მსოფლიოს ფერადი ტაქსების ავტოპარკი - კვირის პალიტრა

მსოფლიოს ფერადი ტაქსების ავტოპარკი

1-ლი ოქტომბრიდან თბილისში ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქში მოძრავი ტაქსები თეთრი უნდა იყოს. კიდევ კარგი, თბილისში იშვიათად თოვს და თეთრი ტაქსის დანახვა არც ზამთარში გაგვიჭირდება, თორემ აქა-იქ შემორჩენილ მუქ ტაქსებს ორმაგი ფასი დაედებოდა... ეს ხუმრობით. ისე კი, ლიცენზირებული თეთრი მანქანები ისეთი პრივილეგიებით ისარგებლებენ, სხვა ფერის ტაქსით მუშაობა აზრს დაკარგავს. უფრო კონკრეტულად: ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს მერია შესაძლებლობას აძლევს ისარგებლონ უფასო საპარკინგე ადგილებით, მანათობელი ნიშნებით, ღებვის/თეთრი ფირის გადაკვრისა და ქიმწმენდის ვაუჩერებით, მიიღონ დამატებითი თანხა სარეკლამო ბანერის მეშვეობით, გათავისუფლდნენ გადასახადისგან და ა.შ. რაც შეეხება სხვა ქვეყნებსა და ქალაქებს, ტაქსის ფერები ფოტოგალერეაში ნახეთ:

ნიუ-იორკი. ნიუ-იორკის ყვითელი ტაქსი ყველამ კარგად იცის - იშვიათია ადამიანი, რომელსაც ტელევიზიით ან კინოფილმში მაინც არ უნახავს მუქი ყვითელი "ფორდი". ცხადია, აშშ-ის უდიდეს ქალაქში სხვა ფერისა და მარკის ტაქსებიც დადიან, მაგრამ ნიუ-იორკის ტაქსოპარკის სიმბოლოდ მაინც ყვითელი ფერი ითვლება. სხვათა შორის, ამ ტაქსის წინა სავარძელში მოკალათება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ უკან ყველა ადგილი დაკავებულია.

ლონდონი. არანაკლებ სახელგანთქმულია ლონდონის შავი კები, რომელიც გაცილებით მაღალი დონის არის და ჩვეულებრივი ტაქსებისგან ძალიან განსხვავდება. ეს ტრანსპორტი სპეციალურ ზოლში მოძრაობს, კებმენები კი 2-3 წლის განმავლობაში სწავლობენ, რათა მისი მართვის უფლება დაიმსახურონ. კების მართვის ოსტატობის გარდა, მძღოლებს გამოცდაზე ქალაქის ქუჩების უზადო ცოდნაც მოეთხოვებათ. შავი კების ხარისხი იმდენად მაღალია, რომ ამ ტიპის ტაქსით ბრიტანელი არისტოკრატებიც ხშირად სარგებლობენ.

ბარსელონა. იმის მიუხედავად, რომელ კომპანიას ემსახურება, ბარსელონაში ყველა ტაქსი შავ-ყვითელია. მგზავრი ვალდებულია, მძღოლს ოფიციალურ ენაზე ელაპარაკოს და ყურადღება არ გაუფანტოს. მძღოლებს კი უფლება აქვთ, არ მოემსახურონ ნასვამ ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფ პირებს, ასევე უარი თქვან შინაური ცხოველების გადაყვანაზე.

ჰონკონგი. ჰონკონგში სამი ფერის ტაქსის შეხვდებით: წითელი ემსახურება ჰონკონგის თითქმის მთელ ტერიტორიას, კუნძულ ლანტაუს Tung Chung Road-ისა და ამავე კუნძულის სამხრეთ ნაწილის გარდა. მწვანე ტაქსების მეშვეობით მხოლოდ ახალ მიწებს ესტუმრებით, ცისფრით - მხოლოდ კუნძულ ლანტაუს.

პარიზი. საფრანგეთის კანონმდებლობა არ მოითხოვს, ტაქსის ძარა ერთი რომელიმე ფერის იყოს. ამიტომაც პარიზული ტაქსი შეიძლება ნებისმიერი მარკისა და ფერის შეგხვდეთ. მათ თეთრი მანათობელი ნიშნით გამოარჩევთ: თუ თეთრად ან მწვანედ ანათებს, ტაქსი თავისუფალია. წინა სავარძელში ჩახტომას ნუ იჩქარებთ, ეს მიღებული არ არის. სამაგიეროდ, პარიზში ხშირად ნახავთ ტაქსის, რომელშიც მძღოლის გვერდით მგზავრის შინაური ცხოველია მოკალათებული.

გერმანია. წლებია, გერმანული ტაქსოპარკის უდიდეს ნაწილს Mercedes-Benz E-Class-ის სპეცვერსია წარმოადგენს, რომლებიც სპეციალურ, კრემისფერ ფერშია შეღებილი, თანაც ამის გაკეთება თავად მძღოლებს არ უწევთ, რადგან "ტაქსის ფერს" ავტომანქანები ქარხანაშივე იღებენ. ეკონომიურობის გამო, გერმანული ტაქსების უმეტესობა ტურბოდიზელის ძრავით არის აღჭურვილი.

იტალია. 1950-1960-იან წლებში იტალიური ტაქსების უმეტესობა შავ-მწვანე ან წითელი იყო, დღეს კი აპენინის ნახევარკუნძულზე ლეგალურად მხოლოდ თეთრი ან ყვითელი ტაქსი მუშაობს. თუ ამ ფერის ავტომანქანას აქვს ტაქსის მანათობელი ნიშანი, ფირმის დასახელება კარებზე და წარწერა Servizo Pablico, ეს ნიშნავს, რომ ტაქსის კანონთან პრობლემები არა აქვს. ასე რომ, ფრთხილად იყავით–არალეგალურად მომუშავე ტაქსიში ჩაჯდომისას, შესაძლოა თქვენც დაჯარიმდეთ!

სინგაპური. სპეციალური კვლევის თანახმად, ტაქსისთვის ყველაზე სახიფათო ფერი ლურჯი გახლავთ: ამ ფერის ტაქსების ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვედრის შანსი თითქმის 10%-ით მაღალია, ვიდრე, მაგალითად, ყვითელი ავტომანქანის. არადა, სინგაპურის ტაქსების უმეტესობა სწორედ ლურჯია, ტაქსი კი ამ მრავალმილიონიანი ქალაქ-სახელმწიფოს ლამის ყველაზე პოპულარული ტრანსპორტია. ამიტომაც არის, რომ ყველაზე მეტი ხალხი სინგაპურში სწორედ ტაქსის რიგში დგას.

მექსიკა. 9-მილიონიან მეხიკოში ჯერ კიდევ შეხვდებით მეოცე საუკუნიდან შემორჩენილ სახელგანთქმულ მწვანე "ხოჭოებს", თანამედროვე მექსიკური ტაქსების უმეტესობა კი თეთრ-წითელი ან ვარდისფერია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მძღოლი ქალია, და მხოლოდ ქალებისთვის არის განკუთვნილი.

პორტუგალია. ლისაბონური ტაქსი შავ-მწვანე ფერებშია გადაწყვეტილი, თუმცა პორტუგალიის დედაქალაქში აზიური წარმოშობის სამთვლიან, სხვადასხვა ფერად შეღებილ მოტო-ტაქსებსაც შეხვდებით, რომლებსაც "ტუკ-ტუკი" ჰქვიათ და ტურისტებში დიდი პოპულარობითაც სარგებლობენ.