"როდესაც არ გაგაჩნია არც ინტელექტი, არც ჭკუა-გამჭრიახობა - იგინები და ბილწსიტყვაობ" - კვირის პალიტრა

"როდესაც არ გაგაჩნია არც ინტელექტი, არც ჭკუა-გამჭრიახობა - იგინები და ბილწსიტყვაობ"

პოეტი ერეკლე საღლიანი ყოველთვის სვანური პირდაპირობით გამოირჩევა. მასთან ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხზე ვისაუბრეთ.

- სიძულვილის ენა, ლანძღვა-გინება, ბილწსიტყვაობა ტელეეთერში, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად "რუსთავი 2"-ის გენდირექტორ ნიკა გვარამიასგან გვესმის, თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურება?

- ჩემი აზრით, აქ პრობლემა ერთ პიროვნებაში არ უნდა იყოს. ამგვარ პრეცედენტს შობს ის ვითარება, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ამის უმთავრეს მიზეზს მარტო დღევანდელობაში ძებნით ვერ ამოვწურავთ, მას შორეულ წარსულში აქვს ფესვები. როდესაც სიძულვილის ენა ურთიერთობის უმთავრესი საშუალება გახდა, სწორედ იქ მივიღეთ დარტყმა ჯერ კიდევ კომუნისტური მმართველობის დროს, შემდგომ უკვე ინერციით გადმოგვეცა.

რატომ იყენებენ ადამიანები სიძულვილის ენას? - იმიტომ, რომ როცა სიყვარულის ენაზე ლაპარაკობ, მაღალი ინტელექტი, აზროვნება, თანაგრძნობის უნარი გჭირდება. ამ შემთხვევაში წარმოადგენ იმ ადამიანს, რომელსაც მოყვასი უყვარს, მაგრამ როცა ეს ყველაფერი არ გაგაჩნია - არც სიყვარული, არც ინტელექტი, არც ჭკუა-გამჭრიახობა - იგინები და ბილწსიტყვაობ. არადა, სიძულვილი აფართოებს ჯოჯოხეთს ადამიანის სულში. თუ აჰყევი მას, ვინც გაჟღენთილია სიძულვილით, წააგებ.

რატომ? - შენ არ გაგაჩნია ის სიძულვილი და იმიტომ. ვერ იკადრებ იმას, რასაც შენი მოკამათე იკადრებს. მიაქციეთ ყურადღება, ამას პოლიტიკოსები როგორ კარგად იყენებენ - გაიძულებენ შენც გადაერთო მათ ტალღაზე და იციან, როგორც კი გადაერთვები, ესე იგი, საკუთარ თავს უღალატე, დაკარგე ის, რითაც ადამიანებს უყვარხარ. აქ უკვე დამარცხებული და განწირული ხარ. ეგ არის მაგათი კოზირი.

გვარამიას მიზანიც ეს არის, მოექცა ყურადღების ცენტრში. შენ მიზეზზე კი არ უნდა ილაპარაკო, არამედ მიზეზის გამომწვევ მიზეზზე. ვერ ხვდებიან, რომ ამით უარყოფით იმპულსს ნერგავენ საზოგადოებაში.

- მიზეზის მიზეზი რა არის? - მიზეზის გამომწვევი მიზეზი არის ის უხამსი ხელწერა, რომელმაც საზოგადოების ყველა ფენაში მოიკიდა ფეხი. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" და არა ერთი კონკრეტული ადამიანის ხელწერა. მთელი ჩვენი პრობლემა მხოლოდ გვარამიაა?! ის აფხაზეთიდანაა, მაგრამ მისი ფესვი მაინც სამეგრელოშია. სამეგრელოდან, რომელიც ჩვენი ქვეყნის ხერხემალია. ხერხემალია არა მარტო იმიტომ, რომ მოიცავს დიდ ტერიტორიას და მოსახლეობის რაოდენობითაც აღემატება დანარჩენ კუთხეებს, არამედ იმიტომაც, რომ უძველესი კოლხეთი ზრდილობისა და კულტურის ნიმუში იყო. უფროსებისგან გამიგონია, რომ სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში სუფრასთან ადამიანს შემთხვევით უხამსი სიტყვა წამოსცდენია და ამის გამო დარცხვენილს თავისი თავისთვის თვითონვე გამოუტანია განაჩენი - გასულა სუფრიდან და თავი მოუკლავს. ახლა არავინ დამწამოს, რომ მე თვითმკვლელობისკენ ვუბიძგებ ვინმეს, მაგრამ სიტყვას, რომელიც არის ყველაფრის დასაბამი, არადანიშნულებისამებრ არ უნდა იყენებდე. სამწუხაროდ, ცუდი მაგალითი დღეს უფრო გადამდებია. შერყვნილია ქუჩა, შერყვნილია მედია, ერთი-ორის გარდა. არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ჩვენკენ დაძრულ ამ საშინელ ტალღას შეაჩერებს. ჩვენ ზნეობრივი კანონების დანერგვას მეტ დროს უნდა ვუთმობდეთ, ვიდრე ცალკეული ადამიანების გამოხდომებს!..

აჩვენე საზოგადოებას გზა, რომელიც სიყვარულისკენ, სიკეთისკენ მიდის და ერთ მშვენიერ დღეს გასავალიც არ ექნება ლანძღვა-გინებას.

საზოგადოება უნდა გაზარდო, ჩვენ კი არ ვზრდით. არც ერთი ხელისუფლების მიზანი არ ყოფილა ხალხის ცნობიერების ამაღლება, პირიქით, ყველა ცდილობს, ხალხი ბრბოდ გადააქციოს, იმიტომ, რომ უფრო იოლი სამართავია.

- სააკაშვილის მმართველობისას მისთვის ვინმეს ეთერიდან რომ შეეგინებინა, რა მოხდებოდა? - მახსოვს, მაშინ ხელისუფლებაში არ იყვნენ მოსული "ნაციონალები" და ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორმა ცოტა გადაამეტა მათ კრიტიკას. დახვდნენ და სცემეს, კომენტარიც გააკეთეს, ხულიგნური იყო მისი მოქმედება და პასუხიც შესაბამისი მიიღოო. ახლა წარმოიდგინეთ, სააკაშვილი პრეზიდენტი რომ იყო, ვინმეს მისთვის პირდაპირ ეთერში რომ ეგინებინა, რა მოხდებოდა.

- ამით ვინმეს პროვოცირებას ხომ არ ცდილობენ?! თუმცა ხელისუფლებაც იძლევა უკმაყოფილების საბაბს. გავიხსენოთ თუნდაც მოსამართლეების საკითხი. - ბევრი რამის გამოა ხალხი უკმაყოფილო. არ შეიძლება მის გულისტკივილს ასე აუარო გვერდი. ამას თავკერძაობა ჰქვია, თავკერძაობა კი პოლიტიკაში საშინელებაა. მე მახსოვს 1978 წლის 14 აპრილი, როცა ქართულ ენას სახელმწიფოებრივი ფუნქცია წაართვა ახალმა კონსტიტუციამ. გამოვედით სტუდენტები და საბჭოთა პოლიტბიუროც, ის შეუვალი ინსტანცია, წავიდა დათმობაზე, როცა ასეთმა აღშფოთების ტალღამ გადაუარა თბილისის ქუჩებს.

ადექი, შეუსრულე ხალხს თუნდაც ერთი სურვილი, როცა ხედავ, რომ ასეა გაგიჟებული, ნუღარ დანიშნავ იმ ადამიანს, რომელზეც ამდენი ეჭვია.

- მუდმივად საუბრობენ მესამე ძალის არსებობის აუცილებლობაზე. თქვენ რას ფიქრობთ? - მესამე ძალა გამოჩნდება ან უკვე გამოჩნდა და ამოვიცნობთ. როდესაც შევქმნით ისეთ საზოგადოებას, სადაც ჩამოყალიბდება საზოგადოებრივი აზრი, ლანძღვა-გინებას გასაქანი აღარ ექნება.

ჰეროსტრატეს სინდრომი

ნანა ჩიჩუა, ფსიქოლოგი: დავეთანხმოთ ჟან ბოდრიარს და ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მედიის მიერ შექმნილ რეალობაში! მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დღეს ამ რეალობის" ტყვეა. ეს მაშინ, როცა ის (მედია) სინამდვილესაც და სიტყვასაც უმრავლეს შემთხვევაში ამახინჯებს და შეურაცხყოფს! არაფერი ხელყოფს ადამიანის ღირსებას ისე, როგორც უდიერი სიტყვა, ღირსებაშელახული ადამიანი კი სახიფათოა, რადგან მისთვის უკვე ყველაფერი ნებადართულია, სინდისი, ანუ "მამხილებელი" გონება ბლოკირებულია.

მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი უმშვენიერესთაგანი არტემიდას ტაძარი ჰეროსტრატემ იმ იმედით დაწვა, რომ თავის სახელს უკვდავყოფდა. გაუმართლა, ოღონდაც პირუკუ! ჰეროსტრატეს სინდრომი უღირსის მიერ ღირსეულის ხელყოფაა. მუხის წაქცევის მცდელობას მოწადინებული არც ერთი ჭია არ ასულა დიდების კვარცხლბეკზე. აი, ასე პასუხობს საზოგადოება, კაცობრიობა მისი მონაპოვრის ხელყოფას. მით უმეტეს, როცა ეს ენას ეხება. ენა კაცობრიობის კულტურული საცხოვრისია.

"არათუ ტელეეთერში, პირად სივრცეშიც დაუშვებელია უხამსობა"

ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი: - არათუ ტელეეთერში, პირად სივრცეშიც დაუშვებელია უხამსობა. ჩემთვის ისევე მიუღებელია "რუსთავი 2"-ის ეთერში გინება, როგორც გინება "იმედის" ეთერში. უხამსობა არ უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, ჩვენში განვითარებული პროცესების თანამდევი. სასურველია, ამის გარეშე გამოვხატოთ ჩვენი სათქმელი, მაგრამ ამის გაკონტროლებას ადამიანები ყოველთვის ვერ ახერხებენ.

მედიას ცოტა მეტი ვალდებულება გვაკისრია საზოგადოების წინაშე, ამიტომ ის, რაც შეიძლება სხვა სივრცეში "მოსულა", არ უნდა გადავიტანოთ მედიასივრცეში. შეიძლება ვიყოთ რაღაცის მოწინააღმდეგენი, მაგალითად, ნიკა გვარამიას არ მოსწონს ბიძინა ივანიშვილი, არ მოსწონს მმართველი გუნდი და ამ ბრაზსა და აგრესიას გამოხატავს გინებით, ისევე როგორც, მაგალითად, "იმედმა" შემოგვთავაზა მოდელი, ვიღაცას არ მოსწონს ნიკა გვარამია და ამიტომ მის მიმართ ბრაზი და აგრესია გინებით გამოვხატოთო. ეს ცუდი სტანდარტია და არ მომწონს. ჩვენ კოლეგებს უნდა ვუთხრათ, რომ უხამსობა ტელეეთერში დაუშვებელია.