"ბედნიერებისთვის არ არის აუცილებელი იყო ცნობილი" - კვირის პალიტრა

"ბედნიერებისთვის არ არის აუცილებელი იყო ცნობილი"

ერთმანეთს კაფეში შევხვდით, რუსეთის საზოგადოებრივი არხის ОРТ-ს საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ალექსანდრა ბურატაევა კვლავ ისეთი მომხიბლავია, როგორიც ეკრანიდან ახსოვს საზოგადოებას. მოღიმარი, დადებითი ემოციებით სავსე და ახლა უკვე, ქართული ტემპერამენტით - ის 5 წელია საქართველოში ცხოვრობს.

- Здравствуйте, Александра, как вы? - ვეკითხები.

- ძალიან კარგად, - ქართულად მპასუხობს.

- ქართულიც გისწავლიათ? - აღტაცებას ვერ ვმალავ.

- ცოტა-ცოტა, - იცინის და რუსულად განაგრძობს, - 5 წელია აქ ვცხოვრობ და უკვე მეც ისე დავიწყე ფიქრი, როგორც ქართველმა. იმ დღეს ტაქსის მძღოლს, რა თქმა უნდა, ტურისტი ვეგონე, ახლო მანძილზე 10 ლარი მომთხოვა, გავბრაზდი და ქართულად ვეუბნები, ოღონდ რუსული აქცენტით: "ბიჯო, 5 წელია აქ ვცხოვრობ, რას მატყუებ?" ისე გაუხარდა, ეს რომ ვუთხარი, უფასოდ წაგიყვანო.

მან წლების განმავლობაში ტელევიზიაში იმუშავა, შემდეგ პოლიტიკაშიც სცადა ბედი, თუმცა მალევე მიხვდა, რომ იქ მისი ადგილი არ იყო, შემდეგ იყო ბიზნესსექტორი და ლატვიის ტელევიზია, თუმცა ალექსანდრა ბურატაევა მიიჩნევს, რომ ახალი ამბები პოლიტიკის გარეშე არ არსებობს, პოლიტიკა კი მისი არ არის. ბევრ ადამიანს უკვირდა, რატომ ტოვებდა ის პოსტებს კარიერის პიკზე, ამ კითხვას ასე პასუხობს - იმიტომ, რომ ჩემს თავთან კვლავ ჰარმონიაში ვყოფილიყავი. დღეს ალექსანდრა ბურატაევა თბილისის ძველ უბანში რიგითი თბილისელივით ცხოვრობს: დადის საყიდლებზე, უყვარს მეგობრები და ტკბება თავისი თბილისური ცხოვრებით. როგორი იყო ალექსანდრას ცხოვრება თბილისში ჩამოსვლამდე და როგორია ახლა, "კვირის პალიტრის" მკითხველს უამბობს.

"მე ვიპოვე ჩემი მოწოდება"

- წარმოშობით ყალმუხეთიდან, ელისტიდან ვარ. იქ დავამთავრე სკოლა და უნივერსიტეტი... მერე გავთხოვდი და გოგონა შემეძინა. მაშინ სამწლიან დეკრეტს იძლეოდნენ და მეც დიასახლისის ცხოვრებით ვცხოვრობდი. 1990 წელს მთელ ქვეყანაში დაიწყო სილამაზის კონკურსები და ელისტაშიც გამოაცხადეს "მეუღლე-90". მასში მონაწილეობა ყველა გათხოვილ ქალს შეეძლო. შვილს ხელი მოვკიდე და ქასთინგზე წავედი, ამიყვანეს, მაგრამ უამრავი სამოსი მჭირდებოდა. მერე რაღაცები ჩემს გარდერობში აღმოვაჩინე, რაღაცები დამ და მეგობრებმა მომცეს, დასკვნით საღამოზე კი მეგობარმა თავისი საქორწილო კაბა მათხოვა. არასდროს დამავიწყდება, როგორ გამოვედი სცენაზე, დარბაზი გასუსული იყო და უცებ ზღვა აპლოდისმენტები წამოვიდა. ამ მომენტში ერთ რამეს მივხვდი - მე ის ვიყავი, ვისაც მაყურებლისთვის უნდა ემუშავა, მაშინ მე ჩემი მოწოდება ვიპოვე.

"სცენა, რომელიც "მიმინოდან" ამოჭრეს, მე რეალურ ცხოვრებაში გადამხდა"

გიორგი დანელიას ცნობილ ფილმში "მიმინო" ასეთი სცენა იყო: ვახტანგ კიკაბიძე და ფრუნზიკ მკრტჩიანი ლიფტში შედიან, იქ კი იაპონელები დგანან. ერთი იაპონელი მეორეს ეუბნება:"ღმერთო, ეს რუსები ყველანი ერთმანეთს ჰგვანანო. საბჭოთა ცენზურამ ეს სცენა ამოჭრა. არადა, არ იყო ამოსაჭრელი. მეც დაახლოებით ასეთი რამ შემემთხვა: სოჭში ვარ კინოფესტივალზე. გრანდიოზული გახსნის შემდეგ კაბის გამოსაცვლელად სასტუმროში წავედი. შევდივარ ლიფტში, იქ სამი მამაკაცი მხვდება და უცებ ერთ-ერთი მეკითხება:

- დღეს არ იმღერებთ?"

- იცით, კარგად ვერ ვმღერი, - გამოვტყდი მე.

- ნუ გერიდებათ, ისეთი ხავერდოვანი ხმის პატრონი ბრძანდებით.

- კი, ხმა არა მაქვს ცუდი, მაგრამ სიმღერა არ გამომდის, - კვლავ ვპასუხობ.

- კარგი რა, განსაკუთრებით მომწონს, თქვენს მშობლიურ კორეულ სიმღერებს რომ ასრულებთ.

უცებ მეორე მამაკაცი ეუბნება:

-"არ გრცხვენია, ეს არ არის მომღერალი ანიტა ცოი, ეს დეპუტატია!"

- უი, უკაცრავად, ამერიეთ, - მიბოდიშებს და უცებ მესამე მამაკაცი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად იყო, მხიარულად გაიძახის: -"აი, თურმე როგორი ყოფილა ირინა ხაკამადა.

"მე და პრეზიდენტი ერთ დღეს გადავდექით"

1999 წლის დეკემბერში პარლამენტში ვიყრიდი კენჭს ყალმუხეთის რეგიონიდან. ერთი ადგილი იყო, კანდიდატი კი 15, მათ შორის მხოლოდ ორი ქალი, მე და ელენა ბატურინა, მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის ცოლი. ბრძოლა ქალებს შორის გაიმართა. წარმოუდგენელი იყო მაშინ ჩემი გამარჯვება. დღემდე ვერ ამიხსნია, რატომ აირჩია ლუჟკოვის ცოლმა ზუსტად ის რეგიონი, სადაც მე ვიყრიდი კენჭს. ერთი სიტყვით, 2000 წლის დეკემბერში დეპუტატი გავხდი. კანონის თანახმად, სამსახურიდან უნდა წამოვსულიყავი. პირველი არხის ხელმძღვანელობამ მითხრა, რომ მაყურებელსაც დავმშვიდობებოდი და 31 დეკემბრის ეთერის წაყვანა შემომთავაზეს. მეც და ჩემმა მეწყვილე წამყვანმა კირილ კლეიმენოვმა ტექსტი მოვამზადეთ. ყველანი საახალწლო ეთერს ველით და უცებ ვხედავ, ჩქარი ნაბიჯით მოდის ბორის ელცინის თანაშემწე. ხელში სატელევიზიო კასეტა უჭირავს. ვიფიქრე, ალბათ, პრეზიდენტის საახალწლო მილოცვაში კორექტივები უნდა შეიტანოს-მეთქი. ყველა დაიძაბა, სიჩუმე ხელმძღვანელობამ დაარღვია: "ჩვენ სპეციალური გამოშვება გვაქვს, სად არიან წამყვანები?" სწრაფად მოვიწესრიგეთ თავი მე და კირილმა. გაისმა სატელევიზიო ქუდის ხმა, დაიწყო ეთერი და ჩვენ გავიგონეთ ისტორიული ფრაზა, რომელიც ბორის ელცინმა წარმოთქვა: "მე გადავდექი". ეს იყო მსოფლიო დონის ახალი ამბავი, ვიღას ახსოვდა საახალწლო მილოცვები, სასწრაფოდ გვჭირდებოდა შეფასებები, რომელიც 31-ში ძნელი მოსაპოვებელი იყო. ექსტრემალურ სიტუაციაში ვიმუშავეთ მე და კირილმა, ვამბობდით ტექსტს და არ ვიცოდით, შემდეგ რა უნდა გვეთქვა. რეჟისორი გზადაგზა გვაწვდიდა საეთერო ტექსტებს. მიუხედავად ამ ექსტრიმისა, გულის სიღრმეში ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი ბოლო ეთერი ზუსტად ასე გავატარე, მილიონობით ადამიანს მნიშვნელოვანი ახალი ამბავი ვაუწყე. ეს იყო ჩემი ბოლო ეთერი გადაცემაში "ვრემია".

"მე, რიჩარდ გირი და დალაი-ლამა"

ტელეწამყვანობის გარდა, თავისუფალ დროს სიუჟეტებს ვაკეთებდი ბუდიზმის თემაზე. მე ხომ ბუდიზმის მიმდევარი ვარ. 1995 წელს რუსეთში ჩამოვიდა დალაი-ლამა და ვიზიტი მე უნდა გამეშუქებინა. ისე მოხდა, რომ იმ თარიღებს დაემთხვა მოსკოვის მე-19 კინოფესტივალი, ჟიურიში კი რიჩარდ გირი იყო მოწვეული. ფილმ "ლამაზმანის" გადაღებიდან 5 წელი იყო გასული და რიჩარდის ნახვა ყველა ქალის ოცნება იყო. მივდივარ სამსახურში და მესმის, როგორ წუწუნებენ კოლეგები, გირი ინტერვიუზე არავის თანხმდებაო. მისი აგენტის ნომერი მომეცით-მეთქი, ვითხოვე. რად გინდა, აზრი არა აქვსო, მიპასუხეს, მაგრამ ნომერი მომცეს. დავურეკე რიჩარდ გირის აგენტს, გავეცანი და ვეუბნები: "ხვალ მოსკოვში დალაი-ლამა ჩამოდის, თუ მისტერ გირს სურს მასთან ერთად ინტერვიუ მისცეს ჟურნალისტს, დამირეკეთ". აგენტმა 10 წუთში დამირეკა. თურმე რიჩარდ გირმა თავად მოინდომა აეროპორტში დალაი-ლამას დახვედრა. მე ვიზიტის ყველა დეტალი ავუხსენი და ერთობლივ ინტერვიუზე შევუთანხმდი აგენტს. თავი ისე მეჭირა, თითქოს ყოველდღე ნობელის ლაურეატებსა და ჰოლივუდის მსახიობებს ვხვდებოდი ჩასაწერად. აეროპორტში ფოტოგრაფთან ერთად წავედი. თურმე რეისი დაგეგმილზე საათ-ნახევრით ადრე ჩამოფრენილა, ვიპ-გასასვლელი უკვე ცარიელი იყო. დავდექით მე და ჟორჟი, ჩემი ფოტოგრაფი, და დავიწყეთ ფიქრი, რა გვექნა. უცებ დარბაზში რიჩარდ გირი შემოვარდა. რომ გაიგო, დალაი-ლამამ გამასწროო, იმედგაცრუებულმა შემოგვხედა, მერე მომიახლოვდა და მეკითხება: "თქვენ ტიბეტიდან ხართ?" ვუპასუხე არა-მეთქი, მაგრამ მაშინვე მივაყოლე, მე ბუდიზმის მიმდევარი ვარ და დალაი-ლამას დასახვედრად მოვედი-მეთქი. გაუხარდა, ინგლისურად რომ ვუპასუხე. ხომ არ იცით, დალაი-ლამა სად დაბინავდაო, თუ იცით, ჩემს მანქანაში დაბრძანდით, წავიდეთო. ასე აღმოვჩნდი რიჩარდ გირის მანქანაში. გზაში მიყვებოდა, რატომ აირჩია ბუდიზმი და რომ ვერ იტანდა იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მისი ბუდიზმით გატაცება მოდის აყოლაა. გამოვუტყდი, მეც ჟურნალისტი ვარ, მე დავურეკე თქვენს აგენტს დალაი-ლამას ვიზიტის შესახებ-მეთქი.

მეორე დღეს რიჩარდ გირი და დალაი-ლამა პრესას უნდა შეხვედროდნენ, მედიის წარმომადგენლებს შორის მე და ოპერატორიც ვიყავით. პირველად გირი გამოვიდა, პიტნის კანფეტი ამოიღო და მეძახის: "ალექს!" მივედი და კანფეტი მომცა. გავიხსენეთ წინადღის თავგადასავალი, კოლეგები გაოცებით მიცქერდნენ, რაო, რიჩარდ გირი ბურატაევას იცნობსო?!

ჩემი თბილისი

- თბილისის დახასიათება რომ მთხოვონ, სამი სიტყვით ვიტყოდი: თბილი, ტკბილი და მხიარული. ორი სიტყვით რომ მთხოვონ: თბილი და ტკბილი, ერთით კი - თბილი. ქართულად თბილისი ხომ თბილს ნიშნავს. ეს მხოლოდ კლიმატური მახასიათებლების გამო არ არის, თბილისი უპირველესად თბილი ხალხია და მათი სტუმართმოყვარეობა. ბოლო დროს მოდურმა კურორტებმა გაიტაცა ხალხი, ჩვენ დაგვავიწყდა, რომ მეზობლად ულამაზესი ბუნების ქვეყანა გვაქვს, ქვეყანა, სადაც თუ სტუმარი ხარ, გულწრფელად გიღებენ, უხარიათ და ყველაფერს გაპატიებენ.

ხშირად მეკითხებიან, როგორ მოვხვდი თბილისში. 5 წლის წინ რიგაში "ბალტიის პირველ არხზე" ვმუშაობდი საღამოს ახალი ამბების წამყვანად. აპრილის დასაწყისი იყო, მაგრამ ზამთარი თითქოს გაგრძელდა. როდესაც ნოემბრიდან მარტის ჩათვლით რუხი და თოვლიანი ამინდია, ამას კიდევ გაუძლებ, მაგრამ აპრილში ხომ უნდა მოსულიყო გაზაფხული? მე კიდევ მზე მიყვარს. ერთ დღეს ეთერის შემდეგ დაღლილი მივედი შინ, ჩაი დავისხი, თბილ პლედში გავეხვიე, შევედი "ფეისბუქზე" და უცებ ვხედავ მეგობრის ფოტოებს. იმ მომენტში ჩემი ფეისბუქ-მეგობრებიდან მხოლოდ ორნი იყვნენ თბილისში: თინა და მანანა. ორივე ძალიან კარგ ფოტოებს აქვეყნებდა, მაგრამ თინას ფოტო ძალიან მიმზიდველი იყო, ისეთი პეიზაჟის ფონზე იდგა, ესპანეთში ხარ-მეთქი, ვკითხე. არა, თბილისში ვარ, აქ უკვე 24 გრადუსი სითბოაო, მიპასუხა. რამდენი-მეთქი, გაოცებული ვეკითხები, თინა კი განაგრძობს: ჩვენთან ყველაფერი აყვავდა, გვესტუმრეო. ქართველებს ყოველთვის უხარიათ სტუმრები, მაგრამ თინაც კი გაოცდა, როცა ვუთხარი, ჩამოვდივარ-მეთქი. მეორე დღეს თბილისში ვიყავი.

თავიდან როგორც ტურისტი, ისე ვცხოვრობდი. ტურისტის თვალით დანახული თბილისი ძალიან მაგარია, თუმცა შემდეგ იმ პრობლემებს აღმოაჩენ, რომლებიც თბილისელებს აწუხებს. მაგალითად მანქანის გამონაბოლქვი, არ მინდა ბავშვებმა დაბინძურებულ გარემოში იცხოვრონ, მიხარია ტექდათვალიერების შესახებ კანონი რომ მიიღეს. აქ რომ ჩამოვედი, საჭესთან ვერ ვჯდებოდი, მხოლოდ მეოთხე წელს შევძელი მანქანის მართვა, თუმცა ბოლო ხანს პროგრესს ვხედავ, მანქანები ზებრაზე აჩერებენ, უფრო მეტი წესრიგია, და ამ პროგრესით მეც რიგითი თბილისელივით ვხარობ.

სოლოლაკში კერამიკის სტუდია მქონდა, ტურისტები ჩამოდიოდნენ და მათთან ერთად ვქმნიდი ნაკეთობებს. ბოლოს იმდენი ტურისტი მოდიოდა, რომ 2 წლის განმავლობაში დასასვენებლად ვერ მოვახერხე წასვლა. მივხვდი, რომ ამ საქმის ტყვედ ვიქეცი, ამიტომ დავხურე. ახლა დავისვენებ და შედარებით პატარა სტუდიას გავხსნი, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და სურვილს გამოთქვამს კვლავ მოვიდეს კერამიკის სტუდიაში.

- მომავალში რა გეგმები გაქთ?

- ბედნიერებისთვის არ არის აუცილებელი, იყო ცნობილი. აქ თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა არავინ იცის, რა იქნება ხვალ...