"ჩემი პერსონაჟი კრებსითი სახეა და არა ერთი კონკრეტული პიროვნების პროტოტიპი" - კვირის პალიტრა

"ჩემი პერსონაჟი კრებსითი სახეა და არა ერთი კონკრეტული პიროვნების პროტოტიპი"

"ჩემი გმირი მიზანდასახული და პრინციპულია. ამ თვისებით ერთმანეთს ვგავართ"

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთ გმირს, ბაქარ ორჯონიკიძეს, რომელსაც ბუბა მირცხულავა ასახიერებს, მაყურებელი კარგად იცნობს. იციან, რა გზა განვლო ბაქარმა ხინკლის კუჭების ბიზნესიდან მილიონერობამდე და აგერ უკვე პოლიტიკაში მოსვლის ამბიციით არის შეპყრობილი. როდესაც ბუბა ამ სერიალში გამოჩნდა, მხოლოდ 16 წლის იყო, ახლა 21-ისაა. როგორ შეცვალა მისი ცხოვრება ბაქარის როლმა და რამდენად ჰგვანან ან განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ბაქარის როლმა ძირფესვიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. გარეთ რომ გავდივარ, ყველა სიხარულითა და სიყვარულით ანთებული თვალებით შემომცქერის. ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ მაყურებლის სიყვარულს, რაც, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა.

- თავიდან როგორად მოიაზრებოდა ეს როლი? - სერიალში მეხუთე სეზონიდან გამოვჩნდი, მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი. თავიდან ბაქარი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი იყო. მთავარი გმირი, დათო რომ ჩამოდიოდა სოფელში, გაცილებისას ქალაქიდან ჩამოტანილი ცელოფანის პარკებით სოფლის ნობათს ვულაგებდი მანქანაში, ხან შეშას ვჩეხდი, მოკლედ, ხმას არ ვიღებდი. მერე უკვე სცენარისტმა გადაწყვიტა გავეაქტიურებინე. მიხარია, რომ ჩემი პერსონაჟი გამოიკვეთა. მთლიანად ვიყავი კონცენტრირებული ამ როლზე.

დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ. საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტზე ვსწავლობ, პიარის ტექნოლოგიებს ვეუფლები.

- ბაქარში რა მოგწონთ და რა არა?

- არ მომწონს, რომ ძალიან რაციონალური გახდა. მომწონს, რომ მიზანდასახული და პრინციპულია. ამ თვისებით ერთმანეთს ვგავართ.

- როგორ გგონია, რა არის საჭირო, რომ გამდიდრდე? - ბაქარისგან განსხვავებით, არ ვიცი, როგორ შეიძლება გამდიდრება. ეგ რომ ვიცოდე, ვინ დამასწრებდა?

- გყავთ ვინმე, პროტოტიპი, ვისი მანერებითაც კვებავთ თქვენს პერსონაჟს? - ჩემი პერსონაჟი კრებსითი სახეა და არა ერთი კონკრეტული პიროვნების პროტოტიპი.

- რომელი კუთხიდან ხართ წარმოშობით? - დედულეთი კახეთში მაქვს, მამულეთი - ფშავში.

- ფშავი და მირცხულავა? - ბებიაჩემი ადრე დაქვრივდა, 3 წლის იყო მაშინ მამაჩემი. ამის შემდეგ ბებია მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდა. არდადეგებზე ყოველთვის იქ დავდიოდი. ძალიან მიყვარს იქაურობა.

- ასე კარგად როგორ შეძელით იმერული კილოს ათვისება? - სწორედ ეგ არის ჩემი საქმე. როგორ გამომდის, მაყურებელმა განსაჯოს. მეათე სეზონია, რაც ეს პერსონაჟი სერიალშია და ყველა ეტაპზე სხვადასხვა სირთულე იჩენს თავს. რომ არა ჩვენი გამოცდილი მსახიობების კეთილგანწყობა, გადასაღებ მოედანზე თავს კომფორტულად ვერ ვიგრძნობდი, ჩემი პერსონაჟი არ გამოვიდოდა ისეთი, როგორიც არის.

- ბუბა, თქვენს ოჯახზეც მიამბეთ. - ოჯახში 4 დედმამიშვილი ვართ, 3 ძმა და 7 წლის და. მე უფროსი ვარ. ვცხოვრობთ 31-ე ქარხნის დასახლებაში. ბავშვობა ტკბილად მახსენდება. ერთხელ სკოლაში თეატრის აბონემენტი მოიტანეს და ბებოსთან ერთად წავედი სპექტაკლზე. ერთ-ერთი მსახიობის თამაშმა ძალიან მომხიბლა და ბებიამ შემომთავაზა, თეატრალურ წრეზე ხომ არ ივლიო. მაშინ 9 წლის ვიყავი და იმ ხნიდან მოყოლებული აბიტურიენტობამდე ვეუფლებოდი მსახიობის ოსტატობას, სხვადასხვა სპექტაკლშიც ვთამაშობდი. ბებია მიხდიდა სწავლის საფასურს, ყოველთვიურად, 5 წლის განმავლობაში. იმ დროს 60 ლარი არ იყო მცირე თანხა. მისი ძალიან მადლობელი ვარ.

- სხვა როლებს თუ გთავაზობენ? - არა, თუმცა უარს არ ვიტყვი. ძალიან მინდა განსხვავებული როლებიც განვასახიერო.