"აღდგომისა და შობის ღამე პატრიარქთან ერთად გამითენებია დუდუკის კვნესაში და იმას თუ მოსწონებია, შენ რას უწუნებ-მეთქი" - კვირის პალიტრა

"აღდგომისა და შობის ღამე პატრიარქთან ერთად გამითენებია დუდუკის კვნესაში და იმას თუ მოსწონებია, შენ რას უწუნებ-მეთქი"

"სიმღერით ხომ ვმღერი, თან დუდუკის გათლაც ვიცი და მოწაფეებიც მყავს. ასე რომ, ჩემი მოწაფეები შეინახავენ დუდუკს"

ზურნა, დუდუკი და ქალები... და კიდევ, სიცოცხლეც, რომელიც მათ ჰანგებს მოჰყვება და წამითაც არ გაფიქრებინებს, რომ სინამდვილეში მარადიული სულაც არა ხარ! უცნაურია, მაგრამ ასეა: კასპელი მედუდუკეები ცოცხლებთან ხომ უბერავენ და მკვდრებთან კიდევ უფრო მონდომებით! ამბობენ, ჩვენ როგორც შეგვიძლია, იმ სიყვარულით ვაცილებთ, მართალია, თავად არ ვტირით, სამაგიეროდ, სხვას ვატირებთო! დუდუკის მთავარმა ჯადოქარმა ზაურ მერებაშვილმა მითხრა, წინათ კასპში ვისაც ფული ჰქონდა, ქსოვრელებს ქირაობდა დაკრძალვაზე და ჩვენი მედუდუკეები რომ ორიოდ გროშისთვის სასაფლაოზე უკრავდნენ, რა გასაკვირიაო. როგორც ბატონი ზაური მეუბნება, სიყვარულსაც და სიკვდილსაც ისე არაფერი ამშვენებს, როგორც დუდუკი! ზაურ მერებაშვილი რომ არ ყოფილიყო, ახლა დუდუკი ან გვექნებოდა, ან არა! მისმა 76-მა წელიწადმა კი იმდენად გამაოცა, განმიმარტა, დუდუკი არ მაბერებსო!

- ხალხს რომ ვეუბნები, მეორე მსოფლიო ომის დროს დავიბადე-მეთქი, თვალები უფართოვდებათ. დუდუკის გვერდით რა დამაბერებდა, რაც ცხოვრებაში მწარე-მწარე შემხვდა, სულ დუდუკმა დამიტკბო. სიმღერით ხომ ვმღერი, თან დუდუკის გათლაც ვიცი და მოწაფეებიც მყავს. ასე რომ, ჩემი მოწაფეები შეინახავენ დუდუკს.

მე იმ კასპელი მედუდუკეების ჯიშიდან ვარ, დუდუკს უბით რომ დაატარებდნენ. ამ საქმეში ცხონებულმა ფარნა მაისურაძემ და ქსოვრელებმა ისე დამაოსტატეს, რომ საფასურად გროშ-კაპიკი არ აუღიათ. მეუბნებოდნენ, ოღონდაც შენ დუდუკი ისწავლე და არაფერს გამოგართმევთო! ახლა მეც ასე ვეუბნები ჩემს მოწაფეებს.

ნოსტეში, ხოვლეში, მეტეხში... სადაც დუდუკს უკრავდნენ, იქ ჭიდაობაც იყო. მოჭიდავეებიც სულ იმას გაიძახოდნენ, ეს ზურნა სისხლს რა მაგრა აჩქროლებს, მთელი ძალით რომ ჩაჰბერავს, ე მაშინ მოვიგდებთ ხოლმე მეტოქეს ბეჭებზეო! პატარძალსაც არ მოიყვანდნენ ზურნის გარეშე. მე მარხილით მოყვანილი პატარძლებიც მახსოვს: ჯერ ზურნა შეატყობინებდა სოფელს, პატარძალი გვიახლოვდებაო, მერე კი დუდუკები შეუბერავდნენ "ერეკლეს მარშს". ეგ იყო ჩვენებური მაყრული.

- დუდუკს კასპში დაკრძალვაზეც უკრავენ... - მა როგორ! მკვდრის გაცილება დუდუკზე გულსაკლავად არაფერმა იცის! მე რომ პატარა ბიჭი ვიყავი, სასაფლაოებზე აღდგომასაც დადიოდნენ მედუდუკეები. თავად ქსოვრელები დადიოდნენ სასაფლაოზე და ვის რა გაუკვირდა! მეც ასე გავიცანი ეგ დიდებული ხალხი. ერთხელაც კასპში დაქირავებით ჩამოიყვანეს და სახლში წავიყვანე ღამის გასათევად. დუდუკი სასაფლაოზე არ დამიკრავს, მაგრამ მეგობარი გამიცილებია დუდუკით, ახალგაზრდა კაცი. საგალობელი დავუკარი მისი დაკრძალვის დღეს. იქ ერთმა სასულიერო პირმა ჭირისუფალს უსაყვედურა, აქ დუდუკს რა უნდაო! მგალობლები შენ უნდა მოგეყვანა, საგალობელი მე დავუკარი და მე მსაყვედურობ-მეთქი?! აღდგომისა და შობის ღამე პატრიარქთან ერთად გამითენებია დუდუკის კვნესაში და იმას თუ მოსწონებია, შენ რას უწუნებ-მეთქი.

სუხიშვილებს კონცერტებზე მუდამ თან დავყვებოდი. ერთხელ ამერიკაში ვარ და ვხედავ, სცენის მუშა ქალი გაშეშებული შემომცქერის. მეც ავდექი და სხვა კუთხეში გადაველ, ის ქალიც ადგა და იმ მხარეს გადმომყვა. მივედი და ჩემი ძირნაყარი ინგლისურით დავეკითხე, რა იყო-მეთქი? ჯერ დუდუკზე მიჩვენა და მერე მკერდზე დაიდო ხელი, აქ ჩამწვდა, გულშიო! მე ის მიკვირს, ამერიკელი რომ მაგას მეუბნება, თორემ როგორ შეიძლება ქართველმა სხვანაირად იფიქროს!

- რაზე ამბობთ? - ერთი პატრიოტი კაცი იყო, თემურ ჟღენტი, მაშინდელი პიონერთა სასახლის დირექტორი. რომ მომისმინა, პიონერთა სასახლეში უნდა შეასწავლო დუდუკის დაკვრაო. 3-4 ბავშვით დავიწყე და ისე მოემატნენ, კაბინეტში აღარ ეტეოდნენ. მერე გიორგი შალამბერიძე მოვიდა დირექტორად და სწავლის საფასურის გადახდაზე ჩამოაგდო სიტყვა. ვუთხარი, ოღონდაც ისწავლონ, იქით გადავუხადოთ ფული-მეთქი! შემდეგ დირექტორი ქეთევან ფეიქრიშვილი გახდა და ფულის საკითხი მანაც დააყენა. ვუპასუხე, იცით, ერთ-ერთ ჩემს მოსწავლეს შარვლის ფული რომ არ ჰქონდა, თავად ვუყიდე-მეთქი?! მოკლედ, წრე უფასო დავტოვეთ. დაახლოებით ხუთი წლის წინ დირექტორად თიკა რუხაძე დანიშნეს. ახლა იმან დამიბარა, მედუდუკეთა წრე ფასიანი უნდა გავხადოო. ვუპასუხე, ბავშვებისგან ფული არც შენამდე ამიღია და არც ახლა ავიღებ-მეთქი! მა ხელფასი საიდან მოგცეო! საიდანაც შენ გაძლევენ-მეთქი! მაშინ, წადიო! მოკლედ, ასე გამომიშვა... სხვა რა ვთქვა: მედუდუკეთა წრეები მქონდა ქუთაისში, ბათუმში, თელავში, კასპში...

- შრომა თუ დაგიფასდათ? - ღირსების მედალი მომცეს და არც მივსულვარ. მთავრობასთან სათხოვარზე არ მივალ, იმიტომ, რომ არც ერთი მათგანი არ მომწონს. პირში ვეუბნები, აფერისტები ხართ-მეთქი. ჩემს გულს ტკბილად ისევ დუდუკი ედება, იმიტომაც ვერ გავიმეტე დასავიწყებლად.