გამჭვირვალე სწორება მარცხნივ - კვირის პალიტრა

გამჭვირვალე სწორება მარცხნივ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს პარლამენტი მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც ჩვენს ქვეყანაში ხელოვნურად დაბურული ავტომობილების მინები აიკრძალება.

მძღოლები ამის მიზეზად ასახელებენ პოლიციელთა ახირებას, რომლებსაც თურმე სურთ, დაინახონ, ვინ ზის მანქანაში, მაგრამ ალბათ აჯობებს ამ საქმის ექსპერტთა აზრიც გავითვალისწინოთ. მათი თქმით კი, ხელოვნურად, ანუ არაქარხნულად დაბურული მინები აკრძალულია თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში.

ვინაიდან და რადგანაც ჩვენ ვართ ქართველები, მაშასადამე, ევროპელები, დიდ მეგობრებს ფეხი თუ მინა უნდა ავუწყოთ და ე.წ. "პლიონკა", რომლითაც მინებს ვბურავთ, სასწრაფოდ მოვაშოროთ. თანაც, როცა ის დაკრულია გვერდითა მინაზე, მას მთავარ ფუნქციას უკარგავს, ანუ ავარიის დროს მიკრული "პლიონკა" დამსხვრეულ მინასთან ერთად პირდაპირ სახეში მოგხვდებათ.

ჯარისკაცის მამის არ იყოს, "კტო საბირაეტსა ვ პლენო", რომ ამბობდა, ბევრი შესაძლოა მოგვედავოს, ავარიას არ ვაპირებო, მაგრამ თქვენ თუ არ აპირებთ, ის კაცი აპირებს, მაგალითად, ყველაზე სახალხო რესტორანში ევროპისა და ნატოს სადღეგრძელო განსხვავებულით რომ დალია და მერე საჭეს მიუჯდა. თანაც, იმავე ექსპერტთა აზრით, მეორე პრობლემა, რაც დაბურულ მინებს მოაქვს მძღოლებისთვის, ოპტიკური მოტყუება, ანუ მოძრაობის დროს რეალური სიტუაციის დამახინჯება გახლავთ.

მინების დაბურვის შემთხვევაში, გარკვეული კუთხით შუქის მოხვედრისას, იგი რეალურ ზომებს ამახინჯებს, არ ასახავს მანძილს და შეუძლია გამოიწვიოს ე.წ. მირაჟი, ანუ ერთი მანქანის მაგივრად ორი ან სამი მოგეჩვენოთ! ჰოდა, იმ კაცს, ორი განსხვავებული რომ აქვს დალეული, ისედაც მირაჟი აქვს თვალებში და კიდევ დაბურული მინა უნდა?

არის მეორე მომენტიც - ამდენი გამჭვირვალე შენობისა და დემოკრატიის რამდენიმე ტალღის შემდეგ, რატომ არ ვაძლევთ ერთმანეთს იმის დემოკრატიულ უფლებას, ვიცოდეთ, რა ხდება სხვის ავტომობილში? იქნებ მერე გონივრული ეჭვიც გაგვიჩნდეს, რომ იმ ავტომობილში, ვიღაცები რომ სხედან, კარგ საქმეზე არ მიდიან, ან პირიქით, კარგ საქმეზე მიდიან და ტრიფონივით ვევედროთ, თუ კარგ საქმეზე მიდიხართ, მეც წამიყვანეთო.

ლაპარაკია იმაზეც, რომ საქართველოში მარჯვენასაჭიან ავტომობილებს აკრძალავენ. მათი რიცხვი საქართველოში 20 ათას აჭარბებს. საჭის მარჯვნიდან მარცხნივ გადატანა მინიმუმ 600 დოლარი ღირს, მაგრამ თქვენ ნუ იდარდებთ - ხომ თქვა პრეზიდენტმა, ჩვენი მასწავლებლების ხელფასი 400-დან 600 დოლარამდეაო?

ანუ მთავარია, მასწავლებლებს მარჯვენასაჭიანი ავტო ჰყავდეთ, თორემ მისი გადატანა არ გაუჭირდებათ. ჰოდა, სადაც მასწავლებლებს შეუძლიათ ამდენი, იქ სხვებმაც უნდა შეძლონ. არ შეძლებენ და ის კაცი შეაძლებინებს, გამჭვირვალე შენობებს რომ ხსნის ხოლმე.

არმაზ ხარძიანი