"მივდივარ ქმართან, სხვა ქვეყანაში. ესენი ჩემი შვილები არიან" - რას ამბობს 10 უკრაინელი მცირეწლოვანის თანხმლები ქალი? - კვირის პალიტრა

"მივდივარ ქმართან, სხვა ქვეყანაში. ესენი ჩემი შვილები არიან" - რას ამბობს 10 უკრაინელი მცირეწლოვანის თანხმლები ქალი?

10 უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვის თანხმლები ქალი ამბობს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან და საქართველოს გავლით მეუღლესთან სხვა ქვეყანაში აპირებს ჩასვლას. მან მედიას კომენტარი ცოტა ხნის წინ, ბავშვების ქუთაისის კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ მისცა. 10 ბავშვის თანმხლები ქალი ამბობს, რომ ის უკრაინიდან ჩამოვიდა.

"ტრანზიტით ჩემს შვილებთან ერთად მივდივარ ქმართან, სხვა ქვეყანაში. ესენი ჩემი შვილები არიან. პოლიციასთან დავაფიქსირე იმ ბავშების სია, რომელთან ერთადაც კლინიკაში შემოვედი“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონა. მოგვიანებით ბავშვების ნაწილი ქუთაისში გადაიყვანეს.

ამასთან, უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში 10 მცირეწლოვანი ბავშვის ჩამოყვანასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებაში შესული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი.

"შს სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, 10-ვე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან“, - აცხადებენ შსს-ში.

"ინტერპრესნიუსი"