე, რადგან მაგალითად, გარდატეხის ასაკში ვერ ხვდებოდა, გოგოს დეპრესია რატომ აქვს? შეიძლება, სარკეში ჩაიხედოს, საკუთარ გარეგნობაში რაღაც არ მოეწონოს და ამის გამო ხასიათი შეეცვალოს. ბუნებრივია, ლევანს ეს არ ესმოდა. რაღაცებს ვუხსნიდი და იგებდა. პრინციპში კარგი მამაა (იღიმის).

- გვითხარით, როგორია ოჯახში და როგორი - თეატრში?
- სულ სხვადასხვანაირი, რა თქმა უნდა იმიტომ, რომ თეატრში ხელმძღვანელი, განმკარგავი, სპექტაკლის დამდგმელი გახლავთ, სახლში კი - ჩვეულებრივი ადამიანია. სამსახური და ოჯახი გამიჯნული გვაქვს. ცხადია, ხელოვნებაზე, თეატრზე სახლშიც ვსაუბრობთ, მაგრამ კიდევ ბევრი სხვა ინტერესი გვაქვს: ფილმების ერთად ყურება, წიგნის კითხვა, ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობა გვიყვარს...

- მეუღლისგან ქათინაურს ხშირად იღებთ?
- ტყუილს გეტყვით, რომ ვთქვა, - ამ მხრივ მჭევრმეტყველია-მეთქი. დიდად არ არის მოლაპარაკე და კომპლიმენტების მთქმელი. ამას მივეჩვიე. "ჩემო სიცოცხლე", "ჩემო ულამაზესო" - მსგავსი ფრაზეოლოგია საერთოდ არ გააჩნია. სამაგიეროდ, მის საქციელში, მის გამოხედვაში ჩანს, რომ რაღაცით კმაყოფილია, რაღაც მოსწონს და საერთოდ, რომ ვუყვარვარ (იღიმის).

- ყველამ ვიცით, რომ ბატონი ლევანი ტელეფონით არ სარგებლობს. თქვენ თუ გაქვთ საიდუმლო საშუალება, რითიც კონტაქტობთ, როცა ერთად არ ხართ?
- არა. ნუ, ეს არის აუტანელი, რადგან დიდად ეჭვიანი ქალივით, მთელ ქალაქში ვეძებ, როცა თუნდაც რაღაც ელემენტარული მჭირდება. ვარაუდით ვხვდები, სად შეიძლება იმ დროს იყოს. გაწამებული ვარ. ვიღაც რომ ეძებს, მე მირეკავს. გაუსაძლისია, საკუთარ სატელეფონო ზარებსაც ვუპასუხო და ლევანისასაც. - აბა, რა ვქნათო? - მეკითხებიან. - არ ვიცი, რა გითხრათ-მეთქი, - ვეუბნები, მაგრამ სწყინთ. ჰგონიათ, ლევანს მე ვმალავ. ეს ასე არ არის. ტელეფონთან ურთიერთობა არ უყვარს. ამ სიტუაციაზე ლევანს ასეთი პასუხი აქვს: ადრე, როცა მობილური ტელეფონები არ არსებობდა, როგორ პოულობდნენ ადამიანები ერთმანეთსო (იცინის)?!.

- ყოველდღიურ სტრესს როგორ უმკლავდებით?
- პოზიტივით ვანაცვლებ. სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვანაირად ვუმკლავდები. სხვათა შორის, სეირნობაც სტრესთან ბრძოლის კარგი საშუალებაა.

- ასაკის მატება გაშინებთ?
- რომ გითხრათ, სასიხარულო და სასიამოვნოა-მეთქი, მოგატყუებთ. დიდად არ მიხარია, მაგრამ ვცდილობ, ამასაც ოპტიმისტურად შევხედო. რას ვიზამთ? არც პირველი ვარ და არც - უკანასკნელი.

- საკუთარ მაგალითზე გვითხარით, თავის მოვლას დიდი ფინანსური სახსრები სჭირდება?
- ალბათ - კი, მაგრამ მე აქამდე დიდად "ხელები ვერ მიმდის". არის ეტაპები, როდესაც მაგალითად, კრემს ვყიდულობ, თმას ვიღებავ და მორჩა. 1-2-ჯერ მეზოთერაპიაც გავიკეთე, მაგრამ ეს პროცედურები რეგულარულად უნდა იკეთო... მოკლედ, ვერ ვიტყვი, რომ თავს ძალიან ვუვლი. ბოტოქსის ინიექცია არასოდეს გამიკეთებია.

- ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნიათ თავი?
- ნაკლებად, რადგან სახლი მიყვარს - ჩემი კომფორტის ზონაა. ერთობლივი ცხოვრების განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სახლი ჩვენი კომფორტის ზონა ყოფილიყო. ამიტომ, დიდად დამთრგუნველი დიასახლისობაც არ მქონია.

ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი "გზა"


რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?